საქმე №ას-208-2025
28 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.მ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.ლ–ი“ (მოპასუხე)
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ.მ–ვამ, 2021 წლის 30 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შპს „მ.ლ–ის“ მიმართ და მოითხოვა: ნაწილობრივ შესრულებულად იქნეს აღიარებული მხარეთა შორის 2017 წლის 26 დეკემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის N278070-267721 ხელშეკრულება, 4428 ლარის ნაწილში; ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ნ.ღ–ის მიერ 2021 წლის 10 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #210103739) და მ.მ–ვას შესასრულებელ ვალდებულებად განისაზღვროს 5 120 ლარი; ნაწილობრივ შესრულებულად იქნეს აღიარებული მხარეთა შორის 2015 წლის 16 იანვარს დადებული სესხისა და იპოთეკის #278070-117896 ხელშეკრულება, 4447 აშშ დოლარის ნაწილში; ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ნ.ღ–ის მიერ 2021 წლის 10 თებერვალს 2 გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #210103824) და მ.მ–ვას შესასრულებელ ვალდებულებად განისაზღვროს 7 000 აშშ დოლარი, საურავისა და სარგებლის დარიცხვა შეწყვეტილად ჩაითვალოს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით, მ.მ–ვას სარჩელი შპს „მ.ლ–ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა ნოტარიუს ნ.ღ–ის მიერ 2021 წლის 10 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #210103739) და მ.მ–ვას შესასრულებელ ვალდებულებად განისაზღვრა 5124,36 ლარი (სესხის ძირი თანხა _ 5 000 ლარი და 124,36 ლარი _ სააღსრულებო ფურცლის გაცემის და განცხადებაზე ხელმოწერის დადასტურების ხარჯი); ცვლილება შევიდა ნოტარიუს ნ.ღ–ის მიერ 2021 წლის 10 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #210103824) და მ.მ–ვას შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა _ 7 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებელი განისაზღვრა 2021 წლის 16 იანვრამდე გრაფიკის მიხედვით გადასახდელი თანხით, რაც ჯამში შეადგენს 1760,55 აშშ დოლარს, ხოლო, პირგასამტეხლო - 700 აშშ დოლარის ოდენობით; სააღსრულებო ფურცლის გაცემის და განცხადებაზე ხელმოწერის დადასტურების ხარჯი - 124,36 ლარის ოდენობით; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.მ–ვამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, მ.მ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 06 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მ.მ–ვამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის, მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება ან უკიდურეს შემთხვევაში სათანადო შინაარსის განცხადების (მოთხოვნის) წარდგენის გზით მკაფიოდ გამოხატოს მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების სურვილი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში წარადგინოს საკასაციო საჩივარი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის დასაბუთებული განჩინება მხარეებს გაეგზავნათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ......, მე-4 სართული, კასატორის წარმომადგენელს შ.ი–ძეს ჩაბარდა 2025 წლის 22 იანვარს) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. გზავნილი ჩაბარდა ოფის მენეჯერს შ.დ–ას (იხ. ჩაბარების დასტური ტ-2; ს.ფ.76). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა 2025 წლის 23 იანვარს დაიწყო და ამავე წლის 12 თებერვალს ამოიწურა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საფოსტო განყოფილებას საკასაციო საჩივარი წარედგინა 2025 წლის 14 თებერვალს, ანუ სსსკ-ის 397-ე მუხლით საკასაციო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილი 21 დღიანი ვადის დარღვევით. სასამართლოს კანცელარიაში საკასაციო საჩივარი დარეგისტრირდა 2025 წლის 17 თებერვალს. 2025 წლის 14 თებერვლითაა დათარიღებული თავად საკასაციო საჩივარიც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა საკასაციო საჩივრის ავტორისათვის დაიწყო 2025 წლის 23 იანვრიდან და ამოიწურა 2025 წლის 12 თებერვალს, საკასაციო საჩივარი კი საფოსტო განყოფილებაში წარდგენილია 2025 წლის 14 თებერვალს.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი) (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-924-2022, 22.07.2022წ.).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის გაშვების გამო, მ.მ–ვას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე ,372-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ვას საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი