Facebook Twitter

№ა-653-შ-20-2025

06 მარტი, 2025 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ბ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ფ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ბრემერჰავენის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის N 154 F 884/22 S გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ბრემერჰავენის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის N 154 F 884/22 S გადაწყვეტილებით, შეწყვეტილი იქნა მონაწილე მეუღლეთა 04.01.2015 წელს საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის წინაშე განხორციელებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის ნომერი 80153000004).

საპენსიო წილების გაყოფის გზით, გერმანიის ფედერალური საპენსიო დაზღვევის ფონდში (დაზღვევის ნომერი: 68 240294 F 509) მოსარჩელის საპენსიო წილის ხარჯზე, მოპასუხის სასარგებლოდ გადაირიცხა საპენსიო წილი 2,9155 გაანგარიშებული საპენსიო ქულის ოდენობით გერმანიის საპენსიო დაზღვევის ფონდში ოლდენბურგ-ბრემენში (დაზღვევის ნომერი: 28 100591 G 039) არსებულ ანგარიშზე, 31.08.2022 წლის საფუძველზე. საპენსიო წილების გაყოფის გზით, გერმანიის საპენსიო დაზღვევის ფონდში ოლდენბურგ-ბრემენში (დაზღვევის ნომერი: 28 100591 G 039) მოპასუხის საპენსიო წილის ხარჯზე, მოსარჩელის სასარგებლოდ გადაირიცხოს საპენსიო წილი 10,1513 გაანგარიშებული საპენსიო ქულის ოდენობით გერმანიის ფედერალური საპენსიო დაზღვევის ფონდში (დაზღვევის ნომერი: 68 240294 F 509) არსებულ ანგარიშზე, 31.08.2022 წლის საფუძველზე. გაუქმებულ იქნა საპროცესო ხარჯები ერთმანეთის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 15 მარტს.

ბ.გ–ძემ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ბრემერჰავენის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის N 154 F 884/22 S გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მხოლოდ განქორწინების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით, ბ.გ–ძის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ბ.გ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ბრემერჰავენის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის N 154 F 884/22 S გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მხოლოდ განქორწინების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ბრემერჰავენის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის N 154 F 884/22 S გადაწყვეტილებით, შეწყვეტილი იქნა მონაწილე მეუღლეთა 04.01.2015 წელს საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის წინაშე განხორციელებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის ნომერი 80153000004).

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ბრემერჰავენის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის N 154 F 884/22 S გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 15 მარტს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ბრემერჰავენის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის N 154 F 884/22 S გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს „revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ბრემერჰავენის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის N 154 F 884/22 S გადაწყვეტილება, ა.ფ–სა და ბ.გ–ძეს შორის 04.01.2015 წელს, საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის წინაშე განხორციელებული ქორწინების (ქორწინების რეესტრის ნომერი 80153000004), შეწყვეტის თაობაზე, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ა.ფ–ისა და ბ.გ–ძის განქორწინების ნაწილში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.გ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ბრემერჰავენის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის N 154 F 884/22 S გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილი იქნა მონაწილე მეუღლეთა 04.01.2015 წელს საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის წინაშე განხორციელებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის ნომერი 80153000004), ა.ფ–ისა და ბ.გ–ძის განქორწინების ნაწილში.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე