საქმე №ას-708-2022 22 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.ჩ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.რ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ნივთების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. ნ.ჩ–ვმა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.რ–ის (შემდეგში: მოპასუხე,) მიმართ და მოითხოვა მოძრავი ნივთების (1) 1 წყვილი ოქროს საყურე ტოპაზის თვლით, მასა 4.7 გრ. სინჯი - 585; 2) 1 წყვილი ოქროს საყურე რგოლის ფორმის, მასა 5 გრ. სინჯი 585; 3) 1 წყვილი ოქროს საყურე ოქროს ბურთულებით, მასა - 6.3 გრ, სინჯი 585; 4) 1 წყვილი ოქროს საყურე ე.წ. „ტულპანის“ ფორმით მასში მოთავსებული ციმბირული ბრილიანტის თვლით, მასა 6 გრ, სინჯი 585; 5) ოქროს ბეჭედი „ტულპანის“ ფორმით, მასში მოთავსებული ციმბირული ბრილიანტის თვლით, მასა 2.7. გრ, სინჯი 585; 6) ოქროს ბეჭედი ზურმუხტის თვლით, მასა 4 გრ, სინჯი 585; 7) ოქროს ბეჭედი, ე.წ. „დუტი“, მასა: 2.3. გრ., სინჯი - 585; 8) ოქროს ცეპი ე.წ. „ტროსი“ ფოთლის ფორმის კულონით, მასა 3.4 გრ, სინჯი 585; 9) ოქროს ცეპი ე.წ. „გრეხილი“, ნალის ფორმის კულონით, მასა 3 გრ, სინჯი 585) უკან დაბრუნება.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ამასთან, მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტის განმარტებით, მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის N2/14968-17 გადაწყვეტილებით, მისი სარჩელი სესხად გაცემული თანხისა და ნათხოვარი ოქროს ნივთების ღირებულების დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, თუმცა, ამ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შედეგად, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა, მან ვერც თანხა მიიღო და ვერც ნივთები დაიბრუნა. მოპასუხე კი უსაფუძლოდ გამდიდრდა, ამდენად, აპელანტს მიაჩნია, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა მოძრავი ნივთების დაბრუნების თაობაზე, საფუძლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოსარჩელის მოთხოვნა სადავო მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განხილვის საგანია, წარმატებულია თუ არა მოძრავი ნივთების დაბრუნების თაობაზე მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი.
5.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, მან სადავო მოძრავი ნივთები ათხოვა მოპასუხეს, ამ უკანასკნელმა კი ეს ნივთები ლომბარდში დააგირავა და მიიღო სარგებელი - 810 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს სადავო ნივთების ღირებულების სანაცვლოდ დაეკისრა 810 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხემ სადავო ნივთები უნდა დაუბრუნოს მოსარჩელეს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. მოპასუხემ უარყო მოსარჩელის მოთხოვნა და განმარტა, რომ ნათხოვარი სადავო ნივთები მის მფლობელობაში აღარ არის, ლომბარდმა ისინი გაასხვისა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უკვე დაეკისრა ნათხოვარი სადავო ნივთების ღირებულება - 810 აშშ დოლარი და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით განხორციელდა ამ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებაც. შესაბამისად, ლომბარდისგან მიღებული თანხით მოპასუხე არ გამდიდრებულა.
5.4. სააპელაციო სასამართლომ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძვლად, ასევე საქმეში წარდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის N2/14968-17 გადაწყვეტილებაზე მიუთითა და განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებით, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 810 აშშ დოლარი, რომელიც წარმოადგენს იმ სადავო მოძრავი ქონების ღირებულებას, რომელიც მოპასუხეს გადაეცა და შემდგომში დაალომბარდა. სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ ვინაიდან ნივთების დაბრუნება შეუძლებელი იყო ლომბარდის მიერ ოქროს გაყიდვის გამო, მოსარჩელემ მოთხოვნა დააყენა თანხის ანაზღაურებაზე (იხ. 2022 წლის 12 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:17:52 სთ.). მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ ნივთები მის მფლობელობაში აღარ არის (იხ. 2022 წლის 12 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი; 13:27:07). საყურადღებოა ისიც, რომ სადავო მოძრავი ნივთების ღირებულება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და მოპასუხეს არც იმ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომ ამ ნივთების ღირებულება 6 650 ლარია (იხ. სარჩელი მე-3 ფაქტობრივი გარემოება, ტომი I, ს.ფ. 4). ამასთან, სააპელაციო პალატა აპელანტის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ „მოპასუხეს შეუძლია ანალოგიური გვარეობითი ნივთის დაბრუნება“ (იხ. 11.04.2023 წლის სხდომის ოქმის ჩანაწერი 13:14:20 წუთიდან), ვინაიდან გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთების თხოვება დაუშვებელია (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 615-ე მუხლი, ზ. ჭეჭელაშვილი, https://gccc.tsu.ge). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი ბოჭვის ფარგლებშია მოქცეული და არ შეუძლია სადავო გახადოს ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი ძირითადი ფაქტი - მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 810 აშშ დოლარი, რომელიც წარმოადგენს სადავო მოძრავი ქონების ღირებულებას. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტის ეს პრეტენზიაც მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.
6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა (მოსარჩელემ), გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2. კასატორის განმარტებით, საქმე განხილულია მატერიალური და საპროცესო ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
6.3. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, მოპასუხის აღიარება, რომ ნივთები ნამდვილად ჰქონდა მიღებული მოსარჩელისგან, თუმცა, არ მოუარა სათანადოდ და ლომბარდში დატოვა, რაზეც პასუხისმგებლობა სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა.
6.4. კასატორის განმარტებით, მის მიერ მოთხოვნილი თანხა 810 დოლარი, არა სადავო ნივთების ღირებულება, არამედ, ნივთების ლომბარდში დატოვების სანაცვლოდ გაცემული სესხის თანხა იყო.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს და მათი შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ საქმისწარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ამდენად, იმისათვის, რომ კონკრეტულ საქმეზე შეწყდეს სამართალწარმოება სახეზე უნდა იყო შემდეგი წინაპირობა: დავა - იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძლით. ერთ-ერთი მათგანის გამორიცხვის შემთხვევაში, საქმე ახალ დავად უნდა მივიჩნიოთ.
9. საქმის წარმოების შეწყვეტას კანონმდებელი უკავშირებს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობას, კერძოდ, საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დასრულდა დავა იმავე მხარეებს შორის, ანალოგიური სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელის იმავე ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამო.
10. კანონმდებლის ამგვარი ნება გამომდინარეობს სსსკ-ის 266-ე მუხლის შინაარსიდანაც და განპირობებულია მითითებულ ნორმაში ასახული აკრძალვით, რომლითაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა აღძრა იგივე სარჩელი, იმავე მხარეების მიმართ საქმეზე, რომელზეც არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.“ (შდრ: სუსგ №ას-1089-2018, 24 დეკემბერი, 2018 წ, პ.26;34).
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედს, მართლმსაჯულების განხორციელების სტაბილურობა წარმოადგენს, რაც სასამართლო გადაწყვეტილების ე.წ მუდმივობის პრინციპით ხასიათდება. აღნიშნული პრინციპი გარანტირებულია არაერთ შიდასახელმწიფოებრივ თუ საერთაშორისო სამართლის დანაწესში, რომელთაგან ერთ-ერთს სსსკ-ის 272-ე მუხლი წარმოადგენს. განსახილველი ნორმა გარკვეული „ინკვიზიციურობით“ ხასიათდება და მიუხედავად იმისა, შუამდგომლობს თუ არა მხარე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, სასამართლოს ავალდებულებს, გამოიკვლიოს, სახეზე ხომ არ არის ნორმით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა. მოხმობილი ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ნორმის გამოყენების განმაპირობებელი გარემოებები, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, თუ რას წარმოადგენს ნორმის მიზნებისათვის სარჩელის/დავის „საგანი“ და „საფუძველი“: ა) სარჩელის/დავის საგანი არის მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისადმი, რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ და რომლის მიმართაც უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განჩინება), უფრო კონკრეტულად „საგანი“ არის მოთხოვნის შინაარსი და არა მისი მატერიალური ობიექტი; ბ) რაც შეეხება „საფუძველს“, ეს არის გარემოებები, რომელზეც მხარე ამყარებს საკუთარ მოთხოვნებს და რომელთა დადასტურებაც სწორედ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ემსახურება მიზნად.
12. სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (264-ე მუხლი) და მატერიალური (266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც, პირველ შემთხვევაში, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. აღნიშნული ნორმების ანალიზი შემდეგი დასკვნის საფუძველს იძლევა: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს (შდრ. სუსგ №ას-355-337-2015, 20.07.2015, №ას-832-832-2018, 25.07.2018 წ.).
14. გადაწყვეტილების კანონიერი ძალის სუბიექტური ფარგლები იმ პირთა წრეს გულისხმობს, რომლებზეც გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება. სსსკ-ის 266-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, კერძოდ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, GIZ, 2020, გვერდი 998).
15. კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 500 ლარისა და 810 აშშ დოლარის გადახდა.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის მოთხოვნა იყო მოპასუხისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის თანხის 9 500 ლარის დაკისრება და დაგირავებული ოქროს ნივთების ღირებულების - 810 აშშ დოლარის ანაზღაურება.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 9 500 ლარი და 810 აშშ დოლარის გადახდა.
18. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებულ თავდაპირველი დავის ფარგლებში დადგენილია, სადავო მოძრავი ქონების დაგირავებული ოქროს ნივთების) ღირებულება 810 აშშ დოლარს შეადგენდა, მოპასუხეს სწორედ აღნიშნული ნივთების ღირებულება დაეკისრა თავდაპირველ დავაზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
19. წინამდებარე საქმეზე, სასარჩელო მოთხოვნაა შემდეგი მოძრავი ნივთების (1) 1 წყვილი ოქროს საყურე ტოპაზის თვლით, მასა 4.7 გრ. სინჯი - 585; 2) 1 წყვილი ოქროს საყურე რგოლის ფორმის, მასა 5 გრ. სინჯი 585; 3) 1 წყვილი ოქროს საყურე ოქროს ბურთულებით, მასა - 6.3 გრ, სინჯი 585; 4) 1 წყვილი ოქროს საყურე ე.წ. „ტულპანის“ ფორმით მასში მოთავსებული ციმბირული ბრილიანტის თვლით, მასა 6 გრ, სინჯი 585; 5) ოქროს ბეჭედი „ტულპანის“ ფორმით, მასში მოთავსებული ციმბირული ბრილიანტის თვლით, მასა 2.7. გრ, სინჯი 585; 6) ოქროს ბეჭედი ზურმუხტის თვლით, მასა 4 გრ, სინჯი 585; 7) ოქროს ბეჭედი, ე.წ. „დუტი“, მასა: 2.3. გრ., სინჯი - 585; 8) ოქროს ცეპი ე.წ. „ტროსი“ ფოთლის ფორმის კულონით, მასა 3.4 გრ, სინჯი 585; 9) ოქროს ცეპი ე.წ. „გრეხილი“, ნალის ფორმის კულონით, მასა 3 გრ, სინჯი 585) უკან დაბრუნება.
20. მოცემულ საქმეზე, მოსარჩელე ითხოვს იმ ოქროს ნივთების დაბრუნებას, რომელიც დაგირავებული იყო და რომლის ღირებულებაც მოპასუხეს უკვე დაეკისრა კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის სასამართლო გადაწყვეტილებით. კერძოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს სარჩელზე, (ს.ფ. 3. დავის არსის მოკლე მიმოხილვა), სადაც მოსარჩელე აღწერს: "ნ.რ–მა ჩემგან სესხის სახით მიღებული თანხა არ დამიბრუნა, რის გამოც იძულებული გავხდი, მიმემართა სასამართლოსთვის, მოვითხოვე ჩემგან სესხად მიღებული ფულადი თანხები და ასევე მოვითხოვე ოქროს ნივთების დალომბარდებით მიღებული თანხა 810 აშშ დოლარი, რომლიდანაც გარკვეული ფინანსური სარგებელი მიიღო. სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება, მიუხედავად იძულებითი აუქციონის ჩატარებისა, აღუსრულებელი დარჩა და არც სამომავლო პერსპექტივა არსებობს მისი აღსრულებისა. ნ.რ–ს დღემდე არც ოქროს ნივთები დაუბრუნებია".
21. სარჩელის ფაქტობრივ გარემობებში კი (იხ. ს.ფ. 4), მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული ნივთები ნ.რ–მა ჩააბარა თბილისში, ..... მდებარე ლომბარდში, რომლის საერთო მასა 37.4 გრ. ოდენობით ლომბარდის მიერ შეფასებულ იქნა 810 აშშ დოლარად, რაც ნ.რ–მა მიიღო და ამით გაიუმჯობესა თავისი ეკონომიური მდგომარეობა. ყველა ზემოაღნიშნული ნივთის დღევანდელი საბაზრო ღირებულება შეადგენს 6 650 ლარს. ნ.რ–ის მიმართ მისი მოთხოვნა 810 აშშ დოლარის ნაწილში იყო ის სარგებელი, რაც მან ნივთების დაგირავებით მიიღო. ოქროს ნივთები კი უკან უნდა დაებრუნებინა უკლებლივ, რაც დღემდე არ გაუკეთებია.
22. საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის ყურადღებას მიაქცევს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებაზე, კერძოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში, საქალაქო სასამართლომ მიუთითა(იხ.ს.ფ. 21), რომ "მოპასუხე ნაწილობრივ ეთანხმება სარჩელში დასახელებულ გარემოებებსა და ფაქტს სასესხო ურთიერთობის არსებობის შესახებ, რომლის თანახმად, მას მიღებული ჰქონდა 9500 აშშ დოლარი და 1300 აშშ დოლარი ოქროს ღირებულება, თუმცა განმარტავს, რომ ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ და გადასახდელად დარჩენილი თანხა შეადგენს 810 აშშ დოლარს". ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაგებლითაც და ახსნა-განმარტების ეტაპზეც, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა აღიარა ოქროს ნივთების ღირებულების ნაწილში (იხ. ს.ფ. 21). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავდაპირველ დავაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სადავო ნივთების დაბრუნების ნაცვლად, სადავო ნივთების ღირებულების გადახდა დაეკისრა მოპასუხეს, რაც გამორიცხავს, წინამდებარე დავის ფარგლებში, იმავე მოთხოვნის დაყენებას, იმავე მოპასუხის წინააღმდეგ. ამდენად, მიუხედავად, მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელიც სადავო ნივთების დაბრუნების შეუძლებლობის გამო, ამავე ნივთების ღირებულების დაკისრებას გულისხმობდა, სასარჩელო მოთხოვნები იდენტურია, და ერთი და იმავე ნივთების დაბრუნებას ეხება, ერთი და იმავე პირის მიმართ და ერთი და იმავე საფუძვლით.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ხელმეორედ წარადგინა იგივე სარჩელი იგივე საფუძვლით, რაც ამ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობაა. ამ სარჩელის განხილვის დაშვება შეუთავსებელია კანონიერი ძალის ინსტიტუტის მიზნებთან - შექმნას სამართლებრივი სტაბილურობა, სამართლებრივი განსაზღვრულობა და მხარეთა ნდობა, რომ „დავა გადაწყვეტილია“. როგორც საკასაციო სასამართლომ განმარტა „სსსკ-ის272-ე მუხლში გამოხატული კანონმდებლის ნება სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციით დადგენილ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მართალია, სსსკ-ის მე-2 მუხლი განამტკიცებს ზოგად პრინციპს, რომლის მიხედვითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. თუმცა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. სწორედ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვას აწესებს ამავე კოდექსის 272-ე მუხლი ისეთი გარემოებების არსებობისას, როდესაც მხარემ ერთხელ უკვე ისარგებლა ამ უფლებით და სასამართლომ არსებითად გადაწყვიტა დავა. შესაბამისად, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით საქმის კვლავ განხილვა საფრთხეს შეუქმნიდა სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულო ძალას და სამოქალაქო უფლებათა სტაბილურობას (შეად. სუსგ-ებს: N ას-123-117-2013, 13.05.2013წ; N ას-392-2019 27.11.2020წ.).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი. სსსკ-ის 187.2 მუხლის (თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს) მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეწყვიტოს საქმის წარმოება სარჩელზე. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, გააუქმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებასა და ამავე გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სასამართლოს ინიციატივით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შეწყდეს წარმოება სამოქლაქო საქმეზე ას-708-2022;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება 2/13550-22 და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება 2ბ/7103-22;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე