Facebook Twitter

საქმე №ას-14-2025

7 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ.ს–ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.ბ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.კ.ს–ოს“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით გ.ბ–ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ,,ს.კ.ს–ო’’-ს გ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 9394 ლარის გადახდა, საიდანაც სესხი ძირითადი თანხა არის 7000 ლარი და სარგებელი 2394 ლარი. შპს “ს.კ.ს–ოს” გ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - 7000 ლარის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 27 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2024 წლის 8 იანვარს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა 2019 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფაზე იძულებითი აღსრულების ღონისძიების გატარება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.

6. აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა გ.ბ–ძემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით გ.ბ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინება.

9. 2024 წლის 5 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველი.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

13. ზემოაღნიშნული განჩინება მხარეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2025 წლის 31 იანვარს.

14. 2025 წლის 4 თებერვალს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით გ.ბ–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებებით მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ მიიღებოდა წარმოებაში და განუხილველად დარჩებოდა.

16. 2025 წლის 25 თებერვალს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და შუამდგომლობს განმხილველი მოსამართლის აცილების თაობაზე და საქმის განხილვას კერძო საჩივრის დედნის წარდგენისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

18. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამრიგად, საკასაციო სასამართლო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით; ხარვეზის შეუვსებლობა კი საჩივრის განუხილველად დატოვებას გამოიწვევს.

19. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

20. 2025 წლის 4 თებერვალს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით გ.ბ–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებებით მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ მიიღებოდა წარმოებაში და განუხილველად დარჩებოდა.

22. კერძო საჩივრის ავტორმა, მართალია, საპროცესო ვადის დაცვით, 2025 წლის 25 თებერვალს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, მაგრამ დადგენილი ხარვეზი კვლავ არ შეავსო. ამავე განცხადებით შუამდგომლობს განმხილველი მოსამართლის აცილების თაობაზე და საქმის განხილვას კერძო საჩივრის დედნის წარდგენისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე.

23. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა გონივრული ვადა, რომლის დაცვითაც სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების რეალური შესაძლებლობა არსებობდა. საგულისხმოა, რომ კერძო საჩივრის ავტორი არ ასახელებს ხარვეზის შეუვსებლობის ობიექტურ მიზეზებს, არამედ არ ეთანხმება ხარვეზის დადგენის საფუძვლებს, რომელთა თაობაზეც უზენაესმა სასამართლომ მხარეს დეტალურად განუმარტა 2025 წლის 23 იანვრისა და 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებებით. ამრიგად, მხარემ არ გამოიყენა ხარვეზის შევსების პროცესუალური შესაძლებლობა, მიუხედავად ასეთი უმოქმედობის შედეგის (საჩივრის განუხილველად დატოვების) თაობაზე ინფორმირებისა. (იხ. სუსგ 07.04.2023 წლის საქმე №ას-23-2023 )

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მხარემ ხარვეზი არ შეავსო, არც საპროცესო ვადის გაგრძელებას ითხოვს და ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზებსაც ვერ ასახელებს, კერძო საჩივრები განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

25. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, იმაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორი შუამდგომლობს საქმის განმხილველი მოსამართლის აცილების თაობაზე და საქმის განხილვას კერძო საჩივრის დედნის წარდგენისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე.

26. საკასაციო სასამართლო, წარმოდგენილი განცხადების გაცნობის, მისი საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ წერილობით განაცხადონ აცილება. განცხადება აცილების შესახებ მოტივირებული უნდა იყოს. ამასთან, მოსამართლის აცილების საფუძვლებს განსაზღვრავს ამავე კოდექსის 29-ე-31-ე მუხლები, რომლებშიც კონკრეტულად არის მითითებული საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოებანი, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

28. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული და ემყარებოდეს კანონისმიერ საფუძვლებს. მოსამართლის აცილების შესახებ განცხადების წარმოდგენა მის ავტომატურად დაკმაყოფილებას არ იწვევს; მხოლოდ სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს მოსამართლის აცილება, მათ შორის, თუკი დასტურდება მისი მიკერძოებულობა. (იხ. სუსგ 13.02.2023 წლის საქმე №ას-23-2023)

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე, 33-ე, 34-ე, 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ბ–ძის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. გ.ბ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე გიზო უბილავა