19 დეკემბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-267-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ვ.კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ფ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.კ.ს–ო“ (მოპასუხე ვ.კ–ის სარჩელში)
თავდაპირველი მოსარჩელეები - ლ.ნ–ია, თ.გ–ი, მ.კ–ძე, თ.შ–ი, ც.ქ–ი, ლ.კ–ძე, ბ.რ–ძე
თავდაპირველი მოპასუხე - თ.მ–ი, თ.ლ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2016 წლის 24 ივნისს, ლ.ნ–იასა (შემდეგში - პირველი თავდაპირველი მოსარჩელე) და შპს „ს.კ.ს–ოს“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან საფინანსო კომპანია) შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც პირველი თავდაპირველი მოსარჩელისგან პირველმა მოპასუხემ 6 თვით 1 800 აშშ დოლარი წლიური 25%-ით ისესხა. გრაფიკით ყოველთვიურად 39.90 აშშ დოლარის ოდენობით სარგებლის გადახდა უნდა შესრულებულიყო.
2. 2016 წლის 9 მარტს, თ.შ–სა (შემდეგში - მეორე თავდაპირველი მოსარჩელე) და პირველ მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მეორე თავდაპირველი მოსარჩელისგან პირველმა მოპასუხემ 12 თვით 10 500 ევრო წლიური 33%-ის დარიცხვით ისესხა. 2016 წლის 12 მარტს იგივე მხრეებს შორის სესხის ხელშეკრულება 12 თვით 17 000 ევროზე წლიური 33%-ის დარიცხვით გაფორმდა.
3. 2015 წლის 2 დეკემბერს, მ.კ–ძესა (შემდეგში - მესამე თავდაპირველი მოსარჩელე) და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მესამე თავდაპირველი მოსარჩელისგან პირველმა მოპასუხემ 4 თვით 20 000 აშშ დოლარი წლიური 25%-ის დარიცხვით ისესხა. გრაფიკით ყოველთვიურად 395.20 აშშ დოლარის ოდენობით სარგებლის გადახდა უნდა შესრულებულიყო. ხსენებული ხელშეკრულების ვადა 2016 წლის 2 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებით 4 თვით გაგრძელდა.
4. 2018 წლის 10 ოქტომბერს, მ.ფ–ძემ (შემდეგში - მეორე მოპასუხე) და მესამე თავდაპირველმა მოსარჩელემ წერილობითი შეთანხმება გააფორმეს მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების შესახებ, რომლითაც მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, რომ ზემომითითებულ სასესხო დავალიანებას (20 000 აშშ დოლარი) მთლიანად დაფარავდა, რისთვისაც ამავე შეთანხმებით პირველი მოპასუხის დაზარალებულთა მიმართ მომავალი სესხის ხელშეკრულების დადების ვალდებულება წარმოეშობოდა. მოვალეს ამ შეთანხმების საფუძველზე აღებული სესხის დავალიანების დაფარვის ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუკი მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმება დაიდებოდა, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა პირობითად ჩაეთვლებოდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდებოდა.
მოვალე ვალდებულებას იღებდა, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების დღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ნოტარიუსის ანგარიშზე დაედო პირველი საგარანტიო თანხა - 7 მილიონი აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, მოვალე სასესხო ვალდებულებას დაზარალებულებს 5 წლის განმავლობაში დაუფარავდა.
5. 2016 წლის 5 ივლისს, თ.გ–სა (შემდეგში - მეოთხე თავდაპირველი მოსარჩელე) და პირველ მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც მეოთხე თავდაპირველი მოსარჩელისგან პირველმა მოპასუხემ 3 თვით 6 000 აშშ დოლარი წლიური 25%-ის დარიცხვით ისესხა.
6. 2016 წლის 23 იანვარს, ბ.რ–ძესა (შემდეგში - მეხუთე თავდაპირველი მოსარჩელე) და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მეხუთე თავდაპირველი მოსარჩელისგან პირველმა მოპასუხემ 4 თვით 1 150 აშშ დოლარი წლიური 25%-ის დარიცხვით ისესხა. გრაფიკით ყოველთვიურად 39.90 აშშ დოლარის ოდენობით სარგებლის გადახდა უნდა შესრულებულიყო.
2016 წლის 25 მაისს იგივე მხარეებს შორის წერილობით დადებული შეთანხმებით ზემოხსენებული ხელშეკრულების ვადა 4 თვით, ხოლო, 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმებით - ეს ვადა კიდევ 4 თვით გაგრძელდა.
2016 წლის 25 ივნისს, იგივე მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულების N1 დანართი, რომლითაც მეხუთე თავდაპირველი მოსარჩელისგან წინა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას პირველმა მოპასუხემ 350 აშშ დოლარი დაამატა, რის შემდეგაც ჯამურად სესხმა 1 5 00 აშშ დოლარი შეადგინა.
7. 2016 წლის 7 მარტს, მეხუთე თავდაპირველ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც მეხუთე თავდაპირველი მოსარჩელისგან პირველმა მოპასუხემ 4 თვით, წლიური 25%-ის დარიცხვით, 5 000 აშშ დოლარი ისესხა. 2016 წლის 6 ივლისის წერილობით შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა 4 თვით - 6 ოქტომბრამდე გაგრძელდა.
2016 წლის 6 სექტემბერს, მეხუთე თავდაპირველ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მეხუთე თავდაპირველი მოსარჩელისგან პირველმა მოპასუხემ 4 თვით 1 000 აშშ დოლარი ისესხა.
8. 2015 წლის 19 ოქტომბერს, ლ.კ–ძესა (შემდეგში - მეექვსე თავდაპირველი მოსარჩელე) და პირველ მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო რომლითაც მეექვსე თავდაპირველი მოსარჩელისგან პირველმა მოპასუხემ 12 თვით, წლიური 36%-ის დარიცხვით, 25 245 ევრო ისესხა.
2016 წლის 18 აპრილს, მეექვსე თავდაპირველ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მეექვსე თავდაპირველი მოსარჩელისგან პირველმა მოპასუხემ 6 თვით, წლიური 25%-ის დარიცხვით 21 713 აშშ დოლარი ისესხა. 2016 წლის 17 ოქტომბერს დადებული წერილობითი შეთანხმებით, ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 6 თვით გაგრძელდა. ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია პროცენტი.
9. 2016 წლის 7 ივნისს, ც.ქ–სა (შემდეგში - მეშვიდე თავდაპირველი მოსარჩელე) და პირველ მოპასუხეს შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც მეშვიდე თავდაპირველი მოსარჩელისგან პირველმა მოპასუხემ 4 თვით, წლიური 25% სარგებლით, 7 000 აშშ დოლარი ისესხა. 2016 წლის 7 ოქტომბერს დადებული წერილობითი შეთანხმებით სესხის თანხა გაიზარდა და ჯამურად 17 700 აშშ დოლარი შეადგინა.
2016 წლის 7 ივნისს, მეშვიდე თავდაპირველ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის კვლავ დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მეშვიდე თავდაპირველი მოსარჩელისგან პირველმა მოპასუხემ 4 თვით, წლიური 25% სარგებლით, 1 000 ევრო ისესხა. 2016 წლის 7 ოქტომბერს დადებული წერილობითი შეთანხმებით სესხის თანხა გაიზარდა და ჯამურად 17 700 აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის 7 ოქტომბერს დადებული წერილობითი შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა კიდევ 4 თვით გაგრძელდა.
10. 2016 წლის 10 მარტს, ვ.კ–სა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან კრედიტორი) და პირველ მოპასუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით, მოსარჩელისგან პირველმა მოპასუხემ 4 თვით 12 000 აშშ დოლარი წლიური 25% სარგებლით ისესხა. 2016 წლის 9 ივლისს დადებული წერილობითი შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა კიდევ 4 თვით - 2016 წლის 9 ნოემბრამდე გაგრძელდა.
11. მოსარჩელე ფიზიკურ პირებსა და პირველ მოპასუხეს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებებში მითითებული სესხის თანხები პირველ მოპასუხეს გადაეცა, რომელმაც სესხის და სარგებლის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტითა და 182.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მეორე მოპასუხე და თ.მ–ი (შემდეგში - მესამე მოპასუხე) დამნაშავეებად იქნენ ცნობილი. ამავე განაჩენით, დამნაშავედ იქნა ცნობილი თ.ლ–ძე (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე). მოპასუხეები მსჯავრდებული არიან პირველი მოპასუხის კუთვნილი ქონების, მოსარჩელეებისგან სესხად მიღებული თანხის გაფლანგვისათვის, რამაც საწარმოს მიერ კრედიტორის წინაშე სესხის დაბრუნების ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვია.
13. თავდაპირველმა მოსარჩელეებმა სარჩელით მოპასუხეთათვის თანხის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვეს.
14. პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის წინააღმდეგ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა კასატორმაც.
15. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
15.1. თავდაპირველ მოსარჩელეთა მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 15.2. მეორე მოპასუხის მიმართ კასატორის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მეორე მოპასუხეს 12 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;
15.3. პირველი მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა - ერთი მხრივ, მოსარჩელემ, ხოლო, მეორე მხრივ - მეორე მოპასუხემ.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ და მეორე მოპასუხემ საკასაციო საჩივრები წარმოადგინეს.
18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
18.2. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს კასატორი, რომლის საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა მოტივირებული:
სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში აღწერილია ის სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც მოსარჩელეს, როგორც გამსესხებელს, პირველ მოპასუხესთან აკავშირებდა. ამ უკანასკნელმა არაუზრუნველყოფილი სესხები გასცა მეორე მოპასუხესა და მის მიერ კონტროლირებად ორგანიზაციებზე, რომლებმაც თანხები არ დააბრუნეს.
აღნიშნულის გამო საფინანსო კომპანიამ (პირველი მოპასუხე) მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების პირობების დაცვა ვერ შეძლო და თანხები ვერ გადაიხადა.
სხვა ფაქტობრივ გარემოებაში აღწერილია ის დანაშაულებრივი სქემა, რის გამოც მეორე მოპასუხე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. რიგით მეოთხე ფაქტობრივ გარემოებაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი ხელშემკვრელი მხარე პირველი მოპასუხე იყო.
მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რისი წარმომშობი გარემოებანი დელიქტმა და ხსენებული დელიქტის დამადასტურებელმა კანონიერ ძალაში შესულმა განაჩენმა შექმნა.
ამდენად, სარჩელი ორივე მოპასუხის წინააღმდეგ არის მიმართული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სოლიდარული ვალდებულება, კერძოდ, ზიანის დადგომაში რამდენიმე პირი (ორივე მოპასუხე) მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ზიანის ანაზღაურება იმ პირს არ დააკისრა, ვინც სასესხო პირობები არ შეასრულა, რაც გაუგებარია.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
18. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, პირველი მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ კასატორის სარჩელის საფუძვლიანობის განსაზღვრა. დანარჩენ ნაწილში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რის გამოც გადაწყვეტილების სხვა ნაწილზე პალატა ვერ იმსჯელებს (სსსკ-ის 264-ე მუხლი).
19. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
20. განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება), 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლებშია წარმოდგენილი.
21. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (იხ.: სუსგ №ას-203-2020, 24.12.202; №ას-769-737-2016, 20.06.2018; №ას-176-163-2015, 4.10.2016; Nას-1426-2018, 11.04.2019).
ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ზემომითითებული ყველა წინაპირობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-748-2020, 19.11.2020; №ას-72-72-2018, 15.02.2018; №ას-809-776-2016, 04.04.2017).
22. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში მოსარჩელეს წარმოადგენს.
ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესების წონასწორობის აღდგენაზე (სუსგ №ას-1322-2018, 4.04.2019). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ მოპასუხემ მას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით ზიანი მიაყენა და ეს ზიანი სწორედ იმ ოდენობისაა, რაც სარჩელითაა მოთხოვნილი.
23. მოპასუხეთა, მათ შორის, პირველი მოპასუხის, მხრიდან მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი მოსარჩელემ სათანადოდ დაასაბუთა. ასეთი დასკვნის საფუძველს ქმნის მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებები და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეული გარემოებები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებშია წარმოდგენილი და სსსკ-ის 40.2 მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
ამრიგად, პირველი მოპასუხის მხრიდან მისთვის სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობების (მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი) არსებობა მოსარჩელემ სრულყოფილად დაადასტურა, რაც, ამ ფაქტის უარმყოფელი სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით პირველმა მოპასუხემ ვერ გააქარწყლა (სსსკ-ის 102.1 და 102.2 მუხლები).
უფრო მეტიც, იმ ვითარებასი გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ მკაფიოდ და დამაჯერებლად მიუთითა მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლებზე, მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არც კი წარუდგენია.
სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სარჩელზე შესაგებელი (პასუხი) საერთოდ არ იქნა წარმოდგენილი.
სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება.
მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (შდრ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017).
ვინაიდან სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს პირველი მოპასუხე კვალიფიციური შესაგებლით არ ედავება, საკასაციო პალატის დასკვნით, ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე გაქარწყლებულად ვერ ჩაითვლება ამ უკანასკნელის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების თაობაზე სარჩელში მითითებული არგუმენტაცია და ფაქტები.
24. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც პირველი მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და, ახალი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარგებლოდ მეორე მოპასუხესთან ერთად 12 000 აშშ დოლარის გადახდა პირველ მოპასუხესაც უნდა დაეკისროს.
25. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
სსსკ-ის 53.1 მუხლის პირველი და მეორე წინადადების შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, კასატორის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა, ეს უკანასკნელი კანონით სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია. შესაბამისად, პირველ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 55-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.ვ.კ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2.გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების 1.9 პუნქტი და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3.რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ.კ–ის სასარგებლოდ მ.ფ–ძისთვის დაკისრებული 12 000 აშშ დოლარის ანაზღაურება სოლიდარულად გადახდეს შპს „ს.კ.ს–ოს“;
4.დანარჩენ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
5.შპს „ს.კ.ს–ოს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
6.საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები : ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა