19 დეკემბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-902 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ბ.ა–ნი, ხ.კ–ნი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, 1-ლი აპელანტი, კასატორი ან მერია) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი, ბ.ა–ნისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) და ხ.კ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგეებლოდ საიჯარო ქირის დავალიანების - 11667 ლარისა და პირგასამტეხლოს - 9984 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგეებლოდ საიჯარო ქირის გადაუხდელი ნაწილის - 6995.20 ლარისა და პირგასამტეხლოს - 27 400 ლარის გადახდა დაეკისრათ; სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოპასუხეების მიერ მოსარჩელის ქონებით სარგებლობისთვის - 67 298.75 ლარის სოლიდარულად დაკისრების, ბათუმში, ......... (ამჟამინდელი მისამართი, ..........), ს/კ-ით #........, მდებარე 1501 კვ.მ უძრავი ნივთის მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემისა და 2023 წლის 21 აპრილიდან უძრავი ნივთის მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემამდე მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ქონებით ყოველდღიური სარგებლობისთვის - 100.75 ლარის დაკისრების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დავალიანების ძირითადი თანხის დაანგარიშებისას ერთი წლის ქირის ნაცვლად, მოპასუხეებს არასწორად დააკისრათ 9 თვისა და 6 დღის საზღაური.
1.2. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რომელიც თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე განისაზღვრა და არ არსებობდა მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მხარეებს შორის 2016 წლის 25 მარტს დადო წერილობითი შეთანხმება. რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეებს 20 წლით სარგებლობაში გადასცა ბათუმში, .......... მდებარე 1501 კმ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ -ით #......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება).
4.3.1. ხელშეკრულება იმ პირობით გაფორმდა, რომ მოპასუხეები თანასაკუთრებაში არსებულ 753, კმ.მ მიწის ნაკვეთზე ს/კ-ით #......., ააშენებდნენ მოქმედ რესტორანსა და მშენებარე სასტუმრო კომპლექსთან ფუნქციონალურად დაკავშირებულ, მერიასთან შეთანხმებული პროექტით განსაზღვრულ ობიექტებსა და არქიტექტურულ კონსტრუქციებს.
4.4. წლიური ანაზღაურება - 20 000 ლარით განისაზღვრა (იხ. შეთანხმების 3.2. პუნქტი). რომელიც თანაბარწილად, კალენდარული წლის 1 ივნისამდე და 1 დეკემბრამდე უნდა გადახდილიყო. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ბოლო სახელშეკრულებო წლის საფასური სრულად უნდა გადახდილიყო (იხ. შეთანხმების 3.3. პუნქტი).
პირველ სახელშეკრულებო წლად - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, მომდევნო წლის შესაბამის როცხვამდე არსებული პერიოდი დადგინდა, ხოლო ყოველი შემდეგი სახელშეკრულებო წელი - ხელშეკრულების ძალაში შესვლის შესაბამის რიცხვამდე არსებული დრო (იხ. შეთანხმების 3.4. პუნქტი).
ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას (მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა), მოპასუხეებს იმ სახელშეკრულებო წლის საფასური, რომელ სახელშეკრულებო წელსაც ხელშკრულება ვადაზე ადრე შეწყდებოდა, სრულად უნდა აენაზღაურებინათ (იხ. შეთანხმების 3.6. პუნქტი).
4.5. ხელშეკრულების 6.2. მუხლის მიხედვით, ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევისას, პირგასამტეხლო ქირის 0.1%-ით განისაზღვრა, მაგრამ არანაკლებ 5 ლარით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სახელშეკრულებო ვალდებულების (მოქმედი რესტორნისა და მშენებარე სასტუმრო კომპლექისის, ფუნქციონალურად დაკავშირებული, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებული პროექტით განსაზღვრული ობიექტებისა და არქიტექტურული კონსტრუქციების მშენებლობა) დარღვევისას - 2000 ლარით (6.3. პუნქტი).
შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევისას - 1000 ლარით 6.4. პუნქტი).
მოპასუხეების ბრალით ხელშეკრულების შეწყვეტისას, შეწყვეტის დროისათვის, ერთი სახელშეკრულებო წლის დადგენილი საფასურის მთლიანი თანხით (6.5. პუნქტი).
4.6. 2016 წლის საიჯარო პერიოდი შეადგენს - 9 თვეს და 6 დღეს.
4.7. მოსარჩელის 2020 წლის 21 მაისის #393 ბრძანებით ხელშეკრულება შეწყდა და მთლიანობაში გადასახდელმა დავალიანების მოცულობამ მხარის გაანგარიშებით შეადგინა - 261 920 ლარი (100 000 ლარი - შეთანხმების საფასური; 149 930 ლარი - პირგასამტეხლო; 12000 ლარი - მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობების აშენებისთვის ჯარიმა) გამო, (იხ. მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის 2020 წლის 24 ნოემბრის მოხსენებითი ბარათი), .
4.8. მოპასუხეებს 2023 წლის 23 თებერვლამდე დადგენილი ქირა არ გადაუხდიათ.
4.8.1. 2023 წლის 23 თებერვალს, მოპასუხეებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში - 88 333.00 ლარი, პირგასამტეხლო - 20 000.00 ლარი და ქონების თვითნებურად სარგებლობისთვის - 40 000.00 ლარი ჩარიცხეს.
4.9. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 24 აგვისტოს N25/14250 წერილიდან და თანდართული ნახაზიდან ირკვევა, რომ ბათუმში, ....... დასრულებული შემოღობვა და სარეკრეაციო დასასვენებელი ზონის მოწყობა, მერის 2016 წლის 11 აგვისტოს N01/734 ესკიზურ პროექტთან შესაბამისობაშია.
4.10. შპს ა-ე–ის 2020 წლის 8 ოქტომბრის დასკვნით, ბათუმის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის N18 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ აქტის მიხედვით, 2020 წლის 8 ოქტომბრის მონაცემებით, უძრავი ქონების (ს/კ .......) საპრივატიზებო ღირებულება - 735 490 ლარია.
4.11. მოპასუხეები ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ უძრავ ქონებას, აგრძელებენ სამეწარმეო საქმიანობას, რომლის ყოველდღიური სარგებლობის საფასური - 100,75 ლარია (735490*5%/365=100,75).
5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია მიუხედავად იმისა, რომ მისი სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის სამართლებრივ დასაბუთებას, სახელდობრ, 2016 წლის 25 მარტის შეთანხმება, თავისი შინაარსით ქირავნობაა და სწორედ ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს მოსარჩელეების მოთხოვნის დასაბუთებულობა.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იჯარის ხელშეკრულებას ქირავნობის ხელშეკრულებისაგან ძირითადად, გარიგების მიზანი განასხვავებს, კერძოდ, მაშინ, როდესაც ქირავნობას დანიშნულება არ გააჩნია, იჯარის ხელშეკრულებით ქონება მოიჯარეს ნაყოფის მისაღებად გადაეცემა. ამ განსხვავების საილუსტრაციოდ სსკ-ის 531-ე და 581-ე მუხლების სამართლებრივი კონსტრუქციების შედარება სრულიად საკმარისია: „ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა, დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით.
დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა“, „იჯარის ხელშეკრულებით კი, მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული“.
7. ამდენად, ქირავნობის დროს კონკრეტული, ინდივიდუალურად განსაზღვრული, მოუხმარებადი ნივთი გადაეცემა დამქირავებელს სარგებლობაში, ხოლო იჯარის შემთხვევაში გადაეცემა ქონება, რომელიც, არა მარტო ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც აერთიანებს (სსკ-ის 147-ე მუხლი), ანუ იმ მოთხოვნებსა და უფლებებს, რომლებიც მოიჯარეს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ნაყოფი (მატერიალური სარგებელი). იჯარის შემთხვევაში ნაყოფია ის შემოსავლები, რაც მეურნეობის სწორი გაძღოლის გზით მიიღება სამართლებრივი ურთიერთობის (იჯარის) საფუძველზე („იურიდიული ნაყოფი“).
8. დადგენილია, რომ მოპასუხეებს კომერციული საქმიანობის მიზნით, ნივთის გამოყენება მას შემდეგ შეეძლოთ, როცა ისინი საკუთარი სახსრებით თანასაკუთრებაში არსებულ 753, კმ.მ მიწის ნაკვეთზე, ააშენებდნენ მოქმედ რესტორანსა და მშენებარე სასტუმრო კომპლექსთან ფუნქციონალურად დაკავშირებულ, მერიასთან შეთანხმებული პროექტით განსაზღვრულ ობიექტებსა და არქიტექტურულ კონსტრუქციებს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის დადებულია იჯარის და არა ქირავნობის ხელშეკრულება, საფუძველსაა მოკლებული.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნივთის სარგებლობისათვის გადაუხდელი ქირის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელეების მოთხოვნა სსკ-ის 531-ე მუხლის მეორე წინადადებიდან (დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა), გამომდინარეობდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. პირგასამტეხლოს წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. იგი ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებაა, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
10. დადგენილია, რომ 2016 წელს ასანაზღაურებელი დროის მონაკვეთი 9 თვესა და 6 დღეს შეადგენდა, შესაბამისად ქირაც - 15 328.8 ლარია. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას: იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ნივთი მოპასუხეებს 20 წლით გადაეცათ, ამასთან, ქირის გადაუხდელობის საფუძვლით მესაკუთრემ ხელშეკრულება 2020 წლის 21 მაისს შეწყვიტა, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის 2016 წლის 25 მარტიდან - 2020 წლის 21 მაისამდე გადაუხდელი ქირა - 83476 ლარი (15328,2+20000+20000+20000+7817.8), ხოლო ხელშეკრულების 3.6. პუნქტით გადასახდელის ქირა - 95328,2 (15328,8+20000+20000+20000+20000) ლარია.
11. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეებმა 2023 წლის 23 თებერვალს, ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში - 88 333 ლარი ჩარიცხეს, შესაბამისად, დავალიანება შეადგენს - 6995.2 (95328.2-88 333) ლარს.
12. თანხის გადაუხდელობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებს შესახებ მოთხოვნასთან მიმართებით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.
პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...",
“პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
13. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება;
დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასათვალისწინებელია პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასმაართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა შემდეგი: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (შდრ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.
14. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
15. რაც შეეხება განსახილველ დავას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 27 400 ლარი, მხოლოდ კონკრეტული საქმის ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე გონივრულ მოცულობას შეადგენს და ამ ნაწილშიც მიღებული გადაწყვეტილება უცვლელადაა დასატოვებელი.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის არაარსებით პრეტენზიაზე.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა