Facebook Twitter

საქმე №ას-1434-2024

19 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ც–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სააგენტო“, „მეიჯარე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.ც–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოიჯარე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საიჯარო ქირის - 2 625,25 ლარისა და პირგასამტეხლოს - 2 427,77 ლარის, ჯამში 5 053,02 ლარის გადახდის დაკისრება.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ - საიჯარო ქირის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს, ჯამში - 2 887,78 ლარის (აღნიშნული თანხიდან 2 625,25 ლარი წარმოადგენს საიჯარო ქირას, ხოლო 262,53 ლარი პირგასამტეხლოს) გადახდა.

4. მოსარჩელემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მხარეთა შორის 2016 წლის 06 იანვარს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც გარიგების საგნად განისაზღვრა საჩხერის რაიონში, სოფელ ...... მდებარე N ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, კერძოდ, 53 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 05 წელი (1.2 მუხლი) (იხ. ს.ფ. 19-22, 24, 26);

6.2. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, ყოველწლიურ საიჯარო ქირად განისაზღვრა 660 ლარი, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველი წლის 31 დეკემბრამდე. მხარეთა შეთანხმებით, იჯარის თანხის დათქმულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით (5.2 მუხლი) (იხ. ს.ფ. 19-22);

6.3. სააგენტომ 2021 წლის 10 თებერვალს მიმართა საჯარო რეესტრს, რათა ვადის ამოწურვის გამო მარეგისტრირებელ ორგანოს გაეუქმებინა უძრავ ნივთზე არსებული იჯარის შესახებ ჩანაწერი, რის შედეგადაც შესაბამისი ცვლილებები აისახა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში გარიგების საგანზე რეგისტრირებულ მონაცემებში (იხ. ს.ფ. 27);

6.4. სააგენტოს საფინანსო სამსახურის 11.02.2021წ. N12078 სამსახურებრივი ბარათით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადახდილია მხოლოდ საგარანტიო თანხა - 150 ლარი (იხ. ს.ფ. 30);

6.5. სააგენტოს 13.05.2022წ. N13/26616 და 09.08.2023წ. N13/43094 წერილებით მოპასუხეს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 15.10.2021წ. N507-ე დადგენილების საფუძველზე, მას ეპატია 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდისთვის ქონების სარგებლობის საფასური, მიეთითა სააგენტოს მიმართ გადასახდელი საიჯარო თანხისა და პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ და ეთხოვა ვალდებულების დაწესებულ ვადაში შესრულება, თუმცა მოიჯარეს საიჯარო ქირა არც აღნიშნულის შემდგომ გადაუხდია (იხ. ს.ფ. 31, 33);

6.6. სააგენტოს საფინანსო სამსახურის 10.08.2023წ. N108802 სამსახურებრივი ბარათით დადგენილია, რომ 2021 წლის 21 მარტიდან მიმდინარე პერიოდამდე მოპასუხის მიერ საიჯარო ქირის გადახდის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება (იხ. ს.ფ. 35).

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში უდავოა მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების დარღვევის ფაქტი. უდავოა ასევე, რომ ამ ვალდებულების დარღვევისათვის მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე (სსკ-ის 418.2 მუხლი), შესაბამისად, სახეზეა პირგასამტეხლოს დაკისრების სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა მას არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა ანალიზი სასამართლოს მისცემდა დასკვნის საფუძველს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო არ წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის ნეგატიური შედეგების მაკომპენსირებელ საკმარის თანხას.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლებით და მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი საიჯარო ქირის 0,1%, არაგონივრულ და შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია. ამასთან, სახელშეკრულებო ღირებულების, მოვალე პირის ქონებრივი მდგომარეობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოიჯარეს ფაქტობრივად არ უსარგებლია საიჯარო ქონებით (რასაც მოსარჩელე არ შედავებია), ხოლო მეიჯარე მოკლებული არ ყოფილა შესაძლებლობას, მოიჯარის მხრიდან ვალდებულების დარღვევისთანავე დაებრუნებინა საიჯარო ქონება მიზნობრივი დანიშნულებით შემდგომი გამოყენებისათვის, სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სახეზე იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0,01%-მდე შემცირების საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

10.1. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, შემცირებას ექვემდებარება არა მაღალი, არამედ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეფასების მიზნებისთვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამოიხატოს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალ პროცენტში, ზიანის უმნიშვნელო ოდენობაში, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადაში და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული გარემოებების არარსებობის პირობებში, სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად;

10.2. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-819-771-2021) განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას და სხვა გარემოებებს, კერძოდ იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე, კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ამ გარემოებათა შეფასებისა და შესწავლის გარეშე შეამცირა ვალდებულების დარღვევის გამო მოიჯარისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო;

10.3. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა და მოვალის აღიარებითაც დასტურდება, რომ მან ნამდვილად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება. უდავოა ასევე, რომ მხარეები ნების ავტონომიის, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში შეთანხმდნენ იჯარის ხელშეკრულების ყველა პირობაზე, მათ შორის, პირგასამტეხლოზე და არცერთ ეტაპზე არ გამოკვეთილა ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის შეთანხმების არახელსაყრელი პირობების კარნახის ფაქტი. ამდენად, სადავო განჩინება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას და დაუდგენელია რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ 0,1% შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ;

10.4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. N1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ნორმატიულად ადგენს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობას. დასახელებული ნორმის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში - გადაუხდელი თანხის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის (ასეთის არსებობისას) შემთხვევაში - დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,05%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) სახელმწიფო ქონებით სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ობიექტურ სტანდარტებზე დაყრდნობით, არ უნდა ჩათვლილიყო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, ის, ასევე, წარმოადგენდა კანონისმიერ პირგასამტეხლოს, რომელიც სასამართლოს მიერ შემცირებას არ ექვემდებარება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

16. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

17. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

19. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; Nას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი; Nას-56-2023, 28 სექტემბერი, 2023 წელი).

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქოსამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).

21. მოცემულ შემთხვევაში, დარღვეული ვალდებულების ხასიათის, გადაუხდელი საიჯარო ქირისა (2 625,25 ლარი) და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (2 427,77 ლარი) ოდენობის, დარღვევით გამოწვეული შესაძლო ზიანისა და ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ მოსარჩელის ინტერესის, ასევე, იმ შეუდავებელი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოიჯარეს/მოპასუხეს ფაქტობრივად არ უსარგებლია საიჯარო ქონებით, ხოლო მეიჯარე მოკლებული არ ყოფილა შესაძლებლობას, მოიჯარის მხრიდან ვალდებულების დარღვევისთანავე დაებრუნებინა საიჯარო ქონება მიზნობრივი დანიშნულებით შემდგომი გამოყენებისათვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული, შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა (262,53 ლარი) გონივრულ და სამართლიან ოდენობას წარმოადგენს.

22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო კანონისმიერ პირგასამტეხლოს წარმოადგენდა და მისი განსაზღვრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. N1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ საფუძველზე განხორციელდა.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით, განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად ითვლება პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. შესაბამისად, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით). კანონისმიერი პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო პირგასამტეხლოსაგან განმასხვავებელ ერთ-ერთ ძირითად ნიშნად მისი კონკრეტული ხასიათი გვევლინება. ყოველი ასეთი კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია იმ კონკრეტული შემთხვევისათვის, რომლისთვისაც არის იგი დადგენილი კანონმდებლის მიერ. მეორე განმასხვავებელ ნიშნად მისი განსაზღვრულობა გვევლინება - კანონმდებელი ყოველთვის ადგენს მის ან კონკრეტულ ოდენობას, ანდა წესს, რომლის მიხედვითაც უნდა იქნეს განსაზღვრული კანონისმიერი პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს არ შეუძლია შეამციროს კანონით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა (ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ შემცირების შეუძლებლობის შესახებ იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1171-1116-2014, 02 თებერვალი, 2015 წელი; Nას-1307-1245-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

24. განსახილველ შემთხვევაში, „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულების დადებისას (2016 წლის 06 იანვარი) მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებდა სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის პირგასამტეხლო განისაზღვრა ხელშეკრულებით და კასატორის მითითება კანონისმიერ პირგასამტეხლოზე საფუძველს მოკლებულია.

25. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტით პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის შემთხვევაშიც, მითითებული წესის საფუძველზე პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს წარმოეშობოდა არა ნორმატიული აქტის უშუალო მოქმედების ძალით, არამედ საამისოდ საჭირო იყო პირგასამტეხლოს დაწესების შესახებ პირობის ინტეგრირება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების ამჟამად მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას, სასარჩელო მოთხოვნის უფლების წარმოშობა სრულად განაპირობა მხარეთა შორის პირგასამტეხლოზე შეთანხმების არსებობამ. შესაბამისად, იგი განიხილება არა ნორმატიულ, არამედ სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის ზომად, რომელზედაც სრულად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის მოქმედება, მათ შორის, მისი ოდენობის გონივრულობის სასამართლო კონტროლისა და შემცირების შესაძლებლობა (სსკ-ის 420-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე Nას-842-2022, 15 თებერვალი, 2023 წელი, Nას-831-2024, 04 ოქტომბერი, 2024 წელი).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. კასატორმა ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე