საქმე №ას-1583-2024 24 თებერვალი, 2025 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ტ.ე–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ა–ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა - მოპასუხე შპს „ტ.ე–ი“-ს შპს „ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 774,19 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე შპს „ტ.ე–ის“ წარმომადგენელმა მ.ს–ძემ წარადგინა საჩივარი, სადაც მოითხოვა 2024 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივნისის განჩინებით შპს „ტ.ე–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2024 წლის 11 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, სააპელაციო საჩივარით გაასაჩივრა შპს „ტ. ე“-ს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა მათი გაუქმება.
5. თბილისის სააპელაციო სასაართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩნებით, სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო, შესაბამისად, უცვლელად დარჩა როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინება.
6. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც განჩინების გუქმება მოითხოვა.
7. კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი, რადგან სასამართლოს მითითება, რომ დავის საგანი არ აღემატებოდა 2000 ლარს, რაც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ერთ-ერთი დასაშვებობის წინაპირობაა, ვერ ჩაითვლება ამ შემთხვევაში რელევანტურად იმ მიზეზით, რომ მოცემულ შემთხვევაში განიხილება საქმის არა არსებითი, არამედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმის განხილვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
12. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის სამართლებრივი შედავება გულისხმობს სააპელაციო პალატის მიერ ზემოაღნიშნული ნორმის არასწორად გამოყენებას გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმში. რადგან, საჩივრის ავტორის მტკიცებით, ასეთ დროს სასამართლომ უნდა იმსჯელოს მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების პროცესუალურ სამართლებრივობაზე სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის მიუხედავად.
13. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ, საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია დაუშვებელია. განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 240.3 მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ამდენად, ნორმა დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განსხვავებულ წესს არ ადგენს, შესაბამისად, ნორმის ამდაგვარად ინტერპრეტაცია დაუშვებელია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა სსსკ-ის 365-ე მუხლი (შდრ. სუსგ. №ას-1388-2020, 21 სექტემბერი, 2021 წელი; № ას-24-2023, 15 თებერვალი, 2023 წელი).
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე წყდება არსებითად, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილების ფორმით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს არსებითად საქმის გადაწყვეტისას მიღებულ დადგენილების სხვადასხვა სახეებს, როგორებიცაა მაგალითად საბოლოო გადაწყვეტილება (სსსკ-ის 243-ე მუხლი), ნაწილობრივი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 245-ე მუხლი), წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება (სსსკ-ის 246-ე მუხლი), დამატებითი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 261-ე მუხლი) და განსახილველი საქმის მიზნებისთვის - დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 229-ე მუხლი). აღნიშნულ გადაწყვეტილებათა მთავარი განსხვავება დამოკიდებულია საქმის პროცესუალურ განვითარებაზე და გამოიყენება სწორედ შესაბამისი პროცესუალური გარემოებების საფუძველზე. საქმის მატერიალური გაგებით, ყველა ამ შემთხვევაში, დავა წყდება არსებითად და ამ კუთხით გადაწყვეტილების გამოტანის ფორმას არსებითი, მატერიალური დატვირთვა არ აქვს პროცესუალური განსხვავებების გარდა.
15. განსხვავებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიდგომა კერძო საჩივრების (სსსკ-ის 14-ე მუხლი) მიმართ, რომლის გამოყენების დროსაც დავის საგნის ღირებულებას კოდექსი მნიშვნელობას არ ანიჭებს, რადგან ასეთ დროს საქმის არაარსებით საკითხზე მიღებული განჩინება საჩივრდება.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ინსტიტუტები არ უნდა იქნეს განმარტებული განსხვავებული მოწესრიგების მქონე ნორმების ურთიერთაღრევით. სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, მიუხედავად იმისა, გადაწყვეტილება იქნება გასაჩივრებული თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უშუალოდ გულისხმობს სასამართლოს ამ დადგენილებებაზე არსებით შედავებას, კერძო საჩივრისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ პროცესუალური სავარაუდო დარღვევის მიმართ პრეტენზიის წარდგენის ბერკეტია, აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის მიზნებისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ტიპის გადაწყვეტილებაა გასაჩივრებული, რადგან სააპელაციო და საკასაციო გასაჩივრება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ არსებითი შედავების პროცესუალური ბერკეტია, რაც, თავის მხრივ, პირდაპირაა დაკავშირებული დავის ფასთან.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო როგორც არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება ვერ სცდება მოცემული კატეგორიის დავისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად ცნო იგი დაუშვებლად სსსკ 365-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით (2024 წლის 27 ნოემბრის N№ას-1356-2024 განჩინება).
18. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა. სუსგ №ას-230-218-2017, 28.04.2017წ.; №ას-1305-2019, 21.11.2019წ.; №1572-2019, 30.03.2020წ.; №ას-1566-2023, 30.01.2024წ.).
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ.ე–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი