საქმე №ას-1448-2024 14 თებერვალი, 2025 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ნ.ა–ი“ (მოპასუხე, გაერთიანებულ საქმეში მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.გ–ი“, ა.ლ–ვა (მოსარჩელე, გაერთიანებულ საქმეში მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შპს “ა.გ–ის” (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი კომპანია ან შეგებებული სარჩელით მოპასუხე) სარჩელი შპს “ნ.ა–ის” (შემდეგში: მოპასუხე, სამშენებლო კომპანია, მყიდველი, შეგებებული სარჩელის წარმდგენი, აპელანტი ან კასატორი) მიმართ, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
2. შპს “ნ.ა–ის” შეგებებული სარჩელი შპს “ ჯ. გ–ის” მიმართ, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
3. მოსარჩელის/გამდიდველი კომპანიის საკუთრებად აღირიცხა მოპასუხის/მყიდველი კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ........, 87.90 კვადრატული მეტრიდან - 80.54 კვადრატული მეტრი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით, მოპასუხის/მყიდველის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2017 წლის 27 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, მოსარჩელე/გამყიდველიკომპანიის მიერ წარმოებული სამშენებლო ბეტონის მოპასუხისთვის მიწოდება.
5.2. ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო ბეტონი მიწოდებულ უნდა იქნეს ქ. თბილისი, ……. (ს/კ: …).
5.3. ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, სამშენებლო ბეტონისა და მომსახურების ღირებულება (მომსახურებაში მხარეები მოიაზრებენ ტრანსპორტირების მომსახურებას) განისაზღვრება ხელშეკრულების N 1 დანართში მითითებული ღირებულების შესაბამისად; ასევე, გადასაცემი უძრავი ქონების ბინების ღირებულება შეადგენს 1 კვ.მ-თვის 520 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში ურთიერთანგარიშსწორების დღისათვის ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად.
5.4. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მოპასუხის/მყიდველის მიერ ანგარიშსწორების განხორციელება შესაძლებელია ასაშენებელი საცხოვრებელი კორპუსის საცხოვრებელი ფართებით, ასევე ანაზღაურება მოხდება 50% ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, 50% საცხოვრებელი ფართებით, რასთან დაკავშირებითაც “გამყიდველისგან”, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით ძირითადი სარჩელის აღმძვრელი კომპანიაა, დამატებით შეთანხმება/თანხმობა არ მოითხოვება.
5.5. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის გადაცემით ანგარიშსწორების შემთხვევაში ,,გამყიდველი’’ (ძირითადი მოსარჩელე) ,,მყიდველს’’ (მოპასუხეს) ფართს გადასცემს 1 კვ.მ-ს 520 აშშ დოლარად თეთრ კარკასულ მდგომარეობაში (ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დადგენილი კურსის მიხედვით ლარში), რასაც ემატება კომუნალური მომსახურების გადასახდელები. მისაწოდებელი სამშენებლო ბეტონისა და მომსახურეობის ფასები მოცემულია თანდართულ სქემაში, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.
5.6. ხელშეკრულების 5.2.1 პუნქტის თანახმად, ,,მყიდველი’’ (ძირითადი სარჩელის მოპასუხე) უფლებამოსილია შეამოწმოს მიწოდებული საქონლის ხარისხი, ასევე განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა ,,გამყიდველის’’ მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე.
5.7. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ დარღვეული უფლებების შესახებ პრეტენზიის გაცხადების ვადაა 1 (ერთი) თვე იმ მომენტიდან, როცა მხარემ შეიტყო ან უნდა შეეტყო, რომ მეორე მხარის მიერ არ იქნებოდა შესრულებული ვალდებულება.
5.8. 2017 წლის 27 იანვრის ხელშეკრულების N 1 დანართით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, შეთანხმდა ბეტონის მარკა, რაც უნდა ყოფილიყო B-25 (325).
5.9. მოსარჩელემ/გამყიდველმა, 2017 წლის 27 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს/მყიდველს მიაწოდა 1968.5 მ3 ბეტონი. მიღებული ბეტონის ღირებულებიდან სამშენებლო კომპანიის მიერ გადახდილია - 141 855.50 ლარი.
5.10. მყიდველსა და გამყიდველს შორის, 2020 წლის 5 ივნისს, დაიდო გარიგება მხარეთა სამართალურთიერთობის პრინციპების მოწესრიგების შესახებ, რომლის თანახმად მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
5.10.1. შემკვეთისა/მყიდველისა და შემსრულებლის/გამყიდველის მიერ არაუგვიანეს 05.06.2020 წელს მიმართული იქნება აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურისათვის და მოთხოვნილი იქნება მოპასუხის/მყიდველის მიმართ აღძრული ყველა საქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. ამასთან, მოითხოვება მოსარჩელე კომპანიის, როგორც აპლიკანტის, მიერ მოთხოვნილი ყველა იმ ყადაღის დაუყოვნებლივ გაუქმება/შეწყვეტა, რომელიც რეგისტრირებულია სამშენებლო კომპანიის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის და არა მხოლოდ: საკადასტრო კოდით ........; დაზუსტებული ფართი:1542 კვ.მ. და შესაბამის მიწის ნაკვეთზე განთავსებული ყველა ბინა/კომერციული ფართი/უძრავი ერთეული), გარდა შემდეგი უძრავი ქონებისა, შემდეგი საკადასტრო კოდით: .......; მისამართი: ქალაქი თბილისი, ......., სართული 1, ბინა #7; შესაბამისად, მოსარჩელის/გამყიდველის მიერ, ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებამოსილება მხოლოდ აღნიშნულ ერთეულზე შეიძლება იყოს განხორციელებული უფლებამოსილ ორგანოთა მიერ, ე.ი. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, შემსრულებელი/გამყიდველი მომავალშიც, უპირობო უარს აცხადებს სამშენებლო კომპანიის/მყიდველის სხვა ნებისმიერ ქონებაზე, ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით; გამორიცხავს აღსრულების ეროვნული ბიუროს, გამარტივებული საქმისწარმოების წესით აღნიშნულის მოთხოვნის შესაძლებლობას (მათ შორის, გამორიცხავს ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნას უძრავ ქონებაზე შემდეგი საკადასტრო კოდით ........; დაზუსტებული ფართობი 1542 კვ.მ; გამოირიცხება ყადაღის მოთხოვნა შესაბამის მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ყველა ბინასთან/კომერციულ ფართთან/უძრავ ერთეულთან მიმართებით). შესაბამისად, ეს დოკუმენტი, განიხილება როგორც სამშენებლო/მყიდველიკომპანიის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, ნებისმიერ უძრავ ქონებაზე) ყადაღის დაუყოვნებლივი შეწყვეტის და მომავალში, ყადაღის რეგისტრაციის უპირობო გამორიცხვის საფუძველი. მხარეთა აღნიშნული შეთანხმება წარედგინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს (გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურს), რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხის/მყიდველის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის და არა მხოლოდ საკადასტრო კოდით .......; დაზუსტებული ფართი: 1542 კვ.მ და შესაბამის მიწის ნაკვეთზე განთავსებული ყველა ბინის/კომერციული ფართის/უძრავი ერთეულის) რეგისტრირებული ყადაღის გაუქმება და მომავალში, სასამართლო განჩინების არარსებობის შემთხვევაში, ყადაღის რეგისტრაციის გამორიცხვა.
5.10.2. მხარეები მიმართავენ ავტორიტეტულ ექსპერტებს (მათი არჩევანის შესაბამისად), რომელიც სრულყოფილად შეისწავლიან მოსარჩელის/გამყიდველისმიერ მხარეთა სამართალურთიერთობის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ხარისხს (მხარეთა შორის განვითარებული დავის საგანი). შესაბამისად, მხარეები, მათ სამართალურთიერთობას, სრულად დაარეგულირებენ ექსპერტის დასკვნის შინაარსის შესაბამისად, სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებზე - სამართლიანობისა და კეთილსინდისიერებაზე დაყრდნობით.
5.11. 2020 წლის 13 აგვისტოს ლაბორატორიული დასკვნის თანახმად, შპს ,,ს.მ. და ნ.კ.ც.ს.ლ–ში’’ სპეციალისტმა შ.ც–ძემ, ბეტონის კონსტრუქციიდან ამოჭრილი ნიმუშების სიმტკიცის განსაზღვრის მიზნით, ჩაატარა კვლევა, რომლითაც ფილაზე ჩატარებულმა კვლევამ განსაზღვრა მისი სიმტკიცის შესაბამისობა შეთანხმებულ პირობებთან.
5.12. 2017 წლის 17 ივლისის შემოწმების ოქმის თანახმად, შპს ,,ს.მ. და ნ.კ.ც–ის’’ სპეციალისტების მიერ მოპასუხის/მყიდველის დაკვეთით, განხორციელდა ქ. თბილისში, …….., მდებარე მეოთხე კორპუსის ბეტონის სიმტკიცის კონტროლი. სამუშაო განხორციელდა როგორც ურღვევი კონტროლის მეთოდის გამოყენებით, ასევე ინტრუზიული (ცილინდრული ნიმუშების ამობურღვა) მეთოდით. მშენებარე ობიექტზე კვლევა ჩატარდა 9 ივლისს, ნახაზზე #1 ნაჩვენებია ვერტიკალური ელემენტების და ამობურღული ნიმუშების ადგილმდებარეობა. ურღვევი კონტროლის მეთოდის მეშვეობით შესწავლილი იქნა რკინაბეტონის ვერტიკალური ელემენტების ბეტონის სიმტკიცე - 10.20 და - 7.20 ნიშნულებზე. საძირკვლის ფილის ბეტონის სიმტკიცის კონტროლი განხორციელდა ცილინდრული ნიმუშების ამობურღვით და მათი შემდგომი ლაბორატორიული გამოცდით. სულ საძირკვლის ფილიდან ამობურღული იქნა ექვსი ნიმუში.
5.13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 27 აგვისტოს მომართვის თანახმად:
- მრავალსართულიანი კორპუსის სხვადასხვა კონსტრუქციაში ბეტონის კლასის დადგენა ხორციელდებდა შენობის დამპროექტებელი კონსტრუქტორის მიერ სათანადო გაანგარიშების საფუძველზე, რა დროსაც გათვალისწინებულია გეოლოგიური მონაცემები, სეისმური ბალიანობა და სხვა პარამეტრები. თუ რა კლასის ბეტონია გამოყენებული თქვენთვის საინტერესო მინუს სართულზე შეგიძლიათ მოიძიოთ სახლის საპროექტო დოკუმენტაციაში.
- სათანადო კვლევებით დადგენილია, რომ ბეტონის სიმტკიცე, მისი საპროექტო მნიშვნელობის მიღწევის შემდეგ, მუდმივი არ რჩება, არამედ მისი ექსპლუატაციის ხელსაყრელ პირობებში (ჰაერის მაღალი ტენიანობა, დადებითი ტემპერატურა, არააგრესიული გარემო) განაგრძობს მატებას.
- კონსტრუქციაში არსებული ბეტონის ამჟამინდელი სიმტკიცის საფუძველზე რამდენიმე წლის წინ, მის მშენებლობაზე მიწოდების დროს, ბეტონის კლასის დადგენის ტექნიკური შესაძლებლობა ლაბორატორიას არ გააჩნია.
6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. უდავოდ დადგენილია, რომ 2017 წლის 27 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე აპელანტს/მყიდველს მიეწოდა 1968.5 მ3 ბეტონი, ჯამური ღირებულებით - 239.375 ლარი; ასევე გადაეცა პომპა და მიქსერი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 3060 ლარი. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მიღებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა - 242 435 ლარი. უდავოა, რომ მოპასუხის მიერ გადახდილია 141 855.50 ლარი, ხოლო დავალიანება 100 579.5 ლარს შეადგენს.
6.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება, რომ მოსარჩელის/განყიდველის მიერ მოპასუხისთვის/მყიდველისათვის მიწოდებული ბეტონი შეესაბამებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებს.
6.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ძირითადმა მოსარჩელემ/გამყიდველმა მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა 2020 წლის 13 აგვისტოს ლაბორატორიული დასკვნა, რომლის თანახმად, კონსტრუქციიდან ამოჭრილი ნიმუშების სიმტკიცის განსაზღვრის მიზნით, ამოიღეს ფილის 8 ნიმუში. დადგინდა, რომ ბეტონის სიმტკიცის ინდექსი მერყეობს 2.25-დან 2.29 მარკამდე. დადგენილია, რომ 2017 წლის 27 იანვრის ხელშეკრულების N 1 დანართით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, შეთანხმდა ბეტონის მარკა და ეს უნდა ყოფილიყო B-25 (325). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ წარმოდგენილმა საექსპერტო დასკვნამ დაადასტურა ის გარემოება, რომ გამყიდველის მიერ მყიდველისთვის მიწოდებული ბეტონის ხარისხი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტს. ამასთან ზემოაღნიშნული მტკიცებულების საპირისპიროდ, აპელანტმა/მოპასუხემ (მყიდველმა) წარმოადგინა 2017 წლის 09 ივლისის დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ……., საძირკველი ფილის ბეტონის სიმტკიცის კონტროლი განხორციელდა ცილინდრული ნიმუშების ამობურღვით და მოხდა მათი შემდგომი ლაბორატორიული გამოცდა. სულ საძირკველის ფილიდან ამობურღული იქნა 6 ნიმუში. დადგინდა, რომ ბეტონის სიმტკიცის ინდექსი მერყეობს 15,6 იდან 25.8 მარკამდე.
6.3. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტ-სპეციალისტები: სპეციალისტ შ.ც–ძის განმარტებით, ამობურღულ იქნა ფუნდამენტის ფილა ბეტონის ხარისხის შემოწმების მიზნით. სიმკვრივე დგინდება ბეტონის ჩასხმიდან მინიმუმ 28 დღის შემდეგ. მოწმის განმარტებით, მან იცოდა რომ წლების აშენებულ სახლის ბეტონზე ამოწმებდა მის სიმტკიცეს და მიუთითა ასევე, რომ წლების განმავლობაში ბეტონის სიმკვრივე შეიძლებოდა გაზრდილიყო, თუმცა 2020 წელს ვერ მოხდებოდა იმის დადგენა, თუ რა სიმტკიცე ჰქონდა 2017 წელს ბეტონს ჩასხმისას. ექსპერტ თ.ნ–ძის განმარტებით, არსებობს შემოწმების სხვადასხვა ტიპი, კერძოდ, ურღვევი კონტროლი, რომლის დროსაც ხდება ფილების ამოღება, და მეორე ეტაპია ინკლუზიური მეთოდი - ნიმუშების ამოღება. ნიმუშების ამოღება ხდება ბეტონის ჩასხმიდან არანაკლებ 14 დღისა. მის მიერ ჩატარებულ იქნა ორივე მეთოდით მასალის კვლევა. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ბეტონის სიმტკიცის ინდექსი მერყეობს 15,6 იდან 25.8 მარკამდე. ასევე ექსპერტებმა განმარტეს, რომ ბეტონის სიმტკიცე დამოკიდებულია არა მხოლოდ ბეტონის ხარისხზე, არამედ მისი ჩასხმის ტექნოლოგიაზე, მუშა-ხელზე, რომელიც აწარმოებდა მის ჩასხმას, დამოკიდებულია ასევე ვიბრაციის დონეზე და ა.შ.
6.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებულიდან რომელი ექსპერტიზის დასკვნა უნდა იყოს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი, ამასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მართებულად იქნა ყურადღება გამახვილებული მხარეთა სამართალურთიერთობის პრინციპების მოწესრიგების შესახებ 2020 წლის 5 ივნისის გარიგებაზე. ამ გარიგების მიხედვით: ,,მხარეები, მიმართავენ ავტორიტეტულ ექსპერტ(ებ)ს (მათი არჩევანის შესაბამისად), რომელიც სრულყოფილად შეისწავლიან შპს ,,ა.გ–ის’’ მიერ, მხარეთა სამართალურთიერთობის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ხარისხს (მხარეთა შორის განვითარებული დავის საგანი). შესაბამისად, მხარეები, მათ სამართალურთიერთობას, სრულად დაარეგულირებენ ექსპერტის დასკვნის შინაარსის შესაბამისად, სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებზე - სამართლიანობისა და კეთილსინდისიერებაზე დაყრდნობით.‘’ ამდენად, 2020 წლის 5 ივნისის შეთანხმებით მხარეებმა დაარეგულირეს სადავო საკითხი და შეთანხმდნენ ახალი კვლევის ჩატარების თაობაზე, რომლის შედეგების მიხედვითაც უნდა ემოქმედათ. სწორედ მოცემული გარიგების გაფორმების შემდეგ მოხდა მოსარჩელის/გამყიდველის, რომელიც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეა, მიერ ექსპერტიზის ჩატარება, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადგინა შესრულებული სამუშაოს ჯეროვნება. აღნიშნული საექსპერტო დასკვნის თანახმად, დგინდება, რომ ბეტონის სიმტკიცის ინდექსი მერყეობს 2.25-იდან 2.29 მარკამდე მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო B-25 (325). თავის მხრივ, მყიდველს -სამშენებლო კომპანიას არ ჩაუტარებია ახალი კვლევა, იგი უთითებს მხოლოდ სადავო კვლევაზე, რაზედაც იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ და მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება მხარეთა შორის არსებული 2020 წლის 5 ივნისის შეთანხმების გათვალისწინებით.
6.5. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგინდა ბეტონის ხარისხის სიმყარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გამყიდველი კომპანიის მიერ მყიდველისათვის მიწოდებული ბეტონის ხარისხის შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან და მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებთან.
6.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელემ/გამყიდველმა სათანადოდ დაძლია მტკიცების ტვირთი. მოპასუხის/მყიდველის ნაწილში კი, მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის 17 ივლისის დასკვნა, ვინაიდან მხარეებს სამართალურთიერთობა უნდა დაერეგულირებინათ მათ შორის 2020 წლის 5 ივნისის შეთანხმების/ხელშეკრულების მიხედვით და მის საფუძველზე გაკეთებული დასკვნის შესაბამისად (იხ. 6.4 ქვეპუნქტი). სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიანიჭა მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნას უპირატესობა, მოპასუხის დასკვნასთან შედარებით, ვინაიდან შეფასების პერიოდი, თარიღი, განსაზღვრულია 2020 წლის გარიგების შემდეგ, მხარეთა ერთობლივი შეთანხმებით.
6.7. ბეტონის ხარისხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოწინაარმდეგე მხარის -მოსარჩელის არგუმენტებს, კერძოდ, სააპელაციო შესაგებელში აღნიშნულია, რომ „აპელანტს მტკიცებულებებად მოჰყავს მის მიერვე შედგენილი „დასკვნები“ და „პროექტები“ (შპს „ნ. რ–ის“ მფლობელები იგივე პირები არიან), იგი ვერ ასაბუთებს ამ „დასკვნების“ და „პროექტების“ კავშირს მიყენებულ ზიანთან, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე განხილვისას დადგინდა, რომ წარმოდგენილი ე.წ. „გამაგრების პროექტით“ გათვალისწინებული სამუშაოების სულ მცირე 1/3 ისეთი კონსტრუქციების გამაგრებას ითვალისწინებდა, რომლის ბეტონის ხარისხი საერთოდ არცერთი ექსპერტიზის კვლევის ობიექტი არ ყოფილა და არცერთი მტკიცებულებით არ დგინდებოდა, რომ ისინი საჭიროებდა გამაგრებას ბეტონის უხარისხობის გამო. გარდა ამისა, აპელანტის მიერ წარმოდგენილ იქნა მტკიცებულების სახით უამრავი ხარჯის დოკუმენტი, თუმცა არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომ ეს ხარჯი სწორედ ამ ე.წ. „აუცილებელი გამაგრებისთვის“ იქნა გაწეული. აღნიშნული ხარჯი შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოზე გაწეული, ვინაიდან ვერ დგინდება მისი დანიშნულება.“
6.8. მოსარჩელის/გამყიდველის განმარტებით, სწორედ შპს “ნ.რ–ის” მიერ ე.წ. “გამაგრების პრექტის” მომზადებიდან 1 თვეში, აპელანტმა/მოპასუხემ/მყიდველმა ცვლილება შეიტანა მშენებლობის პროექტში და “უხარისხო ბეტონით” აშენებულ და “საფრთხის შემცველ და გასამაგრებელ” კორპუსს კიდევ 2 სართული დაამატა თავზე, რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავდა აპელანტის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს და ეჭვქვეშ აყენებს მისი ქმედებების მიზნობირობას. იმ პირობებში, როდესაც სხდომაზე მოპასუხე/მყიდველი საუბრობს უხარისხო ბეტონის გამო კორპუსის ჩამონგრევის საფრთხეზე და ზიანზე, კორპუსზე კიდევ 2 სართულის დამატება, სრულად აჩვენებს სურათს, თუ რას ემსახურებოდა რეალურად “გამაგრების პროექტი”.
6.9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის/გამყიდველის მოთხოვნა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე შეესაბამება 2017 წლის 27 იანვრის ხელშეკრულების პირობებს. აღნიშნული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო კომპანიის მიერ ანგარიშსწორების განხორციელება შესაძლებელია ასაშენებელი საცხოვრებელი კორპუსის საცხოვრებელი ფართებით, ასევე ანაზღაურება მოხდება 50% ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, 50% საცხოვრებელი ფართებით, რასთან დაკავშირებითაც “გამყიდველისგან”დამატებით შეთანხმება/თანხმობა არ მოითხოვება. ამავე ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის გადაცემით ანგარიშსწორების შემთხვევაში ,,გამყიდველი’’,,მყიდველს’’ ფართს გადასცემს 1 კვ.მ-ს 520 აშშ დოლარად თეთრ კარკასულ მდგომარეობაში.
6.10. წინამდებარე საქმეში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ 2017 წლის 27 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ/გამყიდველმამოპასუხეს/მყიდველს მიაწოდა 1968.5 მ 3 ბეტონი. მიღებული ბეტონის ღირებულებიდან სამშენებლო კომპანიის მიერ გადახდილია - 141 855.50 ლარი. ხოლო ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაა - 100 579.5 ლარი. ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შორის ურთიერთანგარიშსწორების დღეს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ხოლო ურთიერთანგარიშსწორების დღედ ითვლება ბეტონის უკანასკნელად მიწოდების დასრულების თარიღი - 2017 წლის 15 ივლისი (იხ. დანართი #2, დადასტურებული ანგარიშფაქტურა #ეა-139337235). მოცემულ დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად 1 აშშ დოლარი 2.4015 ლარია, 520 აშშ დოლარი შეადგენს 1 248.78 ლარს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოპასუხის/მყიდველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის 100 579.5 ლარის ეკვივალენტი მოსარჩელისათვის/მყიდველისათვის გადასაცემი უძრავი ქონების ფართი შეადგენდა 80.54 კვ.მ.-ს (100579.5/1248.78=80.54).
6.11. მოპასუხისთვის/მყიდველისთვის ზიანის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 394-ე, 408-ე და 409-ე მუხლების საფუძველზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება, რომ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მოსარჩელისა და ა.ლ–ვას მხრიდან 210 314.93 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი.
6.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დგინდება შემსრულებლის/გაყიდველის მიერ მიწოდებული ბეტონის შესაბამისობა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისად, მოპასუხის/მყიდველის მოთხოვნა უსაფუძვლოა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სამშენებლო კომპანიის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს არ წარუდგენია სსკ-ის 394-ე მუხლის კვალიფიკაციისთვის აუცილებელი მტკიცებულებები, ვერ დაადასტურა შეგებებული სარჩელით მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და მოქმედებას შორის, ასევე ზიანის ოდენობა.
6.13. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მყიდველის (შეგებებული სარჩელის წარმდგენის) მიერ, მისი მტკიცების ფარგლებში, წარმოდგენილია შპს “ნ.რ–ის” მიერ შემუშავებული კოლონებისა და დიაფრაგმის გამაგრების პროექტი, რომლის საფუძველზეც, შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, განხორციელდა ობიექტის გამაგრება. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ (გამყიდველმა/ძირითადმა მოსარჩელემ) სადავო გახადა აღნიშნული მტკიცებულება, ვინაიდან მოპასუხე/შეგებებული სარჩელის წარმდგენი და შპს “ნ.რ–ი” არიან ურთიერთდამოკიდებული პირები, რადგან მათი დამფუძნებლები არიან ერთი და იგივე პირები. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით სამეწარმეო რეესტრიდან დგინდება, რომ ორივე კომპანიის დამფუძნებლები არიან შ.მ–ძე და დ.ნ–ძე. ასევე, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოპასუხემ, თავისი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, წარმოადგინა საგადახდო დავალებები, სასაქონლო ზედნადებები და ცალმხრივად შედგენილი გაანგარიშება, რომელთა შეფასება არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუველს, რომ სამშენებლო კომპანიას/მყიდველს მოსარჩელის/გამყიდველი კომპანიისა და ა.ლ–ვას ქმედებით მიადგა 210 314.93 ლარის ზიანი. ასევე, შეგებებული სარჩელის ავტორმა (მყიდველმა კომპანიამ) ვერ დაასაბუთა, გამყიდველ კომპანიასთან ერთად, ა.ლ–ვას სოლიდარული პასუხისმგებლობის ფაქტობრივი საფუძველი.
6.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტმა/მყიდველმა ვერ მოახერხა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარმოადგინა შეგებებულ სარჩელში გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები და არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად- შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ/შემკვეთმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდე კომპანიის სარჩელის უარყოფა.
7.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს წარდგენილი ორი დასკვნიდან (2017 წელს მოპასუხის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა; 2020 წელს მოსარჩელის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა) უნდა გაეზიარებინა არა ბეტონის მიწოდებიდან 3 წლის შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, არამედ მოპასუხის მიერ წარდგენილი 2017 წლის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შეფასებული იყო მიწოდებული ბეტონის ხარისხი. ამასთან, კასატორის ინტერესი იყო, ხელშეკრულების შესაბამისად, 2017 წელს მიეღო ბეტონის ის მარკა, რომელზეც მხარეები თანხმდებოდნენ. მოგვიანებით მომზადებული დასკვნით კი ვერ დადგინდებოდა, თუ რა სიმკვრივის იყო ბეტონი 2017 წელს.
7.3. ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, მყიდველმა კომპანიამ კანონის მოთხოვნების დაცვით შემსრულებელს/გამყიდველსმიაწოდა ინფორმაცია ზიანის მიყენების ფაქტის თაობაზე. შეგებებული სარჩელით მოპასუხე გამყიდველ კომპანიას და მის დირექტორს ჩაბარებული ჰქონდათ კორესპონდენცია და ბეტონის გამაგრებითი სამუშაოების პროექტი. შემსრულებელი/გამყიდველი კომპანია ინფორმირებული იყო, რომ თუ განსაზღვრულ ვადაში არ აწარმოებდა ბეტონის გამაგრებით სამუშაოებს, სამშენებლო კომპანია/მყიდველი თვითონ შეასრულებდა გამაგრებით სამუშაოებს და შემდეგ მოითხოვდა ზიანის ანაზღაურებას.
7.4. კასატორი არ იზიარებს სასამართლოსეულ შეფასებას გამაგრებით პროექტთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სამშენებლო კომპანიის/მყიდველის მიერ შემუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის კოლონებისა და დიაფრაგმების გამაგრების პროექტით დადგენილია, რომ ბეტონის სიმკვრივე მერყეობს 16:0:24.8 მპს-მდე, რაც არ შეესაბამებოდა პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში გათვალისწინებულ ბეტონის კლასს - 25.
7.5. კასატორის განმარტებით, შპს „ნ.რ–ის“ ანალიზის საფუძველზე ელემენტების გასამაგრებლად არჩეულ იქნა „თორკეტირების მეთოდი“, რა დროსაც ძველი და ახალი ბეტონის ერთობლივი მუშაობის უზრუნველსაყოფად არსებულ კონსტრუქციებში ეწყობა ანკერები ჩაწებებით მინიმუმ 70 მმ სიღრმეზე ბიჯით 200 მმ ჭადრაკულად. შემდეგ ეტაპზე ეწყობა არმატურის ბადე - პროექტში მითითებული ზომების მიხედვით და ფიქსირდება ანკერებთან. დაბეტონება მოხდა წვრილმარცვლოვანი მეთოდით. განისაზღვრა ორი ვარიანტი: 1. თორკეტირება; 2. ყალიბის დაყენება შესაბამისი ვიბრაციის უზრუველყოფით. აღნიშნული პროექტისა და მოპასუხის მიერ უზრუნველყოფილი ბეტონის გამაგრების გარეშე, შენობა - ნაგებობა დროთა განმავლობაში ჩამოინგრეოდა და გამოიწვევდა არა მხოლოდ მშენებლის, არამედ შენობა-ნაგებობაში ყველა ბინის შემძენის უფლებების დარღევას.
7.6. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება გამაგრებითი სამუშაოების მეთვალყურე მთავარი ინჟინერის მიერ, რომელმაც სხდომაზე განმარტა და დაადასტურა, რომ 2017 წელს მიწოდებული ბეტონი იყო უხარისხო, არ შეესაბამებოდა შეთანმხებულ კლასს და ის ვერ მისცემდა მყიდველ კომპანიას მშენებლობის გაგრძელების უფლებას, ჩასხმული ბეტონის გამაგრების გარეშე.
7.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სავსებით შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას და განმარტებებს (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას- 1780-1758-2011, 22.01.2013წ.; N ას-560=519-2017, 16.08.2017წ.; N ას=717-670-2017, 26.04.2018წ.; N ას-940-2018, 19.12.2018წ.; N ას-344-2019. 12.02.2021წ. N ას-342-2021. 30.06.2021წ.; N ას825-2020, 2.12.2021წ.).
10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეს/კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
11. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.; N ას- 1044-2022, 17.10.20204წ.; N ას- 313-2024, 8.11.2024წ.; N ას-852-2024, 22.11.2020წ.; N ას-1038-2024, 11.10.2024წ.; N ას- 1324-2024, 13.12.20204წ.; N ას- 1202-2024, 13.12.2024წ.; N ას-24-2024, 26.12.20204წ.).
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
13. ზოგადი წესის შესაბამისად, კანონმდებელი ერთმანეთისაგან განასხვავებს სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, კერძოდ სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეების მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
14. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთბა წარმოშობილია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (სსკ-ის 477-ე მუხლი). დადგენილია, რომ 2017 წლის 27 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს/სამშენებლო კომპანიას, როგორც მყიდველს, მიეწოდა 1968.5 მ3 ბეტონი, ჯამური ღირებულებით- 239.375 ლარი; ასევე გადაეცა პომპა და მიქსერი - 3060 ლარი, ჯამში მყიდველის მიერ მიღებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 242 435 ლარს. უდავოა, რომ მოპასუხემ გადაიხადა 141 855.50 ლარი, ხოლო დავალიანება შეადგენს 100 579.5 ლარს.
15. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ-ები: N ას981-926-2015, 11.03.206წ.; N ას-717-670-2017, 26.04.2018წ.; N ას-696-696-2018, 6.07.2018წ.; N ას-495-2020, 23.10.2020წ.; N ას-344-2019, 12.02.2021წ.; N ას-776-2020, 21.04.2021წ.; N ას 8511, 24.11.2021წ.; N ას-545-2021, 29.11.2022წ.; N ას-602-2024, 2.10.20204წ.).
16. სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი
17. ბეტონის ხარისხის ხელშეკრულებით შეთანხმებულთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ბეტონი შეესაბამებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებს, რაც საქმეში წარმოდგენილ და მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პინციპების საფუძველზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს ეფუძნება.
18. მოსარჩელემ წარმოადგინა 2020 წლის 13 აგვისტოს ლაბორატორიული დასკვნა, რომლის თანახმად, კონსტრუქციიდან ამოჭრილი ნიმუშების სიმტკიცის განსაზღვრის მიზნით, ამოიღეს ფილის 8 ნიმუში. დგინდება, რომ ბეტონის სიმტკიცის ინდექსი მერყეობს 2.25-იდან 2.29 მარკამდე. დადგენილია, რომ 2017 წლის 27 იანვრის ხელშეკრულების N 1 დანართით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, შეთანხმდა ბეტონის მარკა და ეს უნდა ყოფილიყო B-25 (325). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა, რომ წარმოდგენილმა დასკვნამ დაადასტურა მიწოდებული ბეტონის ხარისხის შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტთან. ასევე საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულების საპირისპიროდ, მოპასუხემ წარადგინა 2017 წლის 9 ივლისის დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ........, საძირკველი ფილის ბეტონის სიმტკიცის კონტროლი განხორციელდა ცილინდრული ნიმუშების ამობურღვით და მოხდა მათი შემდგომი ლაბორატორიული გამოცდა. სულ საძირკველის ფილიდან ამოიბურღა 6 ნიმუში. დადგინდა, რომ ბეტონის სიმტკიცის ინდექსი მერყეობს 15,6 იდან 25.8 მარკამდე.
19. პირველი ინსტანციის სასაამართლო სხდომაზე დაკითხული სპეციალისტის შ.ც–ძის განმარტებით, ბეტონის ხარისხის შემოწმების მიზნით, ამოიბურღა ფუნდამენტის ფილა. სიმკვრივე დგინდება ბეტონის ჩასხმიდან მინიმუმ 28 დღის შემდეგ. სპეციალისთისთვის ცნობილი იყო, რომ იგი ამოწმებდა წლების წინ აშენებული სახლის ბეტონის სიმტკიცეს და განმარტა, რომ წლების განმავლობაში ბეტონის სიმკვრივე შეიძლებოდა გაზრდილიყო; თუმცა 2020 წელს ვერ მოხერხდებოდა იმის დადგენა, თუ რა სიმტკიცე ჰქონდა ბეტონს 2017 წელს ჩასხმის დროს. ექსპერტ თ.ნ–ძის განმარტებით, არსებობსშემოწმების სხვადასხვა ტიპი, კერძოდ ურღვევი კონტროლი, რომლის დროსაც ხდება ფილების ამოღება და მეორე ეტაპია ინკლუზიური მეთოდი - ნიმუშების ამოღება. ნიმუშების ამოღება ხდება ბეტონის ჩასხმიდან არანაკლებ 14 დღისა. მის მიერ ორივე მეთოდით იქნა ჩატარებული მასალის კვლევა. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ბეტონის სიმტკიცის ინდექსი მერყეობს 15,6 იდან 25.8 მარკამდე. ასევე ექსპერტებმა განმარტეს, რომ ბეტონის სიმტკიცე დამოკიდებულია არა მხოლოდ ბეტონის ხარისხზე, არამედ მისი ჩასხმის ტექნოლოგიაზე, მუშა-ხელზე, რომელიც აწარმოებდა მის ჩასხმას, დამოკიდებულია ასევე ვიბრაციის დონეზე და ა.შ.
20. ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნებიდან ერთ-ერთისთვის უპირატესობის მინიჭებისთვის მნიშვნელოვანია მხარეთა შორის 2020 წლის 5 ივნისს მხარეთა სამართალურთიერთობის პრინციპების შესახებ შეთანხმების შეფასება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები, მიმართავენ ავტორიტეტულ ექსპერტ(ებ)ს (მათი არჩევანის შესაბამისად), რომელიც სრულყოფილად შეისწავლიან მოსარჩელის მიერ, მხარეთა სამართალურთიერთობის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ხარისხს (მხარეთა შორის განვითარებული დავის საგანი). შესაბამისად, მხარეები მათ სამართალურთიერთობას, სრულად დაარეგულირებენ ექსპერტის დასკვნის შინაარსის შესაბამისად, სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებზე - სამართლიანობისა და კეთილსინდისიერებაზე დაყრდნობით.‘’
21. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ 2020 წლის 5 ივნისის გარიგებით მხარეებმა დაარეგულირეს სადავო საკითხი და შეთანხმდნენ ახალი კვლევის ჩატარებაზე, რომლის შედეგების მიხედვითაც უნდა ემოქმედათ. მოსარჩელემ სწორედ აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩაატარა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა შესრულებული სამუშაოს ჯეროვნება. აღნიშნული დასკვნის თანახმად, დგინდება, რომ გამყიდველის მიერ მყიდველისათვის მიწოდებული ბეტონის სიმტკიცის ინდექსი მერყეობს 2.25-იდან 2.29 მარკამდე, მაშინ როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო B-25 (325). თავის მხრივ, მყიდველს - სამშენებლო კომპანიას ახალი კვლევა არ ჩაუტარებია, მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნის გამორიცხვის მიზნით ეყრდნობა მითითებულ სადავო კვლევას, რაზედავ იმსჯელეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა და მართებულად დაასკვნეს, რომ მხარეთა შორის 2020 წლის 5 ივნისის შეთანხმების გათვალისწინებით უნდა შეფასებულიყო გამყიდველის მიერ მყიდველისათვის მიწოდებული ბეტონის სიმტკიცის ხარისხი, რაც მოსარჩელის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, მოპასუხის მხრიდან წარდგენილ დასკვნასთან შეპირისპირებით შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.
22. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულიაა ბეტონის ხარისხის სიმყარე, შესაბამისად დადგენილია გამყიდბველის მიერ მყიდველისათვის მიწოდებული ბეტონის ხარისხის შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან და მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებთან.
23. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის სწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, სწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელემ სათანადოდ დაძლია მტკიცების ტვირთი. რაც შეეხება მოპასუხეს, სასამართლომ მართებულად არ გაითვალისწინა მის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის 17 ივლისის დასკვნა, ვინაიდან მხარეებს სამართალურთიერთობა უნდა მოეწესრიგებინათ, მათ შორის გაფორმებული 2020 წლის 5 ივნისის ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაკეთებული დასკვნის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარდგენილ დასკვნას სწორად მიენიჭა უპირატესობა მოპასუხის დასკვნასთან მიმართებით, ვინაიდან შეფასების პერიოდი განსაზღვრულია 2020 წლის შეთანხმების შემდგომ, რაც მხარეთა ერთობლივ შეთანხმებას შეესაბამება.
24. საკასაციო სასამართლოს შეფაებით, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებმა მართებულად გაიზიარეს უძრავი ქონების საკუთრების გადაცემის თაობაზე, მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეესაბამება და გამომდიანრეოაბს 2017 წლის 27 იანვრის ხელშეკრულების პირობებიდან. აღნიშნული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო კომპანიის (მყიდველის) მიერ ანგარიშსწორება შესაძლებელი იყო ასაშენებელი საცხოვრებელი კორპუსის საცხოვრებელი ფართებით, ასევე 50% ანაზღაურდება ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, 50% საცხოვრებელი ფართებით, რასთან დაკავშირებითაც გამყიდველისგან დამატებით შეთანხმება არ მოითხოვებოდა. ამავე ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის გადაცემით ანგარიშსწორების შემთხვევაში „გამყიდველი“ „მყიდველს“ ფართს გადასცემს 1 კვ.მ-ს 520 აშშ დოლარად თეთრ კარკასულ მდგომარეობაში.
25. წინამდებარე საქმეში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ 2017 წლის 27 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კომპანიამ მოპასუხეს მიაწოდა 1968.5 მ 3 ბეტონი. მიღებული ბეტონის ღირებულებიდან მყიდველის მიერ გადახდილია - 141 855.50 ლარი, ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაა კი 100 579.5 ლარია. ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შორის ურთიერთანგარიშსწორების დღეს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ხოლო ურთიერთანგარიშსწორების დღედ ითვლება ბეტონის უკანასკნელად მიწოდების დასრულების თარიღი - 2017 წლის 15 ივლისი (იხ. დანართი #2, დადასტურებული ანგარიშფაქტურა #ეა-139337235). მოცემულ დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად 1 აშშ დოლარი 2.4015 ლარია, 520 აშშ დოლარის ეკვივალენტი კი 1 248.78 ლარია. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხის 100 579.5 ლარის ეკვივალენტი, მოსარჩელისათვის გადასაცემი უძრავი ქონების ფართი შეადგენს 80.54 კვ.მ.-ს (100579.5/1248.78=80.54).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მისი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება. იგი წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება (იხ. სუსგ-ები: N ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.; N ას- 202-191-2017, 27.09.2017წ.; N ას- 168-158-2017, 20.07.2018წ. N ას -668-668-2018, 20.07.2018წ.; N ას-647-647-2018, 21.10.2019წ.; N ას- 842-2019, 28.04.2021წ.; N ას-1016-2021, 20.09.2022წ.; N ას-1152-2023, 27.12.2023წ.; N ას-1218-2023, 10.01.2024წ.; N ას-123-2023, 22.11.2024წ.).
27. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.; N ას- 202-191-2017, 27.09.2017წ.; N ას- 168-158-2017, 20.07.2018წ. N ას -668-668-2018, 20.07.2018წ.; N ას-647-647-2018, 21.10.2019წ.; N ას- 842-2019, 28.04.2021წ.; N ას-1016-2021, 20.09.2022წ.; N ას-1152-2023, 27.12.2023წ.; N ას-1218-2023, 10.01.2024წ.; N ას-123-2023, 22.11.2024წ.).
28. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე, ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29.06.2015 წ.; N ას- 202-191-2017, 27.09.2017წ.; N ას- 168-158-2017, 20.07.2018წ. N ას -668-668-2018, 20.07.2018წ.; N ას-647-647-2018, 21.10.2019წ.; N ას- 842-2019, 28.04.2021წ.; N ას-1016-2021, 20.09.2022წ.; N ას-1152-2023, 27.12.2023წ.; N ას-1218-2023, 10.01.2024წ.; N ას-123-2023, 22.11.2024წ.).).
29. კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29.06.2015 წ.; Nას-802-2019, 19.07.2019წ.). კეთილსინდისიერების პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას იგი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის შეფასებით კრიტერიუმს, რომლის შესაბამისადაც, სამართლიანისა და უსამართლოს გამიჯვნის გზით, პირი იღებს ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას. კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართლად და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად (იხ. სუსგ საქმე Nას-221-213-2012, 21.05.2012წ.), რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა (იხ. სუსგ: საქმე Nას-23-18-2011,24.06.2011წ.).
30. კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა (იხ. სუსგ საქმე Nას-528-501-2015, 4.11.2015წ.). შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (იხ. სუსგ საქმე Nას-549-521-2015, 18.11.2015წ.; N ას- 202-191-2017, 27.09.2017წ.; N ას- 168-158-2017, 20.07.2018წ. N ას -668-668-2018, 20.07.2018წ.; N ას-647-647-2018, 21.10.2019წ.; N ას- 842-2019, 28.04.2021წ.; N ას-1016-2021, 20.09.2022წ.; N ას-1152-2023, 27.12.2023წ.; N ას-1218-2023, 10.01.2024წ.; N ას-123-2023, 22.11.2024წ.).
31. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების მიხედვით, თითოეული მხარე ვალდებულია მოქმედებდეს კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის ფარგლებში, რაც არ შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს ხელშეკრულებით (Principles of European Contract Law (PECL), Art. 1:201). კეთილსინდისიერებისა და ნდობის პრინციპი მიჩნეულია ყოველისმომცველ პრინციპად, თუ არ არის დადგენილი კონკრეტული შემთხვევისთვის სპეციალური დანაწესი (Lando O., Is Good Faith an Over-Arching General Clause in The Principles of European Contract Law, European Review of Private Law, 6-2007, Kluwer Law International, 842.) (იხ. სუსგ საქმე Nას-668-668-2018, 20.07.2018წ.).
32. საკასაციო სასამართლოსგანმარტებით, , კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი – ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე – ვალდებულებისაგან გათავისუფლებით (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29.06.2015 წ.; N ას- 202-191-2017, 27.09.2017წ.; N ას- 168-158-2017, 20.07.2018წ. N ას -668-668-2018, 20.07.2018წ.; N ას-647-647-2018, 21.10.2019წ.; N ას- 842-2019, 28.04.2021წ.; N ას-1016-2021, 20.09.2022წ.; N ას-1152-2023, 27.12.2023წ.; N ას-1218-2023, 10.01.2024წ.; N ას-123-2023, 22.11.2024წ.)).
33. ზიანის ანაზღაურების თაობაზე კასატორის/მოპასუხის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 394-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
34. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ სადავო გარემოებას, რომ მოპასუხე სამშენებლო კომპანიამ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მოსარჩელისა და ა.ლ–ვას მხრიდან 210 314.93 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი, ისევე, როგორც მათი სოლიდარული პასუხისმგებლობის ფაქტობრივი საფუძველი.
35. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია მოსარჩელე კომპანიის მიერ მიწოდებული ბეტონის შესაბამისობა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, მოპასუხის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე ეცლება უსაფუძვლოა.
36. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოების განმარტებას, რომ მიწოდებული ბეტონის უხარისხობის ფაქტის დადგენის შემთხვევაშიც, მოპასუხის/შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული. მოსარჩელე სამშენებლო კომპანიას არ წარმოუდგენია სსკ-ის 394-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებები.
37. მოპასუხემ (სამშენებლო კომპანია) მისი მტკიცების ფარგლებში წარმოადგინა შპს ,,ნ.რ–ის’’ მიერ შემუშავებული კოლონებისა და დიაფრაგმის გამაგრების პროექტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ობიექტის გამაგრება. მოსარჩელემ სადავოდ გახადა აღნიშნული მტკიცებულება იმაზე მითითებით, რომ მოპასუხე და შპს,,ნ.რ–ი’’ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, ვინაიდან მათი დამფუძნებლები ერთი და იგივე პირებიარიან. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით სამეწარმეო რეესტრიდან დგინდება, რომ ორივე კომპანიის დამფუძნებლებს წარმოადგენენ შ.მ–ძე და დ.ნ–ძე. ამასთან, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა საგადახდო დავალებები, სასაქონლო ზედნადებები და ცალმხრივად შედგენილი გაანგარიშება, რომელთა შეფასებაც არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოპასუხეს, მოსარჩელე კომპანიისა და ა.ლ–ვას ქმედებით მიადგა - 210 314.93 ლარის ზიანი.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ/კასატორმა ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარმოადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც ძირითადი სარჩელის უარსაყოფად და შეგებებული სარჩელის დასაკმაყოფილებლად სამართლებრივად ვარგისი და საკმარისი იქნებოდა.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია მოპასუხი/მყიდველის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ნ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე