საქმე №ას-1146-2024 24 თებერვალი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ს.ნ–ძე (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ნი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - თ.ქ–ძე, თ.ქ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2017 წლის 31 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხე ს.ნ–ძეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე ნ.გ–ნმა მოპასუხე ს.ნ–ძეს მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მდებარე: ქ. თბილისი, ......., ფართით: 361.00. კვ.მ. ს/კ .........
2. მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 350 000.00 აშშ დოლარით ეროვნულ ვალუტაში.
3. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
4. უძრავ ქონებაზე ს.ნ–ძის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2017 წლის 02 აგვისტოს.
5. ს.ნ–ძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......., ფართით: 361.00. კვ.მ. ს/კ ......... 2018 წლის 06 თებერვალს მიჰყიდა ს.ღ–ს 330 000.00 აშშ დოლარად, რომელმაც ისევ უკან მიჰყიდა იგი ს.ნ–ძეს 2018 წლის 07 მაისს 300 000.00 აშშ დოლარად.
6. ს.ნ–ძემ 2018 წლის 07 მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მიუთითა, რომ ის ინფორმირებული იყო აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკის არსებობით.
7. 2017 წლის 31 ივლისს ნ.გ–ნს და ი.ქ–ძეს შორის გაფორმდა გადახდის განვადების უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი.ქ–ძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......, ს/კ ........ მიჰყიდა ნ.გ–ნს.
8. მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 300 000.00 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. ანგარიშსწორება განხორციელდებოდა შემდეგი პირობებით: - 21 000.00 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში მხარე გადაიხდიდა ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს; დარჩენილი 279 000.00 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადაიხდებოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში, არაუგვიანეს 2018 წლის თებერვლის თვისა. ნასყიდობის ფასის გადახდა განხორციელდებოდა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.
9. მყიდველმა/მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო ნასყიდობის საგანზე არსებული იპოთეკის შესახებ (რეგ. 882017605053), რომლის გაუქმებაც მოხდებოდა შესაბამისი წესით ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემდგომ.
10. მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარის მიერ დაირღვეოდა ხელშეკრულების რომელიმე პირობა, რაც გამოიწვევდა გარიგების ბათილობას, პირველ ეტაპზე გადახდილი ნასყიდობის თანხიდან, ნაწილი, 21 000.00 აშშ დოლარი, ჩაითვლებოდა ბედ სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად.
11. ხელშეკრულების თანახმად, თანხის სრულად დაფარვის შემდეგ აუცილებელია დამატებითი შეთანხმების გაფორმება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით და სანოტარო წესით დადასტურება, რის შემდეგაც დამატებითი შეთანხმება უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, გაუქმდეს ჩანაწერი ვალდებულების შესახებ და მოხდეს მყიდველისათვის საკუთრების უფლების სრული და შეუზღუდავი რეგისტრაცია.
12. გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნასყიდობის საგნის გადაცემა მოხდებოდა ნასყიდობის თანხის სრულად გადახდის შემდეგ.
13. მხარეები ამ ხელშეკრულებით მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და გაზიარებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხს აგებენ ერთმანეთის წინაშე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
14. აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში 2017 წლის 04 აგვისტოს.
15. ი.ქ–ძე გარდაიცვალა 2020 წლის 20 აგვისტოს.
16. ი.ქ–ძის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად მიმართეს მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, შვილებმა - თ.ქ–ძემ და თ.ქ–ძემ, მათი დედის - თ.ქ–ას მეშვეობით.
17. ნოტარიუსს ასევე მიმართა სს „თ.ბ–ის“ წარმომადგენელმა, როგორც კრედიტორმა მამკვიდრებლის შეუსრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით. ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობა არ გაცემულა.
18. 2017 წლის 31 ივლისს მოსარჩელე ნ.გ–ნმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ქონებაზე, ს/კ ....... საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. შესაბამისი დოკუმენტები დამატებით წარდგენილი იქნა 2017 წლის 04 აგვისტოს.
19. 2017 წლის 07 ივლისს, ი.ქ–ძესა და სს „თ.ბ–ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 122027-9048405, კრედიტის თანხად განისაზღვრა - 300 000.00 აშშ დოლარი, წლიური 6.9%, კრედიტის მიზნობრიობა - აგარაკის შეძენა, ვადა - 5 487 დღე.
20. აღნიშნული საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით იმავე 2017 წლის 07 ივლისს მხარეებს შორის ასევე გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. ი.ქ–ძის მიერ ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მათ შორის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ....... , ს/კ ........, ისევე როგორც უძრავი ქონებები: ს/კ ........ და ..........
21. იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა იმავე დღეს - 2017 წლის 07 ივლისს.
22. ი.ქ–ძის საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე წარმოიშვა 2017 წლის 11 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
23. იპოთეკით დატვირთულ ი.ქ–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე 2017 წლის 31 ივლისს ი.ქ–ძესა და მოსარჩელე ნ.გ–ნს შორის გაფორმდა გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2017 წლის 04 აგვისტოს.
24. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო ი.ქ–ძის საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებას.
25. 2017 წლის 31 ივლისიდან 2018 წლის 06 თებერვლამდე მოსარჩელე ცხოვრობდა ი.ქ–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაში, მდებარე: ქ. თბილისი, ......, ს/კ ..........
26. აღნიშნული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარეობდა მისი ოჯახის/მეუღლის/ ვ.კ–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ს/კ ..... მან მოანგრია უძრავი ქონების გამყოფი კედელი, გალავანი და ახორციელებდა შეუზღუდავი უფლებით სარგებლობას ორივე უძრავი ქონებით.
27. ვ.კ–ის სახელზე რეგისტრირებული შესაბამისი უძრავი ქონება ამჟამად რეგისტრირებულია მისი ნდობით აღჭურვილ პირზე - გულნარა ჯელაძის სახელზე.
28. ვ.კ–ის მიერ შესაბამისი უძრავი ქონება/ი.ქ–ძის უძრავი ქონების მომიჯნავედ, შეძენილი იქნა 2010 წელს ასევე განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და მასზე რეგისტრირებული იყო როგორც ბანკის, ისე ფიზიკური პირების იპოთეკები, რომელთა დაფარვაც საბოლოოდ განხორციელდა 2021 წლის ნოემბერში.
29. 2017 წლის 31 ივლისიდან 2018 წლის თებერვლამდე მოსარჩელის ოჯახს დასაფარი ჰქონდა ი.ქ–ძესთან განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 300 000.00 აშშ დოლარი და 350 000.00 აშშ დოლარი მომიჯნავე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
30. ი.ქ–ძესა და სს „თ.ბ–ს“ შორის გაფორმებული 07.07.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ი.ქ–ძეს ერიცხება დავალიანება 330 833.69 აშშ დოლარის ოდენობით.
31. მოსარჩელეს ი.ქ–ძესთან გაფორმებული გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად გადახდა არ შეუსრულებია.
32. ნ.გ–ნის სახელზე უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......, ს/კ ..... საკუთრების უფლებით არ აღრიცხულა.
33. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
33.1. ნ.გ–ნმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ს.ნ–ძის, თ.ქ–ძისა და თ.ქ–ძის მიმართ და მოითხოვა: თ.ქ–ძე და თ.ქ–ძე ცნობილ იქნენ გარდაცვლილი ი.ქ–ძის უფლებამონაცვლეებად; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება 371 000.00 აშშ დოლარის ოდენობით;
33.2. მოსარჩელის განმარტებით, მას საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს/კ ........ ფართი - 361 კვ.მ.
33.3. მოსარჩელემ გადაწყვიტა შეეძინა მეორე უძრავი ქონება, რომლის მოძიებაც დაიწყო მაკლერის მეშვეობით. მოეწონა სახლი .........ს სატყეო უბანში, რომელიც განთავსებული იყო 1 200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. მის მესაკუთრედ გაეცნო მოპასუხე ს.ნ–ძე, რომლის განმარტებითაც, უძრავი ქონების გასაყიდი საბოლოო ფასი იყო 600 000.00 აშშ დოლარი.
33.4. ს.ნ–ძემ გაიგო, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უძრავი ქონება ყიფშიძის ქუჩაზე და ვინაიდან, მოსარჩელეს არ ჰყოფნიდა ბინის გაყიდვიდან მიღებული თანხა, ს.ნ–ძემ შესთავაზა ბინა გაეფორმებინა მისთვის 350 000.00 აშშ დოლარის საფასურად. დარჩენილ თანხაზე კი უთხრა, რომ ჰყავდა ახლობელი, ი.ქ–ძე, რომელიც გააკეთებდა სესხს დაბალ პროცენტად მისთვის მისაყიდი სახლის უზრუნველყოფით, რომელსაც ის/მოსარჩელე გადაიხდიდა და დაიფარებოდა ყოველთვიურად პროცენტიც და ძირითადი თანხაც რამდენიმე წელში, ხოლო ქონება გადაეცემოდა მოსარჩელეს.
33.5. ს.ნ–ძემ დაარწმუნა, რომ სთავაზობდა კარგ პირობას, ყოველდღე ხვდებოდა და აჯერებდა შეთანხმების სისწორეში. ვინაიდან მოსარჩელესაც მოეწონა სახლიც, დათანხმდა მის წინადადებას.
33.6. ს.ნ–ძემ უთხრა, რომ სახლი ფორმალურად იყო გაფორმებული მის ახლობელზე - ი.ქ–ძეზე, რომელმაც გააკეთა სესხი და მზად იყო გარიგება დადებულიყო.
33.7. მასსა და მოპასუხეებს შორის მოხდა შეთანხმებით განსაზღვრული გარიგებების გაფორმება, კერძოდ 2017 წლის 31 ივლისს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ს.ნ–ძეს გადაუფორმა მის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე ქ. თბილისი, ......., 350 000.00 აშშ დოლარის ნასყიდობის საფასურში ჩათვლით და იმავე დღეს ი.ქ–ძესთან გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, .........., ს/კ ..........
33.8. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოსარჩელე გახდა მოტყუების მსხვერპლი და დარჩა ქონების გარეშე.
33.9. ნ.გ–ნმა ი.ქ–ძეს ხელშეკრულების გაფორმებისას წინასწარ გადაუხადა 21 000.00 აშშ დოლარი და მოითხოვა ეჩვენებინა ბანკის ხელშეკრულება ან მიეტანა ცნობა, რა ოდენობის სესხი ჰქონდა დამტკიცებული, აინტერესებდა რა თანხის გადახდა მოუწევდა, ვინაიდან გაუჩნდა სესხის სრულად გადახდის საშუალება. მოპასუხეები შეპირდნენ, რომ მიუტანდნენ ხელშეკრულებას, მაგრამ მოატყუეს მოსარჩელე და დღემდე თავს არიდებენ მის გადაცემას.
33.10. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეები არ ასრულებენ ხელშეკრულების პირობებს, არ უფორმებენ ქონებას და არ ათავისუფლებენ ვალდებულებისგან მის მიერ ნაყიდ ქონებას, არ უშვებენ სახლში, შესაბამისად მოსარჩელე აღმოჩნდა მოპასუხეებისგან მოტყუებული და ყოველგვარი ქონების გარეშე.
33.11. ს.ნ–ძემ ჯერ გაყიდა მისი ბინა, დატვირთა იპოთეკით და შემდეგ ისევ დაიბრუნა/გადაიფორმა.
33.12. მოსარჩელის მითითებით, ი.ქ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული და მისთვის გადასაცემი სახლი დაყადაღებულია პროკურატურისგან, რის გამოც იძულებულია მოითხოვოს მისი მოტყუებით გასხვისებული სახლის ღირებულება, ზიანის ანაზღაურება და გადახდილი თანხის მოპასუხეებისთვის სოლიდარულად დაკისრება.
33.13. მოპასუხე ი.ქ–ძე გარდაიცვალა 2020 წლის 20 აგვისტოს, მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ შვილები - თ.ქ–ძე და თ.ქ–ძე, რომელთაც მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით.
34. მოპასუხის შესაგებელი
34.1. მოპასუხეებმა თ.ქ–ძემ და თ.ქ–ძემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და შედავება დააფუძნეს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
34.2. მოპასუხეთა განმარტებით, ს.ნ–ძესა და ნ.გ–ნს შორის მოლაპარაკებები მათთვის უცნობია. მოპასუხეთათვის გაუგებარია, თუ რა კავშირი აქვს ს.ნ–ძის მიერ შეძენილ უძრავ ქონებას ი.ქ–ძესა და მოსარჩელეს შორის დადებულ ხელშეკრულებასთან, მით უფრო იმ დროს, როცა სარჩელის მიხედვითაც კი არსებობდა ორი უძრავი ქონება დამოუკიდებელი საკადასტრო კოდებით, სხვადასხვა ლოკაციებზე და გარიგება დაიდო სხვადასხვა პირობებით, კერძოდ, ს.ნ–ძესთან დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, ს/კ ......., ხოლო მოსარჩელესა და ი.ქ–ძეს შორის დაიდო განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, ს/კ ........ ნასყიდობის საფასურის გადახდის ბოლო ვადა იყო 2018 წლის თებერვლამდე, რაც მოსარჩელის მიერ არ იქნა შესრულებული.
34.3. მოსარჩელემ დადო ხელშეკრულება ს.ნ–ძესთან 350 000.00 აშშ დოლარად ქონების გაყიდვის შესახებ, ხოლო ი.ქ–ძესთან დადებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 300 000.00 აშშ დოლარით, რაც გამორიცხავს ი.ქ–ძის საკუთრებად რეგისტრირებული ქონების 600 000.00 აშშ დოლარად ყიდვის შესაძლებლობას.
34.4. ი.ქ–ძესა და მოსარჩელეს შორის ხელშეკრულების დადებამდე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო სს „თ.ბ–ის“ იპოთეკა, რაც ცნობილი იყო მოსარჩელისათვის.
34.5. მოსარჩელეს განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასური ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადაში, 2018 წლის თებერვლამდე, არ გადაუხდია არც საბანკო ანგარიშსწორებით, არც უძრავ ქონებაზე არსებული იპოთეკური სესხის დაფარვით და მით უფრო, თუ ჰქონდა მთლიანი თანხა, შეეძლო დაეფარა საბანკო ანგარიშსწორებით ან საბანკო დეპონირებით.
34.6. მოპასუხეთა მითითებით, რეალობას არ შეესაბამება, რომ თითქოს ი.ქ–ძე თავს არიდებდა გადაეცა მოსარჩელისთვის სესხის ხელშეკრულება, ისევე როგორც ალოგიკურია, მოსარჩელეს არ სცოდნოდა იპოთეკური სესხის პირობები და ისე დაედო განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება.
34.7. ი.ქ–ძე პატიმრობაში იმყოფებოდა 2018 წლის 30 მაისიდან, ხოლო ხელშეკრულების შესაბამისად, გადახდის ვადა იყო 2018 წლის თებერვლამდე პერიოდი. ი.ქ–ძეს მოსარჩელე მიყვანილი ჰყავდა სს „თ.ბ–ში“, სადაც დეტალურად გაეცნო სესხის პირობებს, ასევე შედგა საუბარი სესხის მოსარჩელის სახელზე გადატანის თაობაზე.
34.8. მოპასუხეთა მტკიცებით, სინამდვილეს არ შეესაბამება გარემოება, რომ თითქოს მოსარჩელემ არ იცოდა ი.ქ–ძესთან დადებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების და მასში მითითებული იპოთეკური სესხის პირობები, რადგან მართალია 2017 წლის 31 ივლისს დაიდო როგორც ი.ქ–ძესთან, ისე ს.ნ–ძესთან ხელშეკრულება, თუმცა ს.ნ–ძესთან დადებული ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2017 წლის 02 აგვისტოს, ხოლო ი.ქ–ძესთან დადებული ხელშეკრულება - 2017 წლის 04 აგვისტოს, რადგან საჯარო რეესტრმა დაუდგინა განმცხადებელს ხარვეზი, რომელიც გამოსწორებული იქნა მოსარჩელის მიერ. ცალსახაა, რომ მოსარჩელემ იცოდა მის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობები და ავსებს ხარვეზს საჯარო რეესტრში.
34.9. თუ მოსარჩელე შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და გადაიხდიდა ნასყიდობის საფასურს 2018 წლის თებერვლამდე, პროკურატურის მიერ არ დაყადაღდებოდა შესაბამისი ქონება სამთვენახევრის შემდეგ, რადგან ქონება დარეგისტრირებული იქნებოდა მოსარჩელეზე და ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა იმ სადაო საკითხთან, რასაც პროკურატურა ედავებოდა ი.ქ–ძეს.
34.10. ი.ქ–ძის მიერ იპოთეკური სესხის აღება მოხდა 3 უძრავი ქონების იპოთეკური დატვირთვით და სწორედ მოსარჩელის მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მან ვერ დაფარა იპოთეკური სესხი და დაკარგა 2 უძრავი ქონება.
34.11. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
34.12. ს.ნ–ძესთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ი.ქ–ძის მემკვიდრეები არ წარმოადგენენ სათანადო მხარეს. გაუგებარია, რატომ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მათი მამკვიდრებლიდან გამომდინარე მისი გადახდა, რადგან მოსარჩელეს ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია.
34.13. 21 000.00 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია, რადგან ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანხა არ ექვემდებარებოდა დაბრუნებას, როგორც ბე.
34.14. მოპასუხე ს.ნ–ძემ წარდგენილი შესაგებლით ასევე არ ცნო სარჩელი და შედავება დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
34.15. მოპასუხის განმარტებით, მის მიერ 2017 წლის 31 ივლისს მოსარჩელისგან 350 000.00 აშშ დოლარად შეძენილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ......., ს/კ ........., რომლის ღირებულებაც მის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილი იქნა სრულად, ხელშეკრულების გაფორმების მომენტამდე.
34.16. მანამდე, 20 დღით ადრე, 2017 წლის 11 ივლისს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ი.ქ–ძეს მასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ქ. თბილისში, ........ მდებარე უძრავი ქონება, ს/კ ........., რომლის ღირებულების გადახდაც ი.ქ–ძემ განახორციელა სს „თ.ბ–იდან“ აღებული იპოთეკური სესხით. უძრავი ქონება ი.ქ–ძისთვის გადაცემის მომენტამდე ირიცხებოდა, მეგობრის, დ.გ–ძის საკუთრებაში.
34.17. მოსარჩელესა და მას შორის 31.07.2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების გარდა, სხვა ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მის მიერ მოსარჩელისთვის სრულად იქნა ნასყიდობის თანხა დაფარული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე.
34.18. მოპასუხისათვის უცნობია ი.ქ–ძესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები და ამ პირობების მხარეთა მიერ შესრულება/არ შესრულების ფაქტები.
34.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.გ–ნის სარჩელი მოპასუხეების ს.ნ–ძის, თ.ქ–ძის და თ.ქ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ს.ნ–ძეს მოსარჩელე ნ.გ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა 350 000.00 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოპასუხე ს.ნ–ძეს მოსარჩელე ნ.გ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 830.20 ლარის ანაზღაურება.
35. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.გ–ნის სარჩელი მოპასუხეების - ს.ნ–ძის, თ.ქ–ძის და თ.ქ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ს.ნ–ძეს მოსარჩელე ნ.გ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა 350 000.00 აშშ დოლარის ანაზღაურება.
36. სააპელაციო საჩივარი
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ს.ნ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
37. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
38. საკასაციო საჩივარი
38.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ნ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
38.2. კასატორის მითითებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება 2017 წლის 31 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და გადახდის განვადების უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ურთიერთდაკავშირებულ გარიგებებად განხილვა. სასამართლოს მოსაზრება არასწორია, რომ თითქოს აღნიშნულ ხელშეკრულებათა საბოლოო მიზანი ნ.გ–ნის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრირება იყო. მოსაზრება დაუსაბუთებელია, რადგან ნ.გ–ნს ს.ნ–ძის უძრავი ქონების ყიდვისთვის არ ჰქონდა შესაბამისი თანხა. იმისთვის, რომ ნ.გ–ნს ჰქონოდა ფულადი სახსრები, ერთი მხრივ საკუთარი უძრავი ქონება გადააფორმა ს.ნ–ძის სახელზე როგორც 300 000 აშშ დოლარის შესრულებულად ჩათვლის სახე, ხოლო უძრავი ქონების დანარჩენი ღირებულების - 350 000 აშშ დოლარის მოზიდვის მიზნით დაუკავშირდა ი.ქ–ძეს, რომლისგანაც ისესხა დასახელებული თანხა. თანხა ი.ქ–ძემ ის უძრავი ქონების იპოთეკური სესხით მიიღო სს „თ.ბ–ისგან“, რა თანხითაც საბოლოოდ დაიფარა ნაშთი.
38.3. კასატორის მტკიცებით, ი.ქ–ძე ვერ აიღებდა იპოთეკურ სესხს თუ ს.ნ–ძე ნ.გ–ნთან შეთანხმებით არ გადააფორმებდა ქონებას ი.ქ–ძეზე, შესაბამისად, სწორედ ი.ქ–ძის მიერ უძრავი ქონების (.........ს სახლი) ფორმალური შეძენის ფარგლებში გასცა ბანკმა სესხი, რა თანხაც გ–მა გადასცა ს.ნ–ძეს.
38.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს.ნ–ძემ სრულად მიიღო „.........ს სახლის“ ღირებულება ნ.გ–ნისგან, ხოლო, მეორე მხრივ, სრულად შეასრულა ნ.გ–ნთან დადებული გარიგებით აღებული ვლადებულება და საკუთრების უფლება ნ.გ–ნის დავალებით გადასცა ი.ქ–ძეს.
38.5. თავის მხრივ, ნ.გ–სა და ი.ქ–ძეს შორის არსებული ურთიერთობა თავისი შინაარსით სასესხო ვალდებულებას წარმოადგენს, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც სადავო ქონება აღირიცხა ი.ქ–ძის სახელზე.
38.6. ხელშეკრულებიდან გასვლა, მათ შორის, დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. დადგენილია, რომ ვალდებულება ვერ შეასრულა მოსარჩელემ, ვერ გადაიხადა რა ი.ქ–ძესთან 2016 წლის 31 ივლისს დადებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი 300 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოეშვა არა მოსარჩელეს, არამედ ი.ქ–ძეს. სააპელაციო პალატამ კი საპირისპიროდ გადაწყვიტა საკითხი, რადგან ხელშეკრულების დამრღვევი მიიჩნია ხელშეკრულებიდან გასვლის ინიციატორად.
38.7. კასატორის შეფასებით, ასევე არასრული და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა 2017 წლის 31 ივლისს მოსარჩელესა და ს.ნ–ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა („ყ–ის ბინაზე“) და 2017 წლის 31 ივლისს მოსარჩელესა და ი.ქ–ძეს შორის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების („.........ს სახლზე“) ერთიან ეკონომიკურ გარიგებად შეფასების ნაწილში, რომლის მიზანი, სასამართლოს მითითებით, ქ. თბილისი ......... არსებული ქონების გაყიდვა იყო.
38.8. კასატორის მითითებით, თუ ეს ლოგიკური მსჯელობა იქნება გაზიარებული, იმავე ერთიან ეკონომიკურ გარიგების კონტექსტში უნდა იქნეს მოაზრებული ს.ნ–ძესა და ი.ქ–ძეს შორის 2017 წლის 11 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება („.........ს სახლზე“).
38.9. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს, როცა მან შეაფასა 2017 წლის 31 ივლისს მოსარჩელესა და ს.ნ–ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება („ყიფშიძის ბინაზე“) და აღნიშნა, რომ არ მომხდარა ნასყიდობის საფასურის გადახდა, არამედ მოხდა მისი ჩათვლა 2017 წლის 31 ივლისს მოსარჩელესა და ი.ქ–ძეს შორის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების („.........ს სახლზე“) საგნის ფასში.
38.10. სადავოდ არ არის გამხდარი 2017 წლის 31 ივლისს მოსარჩელესა და ს.ნ–ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება („ყ–ის სახლზე“) სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (მოსარჩელეს არ მოუთხოვია მისი ბათილად ცნობა თვალთმაქცურ გარიგებაზე მითითებით). ასეთ ვითარებაში, იგი ვერ იქნება მიჩნეული გაცვლის ხელშეკრულებად და მიღებულ უნდა იქნეს იმ შინაარსით, რა შინაარსითაც არის წარმოდგენილი.
38.11. კასატორის მითითებით, პრობლემურია სამართლებრივი კვალიფიკაცია და არ არის გამოყენებული სამართლებრივი ნორმები სწორად. ერთის მხრივ, თუ მიჩნეულია რომ სახეზეა გაცვლის ხელშეკრულება, გამოყენებულ უნდა ყოფილიყო გაცვლის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები. იმავდროულად, არ არის დადგენილი, რა სახის ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის 11 ივლისს ს.ნ–ძესა და ი.ქ–ძეს შორის. იყო ეს საშუამავლო ხელშეკრულება თუ სხვა რამ.
38.12. დაუსაბუთებელია ასევე სასამართლო მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 354-ე მუხლის შესაბამისად რესტიტუციის ნაწილში. რესტიტუციის დროს მიღებული შესრულება და სარგებელი უნდა დაუბრუნონ მხარეებმა ერთმანეთს. განსახილველ საქმეზე კი, ს.ნ–ძემ უნდა დაუბრუნოს მოსარჩელეს 350 000 აშშ დოლარი, მაგრამ ს.ნ–ძეს არ უბრუნდება მისი ნივთი - ქ. თბილისში ......... არსებული უძრავი ქონება, რომელიც გარდაცვლილ ი.ქ–ძის სახელზეა და ამ უკანასკნელის სესხის ურუნველსაყოფად იპოთეკითაა დათვირთული სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ და იმავე ი.ქ–ძის სისხლის სამართლის საქმეზე დადებულია ყადაღა.
38.13. კასატორის განმარტებით, ნაწილობრივ რესტიტუციას სამოქალაქო კოდექსი არ ცნობს, განსახილველ საქმეზე - მხოლოდ მოსარჩელის სასარგებლოდ. თუ რაიმე მიზეზის გამო შეუძლებელია რესტიტუცია, მაშინ უნდა მოხდეს კომპენსაცია. ერთი მხარის სასარგებლოდ რესტიტუცია, ხოლო მეორე მხარის მიმართ - არაფერი, არ არის დავის სწორი და სამართლიანი გადაწყვეტა.
39. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
40. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
41. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
43. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
44. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
45. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
46. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
47. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
48. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
49. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის არსებითი შედავების საკითხია მხარეთა შორის დადებულ ორ ხელშეკრულებას შორის არსებული ურთიერთკავშირი. კერძოდ, შესაფასებელია ნ.გ–ნსა და ს.ნ–ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებასა და ამავე დროს, ნ.გ–ნსა და ი.ქ–ძეს შორის დადებული გადახდის განვადების უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას შორის შესაძლო სამართლებრივი კავშირის დადგენისას სააპელაციო პალატის მიერ განვითარებული დასაბუთება. სწორედ აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იქნება შესაძლებელი ხელშეკრულებიდან გასვლასა და ორმხრივ რესტიტუციაზე მსჯელობის განვითარება.
50. სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 31 ივლისს დაიდო ორი ურთიერთდაკავშირებული ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც ნ.გ–ნს 650 000 აშშ დოლარად უნდა შეეძინა ს.ნ–ძის ქონება, რომელიც ი.ქ–ძის სახელზე იყო რეგისტრირებული. ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ხელშეკრულების ღირებულების ნაწილი - 350 000 აშშ დოლარი ს.ნ–ძემ ნ.გ–ნს ჩაუთვალა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ქონების სანაცვლოდ. ხოლო დარჩენილი 300 000 აშშ დოლარი ს.ნ–ძემ მიიღო წყნეთში მდებარე უძრავი ქონების უზრუნველყოფით ი.ქ–ძის მიერ სს „თ.ბ–ში“ აღებული სესხის საფუძველზე. აღნიშნული სესხი პირველი ექვსი თვის მანძილზე უნდა დაეფარა ნ.გ–ნს, თუმცა ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო თანხის გადახდა. დამატებით, ი.ქ–ძის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის გამო ყადაღა დაედო სადავო უძრავ ქონებას.
51. მოსარჩელის მტკიცების საწინააღმდეგოდ, მოპასუხე/აპელანტი მიუთითებს, რომ მისთვის უცნობია ი.ქ–ძესა და ნ.გ–ნს შორის არსებული შეთანხმების დეტალები. მოპასუხის განმარტებით, ს.ნ–ძესთან დადებულია მხოლოდ ერთი გარიგება, 2017 წლის 31 ივლისს და ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, მისი მხრიდან სრულად არის ანაზღაურებული ნასყიდობის საფასური და შესაბამისად, მოთხოვნა 350 000 აშშ დოლარის ანაზღაურებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია.
52. ასევე, მოსარჩელის პოზიციის საწინააღმდეგოდ, ი.ქ–ძის უფლებამონაცვლეები (მემკვიდრეები) მიუთითებენ, რომ ი.ქ–ძესთან დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას არ აქვს კავშირი ს.ნ–ძესთან დადებული გარიგებასთან. მოპასუხეთა განმარტებით, უძრავი ქონების ღირებულება ნ.გ–ნს არ აუნაზღაურებია და შესაბამისად, არ არსებობს მათ მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
53. საკასაციო პალატა განსაზღვრავს, რომ რადგან საკასაციო საჩივარი წარდგენილია ს.ნ–ძის მიმართ 350 000 აშშ დოლარის მოსარჩელისთვის გადაცემის მოთხოვნით, საკასაციო პალატაც, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლო, იმსჯელებს სწორედ ამ მოთხოვნის ნაწილში.
54. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 31 ივლისს ნ.გ–ნსა (გამყიდველი) და ს.ნ–ძეს (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნინა გიორგობიანმა, 350 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, ს.ნ–ძეს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ფართი: 361.00. კვ.მ. (ს/კ ......). ნასყიდობის ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერის შესაბამისად, ნასყიდობის საგნის ღირებულება მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა ხელშეკრულების ხელმოწერამდე (მე-6 მუხლი).
55. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 31 ივლისს ნ.გ–ნს და ი.ქ–ძეს შორის დაიდო გადახდის განვადების უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი.ქ–ძემ 300 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრების უფლება გადასცა ნ.გ–ნს, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, .......... (ს/კ ......). ნასყიდობის საფასურის ნაწილი 21 000 აშშ დოლარი შემძენს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, ხოლო დარჩენილი 279 000.00 აშშ დოლარი, 6 თვის ვადაში, არაუგვიანეს 2018 წლის თებერვლის თვისა.
56. თავად ი.ქ–ძე აღნიშნული უძრავი ქონების (ს/კ .......) მესაკუთრე გახდა 2017 წლის 11 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რასაც წინ უძღოდა 2017 წლის 07 ივლისს ი.ქ–ძესა და სს „თ.ბ–ს“ შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - 300 000 აშშ დოლარზე (კრედიტის მიზნობრიობა - აგარაკის შეძენა), რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა 3 უძრავი ქონება, მათ შორის N......საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ...........
57. ს.ნ–ძე მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში უთითებს, რომ ი.ქ–ძემ N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მისგან შეიძინა, რომელიც ირიცხებოდა მისი მეგობრის დ.გ–ძის სახელზე.
58. ზემოაღნიშნული გარემოებისა და სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის დავა უნდა იქნეს განხილული სსკ-ის 477-ე. 494-1-ე, 408-ე, 409-ე, ასევე 521-ე და 523-ე მუხლების საფუძველზე. დავის სფეციფიკიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ნორმები მოიცავს ნასყიდობისა და გაცვლის ხელშეკრულებების, ასევე ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.
59. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ ორივე სადავო ხელშეკრულება და დადებულია ერთ დღეს. ნასყიდობის საგნის მესაკუთრე ი.ქ–ძე კი გახდა ხელშეკრულების დადებამდე, ხოლო მოპასუხე ს.ნ–ძემ აღნიშნული ქონება შეიძინა ნ.გ–ნს ადა ი.ქ–ძეს შორის დადებული გარიგების დღეს. უძრავი ქონება ს.ნ–ძემ იყიდა ი.ქ–ძეს და ქონება ირიცხებოდა დ.გ–ძის სახელზე, რის შესახებაც ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ქონება ფორმალურად დარეგისტრირდა მის სახელზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ ნ.გ–ნი დაუკავშირდა ი.ქ–ძეს ს.ნ–ძის მეშვეობით, რომელსაც .........ს სახლის მიღების სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელის კუთვნილი, თბილისში, ..... ქუჩაზე მდებარე ბინა, წარმოადგენს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ლოგიკურ ჯაჭვს.
60. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის მიერ გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებზე (ივანე ჩიღვინიძის სანოტარო ფორმით დამოწმებული წერილობითი განმარტება, ასევე ნასყიდობის ფასი ნ.გ–ნსა და ი.ქ–ძეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, სადაც მითითებულია, რომ ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 300 000 აშშ დოლარით), რომლებითაც გაქარწყლდა კასატორის მტკიცება, რომ თითქოს არ არსებობდა მხარეთა მიერ გაფორმებულ გარიგებებს შორის ლოგიკური ურთიერთკავშირი.
61. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატისთვის ნათელია, რომ ნ.გ–ნსა და ს.ნ–ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონება ს.ნ–ძეს გადაეცა იმ მიზნით, რომ ნ.გ–ნს თანხის დამატების ნაცვლად მიეღო საკუთრებაში ი.ქ–ძის სახელზე რეგისტრირებული აგარაკი.
62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სავსებით შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობებში მხარეები შევიდნენ როგორც დამოუკიდებლად, ისე თანამონაწილეობით, ასევე შევიდნენ ერთი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებში სწორედ სხვა ხელშეკრულების გაფორმებისთვის, სადაც სავსებით შესაძლებელია ობიექტური დამკვირვებლის თვალში ჩანდეს დადებულ ხელშეკრულებებს შორის არსებული ლოგიკური ბმა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ურთიერთდაკავშირებული სამართლებრივი შედეგები. განსახილველ შემთხვევაშიც, ცალსახაა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების დადების მიზანი მათი კუმულაციური მოქმედების შესაძლებლობაა, რაც საერთო ჯამში საერთო ეკონომიკურ შედეგებს განაპირობებს. ამ მხრივ, საკასაციო პალატაც, ისევე, როგორც სააპელაციო სასამართლოც, სავსებით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომის თანახმად, ურთიერთდაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმებისას ხელშეკრულებათა ტიპი არსებითი მნიშვნელობის არ არის, არამედ არსებითია ის, ფინანსდება თუ არა ერთი ხელშეკრულებიდან მეორე და ქმნიან თუ არა ისინი ერთ ეკონომიკურ ერთიანობას. ურთიერთდაკავშირებული ხელშეკრულებები ეკონომიკური ერთიანობის გარდა სამართლებრივადაც არიან ერთმანეთთან კავშირში, ეს კი ნათლად ვლინდება მაშინ, როდესაც ამ კატეგორიის ხელშეკრულებების დარღვევა და ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა ხდება.
63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ნ.გ–ნსა და ს.ნ–ძეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მიმართული იყო უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, .........., ს/კ ...... ნასყიდობის ღირებულებაში ჩათვლისაკენ და ის სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გაფორმდა. რაც შეეხება ი.ქ–ძესა და ნ.გ–ნს შორის გაფორმებულ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებას, მოცემული ხელშეკრულებების ურთიერთკავშირიდან გამომდინარე, ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის მოსარჩელისათვის ცნობილი იყო შეძენილი ქონების იპოთეკით დატვირთვის ფაქტი და ის გარემოება, რომ ი.ქ–ძეს კრედიტის სახით აღებული 300 000.00 აშშ დოლარი ს.ნ–ძისათვის უნდა გადაეცა წყნეთში მდებარე აგარაკის ღირებულებაში ჩასათვლელად, ნ.გ–ნის რეალურ ვალდებულებას სწორედ ი.ქ–ძის მიერ სს „თ.ბ–იდან“ აღებული კრედიტის დაფარვა წარმოადგენდა, რაც მოსარჩელეს დადგენილ ვადაში არ შეუსრულებია.
64. რადგან დარღვეულია ვალდებულების შესრულების ასპექტი, დარღვეულია ურთიერთდაკავშირებულ ხელშეკრულებათა მოთხოვნებიც, შესაბამისად, მყიდველის სახელზე ქონების გადაფორმებას ადგილი არ ჰქონია, რაც ვალდებულების შეუსრულებლობას გულისხმობს და იწვევს ორმხრივ რესტიტუციას სსკ-ის 352-ე მუხლის საფუძველზე.
65. საკასაციო სასამართლო აღიარებული სამართლებრივი დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ასევე, სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლების გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული ფუნდამენტური უფლებაა და მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი განხორციელებისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა.
66. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონით გათვალისწინებული უფლებაა, ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები).
67. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების, საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში იგულისხმება ვალდებულების დარღვევა, ხოლო ფორმალურში - დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება) და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინება. (იხ.საქმე №ას-211-2024 26 აპრილი, 2024 წელი).
68. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულებები ჯერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის საფუძველი (თუმცა, სკ-ის 405-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს შეუძლია შესრულების ვადის დადგომამდე განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებიდან გასვლის პირობა ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა. ამასთან, თუ მოვალემ ვალდებულება შეასრულა ან კრედიტორმა შეთანხმებულის ნაცვლად სხვა შესრულება მიიღო, კრედიტორი ხელშეკრულებიდან ვერ გავა. კრედიტორს ასევე ეზღუდება ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, თუ მოვალემ წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარმოადგენს პრეტენზიას (შესაგებელს). ანალოგიური წესი გამოიყენება მაშინაც, როდესაც მოვალეს შეუძლია ვალდებულების გაქვითვა და იგი ამ უფლებას კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის დაყენებისთანავე გამოიყენებს). ამასთან, ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოშობს მონაწილეთა შორის ახალ ვალდებულებას: მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ. (იხ. სუსგ. №ას-1116-2023 27 დეკემბერი, 2023 წელი).
69. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები განამტკიცებენ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის უფლებას უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ მეორე მხარე არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორს შეუძლია მოვალეს დაუწესოს დამატებითი ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად. თუმცა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც არ არის საჭირო ვალდებული პირისათვის არც დამატებითი ვადის დაწესება და არც გაფრთხილება, ესენია: თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა (საქმე №ას-1130-2023 15 აპრილი, 2024 წელი).
70. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების საკითხის დადებითად გადაწყვეტაზეა დამოკიდებული მისი თანმდევი მატერიალური შედეგის - ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულის უკან დაბრუნების დადგომაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლა.
71. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
72. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
73. დამატებით, სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.
74. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს კასატორის შედავებაზე, რომ თითქოს ნ.გ–ნს სრულად არ გადაუხდია სადავო უძრავი ქონების საფასური. აღნიშნული მოსაზრება დაუსაბუთებელია, რადგან ი.ქ–ძის საკუთრებაში არსებული ქონება სისხლის სამართლის დევნის გამო დაყადაღდა, შესაბამისად, მოსარჩელეს, როგორც მოვალეს აღარ შეეძლო ვალდებულების შესრულება. ამ ნაწილში კი საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით დარჩენილი საფასურის სრულად გადახდის პირობებშიც კი, ნ.გ–ნი ვერ მოახდენს ი.ქ–ძის სახელზე რეგისტრირებული წყნეთში მდებარე აგარაკის საკუთრებაში აღრიცხვას, რის გამოც აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებით ს.ნ–ძისათვის გადაცემული უძრავი ნივთი ექვემდებარებოდა ნ.გ–ნისათვის უკან დაბრუნებას, თუმცა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ქონება დღეის მდგომარეობით ვალდებულების უზრუნველსაყოფად დატვირთულია სს „ს.ბ–ის’’ სასარგებლოდ, უნდა ანაზღაურდეს აღნიშნული ქონების ის ღირებულება, რაც გათვალისწინებული იქნა ს.ნ–ძესა და ნ.გ–ნს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით.
75. ზემოაღნიშნული მოტივაციის საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, კერძოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. სწორედ მას უნდა წარედგინა სასამართლოსთვის იურიდიულად სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობას დაადასტურებდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სესხის პროცენტის გადახდის დასადასტურებლად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითებს, რაც სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში რელევანტულ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, მით უფრო მაშინ როდესაც საქმეზე დაკითხული მოწმეები წარმოადგენენ მოსარჩელის მამას, მის მეგობარს და ძმას. აღნიშნული კი წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.
76. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
77. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ს.ნ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ. ბ–ძის მიერ (პ/ნ ....... საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №4486, გადახდის თარიღი 02.10.2023) 6000 ლარის 70% - 4200 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი