¹ბს-1061-1012(კ-06) 5 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ,,ო"-ს თავმჯდომარე ი. ა.-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 4 ოქტომბის განჩინება
დავის საგანი _ საჯარო ინფორმაციის გაცემა
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
,,ო"-ს თავმჯდომარემ ი. ა.-მ სარჩელი აღძრა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ...-ის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება და არაქონებრივი ზიანის სახით 10000 ლარის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-2/.
საქმის გარემოებები:
2006 წლის 24 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას ...-ის დეპარტამენტს, რომლითაც მოითხოვა საჯარო ინფორმაციის _ კონტროლის პალატის შემოწმების აქტის გადაცემა. აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას ...-ის დეპარტამენტმა 2006 წლის 7 მარტის პასუხით, მოსარჩელეს აცნობა, რომ კონტროლის პალატის აქტი, რომელსაც მოითხოვდა მოსარჩელე ორგანიზაციაში არ არსებობდა და მის მისაღებად უნდა მიემართათ აჭარის ა/რ კონტროლის პალატისათვის.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ “კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად რევიზია შემოწმების შედეგებზე დგება აქტი ან ცნობა, რომლის სისწორეზეც პასუხისმგებლობა ეკისრება კონტროლის პალატის პასუხისმგებელ მუშაკს. კონტროლის პალატა შემოწმებულ ობიექტს აცნობებს რევიზია-შემოწმების შედეგებს. შესაბამისად, აჭარის ტელევიზიას უნდა ჰქონოდა კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული რევიზიის შემოწმების აქტი/ცნობა. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, მე-40 და 41-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხე ვალდებულია გასცეს ინფორმაციაა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად აანაზღაუროს მიყენებული არაქონებრივი ზიანი _ 10 000 ლარის ოდენობით.
რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა დავის საგანი და მოითხოვა არაქონებრივი ზიანის სახით 400 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება /იხ.ს.ფ. 25/
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ,,ო.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის საჯარო ინფორმაციის, კერძოდ, საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 29 დეკემბრის კომპლექსური რევიზიის აქტის გაცნობა, ხოლო სარჩელი მორალური ზიანის 400 ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნნია შემდეგი ფაქტები:
კავშირმა ,,ო-მ" 2006 წლის 24 თებერვალს წერილობითი განცხადებით მიმართა ...-ის დეპარტამენტს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე კონტროლის პალატის აქტის გაცნობა, რაზეც მოპასუხემ 2006 წლის 26 მარტს წერილით მოსარჩელეს უარი უთხრა იმ მოტივით, რომ აქტი დეპარტამენტში არ არსებობდა და ამის თაობაზე მოსარჩელეს აჭარის კონტროლის პალატისათვის უნდა მიემართა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება აღნიშნულზე, რამდენადაც დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება, რომ აჭარის ა/რ კონტროლის პალატისაგან შემოწმების შედეგი არ მიუღია და განმარტა, რომ აჭარის კონტროლის პალატის წერილობითი ცნობის თანახმად, აჭარის ა/რ ...-ის დეპარტამენტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესასწავლად კონტროლის პალატის მიერ ჩატარებულ იქნა კომპლექსური რევიზია 2005 წლის 1 აგვისტოდან 2005 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდისათვის და 2005 წლის 29 დეკემბერს შედგენილ იქნა კომპლექსური რევიზიის აქტი, რაც იმავე დღეს რეგისტრირებულ იქნა აჭარის ა/რ ...-ის დეპარტამენტში.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ კონტროლის პალატის მიერ შედგენილი რევიზიის აქტი საჯარო ინფორმაციას არ წარმოადგენდა და განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტი, ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოხელის მიერ სამართლებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რის გამოც, სასამართლოს დასკვნით, მაკონტროლებელი ორგანოს რევიზიის აქტი, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შესწავლასთან დაკავშირებით არის შედგენილი და ადმინისტრაციულ ორგანოში ინახება, საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს და იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად მოპასუხის მიერ გასაიდუმლოებული არ ყოფილა.
საქალაქო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან როდესაც ინფორმაციის ღიაობა აშკარად და გარდაუვლად არსებით ზიანს აყენებს ამავე მუხლის ,,ა და ,,ბ" პუნქტებში გათვალისწინებულ გარემოებებს, შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ გააჩნდა მოსარჩელისათვის ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე განმარტა, რომ მოსარჩელე მხარეს გააჩნდა კანონიერი უფლება მოეთხოვა მოპასუხისათვის საჯარო ინფორმაცია და ეს უკანასკნელი ვალდებული იყო უზრუნველეყო მოსარჩელისათვის ამ ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა. ამასთან, მოპასუხე, როგორც საჯარო დაწესებულება, ვალდებული იყო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 10 დღისა, რის გამოც მოპასუხის მოქმედება მოსარჩელის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შესახებ ეწინააღმდეგება კანონს.
საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მორალური ზიანის კომპენსაციის დავალდებულების შესახებ და განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 47.1. “ა” მუხლი ითვალისწინებდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოპასუხის მოქმედების შედეგად განცდილი არაქონებრივი ზიანის რეალობა, შესაბამისად სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო /იხ.ს.ფ. 38-41/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტმა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
,,ო.-ს" წარმომადგენლებმა მოითხოვეს კონტროლის პალატის აქტი, როგორც საჯარო ინფორმაცია, მაშინ, როცა ასეთი ინფორმაციის მისაღებად მათ კონტროლის პალატისათვის არ მიუმართავთ. მოსარჩელეს განემარტა, რომ ამ აქტის მისაღებად უნდა მიემართათ კონტროლის პალატისათვის, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ" ქვეპუნქტის თანახმად კონტროლის პალატის აქტი არ იყო შექმნილი არც ტელევიზიის და არც მისი რომელიმე თანამშრომლის მიერ და მისი შექმნა არანაირად არ უკავშირდება ტელევიზიისა და მისი თანამშრომლების სამსახურებრივ კომპეტენციას. აპელანტის მოსაზრებით სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ" ქვეპუნქტით და აღნიშნული აქტი არ უნდა მიეჩნია იმ საჯარო ინფორმაციად, რომლის გაცემაზეც ვალდებული იქნებოდა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ...-ის დეპარტამენტი.
აპელანტის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს განმარტება, რომ აქტი ინახებოდა ადმინისტრაციულ ორგანოში და იგი წარმოადგენდა საჯარო ინფორაციას, რამდენადაც, მართალია, ეს აქტი მიწოდებული იყო ტელევიზიისათვის გასაცნობად, მაგრამ აღნიშნული აქტი, როგორც სამსახურებრივი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი და დაცული ინახებოდა აჭარის კონტროლის პალატაში /იხ.ს.ფ. 36-37/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბის განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამარლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. ,,გ" მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტი, ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოხელის მიერ სამართლებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. ამავე კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42. ,,ზ" და 37-ე მუხლები და განმარტა, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, რის გამოც, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე მხარეს გააჩნდა კანონიერი უფლება, მოეთხოვა მოპასუხისათვის დასახელებული საჯარო ინფორმაცია და ეს უკანასკნელი ვაოლდებული იყო უზრუნველეყო მოსარჩელისათვის ამ ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 და 47-ე მუხლების საფუძველზე განმარტა, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, ხოლო პირს აქვს უფლება, საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის გადაწყვეტილების გაუქმებისა და შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, რის გამოც, სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ.ს.ფ. 55-59/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ,,ო"-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ/
კასაციის მოტივი:
სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტს, რომლის თანახმად ყველას აქვს უფლება, იცოდეს საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები და აღნიშნულიდან გამომდინარე მიუთითა, რომ ტელევიზია ვალდებული იყო, გაეცა ამგვარი ინფორმაცია.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული ნორმა, რამდენადაც კანონმდებლობით ამგვარი ინფორმაცია არის საჯარო, მაგრამ მითითებული ნორმა არ უთითებს თუ ვინ უნდა გასცეს ინფორმაცია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ" ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია (ანუ ის ინფორმაცია, რომლის გაცემაზეც ვალდებულია კონკრეტული საჯარო დაწესებულება) არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კონტროლის პალატის აქტის გაცემაზე ვალდებული იყო თვით კონტროლის პალატა, რამდენადაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი აქტი შედგენილია კონტროლის პალატის მიერ სამსახურებრივი კომპეტენციის ფარგლებში და ეს აქტი არ ყოფილა შედგენილი არც ტელევიზიის თანამშრომელთა მიერ და არც ტელევიზიის მიზნებისა და საქმიანობის პრინციპებიდან გამომდინარე.
ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ მათ დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც უაკანონოა, რამდენადაც ტელევიზია არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება და არის საბიუჯეტო დაწესებულება, ხოლო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ამგვარი დაწესებულებები თავისუფლდებიან.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “ა” მუხლის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /აბსოლუტური კასაცია/.
მოწინააღმდეგე მხარეს შეპასუხება ან მოსაზრებები საკასაციო საჩივართან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობას, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების, საქმის მასალების გაანალიზებისა და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ...-ის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ...-ის დეპარტამენტისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დარღვეულია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სადავო სამართალურთიერთობას სწორად არ შეეფარდა სამართლის ნორმა, საქმის განხილვა გადაწყვეტისას დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმა და კანონის არასწორი გამოყენება-განმარტების საფუძველზე ამ ნაწილში გამოტანილია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მიმაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში წარმოდგენილია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კასაციის მიზეზი შედგება ორი მოტივისაგან:
1. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I პუნქტის ,,მ" ქვეპუნქტის არასწორი განმარტება, რომ სადავო ინფორმაცია, მართალია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, მაგრამ კასატორი არ წარმოადგენს მის გაცემაზე ვალდებულ საჯარო დაწესებულებას.
2. ,,სახელმწიფო ბაჟის" გადახდევინების დაკისრების შეუსაბამობა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის ,,უ" ქვეპუნქტთან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივის საფუძვლიანობას, რომ რამდენადაც ტელევიზია არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო - საბიუჯეტო დაწესებულება ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
საკასაციო სასამართლო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ" პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებში განსახილველ ყველა საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე განმარტავს, რომ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ...-ის დეპარტამენტი, როგოც სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში მატერიალური ნორმის არასწორი განმარტების საფუძველზე მიიღო დაუსაბუთებელი განჩინება. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტს _ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ...-ის დეპარტამენტს თანხა დააკისრა არა როგორც გაწეული სასამართლო ხარჯი სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე, არამედ სახელმწიფო ბაჟის სახით, რაც სრულ შეუსაბამობაშია ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ" პუნქტთან.
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მეორე მოტივთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ვინაიდან:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია ამ კოდექსში გამოყენებული იურიდიული ტერმინების დეფინიცია, მათ შორის I ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტში განმარტებულია ტერმინ ,,საჯარო ინფორმაციის" მნიშვნელობა, ასეთად მიიჩნევა ოფიციალური დოკუმენტი ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ა) ქვეპუნქტიდან გამომდინარე უდავოა, რომ კასატორი წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, როგორც ამავე კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტი - ადმინისტრაციული ორგანო.
საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის III თავის - ინფორმაციის თავისუფლება - დებულებების დემოკრატიულ საზოგადოებასა და სახელმწიფო ინტერესების მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ კანონმდებლობის მიზანი - გამჭირვალე გახადოს საჯარო დაწესებულებათა საქმიანობა, არ შეიძლება დაბრკოლდეს ბიუროკრატიული, სამართლებრივად უსაფუძვლო შეხედულებების და დამოკიდებულებების მიზეზით.
საქმის მასალების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ უტყუარადაა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ...-ის დეპარტამენტში მიღებულია კონტროლის პალატის შემოწმების აქტი, რასაც არც კასატორი მოცემულ სტადიაზე არ ხდის სადავოდ, რაც ნიშნავს, რომ კასატორს გააჩნია ამგვარი საჯარო ინფორმაცია, როგორც მიღებული ოფიციალური დოკუმენტი. ამდენად არგუმენტი, რომ ეს საჯარო ინფორმაცია არ არის შექმნილი და დამუშავებული მათ დაწესებულებაში, იურიდიულად გამართლებული არ არის.
საკასაციო სასამართლო მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულ სუბიექტს წარმოადგენს ყველა ის საჯარო დაწესებულება, რომელსაც გააჩნია მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, იგი უშუალოდ გვევლინება თუ არა ამ ინფორმაციის ავტორად (შემქმნელად, დამმუშავებლად და ა.შ.), კანონმდებლის ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გარანტიების დადგენის და შექმნის მიზნით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას შეზღუდულია იმ შემთხვევებშიც კი, როცა მოთხოვნილი დოკუმენტი ამ საჯარო დაწესებულებაში არ ინახება, ამ ვითარებაშიც კი დაწესებულება ვალდებულია იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80.1 მუხლის იმპერატიული დანაწესით, კერძოდ, იგი ვალდებულია განცხადება გადაუგზავნოს უფლებამოსილ საჯარო დაწესებულებას (სადაც ინახება მოთხოვნილი ინფორმაცია) და აღნიშნულზე აცნობოს განმცხადებელს, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას როგორც ეს განსახილველ შემთხვევაში მოხდა (იხ. ს.ფ.4), რაც სავსებით მართლზომიერად შეფასდა რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ნორმების უხეშ დარღვევად. სასამართლოების მიერ სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეეფარდა სამართლის ნორმები - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე, 42-ე მუხლის ,,ზ" ქვეპუქტი, 37-ე და 40-ე მუხლები.
Fაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია რომ კასაციის მითითებული მოტივი არ ექვემდებარება გაზიარებას მისი იურიდიული უსაფუძვლობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით განსაზღვრული აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ...-ის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების, როგორც არსებითად სწორის უცვლელად დატოვების პროცესუალური და მატერიალური საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.2. მუხლის საფუძველზე აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ...-ის დეპარტამენტს გაწეული სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ...-ის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ...-ის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინება; აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ...-ის დეპარტამენტს გაწეული სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.