Facebook Twitter

¹ბს-1061-1014(კ-07) 12 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2005 წლის 8 თებერვალს ნ. ქ-მა სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 12 იანვრის ¹17-პ ბრძანების ბათილად ცნობა და აფხაზეთის საგადასახადო დეპარტამენტში კონტროლის განყოფილების .....-ად ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა (იხ. ს.ფ. 3-5).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 12 იანვრის ¹17-პ ბრძანება ნ. ქ-ის გათავისუფლების შესახებდა იგი აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, საგადასახადო დეპარტამენტს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2005 წლის 6 იანვრიდან უკანონოდ გათავისუფლების მთელ პერიოდში (იხ. ს.ფ. 51-53).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საგადასახადო დეპარტამენტმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 78-80).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურით (იხ. ს.ფ. 124).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 12 იანვრის ¹17-პ ბრძანება, შემოსავლების სამსახურს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2005 წლის 6 იანვრიდან 2006 წლის 15 სექტემბრამდე, ნ. ქ-ის სარჩელი დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 128-133).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ნ. ქ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში (იხ. ს.ფ. 138-140).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 145-146).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

მოსაზრების ავტორის მითითებით, სასამართლომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის მოტივად არასწორად მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.2 მუხლის დარღვევაზე, რადგან რეორგანიზაცია განხორციელდა როგორც შტატების შემცირებით, ასევე ფუნქიონალურად, კერძოდ, აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია შეიქმნა 5 საშტატო ერთეულით, შესაბამისად, გაუქმდა ის საშტატო ერთეული, სადაც მოსარჩელე მუშაობდა. გარდა აღნიშნულისა, შეიცვალა აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის ფუნქციონალური დატვირთვა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹889 ბრძანებით განისაზღვრა აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე აყვანილთა კონტიგენტი. მას დაექვემდებარა მხოლოდ ის გადამხდელები, რომლებიც დაფინანსებულია აფხაზეთის ბიუჯეტიდან ან შექმნილნი არიან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით, დანარჩენი გადამხდელები კი გადანაწილებულ იქნენ ტერიტორიულ საგადასახადო ინსპექციაში.

მოსაზრების ავტორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობა არ გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნებიდან, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება ნ. ქ-ის ტოლფას თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო ნ. ქ-ის სამუშაოზე აღდგენა, ამჟამად კი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება შემოსავლების სამსახურისათვის არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან (იხ. ს.ფ. 150-151).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 145-146).

კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.