საქმე № ას-1058-2024 5 თებერვალი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „გ.დ.ს–ო“ (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ტ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელის მოთხოვნა
ნ.ტ–ძემ (შემდგომში მოსარჩელე ან დამზღვევი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „გ.დ.ს–ოს“ (შემდეგში მოპასუხე, სადაზღვევო კომპანია, მზღვეველი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა 2023 წლის 20 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად განცდილი ზარალის 1900 ლარისა და 2023 წლის 24 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად განცდილი ზარალის, 12890 ლარის მოპასუხისთვის გადახდის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7 965 ლარის გადახდა.
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7040 ლარის ანაზღაურება.
5.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.2.1. 2022 წლის 30 მაისს მოსარჩელეს, როგორც დამზღვევს და მოპასუხეს, როგორც მზღვეველს შორის, გაფორმდა სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პოლისი №024506. პოლისის საფუძველზე, დაზღვეულია მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება (მარკა/მოდელი - ,,CHEVROLET, VOLT’’, სახელმწიფო ნომრით -,,.......’’), ხოლო დაზღვევის დროდ განისაზღვრა 2022 წლის 30 მაისიდან 2023 წლის 30 მაისამდე პერიოდი;
5.2.2. ავტოტრანსპორტის დაზღვევის საერთო პირობების 2.1.1 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო რისკია, ავტოსაგზაო შემთხვევა (ავარია); დაზღვევის საერთო პირობების 5.2.6 პუნქტის თანახმად, მზღვეველი და დამზღვევი თანხმდებიან, რომ ზარალის შეფასება ხდება მზღვეველის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მითითებულ სერვის ცენტრში. იმ შემთხვევაში თუ დამზღვევი არ დაეთანხმება წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვას და იგი თავად შეარჩევს სერვის ცენტრს დაზიანებული ავტომობილის შესაკეთებლად, მზღვეველი იტოვებს უფლებას აანაზღაუროს ზარალი მის მიერ შერჩეული სერვის ცენტრის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად; მხარეები თანხმდებიან, რომ ზარალის შეფასება შესაძლებელია მოხდეს მის მიერ გადმოგზავნილი დაზიანების დამადასტურებელი ფოტომასალის საფუძველზე, მზღვეველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ; დამზღვევი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები და სტანდარტები, ასევე ავტომობილის ექსპლუატაციის ნორმები; დაზღვევის საერთო პირობების 8.2.8 პუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზარალი დამზღვევის მიერ წინამდებარე პირობებითა და შესაბამისი სადაზღვევო პოლისით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში; ასევე ანაზღაურების გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები (პუნქტი 10.28);
5.2.3. 2023 წლის 20 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შედგენილი პატაკით ირკვევა, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მიერ დაზღვეული ავტომანქანა გაჩერებული ჰყავდა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის“ პარკინგზე. მოძრაობის დაწყებისას იგი შეეჯახა ამავე პარკინგზე მდგომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას; შეჯახების შედეგად მოსარჩელის კუთვნილ ავტომობილს დაუზიანდა მარცხენა წინა და უკანა კარი, სარკე, ფრთა და წინა ბამპერი, ხოლო „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას – უკანა მარჯვენა ფრთა და ბამპერი;
5.2.4. ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილ იქნა მოსარჩელე და იგი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევისთვის დაჯარიმდა 250 ლარით;
5.2.5. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს 2023 წლის 20 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მისთვის მიყენებული ზარალის - 1 900 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით;
5.2.6. სადაზღვევო კომპანიის 2023 წლის 16 ივნისის წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა ავტოსაგზაო შემთხვევისას მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ დამზღვევი ავტოსაგზაო შემთხვევისას მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით. მოსარჩელეს განემარტა, რომ აღნიშნული შემთხვევა ვერ განიხილებოდა სადაზღვევო შემთხვევად, რის გამოც, სადაზღვევო კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას დადებითად გადაეწყვიტა ზარალის ანაზღაურების საკითხი;
5.2.7. 2023 წლის 24 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო უსაფრთხო დისტანციის დაცვა და შეეჯახა მის წინ მოძრავ ავტომანქანას (მარკა/მოდელი - „მიცუბიში”, სახელმწიფო ნომრით “......”), რის გამოც იგი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევისთვის დაჯარიმდა 250 ლარით;
5.2.8. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს 2023 წლის 24 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც მას ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას მოსარჩელე მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.
5.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 799-ე, 820-ე, 821-ე, 829-ე მუხლებით და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები არ ყოფილა გამოწვეული მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, რის გამოც სადაზღვევო კომპანიას მართებულად დაეკისრა სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება.
5.4. რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და მიუთითა, რომ ვინაიდან ასანაზღაურებელი თანხის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა წარდგენილი იყო დღგ-ს თანხის გარეშე (იხ. სარჩელის მე-8 ფაქტობრივი გარემოება, პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნები), ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოპასუხისთვის უნდა დაეკისრებინა თანხა შპს „ჯ.მ“-ის დეფექტური აქტის (ინვოისი 11/11) შესაბამისად დღგ-ის გარეშე. სხვაგვარი პოზიცია კი, წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლთან, რომლის მიხედვით, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.2. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შინაარსი და არ შეაფასა დამზღვევის ქმედების ხასიათი და მისი სუბიექტური დამოკიდებულება დამდგარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიმართ. შესაბამისად, არასწორად დაასკვნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ადგილი არ ჰქონია მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობას. სადაზღვევო კომპანიის მხრიდან უპირობოდ ანაზღაურდება შემთხვევები, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა დადგა მაგალითად, უამინდობის ან სხვა გარე ფაქტორების (სხვა მანქანის მიერ გზის ჩაჭრა, გზის არდათმობა, გზაზე ქვეითისთვის თავის არიდება და სხვა) შედეგად, მაგრამ ყველა ეს შემთხვევა მოულოდნელობებითაა გამოწვეული, მისი დადგომის შესაძლებლობას მძღოლი არ მოელის, თუმცა როდესაც სახეზეა შემთხვევა, როდესაც მძღოლს ხელს არაფერი უშლის, გამოდის პარკინგიდან და აქვს დროც და საშუალებაც ისე იმოძრაოს, რომ საფრთხე არ შეუქმნას არც საკუთარ და არც სხვის ავტომობილს, მაშინ ვლინდება მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა, რადგან სწორედ მძღოლის ნებითა და მისი გააზრებული ქმედებით დგება შემთხვევა, რის გამოც მზღვეველს არ წარმოეშობა ანაზღაურების ვალდებულება. წინამდებარე შემთხვევაში სწორედ უხეში გაუფრთხილებლობით გამოიწვია დამზღვევმა სადაზღვევო შემთხვევა, არ დაიცვა წინდახედულობის მინიმალური სტანდარტი.
6.3. სასამართლოებმა არასწორად განსაზღვრეს ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაც დამზღვევის მიერ წარდგენილი შპს „თ.მ–ის“ მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომელშიც მითითებულია ავტომობილის ახალი ორიგინალი ნაწილების ღირებულება, სადაზღვევო პოლისის პირობები კი აღნიშნულს არ ითვალისწინებდა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
11.1. 2022 წლის 30 მაისს მოსარჩელეს, როგორც დამზღვევს და მოპასუხეს, როგორც მზღვეველს შორის, გაფორმდა სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პოლისი №024506. პოლისის საფუძველზე, დაზღვეულია მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება (მარკა/მოდელი - ,,CHEVROLET, VOLT’’, სახელმწიფო ნომრით -,,.....’’), ხოლო დაზღვევის დროდ განისაზღვრა 2022 წლის 30 მაისიდან 2023 წლის 30 მაისამდე პერიოდი;
11.2. ავტოტრანსპორტის დაზღვევის საერთო პირობების 2.1.1 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო რისკია, ავტოსაგზაო შემთხვევა (ავარია); დაზღვევის საერთო პირობების 5.2.6 პუნქტის თანახმად, მზღვეველი და დამზღვევი თანხმდებიან, რომ ზარალის შეფასება ხდება მზღვეველის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მითითებულ სერვის ცენტრში. იმ შემთხვევაში თუ დამზღვევი არ დაეთანხმება წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვას და იგი თავად შეარჩევს სერვის ცენტრს დაზიანებული ავტომობილის შესაკეთებლად, მზღვეველი იტოვებს უფლებას აანაზღაუროს ზარალი მის მიერ შერჩეული სერვის ცენტრის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად; მხარეები თანხმდებიან, რომ ზარალის შეფასება შესაძლებელია მოხდეს მის მიერ გადმოგზავნილი დაზიანების დამადასტურებელი ფოტომასალის საფუძველზე, მზღვეველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ; დამზღვევი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები და სტანდარტები, ასევე ავტომობილის ექსპლუატაციის ნორმები; დაზღვევის საერთო პირობების 8.2.8 პუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზარალი დამზღვევის მიერ წინამდებარე პირობებითა და შესაბამისი სადაზღვევო პოლისით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში; ასევე ანაზღაურების გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები (პუნქტი 10.28);
11.3. 2023 წლის 20 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შედგენილი პატაკით ირკვევა, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მიერ დაზღვეული ავტომანქანა გაჩერებული ჰყავდა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის“ პარკინგზე. მოძრაობის დაწყებისას იგი შეეჯახა ამავე პარკინგზე მდგომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას; შეჯახების შედეგად მოსარჩელის კუთვნილ ავტომობილს დაუზიანდა მარცხენა წინა და უკანა კარი, სარკე, ფრთა და წინა ბამპერი, ხოლო „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას – უკანა მარჯვენა ფრთა და ბამპერი;
11.4. ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილ იქნა მოსარჩელე და იგი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევისთვის დაჯარიმდა 250 ლარით;
11.5. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს 2023 წლის 20 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მისთვის მიყენებული ზარალის - 1 900 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით;
11.6. სადაზღვევო კომპანიის 2023 წლის 16 ივნისის წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა ავტოსაგზაო შემთხვევისას მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ დამზღვევი ავტოსაგზაო შემთხვევისას მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით. მოსარჩელეს განემარტა, რომ აღნიშნული შემთხვევა ვერ განიხილებოდა სადაზღვევო შემთხვევად, რის გამოც, სადაზღვევო კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას დადებითად გადაეწყვიტა ზარალის ანაზღაურების საკითხი;
11.7. 2023 წლის 24 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, როდესაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო უსაფრთხო დისტანციის დაცვა და შეეჯახა მის წინ მოძრავ ავტომანქანას (მარკა/მოდელი - „მიცუბიში”, სახელმწიფო ნომრით “........”) იგი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევისთვის დაჯარიმდა 250 ლარით;
11.8. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს 2023 წლის 24 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც მას ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას მოსარჩელე მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.
12. წინამდებარე სარჩელის მიზანია სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რის გამოც დავის მომწესრიგებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები წარმოადგენს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომლებიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).
14. მითითებული ნორმის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
15. დაზღვევის ხელშეკრულება ფორმირდება მხარეთა კონსენსუსის შედეგად და მის ფარგლებში წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სისტემა ბოჭავს ამ ურთიერთობის მონაწილეებს. სადაზღვევო ინტერესის ცნება განიხილება ეკონომიკური და სამართლებრივი მნიშვნელობით. ეკონომიკური არსი განპირობებულია ქონების ღირებულებითი ეკვივალენტურობით. რაც შეეხება სადაზღვევო ინტერესის სამართლებრივ შინაარსს, მას დაცვითი ფუნქცია აქვს და გულისხმობს პირის იურიდიულ კავშირს სადაზღვევო ობიექტის მიმართ. ამ კუთხით, სადაზღვევო ინტერესი განისაზღვრება, როგორც დამზღვევის გონივრული ზრუნვა და სურვილი, დაიცვას საკუთარი სიკეთე სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენისაგან.
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი დაკმაყოფილებადია იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა შეთანხმებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკი, ანუ მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი წარმოშობის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა, ასევე თუ სახეზეა დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით (მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას) პირისთვის ზიანის მიყენება.
17. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით, მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ Nას-1181-2020, 28 იანვარი, 2021 წელი).
19. საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეულია მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, რაც კასატორის მითითებით, გამორიცხავს მიყენებული ზიანის მზღვეველის მიერ ანაზღაურებას.
20. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებულ პრეტენზიას და განმეორებით აღნიშნავს, რომ დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმების შესაბამისად, დამზღვევს ეკისრება სადაზღვევო ხელშეკრულების არსებობისა და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტის მტკიცების ვალდებულება, ხოლო სადაზღვევო კომპანია ვალდებულია დაამტკიცოს მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედების ფაქტი, რაც ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველი კანონისმიერი საფუძველია.
21. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის, როგორც სამართლებრივად სანქცირებული ქმედებების შესახებ, განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. სამოქალაქო სამართალში ბრალის შეფასებისას მოწმდება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის ნების და ყურადღებიანობის ხარისხი. ამის მიხედვით განისაზღვრება, იგი განზრახ მოქმედებდა, თუ გაუფრთხილებლობით. ამასთან, პირის ბრალეულობა მხოლოდ ქმედების შედეგისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით არ მოწმდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მიზნისთვის, პირის სუბიექტურ განწყობასთან ერთად, მხედველობაში მიიღება ობიექტური კრიტერიუმები, ანუ პასუხისმგებლობის მიზნისთვის პირის ბრალეულად მიჩნევისას, ასევე მოწმდება კონკრეტულ გარემოში მოქმედი გარემოებები, ამ გარემოებების გავლენა პირის ქმედებაზე. გაუფრთხილებლობა შეიძლება იყოს მარტივი (culpa lata) ან უხეში (culpa levissima). უხეში გაუფრთხილებლობა სახეზეა, როცა პირი განსაკუთრებით მაღალი ხარისხით არღვევს ბრუნვისათვის აუცილებელ ყურადღებიანობას. ყველა სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ პირი მოქმედებდა უბრალო გაუფრთხილებლობით. სასამართლო განმარტავს, რომ უხეში გაუფრთხილებლობა მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი პირის მხრიდან განზრახვას უახლოვდება. შესაბამისად, უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასდეს ისეთი ქმედება, რომლის ჩადენის დროსაც პირი განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით უგულებელყოფს წინდახედულობის ნორმებს. მოქმედებს არა იგივე ვითარებაში მყოფი, სხვა საშუალო შესაძლებლობების მქონე პირის მსგავსად, არამედ იჩენს თვალშისაცემ უყურადღებობას, უპატიებელ დაუდევრობას. უხეში გაუფრთხილებლობისგან განსხვავებით, მარტივი გაუფრთხილებლობა უნდა განიმარტოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი ყურადღებიანობის და წინდახედულობის სტანდარტის შედარებით ნაკლები ხარისხით უგულებელყოფა. მარტივი გაუფრთხილებლობა ბრალის გამომრიცხველ გარემოებასთან მიახლოებულად უნდა შეფასდეს. სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პირობად განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა გათანაბრებულია. ამრიგად, სადაზღვევო ურთიერთობის მიზნისთვის, უხეში გაუფრთხილებლობა განზრახვის ანალოგიურ სუბიექტურ განწყობად განიხილება. სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის მთავარი მიზანი დამზღვევისთვის შესაძლო ზიანის ანაზღაურების გარანტირებაა (იხ., სუსგ №ას-საქმე №ას-1279-2022 20 დეკემბერი, 2022 წელი).
22. ამასთან, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, განზრახ ქმედებად ითვლება პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად (შეგნებულად) მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებული ქმედებაც, რომლის დროსაც, პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას პირი არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, ეს არ ჩაითვლება განზრახ ქმედებად. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახ და მარტივ გაუფრთხილებლობას. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ. სუსგ №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი, პ.53).
23. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას იმის შესახებ, რომ ორივე ავტოსაგზაო შემთხვევა, მართალია, გამოწვეულია მძღოლის ბრალეული ქმედებით და მის მიერ სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევით (ერთ შემთხვევაში, დაზღვეული ცდილობდა პარკინგიდან მანქანის გამოყვანას და შეეჯახა იქვე მდგომ გაჩერებულ ავტომობილს, ხოლო მეორე შემთხვევაში - ვერ დაიცვა საჭირო დისტანცია და შეეჯახა მის წინ მდგომ მანქანას), მაგრამ აღნიშნული ქმედებები არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს უხეშ გაუფრთხილებლობად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ანაზღაურების საგამონაკლისო ნორმების ამგვარი გაფართოების პერსპექტივა არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან, რადგან სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაშია შესაძლებელი. საკასაციო პალატამ არაერთგზის განმარტა, რომ დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევები ვიწროდ უნდა განმარტოს, იმგვარად, რომ მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება არ ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ №ას-1479-2019, 21.01.2020წ.)
24. ამრიგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მტკიცების ტვირთის იმგვარი განაწილების პირობებში, როგორიც დაზღვევის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავებისთვის არის დადგენილი, მოპასუხემ საპროცესო ვალდებულება, დაედასტურებინა მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი, ვერ შეასრულა, რაც საკასაციო საჩივარს დაუსაბუთებელს ხდის.
25. რაც შეეხება მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის ოდენობის კანონიერებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც კანონიერია, ხოლო კასატორს არც ამ მიმართებით წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების (რომლის მიხედვითაც ანაზღაურებას ექვემდებარებოდა დეფექტური აქტით განსაზღვრული თანხა დღგ-ს გარეშე) გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 820-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან წინამდებარე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 385.72 ლარის 70% - 270 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „გ.დ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სს „გ.დ.ს–ოს“ (ს.კ. .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1720699639, გადახდის თარიღი 11.07.2024) 385.72 ლარის 70% - 270 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი