Facebook Twitter

საქმე №ას-102-2025

4 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ნ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხეები)

თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი.ნ–ძემ სარჩელი აღძრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების ჭიათურის მედსანნაწილის საავადმყოფოს უფლებამონაცვლედ ცნობა და სოლიდარულად 13.11.2014 წლიდან მიუღებელი სარჩოს - 334.3 ლარის ანაზღაურება, 2015 წლის აპრილიდან ყოველთვიურად 137 ლარის გადახდა, მოსარჩელის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.02.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 13.11.2014 წლიდან 2015 წლის აპრილამდე პერიოდზე მიუღებელი სარჩოს - 154.71 ლარისა და 2015 წლის აპრილიდან ყოველთვიურად 48.42 ლარის გადახდა, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.ნ–ძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.04.2022წ. გადაწყვეტილებით ი.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის გაჩნინებით ი.ნ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაპალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაპალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამოქალაქო საქმეში 2ბ/1620-24 მოპასხუეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგეტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტო.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის გაჩნინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის შუამდგომლობის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმეში სავალდებულო თანამოპასუხედ ჩაბმის შესახებ, ხელახლა განსახილველად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი.ნ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი.ნ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება 334.30 ლარის ოდენობით და 2015 წლის აპრილიდან ყოველთვიურად 137.00 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე;

9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

10. საქართველოს უზეანესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 თებერვლის განჩინებით ი.ნ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა; ი.ნ–ძეს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ)მის მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, ა.ლ–ძის სახელზე შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი ან ი.ნ–ძის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედანი;

11. 2025 წლის 17 თებერვალსა და 2025 წლის 18 თებერვალს ი.ნ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადებები სადაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ნ–ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.

14. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

15. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

16. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი.ნ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი.ნ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება 334.30 ლარის ოდენობით და 2015 წლის აპრილიდან ყოველთვიურად 137.00 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.

17. 2025 წლის 17 თებერვალსა და 2025 წლის 18 თებერვალს კასატორმა განცხადებებით მომართა საკასაციო პალატას და უარი განაცხადა საკასაციო საჩივრის განხილვაზე. აგრეთვე 2025 წლის 28 თებერვალს სატელეფონო შეტყობინებით დაადასტურა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი ტ3, ს.ფ.221)

18. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში და განიხილოს იგი.

19. კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მის წარმოებაში მიღებამდე მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ Nას-37-36-2014, 17.02.2014).

20. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან კასატორმა იქამდე განაცხადა უარი საკასაციო საჩივარზე, ვიდრე სასამართლო იმსჯელებდა მის წარმოებაში მიღებაზე, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 284-ე-285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ნ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: გიზო უბილავა