საქმე №ას-1509-2024 14 თებერვალი, 2025 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ზ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.დ–ი, ზ.კ–ია, ა.ტ–ვი, გ.კ–ძე, ნ.გ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ზ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპლანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი მ.დ–ის, ზ.კ–იას, ა.ტ–ვის, გ.კ–ძისა და ნ.გ–ძის წინააღმდეგ, ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 373.1-ე, 374.1-ე, 374.2-ე, 364-ე, 369.1-ე, 70-78-ე, 2591.1-ე, მე-60, 61-ე, 59-ე, 63-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2024 წლის 27 ივნისს გამოცხადდა, მას ესწრებოდა მოსარჩელე (ს/ფ 277-280). აღნიშნულიდან გამომდინარე მხარე ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინა. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ მოსარჩელე სასამართლოში 2024 წლის 23 ივლისს გამოცხადდა და გადაწყვეტილების ასლიც ჩაიბარა (ს/ფ 299); შესაბამისად, მოსარჩელისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა 2024 წლის 24 ივლისიდან დაიწყო და 2024 წლის 6 აგვისტოს (მე-14 დღე) ამოიწურა; საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტმა, ფოსტის მეშვეობით, სააპელაციო საჩივარი დაგვიანებით 2024 წლის 12 აგვისტოს წარადგინა (ს/ფ 310).
5. სააპელაციო სასამართლომდაასკვნა, რომ ვინაიდან მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე შეტანილი იყო კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაშვება ითხოვა.
7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დროს ადვოკატი არ ჰყავდა, ამასთან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა, რის გამოც სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენა ვერ შეძლო. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მას ვადის დარღვევა საპატიოდ უნდა ჩაეთვალოს და სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი არსებითად განიხილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს უფლება გაუმართლებლად შეეზღუდება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
11. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელე (იხ. სხდომის ოქმი, ს/ფ 277-280).
12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, ასახულს ამ განჩინების 4-5 ქვეპუნქტებში.
13. მოსარჩელისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა 2024 წლის 24 ივლისიდან დაიწყო და 2024 წლის 6 აგვისტოს (მე-14 დღე, სამშაბათი) ამოიწურა (სსსკ-ის 61-ე მუხლი); საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტმა ფოსტის მეშვეობით სააპელაციო საჩივარი დაგვიანებით, 2024 წლის 12 აგვისტოს წარადგინა (ს/ფ 310), რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად მისი განუხილველად დატოვება განაპირობა.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ.: სუსგ № ას-1615-2019, 14.01.2020წ.)).
15. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ-ები: Nას-1226-2019წ., 23.12.2019წ.; Nას-464-464-2018, 05.07.2018წ.; Nას-1170-1100-2015, 25.12.2015წ.).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: N ას-299-284-2016, 22.04.2016წ.; N ას-234-2016, 22.04.2016წ.; N ას-558-533-2016, 15.07.2016წ; N ას-562-537-2016, 15.07.2016წ; N ას-35-37-2017, 31.07.2017წ.; N ას-650-616-2015 (ბ)-2015, 26.07.2017წ.; N ას-938-2019, 25.07.2019წ.).
17. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის (საპატიოდ მიჩნევის) თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადებთან მიმართებით სსსკ-ის 65-ე მუხლი (საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები) არ გამოიყენება, რადგანაც თავად ნორმის დათქმა – „თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“ მიანიშნებს იმაზე, რომ იგი რელატიური წესია, ამ ნორმის საპირისპიროდ, იმპერატიულ დებულებას შეიცავს სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის თანახმადაც სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა თუ არა (იხ. სუსგ-ები: №ას-875-2019, 19.07.2019წ.; №ას-1014-2018, 24.12.2018წ.; №ას-221-208-2015, 29.05.2015წ.; №ას-1941-2018, 29.03.2019წ.). ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენასთან დაკავშირებით.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები დავის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში ვერ შეფასდება, რადგან საკასაციო სასამართლო აფასებს გასაჩივრებული განჩინების მართლზომიერებას მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
19. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ზ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე