საქმე №ა-3913-შ-100-2023
20 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
შუამდგომლობის ავტორი - ლ.ს–ია
წარმომადგენლები - გ.ნ–ძე, მ.ნ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - პ.ს–ი
წარმომადგენელი - კ.გ–ი
თარჯიმნები - ჰ.ს., ლ.ხ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით, პ.მ. ძე ს–ის სარჩელის მოთხოვნები ლ. ა. ასული ს–ას წინააღმდეგ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, ბავშვების გადაცემის ვალდებულების შესახებ - დარჩა დაუკმაყოფილებელი.
ლ.ა. ასული ს–ას საპასუხო სარჩელის მოთხოვნები პ.მ. ძე ს–ის წინააღმდეგ ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, ბავშვების გადაცემის ვალდებულების შესახებ - დაკმაყოფილდა. განისაზღვრა არასრულწლოვანი ბავშვების - ვ.პ. ასული ს–ას დაბადებული 16.11.2016წ. და ვ.პ. ასული ს–ას დაბადებული 21.05.2019წ. საცხოვრებელი ადგილი დედასთან ლ.ა. ასული ს–ასთან ერთად.
რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ, ასევე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 09 ივნისს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით, ლ.ს–იას შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს. მან შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, ასევე, მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნა, რომ ბავშვები მამასთან ერთად საქართველოში ცხოვრობენ 2022 წლის ივნისიდან, ადაპტირებული არიან საქართველოში და აქვთ ცხოვრებისთვის საუკეთესო პირობები. საერთაშორისო კანონმდებლობა განმარტავს არასრულწლოვანთა საქმეების იმ სასამართლოს მიერ განხილვის პირობას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე იმყოფებიან ისინი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს მის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის უფლებების დაცვას და მართლმსაჯულებას. დაუშვებელია სასამართლომ ბავშვები გადასცეს ადამიანს, რომელიც წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით ახორციელებდა ბავშვებზე ძალადობას. სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენციის 55-ე მუხლის შესაბამისად უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებებია აღიარებაზე და აღსრულების ნებართვის გაცემაზე უარის საფუძველია აღიარების განმახორციელებელ სახელმწიფოში საქმის წარმოება იმავე მხარეებს შორის.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება თუ სახეზეა ამ მუხლში გათვალისწინებული პირობები. ამიტომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უნდა შეაჩეროს ლ.ა ს–ას განცხადების განხილვა, ვიდრე თბილისის საქალაქო სასამართლო ბავშვების ნების გათვალისწინებით არ იმსჯელებს ბავშვების და მათი მამის პ.ს–ის სარჩელზე და მიღებული გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა ლ. ს–ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველსაც. მოწინააღმდეგე მხარემ ასევე იშუამდგომლა, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შუამდგომლობის განხილვის შეჩერება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ლ.ს–იას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნას რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა არასრულწლოვანი ბავშვების - ვ.პ. ასული ს–ას დაბადებული 16.11.2016წ. და ვ.პ. ასული ს–ას დაბადებული 21.05.2019წ. საცხოვრებელი ადგილი დედასთან ლ.ა. ასული ს–ასთან ერთად; საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში ლ.ს–იას შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ხოლო 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას.
ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით. კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები.
კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიულ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით.
სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში „კონვენცია“). კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.
საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს „revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).
უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც კონვენციის 55-ე მუხლში (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ა) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; ბ) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; გ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; დ) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ე) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ისე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში (სუსგ საქმე Nა-1700-შ-42-2019, 7.10.2019).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაა.
განსახილველ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ განისაზღვრა არასრულწლოვანი ბავშვების - ვ.პ. ასული ს–ას დაბადებული 16.11.2016წ. და ვ.პ. ასული ს–ას დაბადებული 21.05.2019წ. საცხოვრებელი ადგილი დედასთან ლ.ა. ასული ს–ასთან ერთად.
უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ადგენს იმ სამართლებრივ შედეგს, რაზედაც სასამართლომ იმსჯელა (სსსკ-ის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით: „გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე“). საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შესაძლებელია იმ სამართლებრივი შედეგის (გადაწყვეტილების) მიხედვით, რაც მის დადგენილებით (სარეზოლუციო) ნაწილშია ასახული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ასახა ის დასკვნები, რაც ბავშვის საცხოვრებელ ადგილის დედასთან განსაზღვრას ეხება.
პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება განსაზღვრავს მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილს, შესაბამისად, გადაწყვეტილების მცნობი სასამართლო ვერ გასცდება საცნობი გადაწყვეტილების ფარგლებს და ვერ დაადგენს ახალ სამართლებრივ შედეგს. სადავო არ არის რომ გადაწყვეტილების ცნობის საკითხის განხილვისას, არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ საქართველოში მამასთან - პ.ს–ისთან ერთად. საცნობი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული, რომ არასრულწლოვანი ბავშვები არიან არამართლზომიერად დაკავებულნი ან გადაადგილებულნი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებითად აღარ იმსჯელებს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესთან მიმართებით. შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან შინაარსობრივად არ წარმოადგენს იმ სახის გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღსრულების შესახებ რაიმე აქტის (განჩინება, გადაწყვეტილება) გამოტანას.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან სპეციალური კანონის მოთხოვნების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა არასრულწლოვანი ბავშვების - ვ.პ. ასული ს–ას დაბადებული 16.11.2016წ. და ვ.პ. ასული ს–ას დაბადებული 21.05.2019წ. საცხოვრებელი ადგილი დედასთან ლ.ა. ასული ს–ასთან ერთად, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
მოწინააღმდეგე მხარის პ.ს–ის წარმომადგენელმა მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე წარმოების შეჩერება, ვიდრე თბილისის საქალაქო სასამართლო არ იმსჯელებს ბავშვების და მათი მამის პ.ს–ის სარჩელზე - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე და მიღებული გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.
სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მითითებული ნორმის დანაწესიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან გამომდინარე, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც, შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას (იხ. სუსგ - №ას-624-591-2015, 22.07.2015წ.).
სსსკ-ის 279-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმისწარმოების შეჩერებისას, მარტოოდენ საქმეთა შორის პირდაპირი კავშირის არსებობა არ წარმოადგენს შეჩერების საკმარის საფუძველს, აუცილებელია დავის საგნისა და სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დავის განხილვისა და გადაწყვეტის შეუძლებლობის ვარაუდი, ანუ სამართლებრივად ისეთი ვითარების არსებობა, როცა კონკრეტულ დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ დავის გადაწყვეტამდე, სასამართლო ვერ შეძლებს იმ საქმის განხილვას, რომლის შეჩერებასაც ითხოვს მხარე(იხ. სუსგ. №ას-417-2022, 29.04.2022წ).
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლო იხილავს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს და არ დასტურდება ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; შესაბამისად ვერ იქნება გაზიარებული მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის პ.ს–ის წარმომადგენლის კ.გ–ის შუამდგომლობას: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებითი განკარგულების საფუძველზე აიკრძალოს არასრულწლოვან 2016 წლის 16 ნოემბერს დაბადებულ ვარვარა ს–ასთან და 2019 წლის 1 მაისს დაბადებულ ვერა ს–ასთან ბიოლოგიური დედის ლ. (ლ.) ა. ასული ს–ას ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და მიახლოვება იმ ტერიტორიასთან, სადაც ისინი იმყოფებიან, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვების სასწავლო სივრცეში შპს „ე.ს–ში“, მათ შორის მისი მინდობილი ან წარმომადგენელი, მისი სახელით მოქმედი პირის ნებისმიერი ფორმით და მეშვეობით კომუნიკაცია, არასრულწლოვნებთან სკოლაში და მის ტერიტორიაზე გადაადგილება, ასევე შპს „ე.ს–ს“ დაევალოს არასრულწლოვნების დაცვის უზრუნველყოფა - სკოლას აეკრძალოს ბიოლოგიური დედის ნებისმიერი ფორმით ხსენება არასრულწლოვანებთან მიმართებაში, თანახმად მკურნალი ფსიქოლოგ/ფსიქიატრების რეკომენდაციისა, პალატა მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს: ა) შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები; ბ) ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან; გ) ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის; დ) მცირეწლოვანი ბავშვის შენახვის ვალდებულება; ე) საკითხი ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლისათვის მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ; ვ) საოჯახო მეურნეობისა და ბინით სარგებლობის საკითხი; ზ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვასთან დაკავშირებით ხარჯების ავანსის სახით გადახდევინების საკითხი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში (ის. სუსგ Nა-4246-შ-126-2019)
საკასაციო პალატა, მოკლებულია შესაძლებლობას, იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებულ აკრძალვაზე, ვინაიდან დროებითი განკარგულება გამოიყენება სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში და მისი გამოცემის მიზანი შვილებთან მშობლების ურთიერთობის მოწესრიგებაა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამასთან, საკასაციო პალატა, დამატებით მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში შუამდგომლობის განუხილველად დატოვების პირობებში, სსსკ-ის 355-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განკარგულების მიღების მიმართ, შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი არ გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 52-ე, 54-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ემუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლიუდმილა ს–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა არასრულწლოვანი ბავშვების - ვ.პ. ასული ს–ას დაბადებული 16.11.2016წ. და ვ.პ. ასული ს–ას დაბადებული 21.05.2019წ. საცხოვრებელი ადგილი დედასთან ლ.ა. ასული ს–ასთან ერთად.
3. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში ლ.ს–იას შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე