Facebook Twitter

საქმე №ას-802-2024 14 თებერვალი, 2025 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი – სს „ლ.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ა–ძე, თ.შ–ძე, მ.ჭ–ი, ლ.თ–ძე (მოსარჩელეები)

II კასატორი – რ.ა–ძე, თ.შ–ძე, მ.ჭ–ი, ლ.თ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, თანხის დაყოვნების მიზეზით ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით რ.ა–ძის, მ.ჭ–ის, ლ.თ–ძისა და თ.შ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე/აპელანტი მხარე, დასაქმებულები ან მეორე კასატორი მხარე) სარჩელი სს „ლ.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, ბანკი ან პირველი კასატორი) წინააღმდეგ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და მასზე დარიცხული საურავის ანაზღაურების, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით დასაქმებულთაგან თ.შ–ძისა და ლ.თ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო რ.ა–ძისა და მ.ჭ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის ზიანის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და, ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა.

2.1. მოპასუხე ბანკს, რ.ა–ძის სასარგებლოდ, დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის 13 278 ლარის გადახდა (ხელზე ასაღები) და ამ თანხის გადახდის დაყოვნებისათვის, 2021 წლის 22 ივნისიდან - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 13 278 ლარის 0.07% - 9,29 ლარის ანაზღაურება;

2.2. მოპასუხე ბანკს, მ.ჭ–ის სასარგებლოდ, დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის 1853 ლარის გადახდა (ხელზე ასაღები) და ამ თანხის გადახდის დაყოვნებისათვის, 2021 წლის 22 ივნისიდან - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 1853 ლარის 0.07% - 1,30 ლარის ანაზღაურება; სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. რ.ა–ძე დასაქმებული იყო სს ,,ლ.ბ–ის“ აჭარის რეგიონული ფილიალის საოპერაციო მენეჯერის თანამდებობაზე. დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების დანართი ,,ბ“ -ს 2.1 პუნქტის თანახმად, მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა საბანკო ოპერაციების განხორციელება არსებული რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვით, რაც გულისხმობდა საბანკო ოპერაციების განხორციელებამდე კლიენტის იდენტიფიკაციის სტანდარტის დაცვას, ანუ საბანკო ოპერაციის დადასტურებას ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე;

3.2. დამსაქმებელი ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის სახელზე რ.ა–ძის მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებაში და კომუნიკატორის მეშვეობით, რ.გ–თან რ.ა–ძის პირადი მიმოწერებით ირკვევა, რომ გადარიცხვის დამოწმებაზე მოთხოვნას საოპერაციო მენეჯერი ჩვეულებრივ იღებდა “მეილით”, შესაბამისი საბუთის წარმოდგენის საფუძველზე, თუმცა ბათუმის ს/ც 7-დან (სადაც დასაქმებული იყო რ.გ–ი) გადარიცხვის დამოწმებაზე მოთხოვნა დასაქმებულს მიღებული აქვს კომუნიკატორის საშუალებით, კერძოდ, 2021 წლის 01 დეკემბერს 700 ლარზე - რ.ბ–ვის გადარიცხვაზე; 02 თებერვალს - 10 000 ლარზე სერგეი ვადევის გადარიცხვაზე; 22 თებერვალს - 6200 ლარზე მანველი სარუხანიანის და 25 თებერვალს - 1500 ლარზე გოჩა ვარშანიძის გადარიცხვებზე; მითითებული გადარიცხვის საფუძვლები დასაქმებულმა (ბანკის საოპერაციო მენეჯერმა) ვერ მოიძია, რის გამოც ვერ ახდენდა იდენტიფიცირებას;

3.3. დამსაქმებელი ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 22 ივლისის N122100280 ბრძანებით, რ.ა–ძესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა და იგი გათავისუფლდა ბანკის აჭარის რეგიონული ფილიალის საოპერაციო მენეჯერის თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 47.1-,,ზ“ მუხლით. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი გახდა კორპორატიული სახელმძღვანელოსა და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების, ბანკში მოქმედი ეროვნულ ვალუტაში გადარიცხვის პროცედურის და კლიენტის იდენტიფიკაციის დადგენილი წესის უხეში დარღვევა, რაც ასახული იქნა საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტის მიერ მოკვლეულ მასალებში და გამოიხატა შემდეგში:

3.3.1. საოპერაციო მენეჯერი კოლეგის (რ.გ–ის) თხოვნით, სამსახურებრივ კომუნიკატორში (და არა ოფიციალური სამსახურებრივი “იმეილის”) მიწერის საფუძველზე ახდენდა გადარიცხვის ოპერაციების დადასტურებას ისე, რომ რ.გ–ი არ უგზავნიდა კლიენტის მიერ ხელმოწერილ საგადახდო დავალებებს, რაც ასევე დასტურდებოდა მისივე ახსნა-განმარტებით. ამგვარი ქმედებით, ბანკს მიადგა ფინანსური ზიანი;

3.4. მ.ჭ–ი დასაქმებული იყო მოპასუხე ბანკის აჭარის რეგიონული ფილიალის ბათუმის ს/ც 7-ის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე;

3.5. დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების დანართი ,,ბ“-ს 2.1 პუნქტის თანახმად, მოლარე-ოპერატორის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა საბანკო ოპერაციების განხორციელება არსებული რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვით, რაც გულისხმობდა საბანკო ოპერაციების განხორციელებამდე, კლიენტის იდენტიფიკაციის სტანდარტის დაცვას, ანუ საბანკო ოპერაციის დადასტურებას ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე;

3.6. დამსაქმებელი ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის სახელზე მ.ჭ–ის მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებაში და კომუნიკატორის მეშვეობით რ.გ–თან პირადი მიმოწერებით ირკვევა, რომ სამსახურებრივად მოლარე-ოპერატორის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა გადარიცხვების, მათ შორის, ს/ც-ების გადარიცხვების დადასტურება. ვინაიდან გადარიცხვა ხორციელდებოდა დისტანციურად, ამისათვის საჭირო იყო ს/ც-დან მოწოდებული ყოფილიყო დასკანერებული საბუთი, პირადობის მოწმობა და გადარიცხვის საფუძველი. 2022 წლის 22 სექტემბერს განხორციელებული სამი გადარიცხვის და 26 სექტემბერს ერთი გადარიცხვის დადასტურება მოლარე-ოპერატორის მიერ განხორციელდა კომუნიკატორის მეშვეობით, რ.გ–ის თხოვნით, რასთან დაკავშირებითაც რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, მოლარე-ოპერატორს მოუთხოვია და არც რ. გ–ს გადაუგზავნია. დასაქმებულმა გადარიცხვა განახორციელა ნდობის საფუძველზე. მოსარჩელისთვის ცნობილია, რომ ასეთი მოქმედება წარმოადგენს დარღვევას, რასაც ინანიებს გულწრფელად;

3.7. დამსაქმებელი ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 22 ივლისის N122100279 ბრძანებით, მ.ჭ–თან შეწყდა შრომითი ურთიერთობა და იგი გათავისუფლდა სს ,,ლ.ბ–ის“ აჭარის რეგიონული ფილიალის ბათუმის ს/ც 7-ის მოლარე-ოპერატორის თანამდებობიდან, სშკ-ის 47.1,,ზ“ მუხლით. გათავისუფლების საფუძველი გახდა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და კორპორატიულ სახელმძღვანელოთი ნაკისრი ვალდებულებების, ასევე, ბანკში მოქმედი ეროვნულ ვალუტაში გადარიცხვის პროცედურის და იდენტიფიკაციისათვის დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევა, რაც ასახული იქნა საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტის მიერ მოკვლეულ მასალებში და გამოიხატა შემდეგში: სამსახურებრივ კომუნიკატორში (და არა ოფიციალური სამსახურებრივი “იმეილის”) მიწერის საფუძველზე მოლარე-ოპერატორი ახდენდა გადარიცხვის ოპერაციების დადასტურებას ისე, რომ ბანკის თანამშრომელი (რ.გ–ი) არ უგზავნიდა კლიენტის მიერ ხელმოწერილ დავალებებს, რაც ასევე დასტურდებოდა მისივე ახსნა-განმარტებით. ამგვარი ქმედებით ბანკს მიადგა ფინანსური ზიანი;

3.8. თ.შ–ძე დასაქმებული იყო სს „ლ.ბ–ის“ აჭარის რეგიონის ბათუმის ს/ც 7-ის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულების დანართი ,,ბ“-ს 2.1 პუნქტის თანახმად, მოლარე-ოპერატორი ვალდებული იყო, განეხორციელებინა საბანკო ოპერაციები არსებული რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვით, კერძოდ, ფიზიკური პირის ანგარიშიდან ზეპირი განაცხადით ეროვნულ ვალუტაში გადარიცხვების განსახორციელებლად, ოპერატორი ახდენს ფიზიკური პირის იდენტიფიცირებას პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, ახდენს დავალების ფორმირებას საბანკო პროგრამაში, ბეჭდავს საგადახდო დავალებას ორ ეგზემპლიარად და გადასცემს კლიენტს შესამოწმებლად. დავალების სისწორის შემთხვევაში, ორივე ეგზემპლარს ამოწმებს კლიენტი ხელმოწერით, მეორე მხრივ - ოპერატორი ხელმოწერით და შტამპით;

3.9. თანხის განაღდების მიზნით, მოლარე-ოპერატორი კლიენტისგან იღებს ზეპირ განაცხადს, ახდენს კლიენტის იდენტიფიცირებას (მისი ბიომეტრიული/ვიზუალური მონაცემების დადგენას პირად მონაცემებთან, რომელიც ფიქსირდება კლიენტის მიერ წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ საბუთში ან სახელმწიფო სერვისების სააგენტოდან კანონის დაცვით გამოთხოვილ ინფორმაციაში, მათ შორის, იგულისხმება კლიენტის ფოტოც). კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ახდენს ანგარიშის (ან პროგრამული მაკეტის, თუ გატანა ხდება მაკეტის მეშვეობით) მოძიებას, საიდანაც უნდა მოხდეს თანხის განაღდება. ადგენს კლიენტის უფლებამოსილებას ანგარიშიდან თანხის გატანა/განაღდების შესახებ და ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობას;

3.10. სავალუტო გადარიცხვების მიზნით, ოპერატორი ახდენს კლიენტის იდენტიფიცირებას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ადგენს მის უფლებამოსილებას, ამოწმებს კლიენტის ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობას და საჭიროებისას უზრუნველყოფს დანართი N1-ის შევსებას;

3.11. მოცემულ დავაზე წარმოდგენილ, თ.შ–ძის ახსნა-განმარტებებში და კომუნიკატორის მეშვეობით რ.გ–თან პირადი მიმოწერებით ირკვევა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, საოპერაციო მენეჯერის დავალებით, მოლარე-ოპერატორი კლიენტის გარეშე ასრულებდა სხვადასხვა ოპერაციებს. 2021 წლის 3 თებერვალს, შპს „თ–ოს“ ანგარიშიდან გადარიცხა 20000 ლარი, დანიშნულებით - პროდუქციის ღირებულება. ასეთი გადარიცხვის შესრულებას ახორციელებდა ხშირად, საოპერაციო მენეჯერის, რ.გ–ის დავალებით... 2021 წლის 5 მარტს, საოპერაციო მენეჯერის დავალებით, დაარღვია ე.ც–ას 2000 ლარიანი ვადიანი ანაბარი. ანაბრის დარღვევის დროს, მომხმარებელი არ იმყოფებოდა ბანკში. ანაბრის დარღვევის დროს ჩამოატარა ე.ც–ას საბანკო ბარათი, რომელიც მიუტანა რ.გ–მა. ანაბრის დარღვევის განაცხადზე ხელი თავად მოაწერა და ბარათთან ერთად გადასცა რ.გ–ს. ხშირ შემთხვევაში რ. გ–ს უთხოვია RS და სხვა საბანკო პროგრამების “იუზერების” და პაროლების გადაცემა, რასაც კომუნიკატორით გადასცემდა. დასაქმებულისთვის ცნობილია, რომ კლიენტის გარეშე ოპერაციების შესრულება არ შეიძლება;

3.12. დამსაქმებელი ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 22 ივლისის 122100266 ბრძანებით, თ.შ–ძესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა და იგი გათავისუფლდა ბანკის აჭარის რეგიონის ბათუმის ს/ც 7-ის მოლარე-ოპერატორის თანამდებობიდან, სშკ-ის 47.1,,ზ“ მუხლით. გათავისუფლების საფუძველი გახდა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და კორპორატიული სახელმძღვანელოთი ნაკისრი ვალდებულებების, ბანკში მოქმედი შემოსავალ-გასავლის ოპერაციების წარმოების, დეპოზიტების დარღვევის და გადარიცხვების პროცედურების, ასევე, პაროლების უსაფრთხოების პოლიტიკის და იდენტიფიკაციისათვის დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევა, რაც ასახული იქნა საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტის მიერ მოკვლეულ მასალებში და გამოიხატა შემდეგში: რ.გ–ის მითითებით, მოლარე-ოპერატორი ახდენდა კლიენტების ანგარიშებიდან სალაროს გასავლის, გადარიცხვის, ანაბრის დარღვევის და კონვერტაციის ოპერაციებს, კლიენტის ბანკში არ ყოფნისას/კლიენტის სურვლის საწინააღმდეგოდ, რაც ასევე დასტურდებოდა მისივე ახსნა-განმარტებით;

3.13. ლ.თ–ძე დასაქმებული იყო მოპასუხე ბანკის აჭარის რეგიონის ბათუმის ს/ც 7-ის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულების დანართი ,,ბ“-ს 2.1 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებული იყო, განეხორციელებინა საბანკო ოპერაციები არსებული რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვით. ამასთან, არ უნდა შეესრულებინა საბანკო ოპერაციები, თუ სახეზე არ იქნებოდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, დაეცვა კლიენტის იდენტიფიკაციის სტანდარტი საბანკო ოპერაციის განხორციელებამდე;

3.14. დამსაქმებელი ბანკის უსაფრთხოების განყოფილების უფროსის სახელზე ლ.თ–ძის მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებაში და კომუნიკატორის მეშვეობით რ.გ–თან პირადი მიმოწერებით ირკვევა, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც რ.გ–ის მითითებით, გადაურიცხია თანხები ისე, რომ მომხმარებელი ადგილზე არ ყოფილა. მოლარე-ოპერატორი გადარიცხვებს ახორციელებდა შპს „თ–ო“ ანგარიშიდან, ასევე ამავე შპს-დან თანხებს, რომელსაც თავად რ. გ–ი ურიცხავდა, დასაქმებულს ადასტურებინებდა. მსგავსი შემთხვევები იყო სხვა შპს-ზეც, თუმცა მოსარჩელე მათ დასახელებას ვერ იხსენებს...;

3.15. დამსაქმებელი ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 22 ივლისის N122100262 ბრძანებით, ლ.თ–ძესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა და იგი გათავისუფლდა ბანკის აჭარის რეგიონის ბათუმის ს/ც 7-ის მოლარე-ოპერატორის თანამდებობიდან, სშკ-ის 47.1,,ზ“ მუხლის საფუძველზე;

3.16. გათავისუფლების საფუძველი გახდა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და კორპორატიული სახელმძღვანელოთი ნაკისრი ვალდებულებების, ბანკში მოქმედი შემოსავალ-გასავლის ოპერაციების წარმოების, დეპოზიტების დარღვევის და გადარიცხვების პროცედურების, ასევე პაროლების უსაფრთხოების პოლიტიკის და იდენტიფიკაციისათვის დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევა, რაც ასახული იქნა საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტის მიერ მოკვლეულ მასალებში და გამოიხატა შემდეგში: საბანკო პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლის მონაცემების და პაროლის კოლეგისთვის გადაცემა, ბანკში კლიენტების ფაქტიური არყოფნის პირობებში, თანხმობის გარეშე, მათ ანგარიშებზე საბანკო ოპერაციების - სალაროს გასავლის, გადარიცხვის, ანაბრის დარღვევის და კონვერტაციის შესრულება, რის შედეგადაც ბანკს მიადგა ფინანსური ზიანი, რაც ასევე დასტურდებოდა მისივე ახსნა- განმარტებით;

3.17. საქმის მასალებით ირკვევა, რომ რ.გ–ი 2011 წლის 12 ოქტომბრიდან დაინიშნა მოპასუხე ბანკის ბათუმის N7 სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე. იგი 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ასრულებდა უფროსი მოლარე ოპერატორის მოვალეობას, ხოლო 2020 წლის 31 იანვრის ბრძანებით, საოპერაციო მენეჯერის მოვალეობას;

3.18. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენით დადგენილი იქნა, რომ რ.გ–მა, 2015 წლის ივნისის თვიდან - 2021 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვათა მეშვეობით/მონაწილეობით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა თავის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული, მოპასუხე ბანკის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები, რითაც ბანკს მიაყენა 2 467 667.05 ლარის, 180 480.27 აშშ დოლარისა და 80 000 ევროს ზიანი;

3.19. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისათვის რ.გ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა უკანონო საბანკო ტრანზაქციების განხორციელებაში, რამაც ბანკს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა;

3.20. საბანკო სექტორში მოქმედი - ,,გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში“ პროცედურის მე-7 თავის - ,,საგადახდო დავალების მეორადი კონტროლი“ თანახმად, საგადახდო დავალების მეორადი კონტროლისათვის ოპერატორმა მაკონტროლებელ პირს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: კლიენტის მიერ ხელმოწერილი დავალება; გადარიცხვის საფუძველი, თუ კლიენტს წარმოდგენილი აქვს გადარიცხვასთან დაკავშირებული დოკემენტაცია. მაკონტროლებელი პირი ადარებს საგადახდო საბუთის შევსების სისწორეს პროგრამაში შეყვანილ მონაცემებთან წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელმა პირმა აღმოაჩინა შეუსაბამობა ქაღალდის საგადახდო დავალებასა და ოპერატორის მიერ პროგრამაში შეყვანილ მონაცემებს შორის, ატყობინებს ოპერატორს, უბრუნებს დავალებას და დოკუმენტაციას;

3.21. საოპერაციო მენეჯერი აფორმირებს შესრულებული ოპერაციის პროგრამულად დაგენერირებულ დოკუმენტაციას, ფორმირებულ დოკუმენტზე ხელს აწერინებს კლიენტს, ამოწმებს ხელმოწერით და შტამპით, ასკანირებს ხელმოწერილ დოკუმენტ(ებ)ს, კლიენტის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის დედანს და დადასტურების მიზნით აგზავნის ბექ-ოფისის და საოპერაციო მხარდაჭერის დეპარტამენტის მეილ-ჯგუფზე (ბექ-ოფისის მიერ საჭიროების შემთხვევამი შესაძლებელია დამატებით სხვა საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა). საოპერაციო მენეჯერი კლიენტის მომსახურებას ასრულებს საოპერაციო მხარდაჭერის განყოფილების ბექ-ოფისიდან მიღებული დასტურის შემდეგ;

3.22. მოპასუხე ბანკში მოქმედი შემოსავალ-გასავლის ოპერაციების წარმოების პროცედურის მესამე თავის - „თანხის განაღდების წესის“ თანახმად, მოლარე-ოპერატორი: კლიენტისგან იღებს ზეპირ განაცხადს თანხის განაღდების შესახებ; ახდენს კლიენტის იდენტიფიკაციას (მისი ბიომეტრიული/ვიზუალური მონაცემების იდენტობის დადგენას პირად მონაცემებთან, რომელიც ფიქსირდება კლიენტის მიერ წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ საბუთში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან კანონის დაცვით გამოთხოვილ ინფორმაციაში, მათ შორის იგულისხმება კლიენტის ფოტოც); კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ახდენს ანგარიშის (ან პროგრამული მაკეტის, თუ გატანა ხდება მაკეტის მეშვეობით) მოძიებას, საიდანაც უნდა მოხდეს თანხის განაღდება; ადგენს კლიენტის უფლებამოსილებას ანგარიშიდან თანხის გატანის/განაღდების შესახებ და ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობას;

3.23. სავალუტო გადარიცხვების პროცედურის მე-2 თავის 2.9 პუნქტის მიხედვით, ოპერატორი ახდენს კლიენტის იდენტიფიცირებას პირადობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, ადგენს მის უფლებამოსილებას, ამოწმებს კლიენტის ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობას და საჭიროებისას უზრუნველყოფს დანართი №1-ის შევსებას;

3.24. პროცედურის მე-7 თავის - ,,საგადახდო დავალების მეორადი კონტროლის“ თანახმად, საგადახდო დავალების მეორადი კონტროლისათვის ოპერატორმა მაკონტროლებელ პირს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: კლიენტის მიერ ხელმოწერილი დავალება; გადარიცხვის საფუძველი, თუ კლიენტს წარმოდგენილი აქვს გადარიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. მაკონტროლებელი პირი ადარებს საგადახდო საბუთის შევსების სისწორეს პროგრამაში შეყვანილ მონაცემებთან წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. თუ მაკონტროლებელმა პირმა აღმოაჩინა შეუსაბამობა ქაღალდის საგადახდო დავალებასა და ოპერატორის მიერ პროგრამაში შეყვანილ მონაცემებს შორის, ატყობინებს ოპერატორს, უბრუნებს დავალებას და დოკუმენტაციას;

3.25. დეპოზიტის დარღვევის წესის 1.1 პუნქტის თანახმად: დეპოზიტის დარღვევისას კლიენტი აკეთებს ზეპირ განაცხადს სერვის ცენტრის ოპერატორთან და პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად წარადგენს დეპოზიტის ხელშეკრულებას. ოპერატორი ახდენს კლიენტის იდენტიფიცირებას და არკვევს დეპოზიტის დარღვევის მიზეზს;

3.26. ბანკში მოქმედი წესის თანახმად (საოპერაციო დირექტორის მოადგილის 2020 წლის 31 იანვრის წერილობითი მითითება) საოპერაციო მენეჯერის მიერ RS საბანკო პროგრამიდან შესრულებულ იმ ოპერაციებს, რომლებიც ლიმიტიდან ან/და სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროებს კონტროლიორის დასტურს, ადასტურებს ბექ-ოფისისა და საოპერაციო მხარდაჭერის დეპარტამენტი. საოპერაციო მენეჯერი აფორმირებს შესრულებული ოპერაციის პროგრამულად დაგენერირებულ დოკუმენტაციას, ფორმირებულ დოკუმენტზე ხელს აწერინებს კლიენტს, ამოწმებს ხელმოწერით და შტამპით, ასკანირებს ხელმოწერილ დოკუმენტ(ებ)ს, კლიენტის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის დედანს და დადასტურების მიზნით აგზავნის ბექ-ოფისის და საოპერაციო მხარდაჭერის დეპარტამენტის მეილ-ჯგუფზე (ბექ-ოფისის მიერ საჭიროების შემთხვევამი შესაძლებელია დამატებით სხვა საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა). საოპერაციო მენეჯერი კლიენტის მომსახურებას ასრულებს საოპერაციო მხარდაჭერის განყოფილების ბექ-ოფისიდან მიღებული დასტურის შემდეგ;

3.27. მოპასუხე ბანკის კორპორატიული სახელმძღვანელოს 12.2 პუნქტით დისციპლინურ გადაცდომად ითვლება, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, კორპორატიული სახელმძღვანელოთი, მისი (მათი) ნებისმიერი დანართიდან და კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის, ასევე, ბანკის შიდა ინსტრუქციების, კორპორატიული ქცევის ნორმების, ბანკის სხვა შიდანორმატიული დოკუმენტების ან/და ხელმძღვანელის ზეპირი ან/და წერილობითი მითითებ(ებ)ის შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება;

3.28. ამავე სახელმძღვანელოს 12.7.7-8. მუხლით, სამსახურიდან გათავისუფლება პასუხისმგებლობის უკიდურესი ფორმაა, რომელიც გამოიყენება ხელშეკრულებით (მათ შორის, თანამდებობრივი ინსტრუქციის კორპორაციული სახელმძღვანელოთი, მისი/მათი ნებისმიერი დანართით ან/და კანონმდებლობით. ასევე, - ბანკის შიდა ინსტრუქციებით. კორპორატიული ქცევის კოდექსით ბანკის სხვა შიდანორმატიული დოკუმენტებით ან/და ხელმძღვანელის ზეპირი ან წერილობითი მითითებები) განსაზღვრული ვალდებულებების უხეში დარღვევისას;

3.29. მოპასუხე ბანკის კორპორატიული სახელმძღვანელოს 2.17-2.18 პუნქტებით, ბანკსა და დასაქმებულს შორის შეთანხმებით, დასაქმებული უფლებამოსილია შეასრულოს სამუშაო დროის იმ მონაკვეთში, რომელიც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ სამუშაო დროის ხანგრძლივობას. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ არ მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაო საათების შემდგომ: ა) ბანკის წერილობითი მითითების გარეშე სამუშაოს შესრულება ან/და ბ) საკუთარი ინიციატივით სამუშაო ადგილზე ყოფნა;

3.30. საქმეში წარმოდგენილი დამსაქმებელი ბანკის ფასეულობის საცავის (სეიფის) დასაცავად მიღება-ჩაბარების საკონტროლო ჟურნალით დასტურდება, რომ 01.08.2020-30.09.2021წწ. რ.ა–ძე და მ.ჭ–ი, რომლებსაც ებარათ ბანკის საცავის გასაღებები, ხშირ შემთხვევებში სამსახურში იმყოფებოდნენ სამუშაო საათების ამოწურვიდან (18:00სთ.) 1, 2 ან 3 საათის განმავლობაში.

4. მოცემულ საქმეზე სამართლებრივი დასაბუთების მიზნით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომის ხელშეკრულებიდან. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, კერძოდ, სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის (უფლებრივი რესტიტუცია), იძულებითი განაცდურისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების, ასევე თანხის დაყოვნების მიზეზით ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს), სშკ-ის 27.2-ე (ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდეგ გადასახდელ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებასთან ერთად), 41.4-ე (დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ეს წესი არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე), 48.8-ე (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 48.9-ე (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე) მუხლებიდან გამომდინარეობს.

5. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტების (დასაქმებულების) პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ მათი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტები შეესაბამებოდა სიმართლეს და, რომ მათ კავშირი ჰქონდათ არასანქცირებულ გადარიცხვებთან. ამდენად, მხარეთა შორის სადავოა, ადგილი ჰქონდა, თუ არა მოსარჩელეთა/დასაქმებულთა მხრიდან უხეში დარღვევის ფაქტებს, რაც გამოიხატა არასანქცირებული საბანკო გადარიცხვის ოპერაციების დადასტურებაში, რის შედეგადაც ბანკს დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიადგა.

6. მოცემული დავის განხილვისას, საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებების (საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტის მიერ მოკვლეული მასალები, შემოწმების აქტები, დასკვნები, შეტყობინებები, საბანკო ამონაწერები, გადარიცხვის ქვითრები, სამსახურეობრივი კომუნიკატორიდან ამონაწერები, დამსაქმებელი ბანკისმომხმარებელთა ახსნა-განმარტებები, თვით მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებები, რ.გ–ის მიმართ დამდგარი განაჩენი და სხვ) და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა შეძლო იმ ფაქტების დადასტურება, რომ მოსარჩელეები არაერთჯერადად და სისტემატურად არღვევდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, კერძოდ კონკრეტული საბანკო ინსტრუქციებისა და წესების, ასევე, შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევით ახორცილებდნენ საბანკო ოპერაციებს, რამაც მოპასუხე ბანკს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ რ.გ–ის მხრიდან უკანონო საბანკო ოპერაციების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელეთა უშუალო მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან, სწორედ მათ სამსახურებრივ უფლებამოსილებაში შედიოდა: რ.ა–ძისა და მ.ჭ–ის შემთხვევაში, მეორე დონის კონტროლის განხორციელება, ხოლო ლ.თ–ძისა და თ.შ–ძის შემთხვევაში, კლიენტთა იდენტიფიკაცია, რაც პრევენციულად შეაჩერებდა კანონდარღვევას და გამორიცხავდა ბანკისათვის ზიანის მიყენებას. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეების (დასაქმებულების) ამ ქმედებებით უხეშად დაირღვა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, კორპორატიული სახელმძღვანელოთი, ბანკის შიდა ინსტრუქციებით, კორპორატიული ქცევის ნორმებით ნაკისრი ვალდებულებები, აღნიშნული დისციპლინური გადაცდომა კი, კორპორატიული სახელმძღვანელოს 12.7.7-8 მუხლით, დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერი საფუძველია.

8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა/აპელანტთა მითითება იმის თაობაზე, რომ დამსაქმებლის მიმართ წარდგენილი მათი ახსნა-განმარტებები დაწერილი იქნა იძულებით, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მოსარჩელეთა/აპელანტთა მიმართ რაიმე სახის ფსიქოლოგიურ იძულებას, რამაც განაპირობა მათ მიერ მსგავსი შინაარსის მოხსენებითი ახსნა-განმარტების დაწერა. ფსიქოლოგიური იძულების სამტკიცებლად, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკმარისი არაა, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაზე მოსარჩელეთა/აპელანტთა მოქმედებებთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტები, მათი სიმძიმის გათვალისწინებით, საკმარის პირობას წარმოადგენდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისეთი დისციპლინური სახდელის დასადებად, როგორიცაა სამუშაოდან გათავისუფლება და დასაქმებულების მიერ ჩადენილი გადაცდომა, დამსაქმებლის მხრიდან სწორად იქნა შეფასებული უხეშ დარღვევად, რაც გამორიცხავს მათი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, სადავო ბრძანებების ბათილად ცნობას და აღნიშნული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

10. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები: სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება პირდაპირ კავშირშია სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული სადავო ბრძანებების კანონიერებასთან, რომელთა გაუქმების თაობაზე დასაქმებულთა სასარჩელო მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, აღნიშნული გარემოება, ასევე გამორიცხავს, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას.

11. სააპელაციო სასამართლომ აპელანტების - რ.ა–ძისა და მ.ჭ–ის მოთხოვნა, ზეგანაკვეთური სამუშაოსა და მისი დაყოვნებისათვის 0.07 %-ის ანაზღაურების თაობაზე, დასაბუთებულად მიიჩნია შემდეგ გარემოებათა გამო:

11.1. უდავოა, რომ რ.ა–ძესა და მ.ჭ–ს ებარათ ბანკის საცავის გასაღებები. როგორც მხარეთა განმარტებებით დგინდება, მათი მოვალეობა იყო საინკასო ავტომანქანების მეშვეობით, ბანკის ფილიალებიდან აკრებილი/მოტანილი თანხის საცავში შენახვა. აპელანტების მითითებით, სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ, მათი სამსახურში დარჩენა დაკავშირებული იყო საცავში შესანახად ინკასაციის თანხის დაგვიანებით მოტანასთან;

11.2. იმის გათვალისწინებით, რომ შრომით-სამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთი დამსაქმებლის მხარესაა, განსახილველ შემთვევაში, სწორედ მოპასუხე/დამსაქმებელია ვალდებული ამტკიცოს, რომ სამუშაოზე გამოცხადების/სამუშაოს დასრულების აღრიცხვის ჟურნალში დაფიქსირებულ დროს (სამუშაო საათების დასრულების შემდეგ), ბანკის საცავში თანხის შესანახად ინკასაცია სამუშაო საათებში განხორციელდა, და რომ არასამუშაო საათებში რ.ა–ძისა და მ.ჭ–ის სამსახურში ყოფნა არ ყოფილა დაკავშირებული სამუშაოს შესრულების აუცილებლობასთან;

11.3. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეს/დამსაქმებელს სარჩელში მითითებული ამ ფაქტის გასაქარწყლებლად რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენია, რის გამოც დადასტურებულად მიიჩნია რ.ა–ძისა და მ.ჭ–ის მხრიდან არასამუშაო საათებში ზეგანაკვეთური მუშაობის ფაქტი;

11.4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს (დამსაქმებელს), მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზეგანაკვეთური სამუშაო დროისა და მისი შესაბამისი ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს სარჩელში მითითებული ფაქტი, რომ რ.ა–ძის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს -13 278 ლარს, ხოლო მ.ჭ–ისათვის - 1 853 ლარს, რაც სშკ-ის 27.2-ე მუხლისა და 41.4-ე მუხლების თანახმად, ამ თანხების, ასევე მათი გაცემის დაყოვნებისათვის ზიანის - კანონით დადგენილი 0,07%-ის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა/დასაქმებულებმა, ასევე, - მოპასუხემ/დამსაქმებელმა ბანკმა.

12.2. მოსარჩელეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

12.3. მოსარჩელეთა განმარტებით, ვინაიდან დამსაქმებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა კასატორების შრომითი მოვალეობების უხეშ დარღვევად შეფასებას, უდავოა, რომ ბანკი, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი სოციალური სტატუსის მატარებელი დამსაქმებელია, სრულად არის ქმედითი მექანიზმებით აღჭურვილი, რათა ყოფილიყო დამაჯერებელი და ცხად მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაედასტურებინა დასაქმებულთა ბრალეულობა. ამ დროს ბანკი ძირითად მტკიცებულებად იყენებს დასაქმებულებისაგან კანონის დარღვევით მიღებულ ახსნა-განმარტებას, რომელსაც აფუძნებს შემდეგ სხვა მტკიცებულებებს;

12.4. მოსარჩელეები (მეორე კასატორი მხარე) მიიჩნევენ, რომ მხარის ახსნა-განმარტება არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო, როგორც მტკიცებულება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის, ვინაიდან ახსნა-განმარტება პასუხია ბანკის მიერ დასმულ კითხვებზე;

12.5. რაც შეეხება საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 21 ივნისის შეტყობინებას დისციპლინარული გადაცდომის ჩადენის თაობაზე, იგი არის ზოგადი აღწერილობითი ნაწილი, რომელიც ტექნიკურად განსაზღვრავს, თუ ვისთან ბრალეული თანამონაწილეობით დაარღვია რ.ა–ძემ გადარიცხვის პროცედურა. როგორც აღწერილობაშია ასახული, რ.ა–ძე რ.გ–ის მიერ მომზადებული საგადახდო დავალებებს ადასტურებდა კომუნიკატორში მიწერის საფუძველზე ისე, რომ რ.გ–ი არ უგზავნიდა კლიენტის მიერ ხელმოწერილ საგადახდო დავალებებს, რაც დასტურდება რ.ა–ძის ახსნა-განამარტებით;

12.6. „დისციპლინარულ აქტში“ აღნიშნულია, რომ რ.გ–ი არ უგზავნიდა რ.ა–ძეს კლიენტების მიერ ხელმოწერილ საგადახდო დავალებებს. მაგრამ ამ დროს თავად ბანკის მიერ სრულად არის წარმოდგენილი ყველა ის საგადახდო დავალება მატერიალური სახით, რომლის პროცედურული წესის დარღვევით გადარიცხვაზე ედავება ბანკი ყოფილ დასაქმებულებს. უდავოა, რომ საგადახდო დავალებები არსებობს მატერიალური ფორმით, მათზე დატანილია კლიენტის ხელმოწერა, პირადი ნომერი და ბანკის მიერ ქვითრისთვის საჭირო ყველა რეკვიზიტი;

12.7. დასაქმებულების ახსნა-განმარტებები მოპოვებული იყო სუბორდინაციის ზეგავლენით, ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად, რაც ვერ იქნებოდა გამოსადეგი მტკიცებულება სადავო გარემოებების შესაფასებლად;

12.8. მოსარჩელეთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეისწავლა და შეაფასა ბანკის მარეგულირებელი აქტები სადავო საკითხთან მიმართებით და ამას მოწმობს სასამართლოს მსჯელობა კომუნიკატორის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან კომუნიკატორი, როგორც საკომუნიკაციო არხი, ბანკის მიერ შემუშავებული და დაშვებული საშუალება იყო;

12.9. რ.ა–ძის და მ.ჭ–ისგან განსხვავებით, ლ.თ–ძე და თ.შ–ძე წარმოადგენდნენ პირველი დონის თანამშრომლებს, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ბანკში მოსულ კლიენტთან. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ.შ–ძე და ლ.თ–ძე რ.გ–ის მითითებით ახდენდნენ კლიენტების ანგარიშებიდან სალაროს გასავლის, გადარიცხვის, ანაბრის დარღვევის და კონვერტაციის ოპერაციებს ისე, რომ კლიენტი ბანკში არ იმყოფებოდა ან კონკრეტული ტრანზაქცია ხდებოდა კლიენტის სურვილის საწინააღმდეგოდ/კლიენტის მოტყუებით.

12.10. მოპასუხე ბანკმა (პირველი კასატორი) საკასაციო საჩივრით მოითხოვა, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა რ.ა–ძისა და მ.ჭ–ის სააპელაციო საჩივარი და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდება;

12.11. მოპასუხის განმარტებით, არ შეესაბამება სიმართლეს ის ფაქტი რომ დასაქმებულები, ბანკის დავალებით, სამუშაოს დასრულების შემდეგ ასრულებდნენ რაიმე სახის ზეგანაკვეთურ სამუშაოს. მოსარჩელეები აღნიშნულ გარემოებებს შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებენ. ის ფაქტი, რომ შესაძლებელია დასაქმებული თავისი ინიციატივით ან იმის გამო, რომ სამუშაო დროის განმავლობაში ვერ ასწრებდნენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და შედეგად რჩებოდა სამუშაო ადგილზე ვერ ჩაითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ, ბანკში მოქმედი კორპორატიული სახელმძღვანელოს 2.17 პუნქტის თანახმად ,,ზეგანაკვეთური სამუშაო“. ბანკსა და დამსაქმებლის შორის შეთანხმებით დასაქმებული უფლებამოსილია შეასრულოს სამუშაო დროის იმ მონაკვეთში, რომელიც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ სამუშაო დროის ხანგძლივობას. იმავე სახელძღვანელოს 2.18 პუნქტის თანახმად ზეგანაკვეთურ სამუშაოდ არ მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაო საათების შემდგომ ბანკის წერილობითი მითითების გარეშე სამუშაო შესრულება ან/და (ბ) საკუთარი ინიციატივით სამუშაო ადგილზე ყოფნა. აღნიშნულ შემთხვევაში სახეზე არ არის კორპორატიული სახელძღვანელოს 2.18 პუნქტით გათვალისწინებული პირობები. დასაქმებული თუ რჩებოდა თავისი ინიციატივით რჩებოდა სამუშაო საათების შემდეგ და ამის შესახებ ხელძღვანელობისაგან წერილობითი მითითება არ მიუღია;

12.12. მოპასუხე ბანკმა მიუთითა, გერმანიის სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ზეგანაკვეთური სამუშაო მიიჩნევა დადგენილი წესიდან იშვიათ გადახვევად, და იგი არ შეიძლება იყოს მხარეთა მიერ წინასწარ განჭვრეტადი და ატარებდეს პერმანენტულ სახეს (იხ. BAG 7. 12. 2005 AP TzBfG § 12 Nr. 4 (Tz. 23) = NZA 2006, 423(425).

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელეთა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით ორივე საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების, მოსარჩელეთა და მოპასუხის საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს - დაუსაბუთებელი, ხოლო მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი, ამასთან, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისათვის, არ ქმნის საქმის ხელახლა განსახილველად (ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ან სხვა მტკიცებულებების ხელახლა გამოსაკვლევად) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცეუალურ საფუძველს და, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებათა სამართლებრივი შეფასების გზით, შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე.

16. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.

17. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

18. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

19. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ.; N ას-1329-2018, 22.02.2019წ.; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.; N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ.; N ას-1183-2022, 23.12.2022წ.; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.; N ას-852-2024, 22.11.2024წ.; N ას-1031-2024, 22.11.2024წ.; N ას-1324-2024, 13.12.2024წ.; N ას-1199-2024, 26.12.2024წ.; N ას-24-2024, 26.12.20204წ.; N ას-1550-2024, 15.01.20205წ.).

20. საკასაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმეში მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შესაბამისი უფლებრივი რესტიტუცია. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით, გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

21. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობა განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. ამ კატეგორიის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა იმ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შეად. სუსგ-ებს: N ას-922-884-2014, 16.04.2015 წ; Nას-483-457-2015, 07.10.2015 წ; N ას-182-171-2017, 27.12.2019წ; N ას-1429-2020, 18.03.2022წ; N ას-456-2021, 22.03.2022წ; N ას-57-2022, 13.04.2022წ.; Nას-1438-2022, 2.02.2023წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ.).

22. კასატორები (დასაქმებულები) დავობენ, რომ მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევას და სააპელაციო სასამართლომ არასათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნას შრომითი ხელშკრულების შეწყვეტის უკანონობის თაობაზე, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.

23. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ Nას-106-101-2014, 02.10.2014 წ.; Nას-1183-1125-2014, 13.02.2015 წ.).

25. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ-ები: Nას-1183-1125-2014, 13.02.2015 წ.; Nას-1276-1216-2014, 18.03.2015 წ.; N ას-127-123-2016, 13.06.2016 წ.; N ას-1121-1080-2016, 10.03.2017წ.; N ას-112501045-2017, 5.12.2017წ.; N ას-1502-1422-2017.20.02.2018წ.; N ას-1223-2018, 2.04.2020წ.; N ას-778-2021, 28.12.2021წ.; N ას468-2021, 23.09.2022წ.; N ას-881-2022, 22.11.2022წ.; N ას521-2023, 20.10.2023წ.; N ას-1078-2022, 26.10.2023წ.; N ას-291-2023, 8.02.2024წ.; N ას-652-2023, 20.03.2024წ.).

26. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: Nას-1391-1312-2012, 10.01.2014 წ.; Nას-483-457-2015, 07.10.2015 წ.; Nას-127-123-2016, 13.06.2016 წ.; N ას-1121-1080-2016, 10.03.2017წ.; N ას-112501045-2017, 5.12.2017წ.; N ას-1502-1422-2017.20.02.2018წ.; N ას-1223-2018, 2.04.2020წ.; N ას-778-2021, 28.12.2021წ.; N ას468-2021, 23.09.2022წ.; N ას-881-2022, 22.11.2022წ.; N ას521-2023, 20.10.2023წ.; N ას-1078-2022, 26.10.2023წ.; N ას-291-2023, 8.02.2024წ.; N ას-652-2023, 20.03.2024წ.).

27. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებით და/ან შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტს და მათი გათავისუფლება კანონიერად მოხდა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 5-9 პუნქტები).

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევის შედეგობრივი თვალსაზრისით შეფასებისას, მატერიალური ზიანის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მხრიდან ნდობის დაკარგვის ფაქტორი. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც ერთმნიშვნელოვნად იწვევს მხარეთა შორის ნდობის დაკარგვას, დამსაქმებელს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერ საფუძველს წარმოუშობს, რაც დასაქმებულის აღდგენას თავისთავად გამორიცხავს (იხ. სუსგ-ები: N ას-557-2021, 24.03.2022წ.; Nას-132-2021, 31.10.2022 წ.). საკასაციო სასამართლო მისსავე განმარტებას მოიხმობს, რომ შრომითი ვალდებულების დარღვევის ჩადენის სიმძიმის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი შეფასება შედეგობრივი თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, თანაზომიერი იყო თუ არა დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის მხრიდან დარღვევის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტა. თუმცა, დარღვევა, რომლის შედეგი ნდობის დაკარგვაა, არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე მატერიალური ზიანი. დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევის ხარისხის შეფასებისას, მნიშვნელოვანია ის მაღალი პოტენციური საფრთხე, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს პროფესიულ ვალდებულებათა მიმართ გულგრილ დამოკიდებულებასა და პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობას (იხ. სუსგ- N ას-557-2021, 24.03.2022წ.). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, ბანკის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ვალდებულებები მომხმარებელთა მიმართ, საკმარისი საფუძველია, რათა მოსარჩელეთა/დასაქმებულთა (მეორე კასატორი მხარის) დარღვევა შეფასდეს, როგორც არსებითი, მნიშვნელოვანი და დამსაქმებლისთვის საზიანო. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა ქმედებების, დარღვევის ხასიათის, სიმძიმისა და შედეგის გათვალისწინებით, დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებაა. დასაქმებულთა ამგვარი საქციელი დამსაქმებელს ნდობას უკარგავს მუშაკის მიმართ. საქმეზე შესატყვისი მტკიცებულებებით დადგენილი დასაქმებულთა ქმედებები არ წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან გამაფრთხილებელი ზომის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოსწორდეს იმგვარად, რომ დამსაქმებელმა არ დაკარგოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბანკის მხრიდან დასაქმებულთა მიმართ ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენება გამორიცხული იყო და, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბუთებლად მოხდა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და სამსახურიდან გათავისუფლება (შეად. ანალოგიურ საქმეებზე კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე არსებული განმარტებებს, სუსგ-ებს: N ას-199-2019, 12.04.2019წ.; N ას-1067-2018, 8.04.2020წ.; N ას-693-2020, 30.11.2020წ.; N ას-640-2020, 21.12.20202წ.; N ას-48-2021, 23.-4.2021წ.; N ას-557-2021, 24.03.2022წ.; N ას-404-2022, 13.10.2022წ.; N ას-1156-2022, 24.11.2022წ.; N ას-961-2022 28.04.2023წ.; N ას-1392-2023, 25.01.2024წ.).

29. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: პრეზუმირებულია, რომ საბანკო მომსახურების სფეროში ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების მქონე პირმა, რომელიც ერთგვაროვან სამუშაოს წლების მანძილზე ასრულებს, ზედმიწევნით იცის აღნიშნული მომსახურების სპეციფიკა და მისთვის ცნობილია, თუ რა არასახარბიელო შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას (იხ. სუსგ N ას-1156-2022, 24.11.2022წ.). სხვა საქმეზე, სადაც საკასაციო სასამართლომ გაიზიარა, რომ დასაქმებულმა უხეში დარღვევა ჩაიდინა მითითებულია: მოსარჩელემ იმ ორგანიზაციის ბუღალტერის თხოვნით განხორციელებული ტრანზაქციით, რომელსაც მისი მეუღლე ხელმძღვანელობდა, დაარღვია შრომის შინაგანაწესით, კერძოდ, „ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკით“ გათვალისწინებული პერსონალური ტრანზაქციების განხორციელების აკრძალვის პირობა, ვინაიდან მან მისი მეუღლის დაქვემდებარებაში მყოფი პირის პირადი ანგარიშიდან თანხა მეუღლის ანგარიშზე გადარიცხა. თანაც, როგორც სარჩელში თავად განმარტა, ბუღალტერმა მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა ორგანიზაციის კუთვნილ თანხას წარმოადგენდა. ამასთან, ტრანზაქცია განახორციელა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, ბუღალტერის ბანკში გამოცხადების გარეშე, რისი უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა. შესაბამისად, მოსარჩელის ამ ქმედებით მისი მეუღლე (რომელიც „ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკის“ მიზნებისთვის თანამშრომლის ნათესავად მიიჩნევა) სხვა მესამე პირებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ სხვა პირებს იგივე უპირატესობით არ მოემსახურებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელემ საგადახდო დავალების ბლანკიანი ფურცელი თვითნებურად გაიტანა სერვის-ცენტრიდან, ბუღალტერს ხელი მოაწერინა და მეორე დღეს ფილიალში დააბრუნა. ამდენად, მოსარჩელემ ასევე დაარღვია საბანკო ოპერაციების შესრულებისათვის დადგენილი პროცედურა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილ დარღვევასთან ერთად, ამ ფაქტთან დაკავშირებით ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, ბანკის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ნდობის დაკარგვის ობიექტური საფუძველია (იხ. სუსგ N ას-1067-2018, 8.04.2020წ.).

30. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაქმებულთა სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, მართებულად არ დაკმაყოფილდა მათი სამუშაოზე აღდგენისა და თანმდევი მოთხოვნების ნაწილში, ამიტომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არასებობს და შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას.

31. მოპასუხე ბანკის (მეორე კასატორის) საკასაციო შედავება წარმოდგენილია დასაქმებულთა: რ.ა–ძისა და მ.ჭ–ის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ სარჩელზე, კერძოდ, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურებისა და მისი გაცემის დაყოვნებისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს ბანკისათვის დაკისრების ნაწილში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებულია მოპასუხე ბანკის საკასაციო პრეტენზია, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს ბანკის საკასაციო საჩივარი, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ, მოსარჩელეთა: რ.ა–ძისა და მ.ჭ–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

31.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო ნიშნავს სტანდარტულ სამუშაო კვირაზე მეტ სამუშაო დროს. უშუალოდ, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ანაზღაურების დამდგენი ნორმის შესახებ მსჯელობამდე, უპირველესად, არსებითი მნიშვნელობისაა დასაქმებულის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ფაქტის დადგენა და იმის განსაზღვრა, ფაქტობრივად დასაქმებულმა ზეგანაკვეთურად რამდენ ხანს იმუშავა. დავის წარმოშობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება დასაქმებულს, როგორც მოსარჩელე მხარეს. მან დეტალურად უნდა მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია, თუ სამუშაო პერიოდის განმავლობაში, რომელ დღეებში და დღის რომელ მონაკვეთში, რამდენი ხნით მუშაობდა ზეგანაკვეთურად. ამასთანავე, უნდა იყოს მითითება იმაზე, რომ ზეგანაკვეთურად მუშაობა მას დაავალა დამსაქმებელმა ან არსებობდა კონკლუდენტური თანხმობა, დასაქმებულს დაეთმო ზედმეტი საათები მიმდინარე სამუშაოს შესრულებისათვის, რაც მას ხელშეკრულების თანახმად ევალებოდა (ქავთარაძე სალომე, ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება ქართული და გერმანული სამართლის მიხედვით, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული), II, 2013, გვ 112);

31.2. სშკ-ის 27-ე მუხლის 1-4 ნაწილების შესაბამისად, ზეგანაკვეთური სამუშაო არის მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს. არასრულწლოვანის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროის ხანგრძლივობა სამუშაო დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო სამუშაო კვირის განმავლობაში ჯამურად − 4 საათს. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდეგ გადასახდელ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებასთან ერთად. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დასაქმებულისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე. დასაქმებულს დამატებითი დასვენების დრო უნდა მიეცეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირისა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. დამსაქმებელი ვალდებულია 1 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს შესასრულებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დამსაქმებლის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, მისი გაფრთხილება შეუძლებელია;

31.3. სშკ-ის 24-ე მუხლის თანახმად, ნორმირებული სამუშაო დრო არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების პირობებში და ახორციელებს თავის საქმიანობას ან/და ასრულებს თავის მოვალეობებს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს.

31.4. კანონმდებლობა ზეგანაკვეთურად არ აკვალიფიცირებს დასაქმებულის პირადი ინიციატივით, დამსაქმებელთან შეთანხმების გარეშე ნორმირებული დროის მიღმა შესრულებულ სამუშაოს. ზეგანაკვეთურ შრომად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც დასაქმებული მიმდინარე საქმიანობის შესასრულებლად მუშაობს ნორმირებულ სამუშაო საათებზე მეტ ხანს და ამავდროულად არ არსებობს დამსაქმებლის სპეციალური მითითება ასეთი სამუშაოს ზეგანაკვეთურად შესრულებაზე. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 48 საათს. ამასთან, დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაო ზეგანაკვეთურად რომ ჩავთვალოთ, საჭიროა მისი შესრულება მხარეთა შორის შეთანხმებული იყოს და აღემატებოდეს კანონით განსაზღვრულ ზღვრულ ხანგრძლივობას (იხ. სუსგ-ები: N ას-420-400-2015, 16.12.2015 წ.; N ას-562-2019, 28.06.2019წ.; N ას-123-2024, 22.05.2024წ.).

31.5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ისეთ საქმეებში, როდესაც სადავოდაა გამხდარი სამუშაოს შესრულების დრო ან პერიოდი, ასევე ზეგანაკვეთური მუშაობის არსებობის ფაქტი, მტკიცების ტვირთი იმის შესახებ, რომ დასაქმებული ზეგანაკვეთურად მუშაობდა, აწევს თავად დასაქმებულს, რომელმაც უნდა ამტკიცოს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სამსახურში დარჩენის ფაქტი, შესაბამისად, კასატორი ვალდებული იყო აღნიშნული გარემოებების დადასტურების შესაბამისი მტკიცება წარედგინა, რაც მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახნა-განმარტებით ვერ იქნებოდა დადასტურებული. მოსარჩელეთა მიერ არ წარმოდგენილა ისეთი სახის მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, როგორც სამსახურში შრომითი დროის დასრულების შემდგომ ფაქტობრივად მუშაობის ფაქტი, ასევე ის, რომ მისი სამსახურში დარჩენის საჭიროება განპირობებული იყო დამსაქმებლის დავალების შესაბამისად საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე. სააპელაციო სასამართლო დასაქმებულთა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დროს დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ დამსაქმებელი ბანკის ფასეულობის საცავის (სეიფის) დასაცავად მიღება-ჩაბარების საკონტროლო ჟურნალს, რომლის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნია, რომ 01.08.2020-30.09.2021წწ. რ.ა–ძე და მ.ჭ–ი, რომლებსაც ებარათ ბანკის საცავის გასაღებები, ხშირ შემთხვევებში სამსახურში იმყოფებოდნენ სამუშაო საათების ამოწურვიდან (18:00სთ.) 1, 2 ან 3 საათის განმავლობაში. ამ მიმართებით მოპასუხე ბანკის მხრიდან არასაკმარის შედავებასა და მტკიცებულებაზე მიუთითა სააპელაციო სასამართლომ, რასაც არ იზიარებს საკასაციო სასამართლო და, წინამდებარე გადაწყვეტილების 16-19 პუნქტებში ასახული მტკიცების ტვირთის სტანდარტის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ მოპასუხემ დასაბუთებული და კვალიფიციური შედავება წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ბანკის წერილობით შესაგებელში (იხ. ტ.2, ს.ფ.38) მითითებულია, რომ მოსარჩელეთა მტკიცება, რომ ისინი ასრულებდნენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით. ის ფაქტი, რომ დასაქმებულები შესაძლოა თავისი ინიციატივით ან იმის გამო, რომ სამუშაო დროის განმავლობაში ვერ ასწრებდნენ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და ამის გამო რჩებოდნენ სამუშაო ადგილზე, არ უნდა იქნეს მიჩნეული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებად. დამსაქმებელმა ბანკმა წერილობით წარდგენილ შესაგებელში მიუთითა თანდართულ მტკიცებულებაზე, კერძოდ, ბანკში მოქმედი კორპორატიული სახელმძღვანელოს 2.17 პუნქტზე, რომლის თანახმად, „ზეგანაკვეთური სამუშაო“ შემდეგნაირად არის მოწესრიგებული: ბანკსა და დასაქმებულს შორის შეთანხმებით დასაქმებული უფლებამოსილია შეასრულოს სამუშაო დროის იმ მონაკვეთში, რომელიც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ სამუშაო დროის ხანგრძლივობას; ამავე სახელმძღვანელოს 2.18 პუნქტით კი, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ არ მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაო საათების შემდგომ: (ა) ბანკის წერილობითი მითითების გარეშე სამუშაოს შესრულება ან/და (ბ) საკუთარი ინიციატივით სამუშაო ადგილზე ყოფნა. დასაქმებულმა მკაფიოდ და არაორაზროვნად განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იყო გამოვლენილი კორპორატიული სახელმძღვანელოს 2.18 პუნქტით გათვალისწინებული პირობები. დასაქმებულები საკუთარი ინიციატივით რჩებოდნენ სამუშაო საათების შემდეგ და ამის შესახებ ხელმძღვანელობისაგან წერილობითი მითითება არ მიუღიათ.

31.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს კანონისმიერი მოწესრიგებიდან გამომდინარე, მოპასუხე ბანკმა შიდა კორპორატიული დოკუმენტით განსაზღვრა ნორმირებულზე მეტი სამუშაო დროის შესრულებისთვის წინაპირობები. მოსარჩელეებმა თავიანთი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარეს დამსაქმებელი ბანკის ფასეულობის საცავის (სეიფის) დასაცავად მიღება-ჩაბარების საკონტროლო ჟურნალში არსებულ ხელმოწერებს, თუმცა, მოპასუხის შედავების პასუხად არ განუმარტავთ, რომ: ა) არ იცნობდნენ კორპორატიული სახელმძღვანელოთი დადგენილ წესებს; არ წარუდგენიათ: ბ) ხელმძღვანელობისაგან წერილობითი მითითება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ; გ) რაიმე მტკიცებულება, რომ სამუშაოს შესრულება შეუძლებელი იყო ნორმირებული სამუშაო დროის განმავლობაში და რადგან ერთხელ მოუწიათ სამუშაო დროის შემდეგ სამსახურში დარჩენა, მოითხოვეს ამ საკითხის მოწესრიგება დამსაქმებლისაგან და ამას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის წერილობით შესაგებელში მითითებული შედავებით და თანდართული მტკიცებულებით სადავო გარემოებების გაბათილება ვერ შეძლეს მოსარჩელეებმა რ.ა–ძემ და მ.ჭ–მა, რომელთაც, როგორც სარჩელის აღძვრის ინიციატორებს, ევალებოდეთ საკუთარი მოთხოვნის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცება, რისთვისაც საკმარისი არ არის ბანკის ფასეულობის საცავის (სეიფის) დასაცავად მიღება-ჩაბარების საკონტროლო ჟურნალში არსებული ხელმოწერები, რადგან არ დგინდება დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი მითითება, რაც დასაქმებულთა მიერ ნორმირებული სამუშაოს მიღმა სამუშაოს შესრულებას დაადასტურებდა.

32. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოსარჩელეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხე დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, დასაქმებულთა სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

33. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ასახულია სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 411-ე, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. რ.ა–ძის, თ.შ–ძის, მ.ჭ–ისა და ლ.თ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, რ.ა–ძისა და მ.ჭ–ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. რ.ა–ძისა და მ.ჭ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. რ.ა–ძესა და მ.ჭ–ს სს „ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა, კერძოდ: რ.ა–ძეს დაეკისროს 1172.52 ლარის, ხოლო მ.ჭ–ს 300 ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე