Facebook Twitter

6 ივნისი, 2024 წელი,

საქმე №ას- 333-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ტ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ა–ძე, ს.რ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2014 წლის 8 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, გ.ა–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე) რომელიც 2009 წლის 8 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეა, დაადასტურა, რომ სესხის ძირითადი თანხა და სარგებელ დაფარა, პირგასამტეხლო არ წარმოადგენდა გასაცემს და არ აუნაზღაურებია, იპოთეკას, რომელიც იმ ეტაპისთვის არ გაუქმებულა, საჭიროების შემთხვევაში გააუქმებდა.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ზ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კრედიტორი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ბაღდათში, ........ მდებარე მეორე მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებას, ს/კ-ით #......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან უძრავი ქონება).

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განჩინებით კი, დამტკიცდა მორიგება კრედიტორსა და მეორე მოპასუხეს შორის შემდეგი პირობებით:

„კრედიტორი თანახმაა შეამციროს სასარჩელო მოთხოვნა 3400 აშშ დოლარით და სასარჩელო მოთხოვნა, ანუ გადასახდელი თანხა განისაზღვროს 8000 აშშ დოლარით, რომელიც მოიცავს ძირითად თანხას 3200 აშშ დოლარსა და სარგებელს. იგი თანახმაა 8000 აშშ დოლარიდან მოპასუხემ გადაუხადოს 2015 წლის 6 აგვისტომდე 2000 აშშ დოლარი, ხოლო შემდგომში 2015 წლის 6 თებერვლამდე ყოველი თვის 6 რიცხვამდე 1000 აშშ დოლარი;

მოპასუხე (მეორე მოპასუხე) თანახმაა გადაუხადოს კრედიტორს 8000 აშშ დოლარი, აქედან 2000 აშშ დოლარი 2015 წლის 6 აგვისტომდე, დარჩენილი 6000 აშშ დოლარი, 2016 წლის 6 თებერვლამდე, ყოველთვიურად 1000 აშშ დოლარის ყოველი თვის 6 რიცხვამდე გადახდით.

იმ შემთხვევაში, თუ მოვალე/მეორე მოპასუხე დაარღვევს ამ მორიგებით დადგენილ თარიღს, თანახმაა ამოიწეროს სააღსრულებო ფურცელი, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კრედიტორის საკუთრებაში გადაცემაზე.

კრედიტორი თანახმაა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების (დადების) პირობით დადგენილი გრაფიკით თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ამოიწეროს სააღსრულებო ფურცელი, მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების მის საკუთრებაში გადაცემა-დარეგისტრირებაზე.

თანხის სრულად დაფარვამდე ან უძრავი ქონების მის საკუთრებაში გადაცემა - დარეგისტრირებაზე სააღსრულებო ფურცლის ამოწერა-გაცემამდე დატოვებული იქნა ამ ქონებაზე დადებული ყადაღა.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული განჩინება), დაკმაყოფილდა კრედიტორის განცხადება და 2015 წლის 3 ივნისის განჩინების აღსრულების მიზნით, მეორე მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით მის სახელზე აღირიცხა, შესაბამისად, გაუქმდა 2015 წლის 20 მარტის განჩინებით ამავე ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

5. 2017 წლის 10 იანვარს მეორე მოპასუხემ სადავო უძრავი ქონება - 18 000 აშშ დოლარად, ს.რ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე) მიჰყიდა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება) და ეს უკანასკნელი აღირიცხა ნივთის მესაკუთრედ.

6. 2017 წლის 24 ივლისს N2/425 საქმეზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი და 2017 წლის 1 აგვისტოს სარეგისტრაციოდ წარედგინა საჯარო რეესტრს. მარეგისტრირებელი ორგანოს N882017688522-03 (04.08.2017) გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ უძრავი ქონება სხვის სახელზე ირიცხებოდა, მოთხოვნა უარყოფილ იქნა (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი).

7. 2018 წლის 6 ივლისს, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით, მეორე მოპასუხემ დაადასტურა, რომ ,,გაერთიანებული ქართული ბანკისა“ და კრედიტორის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე დადებული იპოთეკა მისი ვალდებულებაა. ასევე, აქვს პირველი მოპასუხის კერძო ვალი - 17000 აშშ დოლარი, რის გამოც მის საკუთრებაში არსებული ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონება გადაუფორმა. ვალის დაბრუნების შემთხვევაში კი, სახლი დაუბრუნდება მას.

8. 2018 წლის 17 ივნისის მოწმის გამოკითხვის ოქმის თანახმად, პირველმა მოპასუხემ განაცხადა, რომ მეორე მოპასუხის საცხოვრებელი სახლი ვალის სრულად გასტუმრებამდე გადაიფორმა.

ვალის დაბრუნებისას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი იყო სახლის უკან დაბრუნება, ანუ შესაძლებელია ნივთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს მის სახელზე, მაგრამ დღეის მდგომარეობით ვალი არ იყო დაფარული.

9. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნა, კრედიტორმა მეუღლეს/მოსარჩელეს დაუთმო (იხ. 2018 წლის 14 აგვისტოს მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება).

10. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ სადავო ქონება ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით, გარეგნულად გამოხატული, არანამდვილი ნების საფუძველზე, გასხვისდა.

11. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მოითხოვეს სარჩელის უარყოფა უსაფუძვლობის მოტივით.

12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება ცნობილ იქნა ბათილად.

13. პირველმა მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

15. საკასაციო საჩივრით მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის/კასატორის პრეტენზიები მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, გამართლებულია.

18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობიდან გამომდინარე უძრავ ქონებაზე მეორე მოპასუხის საკუთრების უფლების დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, (შემდეგში სსკ-ის), 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), და 56.1 (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს) 68-ე (გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი) 183-ე (უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია) და 31113 (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან) მუხლები.

19. საკასაციო სასამართლოა განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (იხ.სუსგ საქმე Nას-1163-2018, 08.02.2019 წ.; საქმე Nას-495-2020, 23.10.2020 წ).

20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და ამ ქონების მესაკუთრედ პირის აღიარებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ მოპასუხეებს შორის სადავო ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებით გაფორმდა.

21. მოსარჩელის ეს მითითება მოპასუხეებმა უარყვეს და განმარტეს, რომ სადავო ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფორმდა.

22. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგებების ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემოწმებაა, კერძოდ, სადავოა მოპასუხეებს შორის გარიგებების დადებისას მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობა, რადგან მოსარჩელე სწორედ დასახელებული გარიგების ბათილად ცნობასა და სადავო უძრავ ქონებაზე თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრების უფლების აღდგენას მოითხოვს.

23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ზემოაღნიშნული მოთხოვნა აღიარებითი ხასიათისაა და საკითხის გადაწყვეტისას, ბათილობის საფუძვლის არსებობასთან ერთად, უნდა არსებობდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული მოსარჩელის მოთხოვნის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. „დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო შეამოწმებდეს სარჩელის საფუძვლიანობას, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?...სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა“ (იხ. სუსგ №ას-838-802-2014, 19/03/2015 წ.).

24. მოსარჩელის მიზანია სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა (მიკუთვნებითი მოთხოვნა), შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, შესამოწმებელია უძრავ ნივთზე დადებული გარიგების ბათილად ცნობის მიმართ არსებობს თუ არა მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. ზემოაღნიშნული განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სადავო გარიგების ბათილად ცნობა და სადავო ქონებაზე მეორე მოპასუხის საკუთრების აღდგენა მოსარჩელისთვის მატერიალური სარგებლის მომტანი იქნება; კერძოდ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უპირობოდ გამოიწვევს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაკმაყოფილებას, შესაბამისად, აღიარებით სარჩელს აქვს რეალური იურიდიული ინტერესი.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

25.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

25.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

25.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

25.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.

25.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).

26. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გამომრიცხველ მსჯელობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნებს, სახელდობრ:

26.1. კანონის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (სამოქალაქო კოდექსის 183.1 მუხლი). ნორმა წერილობით ფორმასთან ერთად განამტკიცებს უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის აუცილებელ წინაპირობასა და საკუთრების გადასვლის მომენტს - რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, ხოლო რეგისტრაციის წესს - სსკ-ის 311.1 მუხლი, რომლის მიხედვით, გარიგება სამართლებრივად ნამდვილია მისი გაფორმების მომენტიდან, მაგრამ საკუთრების უფლების ცვლილება დამოკიდებულია საჯაროსამართლებრივ აქტზე - საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე.

26.2. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა გამოირიცხებოდა, თუკი მოპასუხეები, დაამტკიცებდნენ, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას ისინი მესამე პირის მიმართ არსებული ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, ერთობლივად არ მოქმედებდნენ.

საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის, 56.1 მუხლის შინაარსზე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს), რომლის მიხედვითაც მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება.

მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). გარიგების მოჩვენებითობის შემოწმების თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (შდრ. სუსგ. #ას-571-879-09, 30.04.2010წ).

27. დადგენილია, რომ მოპასუხეები მეგობრები არიან და შესაბამისად, სარწმუნოა დაშვება, რომ მოპასუხეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას პირველი მოპასუხისათვის მეორე მოპასუხის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შესახებ მესამე პირის მიმართ ცნობილი იყო, რაც ნივთის შემძენის კეთილსინდისიერებას ერთმნიშვნელოვნად აქარწყლებს.

28. მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებას დაედო ყადაღა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლის მიხედვით კი, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისთვის მისი განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით და აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების - აკრძალვას. ვინაიდან დადგენილია, რომ მეორე მოპასუხემ სწორედ ყადაღადადებული ქონება გაასხვისა, გასაჩივრებული გარიგება ამ ნიშნითაც კანონსაწინააღმდეგოა და ბათილია.

29. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მეორე მოპასუხემ სადავო ქონება სწორედ ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით გაასხვისა და ამ გარიგების დადებისას მოპასუხეები, ერთობლივად მოქმედებდნენ, ეს გარემოებები კი წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.

30. ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნები ექვემდებარება სრულად დაკმაყოფილებას.

31. სსსკ-ის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 3643,2 (1393.2 + 2250) ლარის გადახდა;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ტ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ტ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი გ.ა–ძესა და ს.რ–ძეს შორის ბაღდათში, ......... ქუჩა #12-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ს/კ-ით #......... 2017 წლის 10 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრში აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ს.რ–ძის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ბაღდათი, ......... ქუჩა #12, ს/კ-ით #.....;

5. გ.ა–ძესა და ს.რ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 3643,2 ლარის გადახდა;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე