Facebook Twitter

საქმე №ას-1011-2024 24 თებერვალი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „თ.ს.კ–ია“ (აპელანტი, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ვ..“ (აპელანტი, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

პირველი მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ..“ (აპელანტი, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მეორე მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ.ს.კ–ია“ (აპელანტი, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 ნოემბრის განჩინება

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად ცნობა, პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობა (თავდაპირველი სარჩელით); ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2020 წლის 17 ივლისს შპს „თ.ს.კ–იასა“ (შემსყიდველი) და შპს „ვ..“-ს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №0300/30/134 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მეტროსადგურ „ა–ის“ არქიტექტურული და ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინპროექტის სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 144 444 (ას ორმოცდაოთხი ათას ოთხას ორმოცდაოთხი) ლარი, ყველა ხარჯისა და გადასახადის ჩათვლით.

2. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა შემდეგნაირად: ესკიზური პროექტის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღე და მუშა პროექტის მიწოდება ესკიზური პროექტის შეთანხმებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ არსებული მდგომარეობის (საინჟინრო გეოლოგია, სადგურის გამოკვლევა) კვლევების შედეგების, აზომვითი ნახაზების, მოცულობითი ციფრული მოდელის და პროექტის საინჟინრო ნაწილის მიწოდებიდან 80 კალენდარული დღის ვადაში.

3. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს წუნდებული მომსახურების გამოსწორება, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე;

4. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მიმწოდებელი 6.2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ განახორციელებს წუნდებული მომსახურების გამოსწორებას, ხელშეკრულების 6.3 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრება პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის (ხელშეკრულების 12.4 პუნქტი). ხელშეკრულების 16.1 პუნქტით ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი მისი ხელმოწერიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

5. 2020 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, 2020 წლის 7 აგვისტოს №07/08-1 წერილით შპს „თ.ს.კ–იას“ გაეგზავნა მეტროსადგურ „ა–ის“ ესკიზური პროექტი. აღნიშნული წერილი კომპანიას ჩაბარდა 2020 წლის 10 აგვისტოს.

6. 2020 წლის 26 ოქტომბერს შპს „თ.ს.კ–იამ“ №01/5089 წერილით მიმართა შპს „ვ..“-ს და აცნობა, რომ შპს „თ.ს.კ–ია“ თანახმაა შემსრულებელმა განაგრძოს მეტროსადგურ „ა–ის“ არქიტექტურული და ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინპროექტის დამუშავება წარდგენილი ესკიზური პროექტის მიხედვით. ამასთან, დეტალური პროექტის მიწოდება მოითხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში - 80 კალენდარულ დღეში. აღნიშნული ვადა იწურებოდა 2021 წლის 14 იანვარს.

7. 2020 წლის 23 დეკემბერს შპს „ვ..“-მა №23/12-3 წერილით მიმართა შპს „თ.ს.კ–იას“ და აცნობა, რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაჭიანურდა პროექტირების პირველი ეტაპის - ესკიზური პროექტის შეთანხმების დრო. აღნიშნული პროექტის შეთანხმებიდან 80 კალენდარული დღე განისაზღვრა სრული პროექტის წარმოსადგენად, რომელიც უნდა აითვალოს 2020 წლის 26 ოქტომბრიდან. შპს „ვ..“ მიუთითებს, რომ პროექტირება დასრულების სტადიაშია და მისი სავარაუდო დასრულების ვადაა მიმდინარე წლის ბოლო. ვინაიდან დაახლოებით ერთი თვე იყო საჭირო პროექტის სრული ექსპერტიზისთვის, შემსრულებელმა მოითხოვა ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2021 წლის 15 თებერვლამდე გაგრძელება. 2020 წლის 30 დეკემბრის №1 შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2021 წლის 14 თებერვლის ჩათვლით. ამავე შეთანხმებაში მითითებულია, რომ პროექტისა და მუშა პროექტის მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო ვადა იყო 2021 წლის 14 იანვარი.

8. შპს „თ.ს.კ–იის“ 2021 წლის 5 თებერვლის №01/328 წერილით დგინდება, რომ შპს „ვ..“-მა 2020 წლის 17 ივლისს გაფორმებული

9. №0300/30/134 ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, 2021 წლის 28 იანვრის №28/01-1 წერილით წარადგინა მეტროსადგურ „ა–ის“ არქიტექტურული და ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინპროექტი და ითხოვა მისი ჩაბარება.

10. შპს „თ.ს.კ–იის“ შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობდა წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და კომპანიის სპეციალისტებს ჰქონდათ შენიშვნები, რომელთა გათვალისწინების მიზნით საჭირო იყო წარდგენილი დოკუმენტაციის კორექტირება. ვინაიდან 2021 წლის 2 თებერვლამდე ჯერ კიდევ არ იყო გაფორმებული პროექტთან დაკავშირებით საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და მიმდინარეობდა წარდგენილი დოკუმენტაციის საბოლოო შეთანხმება, 2021 წლის 12 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება №2, რომლითაც ცვლილება შევიდა 2020 წლის 17 ივლისის ხელშეკრულებაში და მისი მოქმედების ვადა გაგრძელდა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. აღნიშნულის შემდეგ კიდევ 5-ჯერ განხორციელდა ხელშეკრულებაში მოქმედების ვადასთან დაკავშირებული ცვლილებები და ხუთივე მათგანი განპირობებული იყო წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებით.

11. შპს „ვ..“-მა 2021 წლის 30 აგვისტოს №31/08-1 წერილით მიმართა შპს „თ.ს.კ–იას“ და წარუდგინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დასრულებული კორექტირებული ვერსია. ამასთან განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებას სჭირდებოდა გარკვეული დრო. ამიტომ ითხოვა ხელშეკრულების მოქმედების გონივრული ვადით გაგრძელება. 2021 წლის 31 აგვისტოს №7 შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.

12. 2021 წლის 9 სექტემბერს შპს „ვ..“-მა განცხადებით მიმართა შპს „თ. ს.კ–ას“ და აცნობა, რომ მათ 2020 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ესკიზური პროექტი შემსყიდველს წარუდგინეს 2020 წლის 7 აგვისტოს. ხელშეკრულების №2 დანართის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 44 444 ლარს, რაც შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურებულა. რაც შეეხება ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული მუშა პროექტის წარდგენას, აღნიშნულის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო შემსყიდველის მიერ არსებული მდგომარეობის კვლევების შედეგების, აზომვითი ნახაზების, მოცულობითი ციფრული მოდელის და პროექტის საინჟინრო ნაწილის მიწოდებიდან 80 დღის ვადაში. როგორც კი შემსყიდველი სრულად მიაწვდის მასალებს, იმ დღიდან 80 დღეში შესრულდება ნაკისრი ვალდებულება სრულად და ჯეროვნად. აღნიშნული საფუძვლით შპს „ვ..“-მა მოითხოვა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გონივრული ვადით გაგრძელება.

13. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

13.1. შპს „თ.ს.კ–იის“ მიერ 2020 წლის 17 ივლისის N0300/30/134 ხელშეკრულება ჩაითვალოს არამართლზომიერად შეწყვეტილად;

13.2. შპს „ვ..“ გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს სახით დარიცხული 71 199,78 ლარის გადახდისაგან.

13.3. 2020 წლის 17 ივლისს „თ.ს.კ–იასა“ და შპს „ვ“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0300/30/134 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მეტროსადგურ „ა–ის“ არქიტექტურული და ინტერიერ- ექსტერიერის დიზაინპროექტის მომზადება, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა - 144 444 ლარი. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შედგებოდა ორი ეტაპისაგან. 1. ესკიზური პროექტის მიწოდება 20 დღის განმავლობაში; 2. მუშა პროექტის მიწოდება ესკიზური პროექტის შეთანხმებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ არსებული მდგომარეობის (საინჟინრო გეოლოგია, სადგურის გამოკვლევა) კვლევის შედეგების, აზომვითი ნახაზების, მოცულობითი ციფრული მოდელის, პროექტის საინჟინრო ნაწილის მოწოდებიდან 80 დღის განმავლობაში.

13.4. ვალდებულებების პირველი ეტაპი - ესკიზური პროექტის მიწოდება 20 დღის განმავლობაში (ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით 44 444 ლარი) შპს „ვ..“-მა შეასრულა დროულად. აღნიშნულ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში ხელშეკრულება ითვალისწინებდა 44 444 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურებას, რაც დღემდე არ გადაუხდია შემსყიდველს.

13.5. რაც შეეხება ხელშეკრულების მეორე ეტაპის შესრულებას, ის პირდაპირ კავშირში იყო შემსყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, კერძოდ: არსებული მდგომარეობის (საინჟინრო გეოლოგია, სადგურის გამოკვლევა) კვლევის შედეგების, აზომვითი ნახაზების, მოცულობითი ციფრული მოდელის, პროექტის საინჟინრო ნაწილის შემსრულებლისათვის მიწოდებაზე. აღნიშნული ვალდებულება შემსყიდველმა შეასრულა ნაწილობრივ. კერძოდ, შემსყიდველმა მიმწოდებელს გადასცა აზომვითი ნახაზები და მოცულობითი ციფრული მოდელი, ასევე კვლევის შედეგების ნაწილი. რაც შეეხება პროექტის საინჟინრო ნაწილს, ასეთი არა თუ არ მიუწოდებია, არც კი იყო დასრულებული შემსყიდველის მიერ, რის გამოც მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მეორე ეტაპი.

13.6. შპს „ვ..“ იძულებული იყო რამდენჯერმე მოეთხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, რასაც მიმწოდებელი თანხმდებოდა.

13.7. შპს „თ.ს.კ–იის“ 2021 წლის 20 სექტემბრის №1507/07 წერილით შპს „ვ..“-ს დაეკისრა 70 199.78 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო, ესკიზური პროექტის 4 (06.08.2020-10.08.2020) დღით დაგვიანებით მიწოდებაზე 1 155.55 ლარი, ხოლო საბოლოო მუშა პროექტის მიუწოდებლობის გამო 239 (14.01.2021 - 10.09.2021) დღიანი

13.8. ვადაგადაცილებისათვის 69 044.23 ლარი. ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან არამართლზომიერად ეთქვა უარი შემსრულებელს ხელშეკრულების გაგრძელებაზე და ვადის გასვლის გამო შეწყდა ხელშეკრულების მოქმედება.

14. შეგებებული სარჩელი

14.1. შპს „ვ..“-ს შპს „თ.ს.კ–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2020 წლის 17 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 70 199,78 ლარის გადახდა;

14.2. 2020 წლის 17 ივლისს შპს „თ.ს.კ–იასა“ და შპს „ვ..“-ს შორის გაფორმდა №0300/30/134 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მეტროსადგურ „ა–ის“ არქიტექტურული და ინტერიერ- ექსტერიერის დიზაინპროექტის სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 144 444 ლარი.

14.3. ხელშეკრულების 4.1. პუნქტით განისაზღვრა მომსახურების გაწევის ვადა. კერძოდ, ესკიზური პროექტი მიმწოდებელს უნდა წარმოედგინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, რომელიც სრულდებოდა 2020 წლის 06 აგვისტოს; ამავე პუნქტის თანახმად, პროექტისა და მუშა პროექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ესკიზური პროექტის შეთანხმებისა და საინჟინრო გეოლოგიური კვლევების, აზომვითი ნახაზებისა და მოცულობითი ციფრული მოდელის და პროექტის მიწოდებიდან 80 კალენდარული დღის ვადაში.

14.4. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასთან, სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო-ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება და სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზის ჩატარების ვადა შედიოდა პროექტისა და მუშა პროექტის წარმოდგენისთვის განსაზღვრულ 80 დღიან ვადაში.

14.5. ხელშეკრულების მე-16 პუნქტით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 31 დეკემბერი.

14.6. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, დიზაინპროექტის მიწოდების ადგილი იყო ქ. თბილისი, ....... მოპასუხემ ესკიზური პროექტი წარადგინა 2020 წლის №07/08-1 წერილით, რომელიც მოსარჩელეს ჩაბარდა 2020 წლის 10 აგვისტოს.

14.7. 2020 წლის 26 ოქტომბრის №01/5089 წერილით, მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შემსყიდველი თანახმაა წარმოდგენილი ესკიზური პროექტის შესაბამისად მიმწოდებელს გაეგრძელებინა მეტროსადგურ „ა–ის“ არქიტექტურული და ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინპროექტის დამუშავება. აღნიშნული წერილით, მიმწოდებელს აგრეთვე ეცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 80 დღიანი ვადა აითვლებოდა 2020 წლის 26 ოქტომბრიდან, რომელიც იწურებოდა 2021 წლის 14 იანვარს.

14.8. 2020 წლის 23 დეკემბრის №23/12-3 წერილით, მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ პროექტისა და მუშა პროექტის წარმოდგენის 80 დღიანი ვადა უნდა ათვლილიყო 2020 წლის 26 ოქტომბრიდან. მოპასუხის თქმით, პროექტირება იყო დასრულების სტადიაში, სავარაუდო დასრულების თარიღს წარმოადგენდა 2020 წლის ბოლო. რადგანაც პროექტის ექსპერტიზას დასჭირდებოდა დაახლოებით ერთი თვე, მოპასუხემ ითხოვა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება. ამდენად, აღნიშნული წერილით დასტურდება, რომ შპს „ვ..“ ასრულებდა საპროექტო სამუშაოებს, რომელსაც ვერ განახორციელებდა, თუ მოსარჩელე არ მიაწვდიდა შესაბამისს დოკუმენტაციას. მოპასუხე, თვითონვე უთითებს, რომ 80 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2020 წლის 26 ოქტომბრიდან, იმ თარიღიდან, როდესაც მოსარჩელემ შეითანხმა წარმოდგენილი ესკიზური პროექტი. ამდენად ესკიზური პროექტის შეთანხმების მომენტისთვის (26.10.2020), მოსარჩელეს მოპასუხისთვის მიწოდებული ჰქონდა ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და შესაბამისად ხელშეკრულებით - გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა არ მომხდარა მოსარჩელეს ბრალით.

14.9. მოპასუხის 2020 წლის 23 დეკემბრის №23/12-3 წერილის საფუძველზე, 2020 წლის 30 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება №1, 2020 წლის 17 ივლისს გაფორმებულ №300/30/134 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით, ცვლილება შევიდა ხელშეკრულების მე-16 პუნქტში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 14 თებერვლის ჩათვლით. აღნიშნული შეთანხმების შემდეგ, მხარეთა შორის შეთანხმება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ განხორციელდა ექვს შემთხვევაში. კერძოდ, 2021 წლის 12 თებერვალს, 2021 წლის 31 მარტს, 2021 წლის 28 აპრილს, 2021 წლის 31 მაისს, 2021 წლის 30 ივნისს, 2021 წლის 31 აგვისტოს.

14.10. 2021 წლის 31 აგვისტოს №7 შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 10 სექტემბერი. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებულ უკანასკნელ შეთანხმებას. შესაბამისად ხელშეკრულება შეწყდა 2021 წლის 11 სექტემბერს, ვადის გასვლის შედეგად. ყოველი შეთანხმება ეხებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ცვლილებას და არა ვალდებულების შესრულების ვადას. შესაბამისად მოპასუხისთვის შესრულების ბოლო დღედ რჩებოდა 2021 წლის 14 იანვარი.

14.11. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებდა ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იყო შემსყიდველის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებით. ინსპექტირების შედეგად, წარმოდგენილ პროექტში გამოვლინდა უამრავი ხარვეზი, რომლის შესახებაც წერილობითი ფორმით ეცნობა მოპასუხეს (წერილები №01/328 – 05/02/2020წ, №01/1454 – 29/03/2021წ, №01/1933 – 14/04/2021წ, №01/2874 – 01/06/2021წ, №01/4962 – 09/09/2021წ.). წერილების სიხშირე მიუთითებს იმაზე, რომ ყოველ ჯერზე წარმოდგენილი კორექტირებული პროექტი შეიცავდა, როგორც ერთი და იგივე, ასევე, ახალ ხარვეზებსაც. მოპასუხეს არცერთ შემთხვევაში არ დაუფიქსირებია პრეტენზია, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტი უხარვეზო იყო. ყველა ჯერზე ფაქტობრივად აღიარებდა პროექტის ნაკლს, ითხოვდა დამატებით ვადას და ცდილობდა ხარვეზების გამოსწორებას.

14.12. ხელშეკრულების 9.5.1 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ წარუდგენია ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობის თაობაზე. 2021 წლის 09 სექტემბრის №09/09-1 წერილით, მოპასუხემ მიმართა მოსარჩელეს და განაცხადა, რომ ვალდებულების შესრულება ვერ ხდებოდა მოსარჩელის მიზეზით, რადგან მან დროულად არ მიაწოდა ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. მოპასუხემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ვალდებულების შესრულების ვადა აეთვლებოდა დოკუმენტაციის მიწოდებიდან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ აღნიშნული შეტყობინება მიიღო ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე. მოპასუხეს ვალდებულება შესრულებულად მიაჩნდა, რადგან იგი მოსარჩელეს უგზავნიდა მათი აზრით პროექტის დასრულებულ ვერსიას. აგრეთვე, მოსარჩელისთვის გამოგზავნილ 2020 წლის 23 დეკემბრის №23/12-3 წერილით, მოპასუხე თავადვე ადასტურებს, რომ მას მიღებული ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია და აღნიშნავს, რომ 80 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2020 წლის 26 ოქტომბრიდან.

14.13. ხელშეკრულების 12.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი პასუხისმგებელია მომსახურების გაწევის ვადის დარღვევისთვის. ასეთი დარღვევის არსებობის შემთხვევაში იგი ვალდებულია პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველს გადაუხადოს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ამავე ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს წუნდებული მომსახურების გამოსწორება, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე. 12.4 პუნქტის თანახმად, „თუ მომწოდებელი 6.2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ განახორციელებს წუნდებული მომსახურების გამოსწორებას, ხელშეკრულების 6.3 პუნქტის შესაბამისად დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

14.14. მოპასუხეს ესკიზური პროექტი უნდა წარედგინა 2020 წლის 6 აგვისტოს, თუმცა მხარემ პროექტი წარადგინა 10 აგვისტოს, 4 დღის ვადაგადაცილებით. შესაბამისად აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო მხარეს პირგასამტეხლო დაეკისრა 1 155.55 ლარის ოდენობით.

14.15. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, პროექტისა და მუშა პროექტის მოწოდება შპს „ვ..“-ს უნდა განეხორციელებინა ესკიზური პროექტის შეთანხმებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ არსებული მდგომარეობის კვლევების შედგენის, აზომვითი ნახაზების, მოცულობითი ციფრული მოდელის და პროექტის საინჟინრო ნაწილის მიწოდებიდან 80 დღეში. აღნიშნული ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 26 ოქტომბერს და დასრულდა 2021 წლის 14 იანვარს. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, 2021 წლის 10 სექტემბრის (ხელშეკრულების ვადის გასვლის თარიღი) მდგომარეობით, მომწოდებელმა ვერ უზრუნველყო სრულყოფილი პროექტის წარდგენა. მოპასუხისთვის განსაზღვრული 80 დღიანი ვადა ამოიწურა 2021 წლის 14 იანვარს. აღნიშნული თარიღის შემდეგ მიმწოდებლის მიმართ ამოქმედდა ხელშეკრულების 12.2-12.3 პუნქტები, რომლის საფუძველზეც მხარეს პირგასამტეხლო ერიცხებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე (239 დღე). შესაბამისად დარიცხულმა პირგასამტეხლომ აღნიშნულ დარღვევაზე შეადგინა 69 044.23 ლარი. ჯამში დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 70 199.78 ლარს.

15. თავდაპირველ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი

15.1. მხარის მითითებით ესკიზური პროექტის ჩაბარების ვადა იყო 2020 წლის 06 აგვისტო, ხოლო მისი კომპანიაში ჩაბარება მოხდა შპს „ვ..“-ის 2020 წლის 07 აგვისტოს N°07/08-1 წერილით, რომელიც შპს „თ.ს.კ–ია“-ში რეგისტრირებულია 2020 წლის 10 აგვისტოს. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი ესკიზური პროექტი არ იყო ჯეროვნად შესრულებული, არ ითვალისწინებდა მეტროპოლიტენში მოქმედ ნორმებსა და წესებს, რის გამოც რამდენჯერმე საჭირო გახდა პროექტის კორექტირება და საბოლოოდ მისი შეთანხმება მოხდა 2020 წლის 26 ოქტომბერს. მიმწოდებელი თვითონვე ადასტურებს, რომ მეორე ეტაპი ვერ შეასრულა.

15.2. შპს „თ.ს.კ–ია“-ს და შპს „ვ..“-ს შორის 2020 წლის 17 ივლისს გაფორმებული №0300/30//134 ხელშეკრულების მოქმედების ვადა შპს „ვ..“-ის თხოვნით გაგრძელდა შვიდჯერ, მაგრამ მიუხედავად ამისა, შპს „ვ..“-მა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში ჯეროვნად შესრულება, ამიტომ შპს „თ.ს.კ–იამ“ მიზანშეწონილად არ მიიჩნია №0300/30//134 ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის დასამუშავებლად აუცილებელი დოკუმენტაციის შპს „ვ..“-სათვის გადაცემა მათივე თხოვნით (იმ მოტივით, რომ დაჩქარებულიყო სამუშაოს შესრულება) მოხდა ჯერ კიდევ ესკიზური პროექტის წარმოდგენამდე, კერძოდ, 2020 წლის 23 ივლისს შპს „თ.ს.კ–იის“ სამშენებლო სამსახურის უფროსის მ.ტ–ის ელექტრონული ფოსტიდან, ელექტრონულ ფოსტაზე l.i.......@mail.ru. გადაიგზავნა აზომვითი ნახაზები, ხოლო 2020 წლის 5 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული დოკუმენტაცია ინფორმაციის დიდი მოცულობის გამო მიეწოდა იმავე ელექტრონულ ფოსტაზე ბმულით https:// drive.google. com/file/d/ 1oHQZ1T0uE0vIbJCBdjY1P4RHa22Bx0W2/ view?usp=sharing, რომლითაც "Google Drive“-დან უნდა ჩამოეტვირთათ ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ფოსტის მიღება დადასტურდა სატელეფონო საუბრის დროს და ასევე, მიმწოდებელი თავადაც ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამასთან, ხელშეკრულების დადებიდან 2021 წლის 09 სექტემბრის №09/09-1 წერილის მოწერამდე, კომპანიაში შპს „ვ..“- ის მიერ გამოგზავნილ არცერთ წერილში არ არის დაფიქსირებული, რომ დოკუმენტაცია არ იყო სრულად მიწოდებული და არ მოუთხოვიათ დამატებით რაიმეს მიწოდება.

15.3. 2020 წლის 23 დეკემბრის №23/12-3 წერილით (კომპანიაში რეგისტრაციის №10669/01 23.12.20წ.) შპს „ვ..“ ითხოვს პროექტის მიწოდების 80 დღიანი ვადის ათვლა დაიწყოს 2020 წლის 26 ოქტომბრიდან. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნა შპს „ვ..“-ის მიერ განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ყოველ ჯერზე მისი მხრიდან წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია იყო არაჯეროვნად შესრულებული, არასრულყოფილი და შეიცავდა უამრავ ხარვეზს, რის შესახებაც არაერთხელ ეცნობა წერილობით. შპს „თ.ს.კ–იას“ და შპს „ვ..“-ს შორის 2020 წლის 17 ივლისს გაფორმებული №0300/30//134 ხელშეკრულების მოქმედების ვადა შპს „ვ..“-ის თხოვნით გაგრძელდა შვიდჯერ, მაგრამ მიუხედავად ამისა, შპს „ვ..“-მა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში ჯეროვნად შესრულება, ამიტომ შპს „თ.ს.კ–იამ“ მიზანშეწონილად არ მიიჩნია №0300/30//134 ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება.

15.4. შპს „ვ..“-მა დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადები, რაც საფუძველია პირგასამტეხლოს დაკისრების. კომპანიის მიერ დამატებით ვადის განსაზღვრა ბუნებრივია არ გულისხმობს, რომ თავდაპირველი ვადა, რომლის დარღვევის გამოც ეკისრება პირგასამტეხლო მოსარჩელეს, უნდა გაუქმდეს.

16. შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი

16.1. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ესკიზური პროექტის მიწოდება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვალდებულება მენარდემ შეასრულა ვადაში. ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის 17 ივლისს, 18-19 ივლისი იყო შაბათ-კვირა, შესაბამისად, ორშაბათიდან დაიწყო 20 დღიანი ვადის ათვლა. შპს „ვ..“-ის მიერ პროექტი გაიგზავნა 2020 წლის 7 აგვისტოს და რადგანაც მე-20 დღე უწევდა არასამუშაო დღეს, ჩაბარდა შემსყიდველს 2020 წლის 10 აგვისტოს.

16.2. რაც შეეხება მუშაო პროექტს, შემსყიდველს თავად უნდა მიეწოდებინა კვლევის (საინჟინრო გეოლოგია, სადგურის გამოკვლევა) შედეგები, აზომვითი ნახაზები, მოცულობით ციფრული მოდელი, პროექტის საინჟინრო ნაწილი სრულად და ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო 80 დღიანი ვადის ათვლა. თუმცა შემსყიდველმა აღნიშნული ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ, რის გამოც შემსყიდველმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას, შეგებებული სარჩელის მოპასუხე მიუთითებს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. მოსარჩელეს არ დაურღვევია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადა, ვინაიდან ის მხარეთა შეთანხმებით იყო გაგრძელებული, ხოლო თუ სასამართლო მაინც საფუძვლიანად მიიჩნევს პირგასამტეხლოს ოდენობას, იგი უნდა შემცირდეს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი.

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ვ..“-ს სარჩელი მოპასუხე შპს „თ.ს.კ–იის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის - შპს „თ.ს.კ–იის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შპს „ვ..“-ს შპს „თ.ს.კ–იის“ სასარგებლოდ დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლოს - 7 020 ლარის გადახდა. შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს „ვ..“-ს შპს „თ.ს.კ–იის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 210.6 ლარის გადახდა.

18. პირველი სააპელაციო საჩივარი

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

19. მეორე სააპელაციო საჩივარი

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემაც, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება

21. პირველი (თავდაპირველი სარჩელით მოპასუხის, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) საკასაციო საჩივარი

21.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

21.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ დავა განიხილა ფაქტობრივი გარემოებების კანონთან შედარების გარეშე. მართალია, სსკ სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა შემცირება დამოკიდებულია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ვალდებულების დარღვევის ხასიათსა და ხანგრძლივობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო შესყიდვებს.

21.3. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს შემცირება მოხდა დაუსაბუთებლად, „მინიმალური ზიანის პრევენციის“ ფუნქციის დაკარგვით. შესაბამისად, ფაქტობრივად, მოპასუხეს არავითარი სანქცია დაეკისრა, რითაც ვერ იქნა კომპენსირებული მის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორისთვის გამოწვეული ზიანი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახეზეა ვალდებულების შესრულების დაგვიანებითა და დაბალი ტემპით დაწყება, რაც მოპასუხის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს. აღნიშნული დარღვევების მიუხედავად, კრედიტორმა რამდენჯერმე გაზარდა ვალდებულების შესრულების დრო, თუმცა მოვალემ ვალდებულება მაინც არ შეასრულა.

21.4. რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირების სტანდარტს, ამ მიმართულებით სასამართლოს პრაქტიკა არაერთგვაროვანია და მაგალითად, სასამართლოს შეიძლება ის შეამციროს 0.05%-დე ან სხვა დავაში - 0.1% მდე. აღნიშნული შემცირების ერთ-ერთი მთავარი გარემოებაა სახელშეკრულებო და ვალდებულების რეალური შესრულების ვადების შედარება, რის საფუძველზეც, მოცემულ შემთხვევაში, არაგონივრულადაა ის შემცირებული 10-ჯერ, რაც საერთოდ კარგავს პირგასამტეხლოს, როგორც ინსტიტუტის არსებობის საფუძველს.

21.5. სააპელაციო პალატის მიერ ასევე არასწორადაა დადგენილი შეუსრულებელი ვალდებულება, როგორც ჯეროვანი შესრულება. მისი მითითება დაუსაბუთებელია, როდესაც ასკვნის, რომ მენარდის მიერ ვალდებულება 14 დღიანი ვადაგადაცილებით შესრულდა, იმ დროს, როდესაც სახელშეკრულებო ვალდებულება მისი მოქმედების პერიოდში ვერ შესრულდა. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ვადაგადაცილების დღიური ოდენობა უნდა გამოითვალოს ხელშეკრულების შესრულების თარიღიდან მისი მოქმედების თარიღამდე, რაც შეადგენს 239 დღეს. ვალდებულების ვადა კი შეწყდა არა მისი შესრულების, არამედ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

21.6. სასამართლოს მიერ არასწორად დადგინდა, რომ თითქოს მენარდემ ხელშეკრულების შესაბამისი შესრულება განახორციელა 2012 წლის 28 იანვარს. ასეთი გარემოება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ სწორედ მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, დამკვეთმა ხელშეკრულების მოქმედების ვადა გააგრძელა შვიდჯერ, რის შემდგომაც მენარდემ მაინც ვერ შეძლო ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა მოპასუხესთვის ლოგიკურია.

22. მეორე (თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის, შეგებებული სარჩელით მოპასუხის) საკასაციო საჩივარი

22.1. ზემოაღნიშნული განჩინება ასევე საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო ძირითადი სარჩელის დაკმყოფილება.

22.2. კასატორის მითითებით, მხარეებს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველი შეეხებოდა ესკიზური პროექტის 20 დღის ვადაში მიწოდებას, ხოლო მეორე - მუშა პროექტის 80 დღეში მიწოდებას. პირველი ვალდებულება მოპასუხემ ჯეროვნად შეასრულა, თუმცა არ მიუღია საპასუხო შესრულება - 44 444 ლარი მოწინააღმდეგე მხარისგან.

22.3. ვალდებულების მეორე ეტაპის შესრულება დამოკიდებული იყო შემკვეთისგან შესაბამისი სახის ინფომაციის (საინჟინრო კვლევა, აზომვითი ნახაზი, მოცულობითი ციფრული მოდელი) მოწოდებაზე. დამკვეთმა მოსარჩელეს მიაწოდა კვლევის შედეგების მხოლოდ ნაწილი, შესაბამისად, მენარდისთვის შეუძლებელი იყო აღნიშნული ვალდებულების შესრულება. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე იძულებული იყო ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ მიემართა მოპასუხესთვის, ამასთან, შეთანხმების თანახმად, ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყებოდა დამკვეთის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მომენტიდან. აქედან გამომდინარე, მენარდეს არ დაურღვევია ვადები, რადგან ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მხარეთა შეთანხმებით სახელშეკრულებო ვადა გახანგრძლივდა.

22.4. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დათვლის საკითხს, სასამართლომ დაადგინა, რომ ვადაგადაცილება შეადგენდა 18 დღეს, ამ პერიოდზე, პირგასამტეხლო უნდა გამოთვლილიყო შემდეგი სახით: 100X0.02=20 ლარი დღიურად, ხოლო ვადაგადაცილების შემთხვევაში გამოდის 360 ლარი. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია 7020 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.

23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აგვისტოს განჩინებით,შპს „თ.ს.კ–იის“, ხოლო 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით შპს „ვ..“-ის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

24. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

27. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

28. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

29. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

30. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

31. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

32. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

33. განსახილველ შემთხვევაში, თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის (მენარდის) საკასაციო პრეტენზია მიმართულია როგორც ვალდებულების დარღვევის არარსებობისკენ, ასევე თუნდაც მისი არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს არაგონივრული ოდენობის გაუქმებისკენ. ის სადავოდ ხდის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, კერძოდ, მან ვადაში შეძლო მისი შესრულება, ხოლო რაც ვერ მოესწრო, მხარეთა შეთანხმებით გახანგრძლივდა, რაც ვერ ჩაითვლება ვადის დარღვევად.

34. ამავდროულად, მოპასუხის (დამკვეთის) საკასაციო შედავება მიმართულია მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, რომლის თანახმად, ქვედა ინსტანციის სასამართლომ ვერ შეძლო პირგასამტეხლოს შემცირების გონივრულობის დასაბუთება.

35. ზემოაღნიშნული პრეტენზიის განხილვა სასამართლოს შეფასებით უნდა მოხდეს კუმულაციურად, რადგან მოსარჩელის მეორე შედავება ემთხვევა მოპასუხის მიერ წარდგენილ შედავებას და ამ საკითხის განხილვა ავტომატურად, კორელაციურად მოქმედებს ორივე მხარეზე.

36. რაც შეეხება ვალდებულების ჯეროვნად შესრულების საკითხს, პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის სწორედ ეს შედავება უნდა იქნეს უპირველესად განხილული, რადგან დაკმაყოფილება პირგასამტეხლოს გონივრულ შემცირებაზე მსჯელობის წინაპირობაა.

37. უდავოდ დადასტურებულია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. კერძოდ, დადგენილია, რომ 2020 წლის 17 ივლისს შპს „თ.ს.კ–იასა“ და შპს „ვ..“-ს შორის გაფორმდა №0300/30/134 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს“თ.ს.კ–იის“ მეტროსადგურ „ა–ის“ არქიტექტურული და ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინპროექტის სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 144 444 ლარით, ყველა ხარჯისა და გადასახადის ჩათვლით; ხელშეკრულების 4.1. პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების გაწევის ვადასა და პირობებზე - ესკიზური პროექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში; პროექტისა და მუშა პროექტის მიწოდება - ესკიზური პროექტის შეთანხმებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ არსებული მდგომარეობის (საინჟინრო გეოლოგია, სადგურის გამოკვლევა) კვლევების შედეგების, აზომვითი ნახაზების, მოცულობითი ციფრული მოდელის და პროექტის საინჟინრო ნაწილის მიწოდებიდან 80 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების 16.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

38. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულ იქნა: ანგარიშსწორების პირობები და ვადები, მხარეთა კონკრეტული უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მექანიზმი, დავის გადაწყვეტის წესი და სხვა; გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო გარემოება იმის თაობაზე რომ შპს „ვ..“-ის მიერ დარღვეულ იქნა 2020 წლის 17 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობები. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა რომ შემსრულებლის მიერ ესკიზური პროექტი შემკვეთს წარედგინა 2020 წლის 10 აგვისტოს, ნაცვლად 2020 წლის 6 აგვისტოსი (4 დღიანი ვადაგადაცილებით); ხოლო რაც შეეხება მუშა პროექტის წარდგენის საკითხს, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორე ეტაპის შესრულების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2020 წლის 26 ოქტომბრიდან და მისი წარდგენის ბოლო ვადა იყო 2021 წლის 14 იანვარი; შპს „ვ..“-მა კი 2020 წლის 17 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო პროექტი 2021 წლის 14 იანვრის ნაცვლად წარადგინა 2021 წლის 28 იანვარს (14 დღიანი ვადაგადაცილებით), თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით რომ პროექტი იყო ხარვეზიანი, შენიშვნების გასათვალისწინებლად შემკვეთმა ხელშეკრულების მოქმედების ვადა გააგრძელა 7-ჯერ და საბოლოოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 10 სექტემბერი; მას შემდეგ რაც შპს“ვ..“-მა 2021 წლის 9 სექტემბერს კვლავ მიმართა წერილით შემსყიდველს ვადის გაგრძელების მოთხოვნით, შპს „თ.ს.კ–იამ“ უარი განაცხადა ვადის გაგრძელებაზე; შესაბამისად 2021 წლის 10 სექტემბერს ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა ვადის გასვლის გამო და შპს „თ.ს.კ–იის“ მხრიდან ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის ფაქტს, რაც გამორიცხავდა მიმწოდებლის განთავისუფლებას დარიცხული პირგასამტეხლოსაგან, ადგილი არ ქონია.

39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. ნარდობასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის შედგენა არ ანაზღაურდება, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

40. სამოქალაქო კოდექსის მე-400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად: ვადის გადაცილებად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

41. რადგან მხარეთა შორის ვალდებულების დროულად შესრულების საკითხია დავის საგანი, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო. მომდევნო, 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.

42. დადგენილია, რომ 2020 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მხარეებმა ვალდებულების პირველი ნაწილის (ესკიზური პროექტი) შესრულების ვადად განსაზღვრეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 20 კალენდარული დღე, შესაბამისად, ამ ვალდებულების შესრულების ვადის დასრულების თარიღი იყო 2020 წლის 6 აგვისტო. მიუხედავად ამისა, მოპასუხის მიერ წარდგენილი პროექტის შედგენის ვადად მითითებულია 2020 წლის 7 სექტემბერი, თუმცა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ აღნიშნული პროექტი მოსარჩელეს მიეწოდა 4 დღის დაგვიანებით იმავე წლის 10 სექტემბერს, შესაბამისად, ხელშეკრულებაში მითითებული ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა და კალენდარულად გაწერილი დღეები ზუსტად განსაზღვრავს თუ როდისთვის უნდა დასრულებულიყო მენარდის მიერ ხელშეკრულების პირველი ფაზის შესრულების დრო.

43. რაც შეეხება მეორე ფაზის შესრულებას, მოწინააღმდეგე მხარე შესაგებელს აფუძნებს თავად მოსარჩელის ბრალეულობაზე უთითებს რა, რომ მოსარჩელემ არ მიაწოდა შესაბამისი სახის დასკვნები, რომლებიც პროექტის შესრულებისთვის აუცილებელი იყო. რადგან ბრალეულობის ნაწილში ასეთი სახის შედავება თავად მოპასუხემ წარადგინა, მტკიცების ტვირთიც სწორედ მას ავალდებულებს დაასაბუთოს მოსარჩელის ბრალეულობა საკუთარი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის კონტექსტში. განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „თ.ს.კ–იის“ 2020 წლის 26 ოქტომბრის წერილით დასტურდება, შპს „ვ..“-ს ეცნობა, რომ შემკვეთი თანახმა იყო წარმოდგენილი ესკიზური პროექტის შესაბამისად გაგრძელებულიყო მეტროსადგურ „ა–ის“ არქიტექტურული და ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინპროექტის დამუშავება. აღნიშნული წერილის შინაარსი ასევე ცხადყოფს, რომ ხელშეკრულების მეორე ნაწილის (დეტალური პროექტის) მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 80 დღიან ვადაში, რომლის ათვლა დაიწყებოდა 2020 წლის 26 ოქტომბრიდან და მისი წარდგენის საბოლოო ვადა იყო 2021 წლის 14 იანვარი. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, ის ფაქტი რომ შემსრულებელმა პირველი ვარიანტი აღნიშნული მუშა პროექტისა შემსყიდველს ნაცვლად 14 იანვრისა წარუდგინა 2021 წლის 28 იანვარს, თუმცა პროექტისა და საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარვეზულობის გამო, ფაქტობრივად 7-ჯერ მოხდა მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადის გადაწევა და საბოლოოდ იგი განისაზღვრა 2021 წლის 10 სექტემბერით; ვინაიდან, ამ ვადის შემდგომ გაგრძელებაზე შემსყიდველი აღარ დაეთანხმა მიმწოდებელ მხარეს, შესაბამისად, 2021 წლის 10 სექტემბერს ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა ვადის გასვლის გამო. ამასთან, 2020 წლის 17 ივლისის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა გულისხმობდა არა 4.1 პუნქტში, არამედ ხელშეკრულების ვადის განმსაზღვრელ პუნქტში - 16.1, რაც ადასტურებს, რომ მხარეებმა გაახანგრძლივეს არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების, არამედ ხელშეკრულების მოქმედების ვადებს. ამასთან, დადგენილია, რომ 2021 წლის 9 სექტემბრამდე მენარდეს არ მიუმართავს დამკვეთისთვის შესაბამისი სახის სრული დოკუმენტაციის გამოთხოვისთვის, რაც, ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, დამატებით კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს თავად მენარდის კეთილსინდისიერებას.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში შესაბამისად დადგინდა, რომ მენარდემ ვერ შეძლო ვალდებულების ჯეროვანი და დროული შესრულება, რამაც თავისთავად წარმოშვა პირგასამტეხლოს დაკისრების სახელშეკრულებო საფუძველი.

45. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, დაკისრებული პირგასამტეხლოს არაგონივრულობის შესახებ, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. იხ. სუსგ საქმე № ას 848-814-2016, 28.12.2016; საქმე №ას-816-767-2015, 19.11.2015; საქმე №ას-953-918-2016, 22.11.2016).

46. ამასთან, სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (იხ. სუსგ. №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი; №ას-535-2021, 29 ოქტომბერი, 2021წელი). ამასთან, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობების განსაზღვრისას თანაბრად უნდა იქნეს დაცული როგორც კრედიტორის, ისე მოვალის უფლებები. არ შეიძლება კრედიტორის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის ხარჯზე, მოვალის უფლებებისა და ინტერესების გადაჭარბებული დაცვა.

48. „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27.01.2017; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016; №ას-222-209-2015, 6.05.2015).

49. ამრიგად, კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის სათანადო კვალიფიკაციის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად უნდა გადაწყდეს.

50. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 2020 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების 6.2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს წუნდებული მომსახურების გამოსწორება, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე; ხოლო 6.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ 6.2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება ან გამოქვითოს ეს თანხა ხელშეკრულების მიხედვით ასანაზღაურებელი თანხიდან.

51. ამავე ხელშეკრულების 12.2. პუნქტი განსაზღვრავს შემსყიდველი მხარის პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევისათვის; ასეთი დარღვევის არსებობის შემთხვევაში იგი ვალდებულია პირგასამტეხლოს სახით მიმწოდებელს გადაუხადოს გადასახდელი თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ხელშეკრულების 12.3. პუნქტი განსაზღვრავს მიმწოდებლის პასუხისმგებლობას მომსახურების გაწევის ვადის დარღვევისათვის - ასეთი დარღვევის არსებობის შემთხვევაში იგი ვალდებულია პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველს გადაუხადოს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ხელშეკრულების 12.4 პუნქტით კი, თუ მიმწოდებელი 6.2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ განახორციელებს წუნდებული მომსახურების გამოსწორებას, ხელშეკრულების 6.3 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრება პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

52. პირგასამტეხლოს ოდენობის დათვლის შესახებ შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ რადგან ხელშეკრულების პირველი ფაზა, ესკიზური პროექტის წარდგენა დაგვიანდა 4 დღით, მოპასუხეს ამისთვის უნდა დაეკისროს 1 155.55 ლარის პირგასამტეხლო. რაც შეეხება მეორე ფაზას, რომელიც შეგებებული სარჩელით მოპასუხეს უნდა დაესრულებინა 80 დღეში- 2021 წლის 14 იანვარს, თუმცა ის დასრულდა 2021 წლის 10 სექტემბერს, შესაბამისად, ცალსახაა მეორე ფაზის დაგვიანების ფაქტიც. აქედან გამომდინარე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე პირგასამტეხლოს ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 70 199.78 ლარი.

53. საკასაციო პალატა აღნიშნულ დასაბუთებას ვერ გაიზიარებს, რადგან სახელშეკრულებო ვალდებულების პირველი ფაზის შესრულებისთვის გათვალისწინებული ვადის 4 დღით დაგვიანებისთვის 1155,55 ლარს, ხოლო მეორე ფაზის ვადის 14 დღით დაგვიანებით შესრულებისთვის 69 044,23 ლარის დაკისრება თავად ხელშეკრულების შინაარსის, ზიანისა და მხარეთა პასუხისმგებლობის, ბრალის გათვალისწინებით შეუსაბამო და არაპროპორციულია, რაც ქმნის შეგებებული სარჩელით მოსარჩელი უსაფუძვლოდ გამდიდრების საფრთხეს, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული თანხა 7020 ლარის ოდენობით არის ის თანაზომიერი თანხის ოდენობა, რაც პირგასამტეხლოს ანაზღაურებისთვის არის შესაბამისი ოდენობა.

54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

55. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის დამატებითი გადაწყვეტილების შესახებ და განსაზღვრავს, რომ სსსკ-ის 53-54-ე მუხლები განსაზღვრავს იმ ხარჯების მხარეზე გადანაწილების წესებს, რომელმაც წააგო დავა, კერძოდ, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და სსსკ-ის 245-ე მულის მე-5 ნაწილის, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მიიჩნევს, რომ არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

56. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 200 ლარის 70% - 140 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. როგორც შპს „თ.ს.კ–იის“, ისე შპს „ვ..“-ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „თ.ს.კ–იას“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1723798993, გადახდის თარიღი 16.08.2024) 3158.9 ლარის 70% - 2211.2 ლარი;

3. შპს „ვ..“-ს (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №23794336819, გადახდის თარიღი 18.08.2024) 351 ლარის 70% - 245.7 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ე. გასიტაშვილი