საქმე №ას-1511-2024
5 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.ჯ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“, „შემკვეთი, „შემსყიდველი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ.ჯ–იას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „შემსრულებელი“) მიმართ პირგასამტეხლოს - 109 255,04 ლარის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 567. 34 ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2021 წლის 11 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შემსრულებელს შემკვეთისათვის უნდა მიეწოდებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებისათვის საველე ზამთრის უნიფორმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში - 2021 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით;
6.2. მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ან შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის წესზე, რაც ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ს შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
6.3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი მიწოდების ვადები და მისაწოდებელი საქონლის სრული ოდენობის მიწოდება მოხდა 139 დღის დაგვიანებით 2022 წლის 28 მარტს რისთვისაც მოპასუხეს დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე-420-ე მუხლებზე და პირგსამტეხლოსთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარის შედავების მთავარი არგუმენტი პირველი ინსტანციიდანვე იყო პირგასამტეხლოს დაანგარიშება მომხდარიყო არა ხელშეკრულების ფასის 0.15%-ის ოდენობით, არამედ შემცირებული 0.02%-ის დარიცხვით, რაც ჯამში შეადგენს 14 567.34 ლარს. მოპასუხემ ითხოვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ პირგასამტეხლოს გამოსათვლელად გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად მომხდარიყო შეუსაბამოდ დიდი ოდენობის პირგასამტეხლოს ნაცვლად შემცირებული თანხის მისთვის დაკისრება. აპელანტის განმარტებით, მსგავსი მიდგომის განვითარება ეწინააღმდეგება სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას, პირგასამტეხლოს ფუნქციას უკარგავს აზრს, ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია არ არის სავალდებულო ხასიათის.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასათვალისწინებელია ხელშეკრულების ფასი, რომელიც 524 005 ლარს შეადგენს. შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის დარიცხული პირგასამტეხლო 109 255.04 ლარია, რაც მთელი ვალდებულების 20.84%-ის ტოლფასია. მთლიანი სახელშეკრულებო ფასის 1/5-ზე მეტი თანხის პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის დარიცხვა ნამდვილად წინააღმდეგობაში მოდის სსკ-ის 420-ე მუხლის რეგულაციასთან და ექვემდებარება სასამართლოს მიერ გონივრულ ოდენობამდე შემცირებას. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.15%-ის ნაცვლად 0.02%-ის განსაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების ხერხი.
10. სააპელაციო სასამართლო აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტო თავისი საქმიანობის ფარგლებში გამოსცემს სარეკომენდაციო სახის სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელსაც გარდა საკონსულტაციო, ნებაყოფლობითი ხასიათისა სხვა დატვირთვა ვერ მიეცემა და არც სავალდებულო ქცევის წესთა ერთობლიობას წარმოადგენს. ყოველ კონკრეტულ საქმეში სასამართლოს მსჯელობის საგანია სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით დაადგინოს პირგასამტეხლოს სამართლიანი და გონივრული მოცულობა, თუ კი კრედიტორის მიერ დარიცხული თანხის მოცულობა შეუსაბამოდ მაღალია.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 139 დღიანი ვადაგადაცილებისათვის მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა (139 * 0.02% * 524 005) შეადგენს 14 567. 34 ლარს, რაც სრულად უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებისათვის დაკისრებული ფუნქციის რეალიზებას.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
13. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირიტად პრეტენზიებს:
13.1. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ცალსახად დაეყრდნო მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის თაობაზე ისე, რომ მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია არცერთი ფაქტობრივი გარემოება თუ რატომ იყო არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი დაკისრებული პირგასამტეხლო, რომელიც გამომდინარეობდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან. კასატორი მიიჩნევს, რომ როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე თბილისის სააპელაციოს სასამართლოს განჩინება არ არის დასაბუთებული;
13.2. საქმეში უტყუარად დასტურდება, რომ სამინისტროსთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქციის მიწოდება მოპასუხის მიერ ვადაგადაცილებით მოხდა. სამინისტროს მიადგა გარკვეული ზიანი, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოხდა ხელშეშლა სამინისტროს მოსამსახურეებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, რაც მთლიანობაში იწვევს სამინისტროზე დაკისრებული ამოცანების შესრულების შეფერხებას;
13.3. მხარეებს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების (524 005 ლარი) 0,15% ლარის ოდენობით, სრულად ჯდება კანონით დადგენილ ჩარჩოებში;
13.4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - საველე ზამთრის უნიფორმის მიწოდება ნაცვლად 2021 წლის 9 ნოემბრისა განხორციელდა 2022 წლის 28 მარტს - 139 კალენდარული დღის დაგვიანებით. შესაბამისად, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 524 005 ლარის 0.15%, რაც შეადგენს 109 255,04 ლარს;
13.5. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, რომლის ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა იმგვარად რომ არ უმსჯელია თუ რა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები მიიღო მხედველობაში. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა ეს უნდა განხორციელდეს გონივრულობის ფარგლებში და კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, ყურადსაღებია ვალდებულების დროულად შესრულების საჯარო ინტერესი და ის მთავარი მიზანი, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს უნდა გააჩნდეს შემაკავებელი ეფექტი. პირგასამტეხლოს თანხის ამ რაოდენობით შემცირება აზრს უკარგავს ამ ინსტიტუტის არსებობას, მის ქმედითობას და ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრება ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისა თუ შეუსრულებლობის წახალისების საშუალებად, მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესის დაკნინებადაც კი შეიძლება იქნეს განხილული. პირგასამტეხლოს ამ ოდენობის შემცირებით ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს ექმნება იმის მოლოდინი, რომ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების პირობებშიც კი, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის ფარგლები ძალიან მცირე იქნება, რაც შემსყიდველ მხარეს, ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფის ბერკეტს ართმევს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საკასაციოს საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 19 თებერვლის განჩინებით საკასაციოს საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო, რამდენად მართლზომიერად განსაზღვრა ქვედა ინსტანციის სასამართლომ მოპასუხისათვის/მიმწოდებლისათვის დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა.
18. კასატორი დავობს, რომ იმ პირობებში, როდესაც ნაკისრი ვალდებულების შესრულება ვადაგადაცილებით მოხდა, ხოლო მოპასუხე მეწარმე სუბიექტია, რომელთანაც პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე მოხდა, არ არსებობს მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე Nას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი; Nას-1520-2018, 28 დეკემბერი, 2018 წელი).
20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 6 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი; Nას-31-2021, 7 ივლისი, 2022 წელი).
22. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
23. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი მიწოდების ვადები და მისაწოდებელი საქონლის სრული ოდენობის მიწოდება მოხდა 139 დღის დაგვიანებით 2022 წლის 28 მარტს. მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ან შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის წესზე, რაც ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ს შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
24. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).
26. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება არამართებულად მოხდა.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს. ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (იხ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604-605.).
28. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. ამასთან, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში, უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“ (იხ: სუსგ №ას-189-2022, 16 სექტემბერი 2022 წელი; №ას-1206-2023, 17 ნოემბერი 2023 წელი).
29. პირგასამტეხლოს ძირითადი არსის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოს მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება, ასევე, ამ თვალსაზრისით პრევენციული ფუნქციის განხორციელების მიზნით, ხოლო დარღვევის შემთხვევაში - კრედიტორს მისცეს შესაძლებლობა, მტკიცების გარეშე, დარღვევის ფაქტიდან გამომდინარე, მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს დარღვევის ხასიათი და სიმძიმე. სასამართლოსათვის სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მოითხოვს იმგვარ დასაბუთებას, რომ კრედიტორს სიმბოლურად კი არ მიეკუთვნოს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტის გამო განცდილი ზიანის ანაზღაურება, არამედ - როგორც კონკრეტულ, ისე განზოგადებულ შემთხვევაში, მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა რეალურად - ფინანსური სახით შეუსრულებელი ვალდებულების გამო.
30. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესის გამოყენებისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს კონტრაჰენტთა, როგორც ხელშემკვრელ პირთა, სტატუსი და როდესაც საკითხი მეწარმე სუბიექტის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებას ეხება, მას ფიზიკური პირისაგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით უნდა მოეთხოვოს შეუსრულებელი ვალდებულების გამო მხარისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია.
31. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე, მეწარმე სუბიექტია, ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ფარგლებში, საველე ზამთრის უნიფორმის მიწოდება უნდა მომხდარიყო, შესაბამისად, ხელშეკრულების ვადაში შესრულების ინტერესი ცალსახად გამომდინარეობს ხელშეკრულების საგნიდან. ამასთან, ვადაგადაცილება მოხდა 139 დღით, 4 თვეზე მეტი დროით, შეთანხმებულისგან სრულიად სხვა სეზონზე, რაც დარღვევის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.
32. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „მეწარმე სუბიექტი“, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. შესაბამისად, ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე Nას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).
33. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 14 567.34 ლარამდე არამართებულად შემცირდა. აღნიშნული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, ვადაგადაცილებული დღეებისა და იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც სამინისტროს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საქმის კონკრეტული გარემოებების, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, მოცულობისა და დარღვევის სიმძიმის შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად მიიჩნევს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 109 255.04 ლარის 1/2-ს - 54 627. 52 ლარს, რაც სრულად უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას.
34. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 54 627.52 ლარის გადახდა.
35. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 6 555.3 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „დ.ჯ–იას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 54 627.54 ლარის გადახდა;
5. შპს „დ.ჯ–იას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის – 6 555.3 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე