Facebook Twitter

საქმე Nას-640-2023

22 მაისი 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - თ.ნ–ძე, შპს „ვ.ნ.“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

დავის საგანი - თანხის სოლიდარულად დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“ მხარე), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების - თ.ნ–ძისა და შპს „ვა.ნოს“ (შემდგომში წოდებული, როგორც „მოპასუხეები“, „მოწინააღმდეგე“ მხარეები) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1. სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ მოპასუხეებს - თ.ნ–ძეს და შპს „ვ.ნ“-ს, სოლიდარულად დაეკისროთ, 2021 წლის 09 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 35 361.73 (ამ თანხიდან: სესხის ძირია 32 614.70 ლარი, სარგებელი 688.03 ლარი და მოსარჩელის მიერ შემცირებული პირგასამტეხლო, ნაცვლად 10295 ლარისა, 2 059 ლარი) ლარის გადახდა.

1.2. 2021 წლის 09 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ძირ თანხაზე 32 614.70 ლარზე, წლიური სარგებლის 14 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 12.50 ლარს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა უკანონოდ მიიჩნიეს, არ დაეთანხმდნენ მოთხოვნას დამატებით პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს - თ.ნ–ძეს და შპს „ვ.ნ.“-ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი თანხის - 17 455.38 ლარის გადახდა.

3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრებაზე; სს „ს.ბ–ის“ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა: მოპასუხეებს თ.ნ–ძეს და შპს „ვ.ნ“-ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, 2021 წლის 09 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან (31.05.2022წ.) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროთ ძირ თანხაზე - 17 455.38 ლარზე, წლიური სარგებლის 14 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 6.69 ლარს. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იურიდიულ ფაქტები, კერძოდ:

4.2.1 2021 წლის 09 თებერვალს მოსარჩელე სს „ს.ბ–ს“ და მოპასუხეებს - თ.ნ–ძეს და შპს „ვ.ნ–ს“ შორის, 3 თვის ვადით, დაიდო N11105976 საკრედიტო ხელშეკრულება, 40 000 ლარის კრედიტად გაცემის შესახებ.

4.2.2 კრედიტი უნდა დაფარულიყო გრაფიკის შესაბამისად, სამი გადახდით. მათ შორის პირველი გადახდის თარიღია - 2021 წლის 09 მარტი, 2021 წლის 12 აპრილი და 2021 წლის 10 მაისი. კრედიტის მიღების განაცხადით განსაზღვრულია კრედიტის მიზნობრიობა - ბიზნეს სესხი. სარგებელი განისაზღვრა ათვისებული თანხის წლიური 14%-ით, კრედიტის ათვისების საკომისიოდ განისაზღვრა 400 ლარი, დაზღვევის მართვის საკომისიოდ – ყოველთვიური 12 ლარი. პირგასამტეხლოდ – ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 %-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე, ერთჯერადად 20 ლარი.

ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მიხედვით, რაც მიჩნეულ იყო ერთიანი საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილად, გათვალისწინებული იყო შეთანხმებული გრაფიკისგან განსხვავებული წესით პროცენტის დარიცხვის პირობა.

4.2.3 სტანდარტული პირობების 3.2.4. მუხლის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის)დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც. მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებითი ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე.

4.2.4 მოპასუხეებმა (მსესხებლები) დაარღვიეს თანხის გადახდის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის გრაფიკი.

4.2.5 2022 წლის 26 აპრილს, მოსარჩელემ წერილობით აცნობა მოპასუხეებს, რომ 2021 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხებოდათ დავალიანება სესხზე - 43 598.68 ლარის ოდენობით, საიდანაც - 32 614.70 ლარია ძირი თანხა, 688.03 ლარი - პროცენტი, ხოლო - 10 295.95 ლარი პირგასამტეხლო. მითითებული წერილით მსესხებლებს წარედგინათ დავალიანების დაფარვის მოთხოვნა, თუმცა მოპასუხეთა მიერ ვალდებულება სრულად არ შესრულებულა.

4.2.6 სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, აპლიკანტ სს „ს.ბ–ს“, რესპონდენტის მიერ პროტესტის წარდგენის გამო, უარი ეთქვა თ.ნ–ძის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე.

4.3 სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის არგუმენტები, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების არამართებულობასთან დაკავშირებით და სსსკ 417-ე, 418-ე, 115-ე 361-ე, 420-ე, მუხლებზე დაყრდნობით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა.

4.4 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ნაკისრი ვალდებულება სრულად და ჯეროვნად ვერ შეასრულა, რისთვისაც მოსარჩელემ დაარიცხა პირგასამტეხლო. ასევე, დადგენილია რომ კრედიტის დაფარვის მიზნით მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის გადახდილ იქნა 31 489.53 ლარი, ამასთან, მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხიდან: 18 847.35 ლარით, დაიფარა პირგასამტეხლო; 4 832.88 ლარით პროცენტი; 7 385.30 ლარით ძირი თანხა, ხოლო, 424 ლარით, საკომისიო.

პალატის შეფასებით, მითითებული ოდენობის პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხისა და დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად იქნა შემცირებული 3000 ლარამდე (უკვე გადახდილი და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გათვალისწინებით)

4.5 რაც შეეხება, მიუღებელი შემოსავლის სახით, მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნას, პალატამ აპელანტის პოზიცია გაიზიარა და სსკ-ის 411-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, სახეზეა მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების საფუძველი.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.ბ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 კასატორის განმარტებით, 09.02.2021 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების და საკრედიტო ხელშეკრულების სტანდარტული პირობების (8.3.3.-ე პუნქტი) თანახმად, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, მხარეთა შორის შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით, ასევე, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდებოდა და გადახდას ექვემდებარებოდა კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან შეწყვეტისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების იძულებითი ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.

5.3 კასატორი მიუთითებს, საკასაციო სასამართლოს მიერ განხილულ ას-428-428-2018, 13.07.2018წ. საქმეზე, სადაც საკასაციო სასამართლოს განმარტებით პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, სასამართლომ უნდა დაიცვას თანაზომიერების პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ დარღვეული ვალდებულების გამო მოვალეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა არა იმ ოდენობით, რაც კრედიტორის გამდიდრებას გამოიწვევს და არც იმგვარად შემცირებით, რომ პირგასამტეხლომ თავისი ვალდებულ პირზე ე.წ. „ზემოქმედებისა“ და პრევენციული ფუნქციები დაკარგოს.

5.4 განსახილველ შემთხვევაში კი, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, არათანაზომიერად იქნა დაცული მხოლოდ მოვალის ინტერესები, ისე, რომ პირგასამტეხლომ გადახდილი თანხების ზემოთ მითითებული გაანგარიშებით დაკარგა კანონით მისთვის მინიჭებული ფუნქცია.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ივლისის განჩინებით, სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა).

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის (ძირი თანხა, სარგებელი, პირგასამტეხლო და მიუღებელი შემოსავალი) დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 868-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო), მუხლების დანაწესებიდან გამომდინარეობს.

13. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა) მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით)(იხ.სუსგ.№ას-53-49-2017,07.04.2017წ.). 14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 102-ე მუხლზე (რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით) და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილია ყველა ის მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საჭიროა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობის შესამოწმებლად.

15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს არათანაზომიერად შემცირების საკითხს. კასატორის ამ პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები: №ას-1245-2022, 09.03.2023წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022 წ.; №ას-1451-1371-2017, 13.11.2018წ.).

16. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს.

17. პირგასამტეხლო ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ. №ას-428-428-2018, 13.07.2018წ.; №ას-1158-1104-2014, 06.05. 2015წელი; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016წ.).

18. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (იხ.სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.).

19. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ. სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021 წელი).

20. როგორც უკვე აღინიშნა, პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ. №ას-1336-2019, 30.03.2022 წ.; №ას-1928-2018, 31.10. 2019წ.).

21. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2021 წლის 09 თებერვალს მოსარჩელე - სს „ს.ბ–ს“ და მოპასუხეებს: თ.ნ–ძეს და შპს „ვ.ნ–ს“ შორის დაიდო N11105976 საკრედიტო ხელშეკრულება 40 000 ლარის კრედიტად გაცემის შესახებ, 3 თვის ვადით. კრედიტი უნდა დაფარულიყო სამი გადახდით: 2021 წლის 09 მარტის, 2021 წლის 12 აპრილის და 2021 წლის 10 მაისის. კრედიტის მიზნობრიობად განისაზღვრა ბიზნეს სესხი. სარგებელი განისაზღვრა ათვისებული თანხის წლიური 14%-ით, კრედიტის ათვისების საკომისიოდ განისაზღვრა 400 ლარი, დაზღვევის მართვის საკომისიოდ – ყოველთვიური 12 ლარი. პირგასამტეხლოდ – ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 %-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე, ერთჯერადად 20 ლარი.

22. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხის მხრიდან გადახდები გრაფიკით შეთანხმებულ ვადებში არ განხორციელებულა, რის გამოც წარმოიშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამავდროულად, სადავო არ არის, რომ 2021 წლის 10 მაისიდან 21 დეკემბრის ჩათვლით მოპასუხეების მიერ კრედიტის დაფარვის მიზნით საერთო ჯამში მოსარჩელისთვის გადახდილ იქნა - 31 489.53 ლარი. გადახდილი თანხიდან - 18 847.35 ლარით დაიფარა პირგასამტეხლო; 4 832.88 ლარით - პროცენტი; 7 385.30 ლარით - ძირი თანხა, ხოლო - 424 ლარით, საკომისიო.

23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (იხ.სუსგ. Nას-1490-2023, 22.03.2024წ.; №ას-265-2024, 26.04.2024წ.).

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. (იხ.სუსგ. №ას-65-2024 15.04.2024წ.).

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ, სესხის ძირითადი თანხისა და დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, მითითებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და სასამართლოების მიერ სწორად იქნა შემცირებული 3000 ლარამდე.

26. გასაზიარებელია ასევე, პირგასამტეხლოს ოდენობის 3000 ლარამდე შემცირების ხარჯზე მოპასუხის მიერ გადახდილი თანხების განაწილება ვალდებულების შესრულების ანგარიშის კუთხით, როცა საბოლოოდ ძირითად გადასახდელ ვალდებულებად განისაზღვრა 17 455.38 ლარი.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, გადახდილი 1001 ლარის 70% - 700 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, ამ უკანასკნელის მიერ, სს „ს.ბ–ში“, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2023 წლის 22 ივნისს N17885 საგადახდო დავალებით გადახდილი 1001 ლარის 70% - 700 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე