Facebook Twitter

საქმე № ას-44-2024 5 თებერვალი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა.ლ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2019 წლის 5 დეკემბერს ლ.კ–ს (შემდგომში მყიდველი) და შპს „ა.ლ–ს“ (შემდგომში გამყიდველი, მოპასუხე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) შორის გაფორმდა უძრავი ნივთების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და მხარეთა შორის შეთანხმდა პირობები, რომელთა მიხედვით, მყიდველი ქ. თბილისში, ......., 5 215 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დასრულების (არაუგვიანეს 2021 წლის 31 ოქტომბერი) შემდეგ, ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში შეიძენდა უძრავ ქონებას;

2. ნასყიდობის საგნად განისაზღვრა 7 ბინა და ამდენივე ავტოსადგომი:

- ბინა N150, 50.5 კვ.მ, ნასყიდობის ფასი – 36 259 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

- ბინა N91, 53.6 კვ.მ, ნასყიდობის ფასი – 36 876 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

- ბინა N74, 65.4 კვ.მ, ნასყიდობის ფასი – 39 763 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში;

- ბინა N115, 65.4 კვ.მ, ნასყიდობის ფასი – 39 763 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

- ბინა N151, 325.5 კვ.მ, ნასყიდობის ფასი – 120 881 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

- ბინა N24, 62.7 კვ.მ, ნასყიდობის ფასი – 34 986 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

- ბინა N90, 62.7 კვ.მ, ნასყიდობის ფასი – 34 986 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

3. თითოეულ ხელშეკრულებასთან ერთად გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა-პატრონობისთვის, მომავალში საკუთრების უფლებით გადასაცემი ბინის თითოეულ კვ.მ-ზე ყოველთვიურად 50 თეთრის გადახდის შესახებ;

4. იმავე დღეს მხარეებს შორის გაფორმდა შენობის პირველ სართულზე განთავსებული 7 ავტოსადგომის გადაცემის სტანდარტული წინარე ხელშეკრულებები, თითოეულის ფასი განისაზღვრა 5 500 აშშ დოლარით;

5. თითოეული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ნასყიდობის ფასის გადახდას ნაწილ-ნაწილ, ხელშეკრულებებზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. გრაფიკების მიხედვით, ანგარიშსწორების შეთანხმებული დღე იყო ყოველი თვის 17 რიცხვი. ფასზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, ამ ხელშეკრულებებით მხარეები იღებდნენ ვალდებულებას, მხარეთა მიერ ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, დაედოთ უძრავ ნივთებზე ნასყიდობის ხელშეკრულებები;

6. თითოეულ ხელშეკრულებასთან ერთად მხარეთა შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა-პატრონობისთვის, მომავალში საკუთრების უფლებით გადასაცემ თითოეულ ავტოსადგომზე 4.50 ლარის გადახდის შესახებ;

7. უძრავი ნივთების ნასყიდობის საერთო ფასი განისაზღვრა 382 014 (343 514+38 500) შშ დოლარით.

8. მყიდველსა და ვ.მ–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობისა და ვალის გადაკისრების შესახებ, რომლითაც მოპასუხესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მყიდველი ჩაანაცვლა ვ.მ–მა (შემდგომში მოსარჩელე).

9. მოსარჩელეს მოპასუხისთვის გადახდილი აქვს უძრავი ქონების ღირებულების ნაწილი, ჯამურად 27 495.98 აშშ დოლარი, საიდანაც ნაწილი გადახდილია ხელშეკრულების გაფორმებამდე, 2019 წლის 30 ნოემბერსა და 5 დეკემბერს, ხოლო ნაწილი – გრაფიკით გათვალისწინებულ ვადამდე, 2020 წლის 8 იანვარს. მოპასუხის განმარტებით, გადახდილი თანხა დამრგვალდა 27 500 აშშ დოლარამდე;

10. 2020 წლის თებერვალ-მაისის პერიოდში მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობდა მიმოწერა

(ციფრული საკომუნიკაციო პროგრამა WhatsApp-ის მეშვეობით მხარეთა შორის გაიმართა შემდეგი შინაარსის მიმოწერა:

17 თებერვალი, 2020 წელი (მოსარჩელესა და კომპანიის წარმომადგენელს, ნანუკას შორის, ქართული და ინგლისური ასო-ნიშნებით,);

- გამარჯობა არქიდან გიკავშირდებით,

- გადმომცეს რომ კითხვები გაქვთ,

- დამიკავშირდით ამ ნომერზე.

13-14 აპრილი, 2020 წელი (მოსარჩელესა და კომპანიის წარმომადგენელს, გ–ს შორის, ქართული და ინგლისური ასო-ნიშნებით):

- მოგესალმებით ვ., თქვენ თუ გაქვთ მეილი შეგიძლიათ მომწეროთ? განახლებული გრაფიკები უნდა გადმოგიგზავნოთ.

- დილა მშვიდობის, გვანცა. ბოდიშს გიხდით რომ აღარ შეგეხმიანეთ. უბრალოდ ვერ ჩამოვყალიბდით ჯერ. ჩვენთან სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება ყოველ დღე და ამ იდიოტი მთავრობის ხელში მგონი ამოვიხოცებით ცოტა ხანში საბოლოოდ. რა თქმა უნდა მაქვს email V.M@gmail.com. ამაზე გამოუშვით, მადლობა. ...

- გამარჯობათ ვ., ჩვენთან სტაბილურადაა სიტუაცია მოგეხსენებათ საინფორმაციოებიდან. არქი კვლავინდებურად აგრძელებს მუშაობას. ბატონმა ზ–მ შეგიდგინათ განახლებული გრაფიკები და მას სურდა თქვენი იმელი.

23-28 აპრილი, 2020 წელი (ზ.ჯ–ძესა და მოსარჩელეს შორის, ქართული და ინგლისური ასო-ნიშნებით):

- ზ. გამარჯობა, გცალია?

- ვ. გამარჯობა, მობილური გადადებული მქონდა უქმე დღეებში და მოგვიანებით შევამოწმე მესიჯები.

- მეილზე გადმოგიგზავნეთ ტექსტი ვრცლად და ხომ არ გინახავთ?

- გამარჯობა ზ.. ეხლა წავიკითხე. დამირეკე როცა შეძლებ.

- ამასთან ერთად ჯერ მოხდა ვადაგადაცილების წარმოქმნა და ვირუსის პანდემიად გამოცხადება 1 თვის შემდეგ და ნამდვილად არ დავეთანხმები ამ ტყუილს. ვინ მოგაწოდათ ეგ ინფორმაცია?! წინასწარ ვთხოვე მენეჯერებს რომ შეგითანხმონ გადავადება? რომელ გადაცილებაზეა ლაპარაკი? ხელოვნურად შექმნილზე?

- არაფერი გადამიცილებია. პირიქით იქეთ შემაკავეს გადახდიდან თქვენ გადაწყვეტილებამდე...

- დამირეკე როცა შეძლებ.

- არ მესმის კომპანიას რა მიზანი აქვს ეხლა დამეხმაროს სრულად დავფარო დაგეგმილი შენაძენი თუ „ტალახში ჩაწიხლოს გაჭირვებული“ და მაგით რა მიიღოს ვერ ვხვდები...“

- გამარჯობა ვ., რაც პირველად ჩვენ ვისაუბრეთ, გადავეცი მენეჯმენტს, როგორც თავად გითხარი, ჩემთვის გასაგებია ეგ ლოგიკა. ჩემამდე როგორც მოვიდა ეს საქმე და რა კომუნიკაციით, ესეც ვისაუბრეთ. უბრალოდ მენეჯმენტთან აღარ დამიწყია იმის გამოკითხვა და გარკვევა, თუ რა კომუნიკაცია ჰქონდათ მაიკო და ნანუკასთან, ამაზე ჩაძიება არც მომსვლია თავიდანვე აზრად, რადგან მე პირდაპირ მენეჯმენტისაგან გავიგე ამ პრობლემის წარმოქმნის თაობაზე. მე კიდევ ვცდი ახლა უკვე იმ არგუმენტის გამოყენებას, რომ თებერვლის ვადაგადაცილება, როგორც მითხარი, ისევ მაიკოს და ნანუკას რჩევით იყო გამოწვეული და ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა და რომ გირჩიეს, ჯობდა დალოდებოდი და აღარ ჩაგერიცხა თებერვალში თანხა. ვცდი კიდევ ერთხელ და პასუხს შეგატყობინებ.

- დამაკავშირე ხელმძღვანელობასთან.

- დაგირეკავ 10-15 წუთში თუ გეცლება?“

- ვ. გამარჯობა, მივიწერე ხელახლა, მაგრამ უპროცენტოს თაობაზე კომპანიის პოზიცია ისევ უცვლელია. რას გადაწყვეტთ მომწერეთ ნებისმიერ დროს.

- ვ. გამარჯობა, მეილზე გიგზავნი გრაფიკებს, სადაც წინასაგან განსხვავებით ამ 4 თვის განმავლობაში პროცენტი (4 227 დოლარი) დარიცხული აღარაა, მაგრამ ახალი გრაფიკი არის ისევ 2-ეტაპიანი და პროცენტიანი. ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა როგორც დამიბარა, თუ ეს გრაფიკებიც მიუღებელია, მაშინ განვიხილოთ ხელშეკრულების გაუქმების ვარიანტიო.

11-20 მაისი, 2020 წელი (ირაკლი გელოვანი - მოსარჩელე)

„ - გამარჯობა ბატონო ვ., შემეხმიანეთ, როცა შეძლებთ - ირაკლი გელოვანი, არქი...

- ლ. რაღაც მინდა დავაზუსტო და დამირეკე როცა შეძლებ. - ok. 10 min დაგირეკავ თუ გეცლება

- ოკ

- ირაკლი, შეგიძლია ზუსტი თანხა მითხრა რამდენი მაქვს გადახდილი? თუ არ გაქვს ეხლა თან?

- ჯამში ბინებზე გადახდილია 24 807 დოლარი

- და ავტო სადგომებზე?

- 2693$

- ანუ ჯამში 27 500

- ასე გამოდის

- კარგი. ჩამოვყალიბდები და დილით დაგირეკავ

- 10-ზე დილით ხო?

- ოკ, შევთანხმდით

- [ხელის ჩამორთმევის „Emoji“]“

- „მოდი ნუ გავართულებთ. დაივიწყე ყველა ის მანიპულაცია რაც გელაპარაკე მანამდე. „გავიფორმებ გადმოვიფორმებ...“ და ასე შემდეგ... ივნისიდან ყოველთვიურად შემოვიტან 10 000 $ და მშენებლობის დასრულებისთანავე ანუ ბოლო თვეს გადავიხდი დარჩენილ სხვაობას. დანარჩენი კიდე რასაც ვიზამ „მე ვიცი“. ასე უფრო მარტივი იქნება ყველასთვის და იურიდიულადაც.

- ლ. გამარჯობა, დამირეკე როცა შეძლებ

- Ok. ერთ 30 წუთში

- ოკ

- [მოწონების და ხელის ჩამორთმევის „Emoji“]“

1 მაისი, 2020 (მოსარჩელე - შიო ხეცურიანი)

„ -აი გინდ მომკალი და ვერ ვხვდები ასე: «ვ. გამარჯობა, მეილზე გიგზავნი გრაფიკებს, სადაც წინასაგან განსხვავებით ამ 4 თვის განმავლობაში პროცენტი (4 227 დოლარი) დარიცხული აღარაა, მაგრამ ახალი გრაფიკი არის ისევ 2 ეტაპიანი და პროცენტიანი. ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა როგორც დამიბარა, თუ ეს გრაფიკებიც მიუღებელია, მაშინ განვიხილოთ ხელშეკრულების გაუქმების ვარიანტიო.» რატომ იქცევით? [სიცილის მრავალი „Emoji“] ფული არ გინდათ გამაგებინე? თუ რამე სხვა ინტერესი გაქვთ ამ ფართებზე? პირდაპირ მითხარი, გეხვეწები! მოვკვდი უკვე ინტერესით რა ხდება... [რამდენიმე, მათ შორის, სიცილის „Emoji“]. დავთმობ! არ არის პრობლემა [რამდენიმე „Emoji“] ოღონდ ნუღა მაწვალებთ. [„Emoji“].

- გამარჯობა შიო. [რამდენიმე „Emoji“] გთხოვ დამირეკე როცა მოგიხერხდება WhatsApp-ზე. პირდაპირ დავილაპარაკოთ, ამ „გაფუჭებული ტელეფონის“ გარეშე. ან მითხარი დრო და მე თვითონ დაგირეკავ. სამწუხაროა თბილისში რომ არ ვარ...“)

11. ამ მიმოწერისას მოსარჩელეს მოპასუხის ფინანსური დეპარტამენტის წარმომადგენლისგან ეცნობა, რომ სამთვიანი დავალიანების გამო, მის მიმართ გამოყენებული იყო ფინანსური სანქციები, უპროცენტო განვადება გარდაიქმნა პროცენტიან განვადებად და ამავდროულად მყიდველს დაეკისრა ჯარიმა;

12. მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისთვის შეთავაზებული ახალი პირობებით მთლიანი პროექტის (7 ბინისა და 7 ავტოსადგომის) თავდაპირველი ღირებულება, გრაფიკის მოდიფიცირების შემდეგ, განისაზღვრა 547 231.68 აშშ დოლარით, შესაბამისად, ნასყიდობის ფასი გაიზარდა 179 717.68 აშშ დოლარით, ანუ 47-48 %-ით;

13. მოსარჩელის განმარტებით, ამ პირობებით იგი ხელშეკრულებებს არ გააფორმებდა;

14. მოსარჩელემ სცადა მოლაპარაკება მოპასუხესთან, რასაც შედეგი არ მოჰყოლია, საბოლოოდ, მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები;

15. მას შემდეგ, რაც მოპასუხემ უარი თქვა ხელშეკრულებებზე, მოსარჩელემ მიმართა მას და მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება, რაზეც მოპასუხემ განუცხადა, რომ გადახდილი თანხა იქვითებოდა პირგასამტეხლოში;

16. 2020 წლის 25 მაისს მოსარჩელეს გაეგზავნა მოპასუხე კომპანიის დირექტორის წერილი, და ეცნობა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებული იყო გამყიდველისათვის გადაეხადა ნასყიდობის ფასი და მასზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით რიცხული სარგებელი ნაწილ-ნაწილ, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. მოსარჩელეს განემარტა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე უფლება ჰქონდათ ცალმხრივად უარი ეთქვათ ხელშეკრულებაზე, აღნიშნულის ნაცვლად, იჩენდნენ რა კეთილ ნებას, მოსარჩელეს სთავაზობდნენ შესაძლებლობას წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 14 დღისა, უზრუნველეყო გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის სრულად დაფარვა, ასევე, სრულად გადაეხადა ხელშეკრულების შესაბამისად დარიცხული სარგებელი, ჯარიმა და პირგასამტეხლო ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის დაფარვის დღისათვის არსებული ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ წერილის მიღებიდან 14 დღის ვადაში მოსარჩელე ვერ შეასრულებდა აღნიშნულ მოთხოვნას, ხელშეკრულება, მოპასუხის მხრიდან რაიმე დამატებითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე, ჩაითვლებოდა ცალმხრივად შეწყვეტილად, რა დროსაც გამყიდველი უფლებამოსილი იქნებოდა გამოეყენებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები. ამასთან, გადახდილი თანხა მოსარჩელეს უკან დაუბრუნდებოდა ნასყიდობის საგნის სხვა პირზე გაყიდვის შემდეგ, ამ უკანასკნელთან შეთანხმებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციების გამოკლებით.

17. მოსარჩელის მოთხოვნა

მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე კომპანიის მიმართ და მოითხოვა წინარე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გადახდილი თანხის, 27 500 აშშ დოლარის, ასევე მიუღებელი შემოსავლის, თვიურად 57.30 აშშ დოლარის, 2020 წლის 8 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხისთვის გადახდის დაკისრება.

18. მოპასუხის პოზიცია

სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

19. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის გათვალისწინებით. სარჩელი მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

20. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

20.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

20.2. კასატორის განცხადებით, სასამართლოებმა უსაფუძვლოდ დააკისრეს მას მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულება (ხელშეკრულებიდან გასვლის გამო), სინამდვილებში კი, აღნიშნული თანხა უნდა გამოქვითულიყო მოსარჩელის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხაში.

21. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

24. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

25.1. 2019 წლის 5 დეკემბერს მყიდველსა და გამყიდველს შორის გაფორმდა უძრავი ნივთების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და მხარეთა შორის შეთანხმდა პირობები, რომელთა მიხედვით, მყიდველი ქ. თბილისში, ........., 5 215 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დასრულების (არაუგვიანეს 2021 წლის 31 ოქტომბერი) შემდეგ, ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში შეიძენდა უძრავ ქონებას;

25.2. ნასყიდობის საგნად განისაზღვრა 7 ბინა და ამდენივე ავტოსადგომი;

25.3. უძრავი ნივთების ნასყიდობის საერთო ფასი განისაზღვრა 382 014 (343 514+38 500) შშ დოლარით;

25.4. მოსარჩელეს მოპასუხისთვის გადახდილი აქვს უძრავი ქონების ღირებულების ნაწილი, ჯამურად 27 500 აშშ დოლარი;

25.5. 2020 წლის თებერვალ-მაისის პერიოდში მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები – მოპასუხე მოსარჩელეს სთავაზობდა ხელშეკრულების ახალ პირობებს გადახდის ახალი გრაფიკით (გრაფიკის მოდიფიცირების შემდეგ, ხელშეკრულებებით განსაზღვრული უძრავი ქონების საერთო ღირებულება განისაზღვრა 547 231.68 აშშ დოლარით, შესაბამისად, ნასყიდობის ფასი გაიზარდა 179 717.68 აშშ დოლარით, ანუ 47-48 %-ით), რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ და საბოლოოდ, მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები;

25.6. მოსარჩელემ გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს, რაზეც მან უარი განაცხადა და განუმარტა მოსარჩელეს, რომ გადახდილი თანხა იქვითებოდა პირგასამტეხლოში.

26. წინამდებარე საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი ხელშეკრულებიდან მოპასუხის გასვლის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების (შესრულებულის უკან დაბრუნების) კანონიერება. კასატორი აცხადებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა შესრულებულის უკან დაბრუნების წინაპირობა, არამედ ეს თანხა უნდა გაქვითულიყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს თანხაში.

27. კასატორის პრეტენზიის შეფასებამდე, საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ვალდებულების შესრულება ხორციელდება ვალდებულების მხარეების ნებელობითი მოქმედების შედეგად: მოვალე სთავაზობს შესრულებას, ხოლო კრედიტორი ღებულობს შესრულებას. ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. (ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების საკითხზე იხ. სუსგ საქმე №ას-1166-2019, 6 აპრილი 2020). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების საკითხის დადებითად გადაწყვეტაზეა დამოკიდებული მისი თანმდევი მატერიალური შედეგის - ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულის უკან დაბრუნების დადგომაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა.

28. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები).

29. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ან/და კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ. სუსგ საქმე Nას-1003-924-2017, 1 დეკემბერი, 2017 წელი; საქმე Nას-1166-2019, 6 აპრილი, 2020 წელი).

30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულებები ჯერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის საფუძველი (თუმცა, სკ-ის 405-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს შეუძლია შესრულების ვადის დადგომამდე განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებიდან გასვლის პირობა ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა. ამასთან, თუ მოვალემ ვალდებულება შეასრულა ან კრედიტორმა შეთანხმებულის ნაცვლად სხვა შესრულება მიიღო, კრედიტორი ხელშეკრულებიდან ვერ გავა. კრედიტორს ასევე ეზღუდება ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, თუ მოვალემ წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარმოადგენს პრეტენზიას (შესაგებელს). ანალოგიური წესი გამოიყენება მაშინაც, როდესაც მოვალეს შეუძლია ვალდებულების გაქვითვა და იგი ამ უფლებას კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის დაყენებისთანავე გამოიყენებს). ამასთან, ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოშობს მონაწილეთა შორის ახალ ვალდებულებას: მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ.

31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები განამტკიცებენ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის უფლებას უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ მეორე მხარე არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორს შეუძლია მოვალეს დაუწესოს დამატებითი ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად. თუმცა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც არ არის საჭირო ვალდებული პირისათვის არც დამატებითი ვადის დაწესება და არც გაფრთხილება, ესენია: თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

32. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხემ სადავო ხელშეკრულება ვადამდე ადრე შეწყვიტა იმის გამო, რომ მოსარჩელე თანახმა არ იყო მოპასუხის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების განახლებულ პირობებზე.

33. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მას არ უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულებიდან გასვლის გამო შესრულების დაბრუნების ვალდებულება და აღნიშნული თანხა უნდა გაქვითულიყო პირგასამტეხლოში.

34. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია აღნიშნული, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

35. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოწინააღმდეგე მხარეებს შორის.

36. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს უფლება აქვთ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

37. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

38. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

39. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

40. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა.

41. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, ახსნა-განმარტებებიც დასაბუთებული და უშუალოდ დავასთან დაკავშირებული უნდა იყოს.

42. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა.

43. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს.

44. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლ. ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).

45. საქმეში დაცული არაერთი წერილობითი მტკიცებულებით (ციფრული საკომუნიკაციო პროგრამა WhatsApp-ის მეშვეობით მხარეთა შორის არსებული მიმოწერა) დადგენილია, რომ მოსარჩელემ ჯერ კიდევ გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის დადგომამდე (2020 წლის 17 თებერვალს) მიმართა მოპასუხეს ხელშეკრულების პირობების შეცვლასთან დაკავშირებით და ამ დროიდან მოყოლებული არაერთი კომუნიკაცი შედგა მათ შორის. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელეს საკითხის კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებამდე ანგარიშსწორება არ განუხორციელებია თავად მოპასუხის წარმომადგენლების მითითებით, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სადავო პერიოდში ვალდებულების შეუსრულებლობაზე მოსარჩელის არაბრალეულობის შესახებ, რაც გამორიცხავდა ვალდებულების დარღვევის საფუძვლით მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას (ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის) და თვლის, რომ კასატორს არ წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

46. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 417-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

47. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

49. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ლ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ა.ლ–ის“ (ს.კ. .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1710935944, გადახდის თარიღი 20.03.2024) 2355.1 ლარის 70% - 1648.5 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ე. გასიტაშვილი