საქმე №ას-1347-2023 6 თებერვალი, 2025 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.ა–ნი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ა.კ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.უ.ქ–ა“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - გ.გ–ი, მ.ჯ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საწარმოს წილის მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ.ა–ნის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი შპს „თ.უ.ქ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ, საწარმოს წილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან დადგენილია, რომ შპს „თ.ტ-გ.კ.ლ.ტ–ა“ დაფუძნდა 1999 წლის 1 სექტემბერს საიდენტიფიკაციო ნომრით ..... და, 2021 წლის 14 იანვრის მდგომარეობით, საწარმოს საწესდებო კაპიტალის 66.6835% წილის (სადავო წილი) მესაკუთრეა მოპასუხე კომპანია, ხოლო 33.3165% წილის მესაკუთრე მოსარჩელეა (ტ. II, ს. ფ. 390-391);
3.2. ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანია 2004 წლის 10 ნოემბერს საიდენტიფიკაციო ნომრით ...... დაფუძნდა, საწარმოს საწესდებო კაპიტალის 100% წილის მესაკუთეა 2007 წლის 21 თებერვალს, ნიდერლანდებში რეგისტრირებული შპს ჯ.ბ. ვ. (GRDC B.V.) (ტ. II. ს. ფ. 388-389);
3.3. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დადგენილია და მოპასუხე სადავოდ არ ხდის, რომ 1998 წელს, მოსარჩელე მთავრობის ბალანსზე რიცხული ქონების პრივატიზების მიზნით ჩატარებული კომერციული კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა. კონკურსის შედეგად, მოსარჩელეს სახელმწიფოსგან იჯარით გადაეცა საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ლ.ტ–ის გამაჯანსაღებელი კომპლექსის ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთი მასზედ არსებული შენობა-ნაგებობებით და დადგინდა, რომ საიჯარო ქონების გამოსყიდვის შემთხვევაში, საიჯარო ქონება მოსარჩელის საკუთრებაში გადავიდოდა. საქმეში წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ლ.ტ–აზე მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება მოსარჩელესა და სახელმწიფოს შორის გაფორმდა 1999 წლის 13 აპრილს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება ძალაში იქნებოდა 5 წლის განმავლობაში, 2004 წლის 13 აპრილამდე (ტ. I, ს. ფ. 70-75);
3.4. 1999 წლის 13 აპრილის იჯარის ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებულია, რომ მოსარჩელემ გამოსყიდვის უფლებით მიიღო საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის „ლ.ტ–ის“ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ბალანსზე რიცხული ქონება, რომლის საბოლოო ღირებულება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 24 ნოემბრის N1-3/730 ბრძანების საფუძველზე შეადგენს 30 500 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში. ხელშეკრულების 4.5 პუნქტით დადგინდა, რომ საიჯარო ქონების გამოსყიდვის შემთხვევაში, საიჯარო ქონება მოიჯარის საკუთრებაში გადავიდოდა (ტ. I, ს. ფ. 70-74);
3.5. მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია ასევე, რომ 2000 წელს მოსარჩელემ სახელმწიფოსგან 24 წლის ვადით მიიღო ლ.ტ–აზე საკურორტო და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზია, ხოლო 2003 წელს, მოსარჩელემ სახელმწიფოსგან 10 წლის ვადით მიიღო ლ.ტ–აზე თევზჭერის მეურნეობის შექმნისა და სამოყვარულო სპორტული თევზჭერის მიზნით გარემოსდაცვითი ნებართვა (ტ. II, ს. ფ. 50-87);
3.6. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2004 წლის 6 დეკემბერს, გაფორმდა განზრახულობათა ოქმი, რომლითაც მხარეები სამომავლო თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმდნენ. განზრახულობათა ოქმში ასახულია პოზიცია, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე გამოისყიდა ლ.ტ–ის გარშემო მდებარე მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობები და მას აქვს ნამდვილი უფლება, გამოისყიდოს ლ.ტ–ის გარშემო მდებარე 63,5 ჰა მიწის ნაკვეთი; მოსარჩელე აცხადებდა ასევე, რომ ამ მიწის ნაკვეთის სრულად გამოსასყიდად მას 2004 წელს ესაჭიროებოდა 1,066,800 ლარი (16,800 ლარი ერთი ჰექტრის გამოსასყიდად), ხოლო თუ მიწის გამოსყიდვა მოხდებოდა 2005 წელს, გამოსასყიდი თანხა შეადგენდა 1,219,200 ლარს. მოსარჩელე უთითებდა, რომ მიწის ნაკვეთის გამოსასყიდად საჭირო ფულადი სახსრები მას არ ჰქონდა (ტ. I, ს. ფ. 22, აბზ. II);
3.7. განზრახულობათა ოქმით დგინდება, რომ მოსარჩელემ და მოპასუხე საწარმომ სს „ლ.ტ–ის“ ერთობლივად დაფუძნება გადაწყვიტეს. მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, სს „ლ.ტ–ის“ საწესდებო კაპიტალის შესავსებად ქონებრივი შენატანი განეხორციელებინა და ქონების საკუთრებაში გადაფორმებისთანავე შეევსო სს „ლ.ტ–ის“ საწესდებო კაპიტალი სახელმწიფოსგან გამოსყიდული 63,5ჰა მიწის ნაკვეთით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საწესდებო კაპიტალის შევსების შედეგად, მოსარჩელე სს „ლ.ტ–ის“ 1 ლარის ნომინალური ღირებულების 2,000,000 აქციას მიიღებდა;
3.8. განზრახულობათა ოქმის მე-10 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სს „ლ.ტ–ის“ შექმნის დღეს, მოსარჩელე მოპასუხე საწარმოს შპს „ტ-გ.კ.ლ.ტ–ის“ წილის 2/3-ს ნომინალური ღირებულებით დაუთმობდა. ამავე მუხლის მე-2 წინადადებაში ასახულია მხარეთა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ობიექტური მიზეზის გამო მოსარჩელე ვერ შეძლებდა სახელმწიფოსგან 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვას და სს „ლ.ტ–ის“ საწესდებო კაპიტალის შევსებას, მოპასუხე საწარმო მოსარჩელეს დაუბრუნებდა შპს „ტ- გ.კ.ლ.ტ–ის“ წილის - 2/3-ს (ტ. I, ს. ფ. 24);
3.9. ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან დადგენილია, რომ სს „ლ.ტ–ა“ დაფუძნდა 2005 წლის 17 იანვარს საიდენტიფიკაციო ნომრით ........, საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ა.ჯ.ფ–ნი. 2021 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში მითითებულნი არიან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ.ხ–ძე, თავმჯდომარის მოადგილე რ.ა–ნი (მოსარჩელე) და კ.ხ–ძე (ტ. III, ს. ფ. 392-393, იხ. ასევე 2005 წლის 13 იანვრის სანოტარო აქტი სს ლ.ტ–ის დაფუძნების შესახებ, ხელმოწერილია ერთი მხრივ ტ.კ–ის მიერ მოპასუხე კომპანიის სახელით და მეორე მხრივ მოსარჩელის მიერ, ტ. III, ს. ფ. 118-121, და ამავე დამფუძნებლების მიერ ხელმოწერილი წესდება, ტ. III, ს. ფ. 122-128);
3.10. საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია ნ. ვ.-ს 2005 წლის 18 იანვრის სანოტარო წესით დადასტურებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მ.ხ–ძემ, როგორც ამ საწარმოს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, მიიღო გადაწყვეტილება საწარმოს მიერ დაფუძნებული შპს „თ.უ.ქ–ის“ მიერ მოსარჩელე რ.ა–ნისგან შპს „ტ-გ.კ.ლ.ტ–ის“ საწესდებო კაპიტალში მოსარჩელის კუთვნილი წილიდან 66,6835%-ის ნომინალური ღირებულებით 13 210 (ცამეტი ათას ორას ათი) ლარად ყიდვის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანიის დირექტორს, ტ.კ–ეს, გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა (ტ. I, ს. ფ. 32-33);
3.11. ტ.კ–ის წარმომადგენლობით მოპასუხე კომპანიასა და მოსარჩელეს შორის 2005 წლის 18 იანვარს გაფორმებული, სანოტარო წესით დადასტურებული წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა შპს „ტ-გ.კ.ლ.ტ–ის საწესდებო კაპიტალში“ თავისი კუთვნილი 66,6835% ნომინალური ღირებულებით - 13 210 (ცამეტი ათას ორას ათი) ლარად. ხელშეკრულების მე-3 პუნქტში ასახულია მხარეების შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ საწარმოს წილი გაყიდა ნასყიდობის საგნის ნომინალურ ფასად, ხოლო მოპასუხემ იმავე ფასად იყიდა ნასყიდობის საგანი. ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტში ასევე ასახულია მხარეების განცხადება, რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის მყიდველმა სრულად გადაიხადა, ხოლო გამყიდველმა სრულად მიიღო ნასყიდობის ფასი (ტ. I, ს. ფ. 45- 49);
3.12. 2005 წლის 18 იანვარს მხარეებს შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „თ.ტ-გ.კ.ლ.ტ–ის“ საწესდებო კაპიტალის 66.6835% წილის (სადავო წილი) მესაკუთრედ დარეგისტრირდა მოპასუხე, ხოლო 33.3165% წილის მესაკუთრედ - მოსარჩელე;
3.13. სს „თ.ბ–ის“ 2005 წლის 13 იანვრის ინფორმაციით დადგენილია, რომ ინფორმაციის გაცემის მომენტისთვის, სს ლ.ტ–ას სს თ.ბ–ში გახსნილ დროებითი ანგარიშსწორების ანგარიშზე ერიცხებოდა 2,715.000.00 ლარი საწესდებო კაპიტალის შესავსებად (ტ. II, ს. ფ. 107). მხარეების ახსნა-განმარტებებითა და პროექტის ასლით დადგენილია ასევე, რომ 2006 წლის 22 თებერვლისთვის, მზად იყო ლ.ტ–ის განვითარების დეტალური პროექტი (ტ. II, ს. ფ. 189-236);
3.14. მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და მოსარჩელის ხელით 2006 წლის 4 ნოემბერს დაწერილი განცხადებით დადგენილია, რომ მან განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და ქ. თბილისის მერს და, ვალდებულებების „სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო“ შეუსრულებლობაზე მითითებით, უარი თქვა ლ.ტ–ის ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის 63,5ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღებაზე (იხ. სარჩელი, ტ. II, ს. ფ. 21, აბზ. V და მოსარჩელის განცხადება, ტ. II, ს. ფ. 231-232);
3.15. 2006 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მას სრულად უნდა აღეწერა ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც გადაცემული ჰქონდა 1999 წლის 13 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (ტ. II, ს. ფ. 21, აბზ. V);
3.16. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2016 წლის 5 მაისის ინფორმაციით დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (ამჟამინდელი საგამოძიებო სამსახური) საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება N92061019 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც მოსარჩელე ფიგურირებდა. ამ საქმეზე აპელანტის (მოსარჩელის) მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა და საქმეზე შეწყდა გამოძიება პროკურორის 2007 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით (ტ. II, ს. ფ. 240);
3.17. მხარეების ახსნა-განმარტებებით დადგენილია უდავო ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ.ტ–აზე მდებარე 63,5ჰა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის ხელშეკრულების არსებითი პირობა - უძრავი ქონების გამოსყიდვის ფასი - სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტით 2006 წლის 4 ნოემბრამდე განსაზღვრული არ ყოფილა;
3.18. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დადგენილია და მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის ფაქტობრივ გარემოებას, რომ, 2006 წლის 4 ნოემბრის შემდეგ, მხარეებს შორის თანამშრომლობა დაახლოებით 2012 წლამდე გრძელდებოდა და მხარეები ერთობლივად აგრძელებდნენ სს ლ.ტ–ის საქმიანობის წარმართვას განზრახულობათა ოქმის ძირითადი პრინციპების ირგვლივ, რომლის მიზანს ლ.ტ–ის კომპლექსის აღდგენა და განვითარება წარმოადგენდა (იხ. სარჩელი, ტ. II, ს. ფ. 6, აბზ. III). მხარეებს შორის თანამშრომლობის 2006 წლის 4 ნოემბრის შემდეგ გაგრძელების ფაქტი დასტურდება ასევე მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან 2009 წლის 25 მარტიდან 2011 წლის 28 ივლისის მდგომარეობით, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელე სს „ლ.ტ–ისგან“ იღებდა ხელფასს 2005, 2006, 2007, 2008 და 2009 წლებში, კერძოდ - 2009 წლის 25 მარტის ჩათვლით, ხოლო 2011 წლის 28 ივლისს, სს „ლ.ლ.დ–გან“ მიღებული აქვს მომსახურების ღირებულება კონტრაქტის შესაბამისად 778 ლარის ოდენობით (ტ. III, ს. ფ. 49-88);
3.19. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან დადგენილია მის მიერ მითითებული და მისივე შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში წარმოდგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოება, რომ, 2006 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით, მოსარჩელეს/აპელანტს ანგარიშზე ერიცხებოდა 250,000.00 ლარი; 2006 წლის 23 სექტემბრიდან 2006 წლის 20 ნოემბრამდე დროის მონაკვეთში მოსარჩელის მიერ ამ თანხის ნაწილ-ნაწილ ანგარიშიდან გატანის შედეგად, 2006 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელის ანგარიშზე რჩებოდა 0 (ნული) ლარი (ტ. III, ს. ფ. 153-154);
3.20. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსგან გამოსყიდვის და ამ ქონებით სს „ლ.ტ–ის“ საწესდებო კაპიტალის შევსების თაობაზე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ობიექტურმა მიზეზმა განაპირობა.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დადგენილია და მოპასუხე სადავოდ არ ხდის, რომ 1998 წელს მოსარჩელე მთავრობის ბალანსზე რიცხული ქონების პრივატიზების მიზნით ჩატარებული კომერციული კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა. კონკურსის შედეგად, მოსარჩელეს სახელმწიფოსგან იჯარით გადაეცა საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ლ.ტ–ის გამაჯანსაღებელი კომპლექსის ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთი მასზედ არსებული შენობა-ნაგებობებით და დადგინდა, რომ საიჯარო ქონების გამოსყიდვის შემთხვევაში საიჯარო ქონება მოსარჩელის საკუთრებაში გადავიდოდა. საქმეში წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ლ.ტ–აზე მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება მოსარჩელესა და სახელწმიფოს შორის გაფორმდა 1999 წლის 13 აპრილს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება ძალაში იქნებოდა 5 წლის განმავლობაში, 2004 წლის 13 აპრილამდე (ტ. I, ს. ფ. 70-75).
5. 1999 წლის 13 აპრილის იჯარის ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებულია, რომ მოსარჩელემ გამოსყიდვის უფლებით მიიღო საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის „ლ.ტ–ის“ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ბალანსზე რიცხული ქონება, რომლის საბოლოო ღირებულება, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 24 ნოემბრის N1-3/730 ბრძანების საფუძველზე, შეადგენს 30 500 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში. ხელშეკრულების 4.5 პუნქტით დადგინდა, რომ საიჯარო ქონების გამოსყიდვის შემთხვევაში, საიჯარო ქონება მოიჯარის საკუთრებაში გადავიდოდა (ტ. I, ს. ფ. 70-74).
6. ზემოთ მოხმობილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსგან გამოსყიდვის და ამ ქონებით სს ლ.ტ–ის საწესდებო კაპიტალის შევსების თაობაზე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ობიექტურმა მიზეზმა განაპირობა.
7. მოპასუხე ადასტურებს, რომ მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელისთვის სადავო წილი უკან უნდა გადაეცა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ობიექტური გარემოების გამო ვერ შეძლებდა მოპასუხის მიმართ განზრახულობათა ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და სს “ლ.ტ–ის” საწესდებო კაპიტალის 63,5ჰა მიწის ნაკვეთით შევსებას. მოპასუხე უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ თავად თქვა უარი სადავო ნაკვეთის საკუთრებაში მიღებაზე, რაც სასარჩელო მოთხოვნას უსაფუძვლოს ხდის.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოწმედ დაიკითხა სს “ლ.ტ–ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ლ.ტ–ის განვითარების პროექტში მოსარჩელის ბიზნეს პარტნიორი მ.ხ–ძე. დადგენილია და მოპასუხე მხარის პროცესუალური წარმომადგენელი სადავოდ არ ხდის ფაქტობრივ გარემოებას, რომ ლ.ტ–ის განვითარების პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა უშუალოდ აპელანტისა (მოსარჩელისა) და მ.ხ–ძის თანამშრომლობით.
9. მოწმედ დაკითხულმა პირმა დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსგან გამოსყიდვის და ამ ქონებით სს “ლ.ტ–ის” საწესდებო კაპიტალის შევსების განზრახვის შეუსრულებლობა ობიექტურმა მიზეზმა განაპირობა. კერძოდ, მოწმის ჩვენების თანახმად, მოსარჩელემ მიწის ნაკვეთის სახელწიფოსგან გამოსყიდვა იმ მიზეზით ვერ შეძლო, რომ სახელმწიფომ შეცვალა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვასთან დაკავშირებული პირობები, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან არსებითად გაიზარდა მიწის ნაკვეთის გამოსასყიდი ფასი მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის მომენტისთვის არსებული რეალური ღირებულების გათვალისწინებით (იხ. მოწმე მ.ხ–ძის ჩვენება, დრო: 17:38:31 და 18:10:07, და მხარეების მიერ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი).
10. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსგან გამოსყიდვის და ამ ქონებით სს “ლ.ტ–ის” საწესდებო კაპიტალის შევსების თაობაზე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ობიექტურმა მიზეზმა განაპირობა, თუმცა სასამართლომ სარჩელი იმ საფუძვლით არ დააკმაყოფილა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად.
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. სსკ-ის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51). (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996)
13. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე (იხ. დამატებით: ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, გვ.170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით, შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, GIZ, 2013, გვ.20).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს,რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63.).
15. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ 2004 წლის 6 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა განზრახულობათა ოქმი - ხელშეკრულება, რომელშიც მხარეების თანამშრომლობის პირობებია ასახული და რომელსაც მხარეებისთვის სავალდებულო ძალა აქვს.
16. მოსარჩელის 2006 წლის 4 ნოემბრის განცხადებით დასტურდება, რომ მოსარჩელისთვის 2006 წლის 4 ნოემბრიდან ცნობილი იყო მიწის ნაკვეთით სს “ლ.ტ–ის” საწესდებო კაპიტალის შევსების შეუძლებლობის შესახებ. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსგან გამოსყიდვის და ამ ქონებით სს ლ.ტ–ის საწესდებო კაპიტალის შევსების თაობაზე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ობიექტურმა მიზეზმა განაპირობა. შესაბამისად, საწარმოს სადავო წილის გადაცემის მოთხოვნა მოსარჩელეს წარმოეშვა და მას ეს მოთხოვნა უნდა დაეყენებინა 2006 წლის 4 ნოემბრიდან სამი წლის განმავლობაში, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია.
17. მოსარჩელის/აპელანტის წარმომადგენელი უთითებს, რომ სარჩელი ხანდაზმულად ვერ მიიჩნევა, რადგან მოსარჩელემ მოპასუხეს საწარმოს სადავო წილის დაბრუნების მოთხოვნა მხარეებს შორის თანამშრომლობის 2012 წელს დასრულებიდან მოკლე ვადაში, 2014 წელს წაუყენა. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს მოპასუხესთან ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის იმედი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსარჩელისთვის გასაგები გახდა, რომ მისი მოლოდინი ფუჭი იყო, მოსარჩელემ სადავო წილის დაბრუნება გადაწყვიტა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული არგუმენტი ვერ გახდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გაქარწყლების საფუძველი, ვინაიდან სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადა დადგენილია კანონით, რაც ცნობილია მხარეებისთვის, ასევე ნათელია აღნიშნული ვადის გაშვების მოსალოდნელი შედეგი. შესაბამისად, მოსარჩელის/აპელანტის სუბიექტური წარმოდგენები თანამშრომლობის შესაძლო გაგრძელებაზე გავლენას ვერ მოახდენს ხანდაზმულობის ვადის განსხვავებულ ათვლაზე.
18. მხარეებს შორის 2005 წლის 18 იანვარს გაფორმებული, სანოტარო წესით დადასტურებული წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიყიდა შპს “ტ-გ.კ.ლ.ტ–ის” საწესდებო კაპიტალში თავისი კუთვნილი 66,6835% ნომინალური ღირებულებით - 13 210 (ცამეტი ათას ორას ათი) ლარად. ხელშეკრულების მე-3 პუნქტში ასახულია მხარეების შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ საწარმოს წილი გაყიდა ნასყიდობის საგნის ნომინალურ ფასად, ხოლო მოპასუხემ იმავე ფასად იყიდა ნასყიდობის საგანი. ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტში მოსარჩელე აცხადებს, რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის მოპასუხემ სრულად გადაიხადა, ხოლო მოსარჩელემ სრულად მიიღო ნასყიდობის ფასი (ტ. I, ს. ფ. 45-49). ეს განცხადება ხელმოწერილია უშუალოდ მოსარჩელის მიერ, ხელმოწერა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ და მის ნამდვილობას მოსარჩელე სადავოდ არ ხდის. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მითითებას საწარმოს სადავო წილის ნასყიდობის ფასის გადაუხდელობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საწარმოს სადავო წილის ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის გამო მოთხოვნა ვერ განხორციელდება მისი ხანდაზმულობის გამო, ვინაიდან როგორც მოსარჩელე/აპელანტი აღნიშნავს, ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო 2005 წლის 18 იანვარს, ნასყიდობის ფასის გადაუხდელობაზე კი მოსარჩელემ განსახილველი დავის ფარგლებში ათწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მიუთითა.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
19.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა/მოსარჩელემ მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
19.2. კასატორს ვრცელი საკასაციო საჩივარი აქვს წარმოდგენილი, რომლის ძირითადი პრეტენზია შეეხება იმას, რომ სასარჩელო მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება, რადგან იგი საკუთრების უფლებას შეეხება (იხ. საკასაციო საჩივარი).
19.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განხილვის მიზნით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
19.4. საკასაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომაზე, 2025 წლის 16 იანვარს კასატორმა თავის საკასაციო მოთხოვნას დაუჭირა მხარი და ყურადღება გაამახვილა, რომ საწარმოში წილზე საკუთრების უფლებას ეხება სასარჩელო მოთხოვნა, რომლის მიმართ ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ კი გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება მოითხოვა იმ დასაბუთებით, რომ სახეზე სახელშეკრულებო მოთხოვნაა, საიდანაც გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის კანონით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია. გარდა ამისა, მოსარჩელის/კასატორის მიერ მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების გამო ვერ შეძლო მან ვალდებულების შესრულება (იხ. 3.14. ქვეპუნქტი), ის ვერ განახორციელებს შედავებას, რადგან მოპასუხეს კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობა აკავშირებდა მოსარჩელესთან და მხოლოდ ამ ფარგლებში არის შესაძლებელი მისი მხრიდან პასუხისმგებლობაზე საუბარი. მოპასუხეს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებები არ იძლევა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ზეპირი განხილვის გზით მოსმენის, შეფასებისა და მოსარჩელის საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამათლოს განჩინება.
20. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისათვის, არ ქმნის საქმის ხელახლა განსახილველად (ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ან სხვა მტკიცებულებების ხელახლა გამოსაკვლევად) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცეუალურ საფუძველს და, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესაძლებელია შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე.
21. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (სუსგ-ები: N ას-682-2021, 28.12.2021წ.; N ას-758-2023, 29.09.2023წ.; N ას-1129-2023, 5.07.2023წ.; N ას-1492-2023, 5.07.2024წ.; N ას-942-2024, 13.12.20204წ.; N ას-307-2024, 16.12.2024წ.).
22. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, რომ შპს “თ.ტ-გ.კ.ლ.ტ–ა” დაფუძნდა 1999 წლის 1 სექტემბერს საიდენტიფიკაციო ნომრით .......... და, 2021 წლის 14 იანვრის მდგომარეობით, საწარმოს საწესდებო კაპიტალის 66.6835% წილის (სადავო წილი) მესაკუთრეა მოპასუხე კომპანია შპს „თ.უ.ქ–ა“, ხოლო 33.3165% წილის მესაკუთრე წინამდებარე დავის მოსარჩელე/კასატორი.
23. ტ.კ–ის წარმომადგენლობით მოპასუხე კომპანიას - შპს „თ.უ.ქ–ას“ და მოსარჩელეს/კასატორს შორის, 2005 წლის 18 იანვარს, გაფორმებული, სანოტარო წესით დადასტურებული წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა შპს "ტ-გ.კ.ლ.ტ–ის” საწესდებო კაპიტალში თავისი კუთვნილი 66,6835% ნომინალური ღირებულებით - 13 210 (ცამეტი ათას ორას ათი) ლარად. ხელშეკრულების მე-3 პუნქტში ასახულია მხარეების შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ საწარმოს წილი გაყიდა ნასყიდობის საგნის ნომინალურ ფასად, ხოლო მოპასუხემ იმავე ფასად იყიდა ნასყიდობის საგანი. ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტში ასევე ასახულია მხარეების განცხადება, რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის მყიდველმა სრულად გადაიხადა, ხოლო გამყიდველმა სრულად მიიღო ნასყიდობის ფასი (ტ. I, ს. ფ. 45- 49);
24. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის/კასატორის მიერ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსგან გამოსყიდვის და ამ ქონებით სს “ლ.ტ–ის” საწესდებო კაპიტალის შევსების თაობაზე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ობიექტურმა მიზეზმა განაპირობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არ არის დადგენილი, რომ მოპასუხეს რაიმე როლი მიუძღვის მოსარჩელის მხრიდან სს “ლ.ტ–ის” საწესდებო კაპიტალის შევსების თაობაზე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაში.
25. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2004 წლის 6 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა განზრახულობათა ოქმი - ხელშეკრულება, რომელშიც მხარეების თანამშრომლობის პირობებია ასახული და რომელსაც მხარეებისთვის სავალდებულო ძალა აქვს.
26. მოსარჩელის/კასატორის 2006 წლის 4 ნოემბრის განცხადებით დასტურდება, რომ მისთვის 2006 წლის 4 ნოემბრიდან ცნობილი იყო მიწის ნაკვეთით სს “ლ.ტ–ის” საწესდებო კაპიტალის შევსების შეუძლებლობის შესახებ. ასევე. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსგან გამოსყიდვის და ამ ქონებით სს “ლ.ტ–ის” საწესდებო კაპიტალის შევსების თაობაზე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ობიექტურმა მიზეზმა განაპირობა. შესაბამისად, საწარმოს სადავო წილის გადაცემის მოთხოვნა მოსარჩელეს წარმოეშვა და მას ეს მოთხოვნა უნდა დაეყენებინა 2006 წლის 4 ნოემბრიდან სამი წლის განმავლობაში, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია.
27. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სარჩელი ხანდაზმულად ვერ მიიჩნევა იმის გამო, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს საწარმოს სადავო წილის დაბრუნების მოთხოვნა მხარეებს შორის თანამშრომლობის 2012 წელს დასრულებიდან მოკლე ვადაში, 2014 წელს წაუყენა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხესთან ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის იმედი ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსარჩელისთვის/კასატორისთვის გასაგები გახდა, რომ მისი მოლოდინი ფუჭი იყო, მან სადავო წილის დაბრუნება გადაწყვიტა, არ შეიძლება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გაქარწყლებას დაედოს საფუძვლად, მით უფრო, რომ საქმე სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარეობს და არ ექვემდებარება უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის მიხედვით შემოწმებას.
28. საკასაციო სასასამართლო და იურიდიული დოქტრინა განმარტავს, რომ დრო დიდ როლს თამაშობს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საკითხში. მხარეთა შორის გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობები შეიძლება იმდენად დიდი ხნის წინ წარმოიშვას, რომ გავლენა მოახდინოს მხარეთა უფლება-მოვალეობებზე. მართლწესრიგი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთ სახესაც წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობა. მისი არსებობა განპირობებულია ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და მათი ინტერესების თანაბარი დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე. გონივრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების არსებობა უფლების რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ სამართლებრივი სტაბილურობის მოთხოვნა უფრო მეტად დაცვის ღირსია. სასარჩელო ხანდაზმულობა უფლების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ჩარჩოებს აწესებს. სასარჩელო ხანდაზმულობა წარმოადგენს მიზნის მიღწევის საშუალებას და არა თვითმიზანს.
29. სასარჩელო ხანდაზმულობა იმ სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია, რომ რაღაც ურთიერთობას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლვი დროის გასვლა პირდაპირ გავლენას ახდენს პირთა უფლებებზე (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ., გვ. 133; ბესარიონ ზოიძე, ქართული სამოქალაქო კოდექსის შექმნის ისტორიიდან, ჟურნალი „ქართული სამართლის მიმოხილვა“, თბილისი, 2003 წ. გვ. 110.).
30. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა, ანუ კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ამ ვადის გასვლა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოთხოვნას არ აუქმებს (წყვეტს), არამედ მოვალეს შესაძლებლობას ანიჭებს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე, ანუ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია (შეად: გიორგი სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.) მუხლი 144-ე, ველი 1; თბილისი, 2017 წელი; ასევე იხ. სუსგ-ები: N ას-1437-1357-2018, 11.05.2018 წ.; N ას-782-2019, 18.02.2019წ.; N ას-1136-2023, 16.11.2023წ.; N ას-26-2024, 15.04.2024წ.).
31. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შეად. სუსგ-ებს:N ას-547-515-2012, 11.06.2012 წ.).
32. ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერი მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტომ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51). (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996).
33. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება (შეად. სუსგ-ებს: N ას-369-350-2015, 30.07.2015წ.; N ას-1428-2018, 27.12.2018წ. N ას-782-2019, 18.02.2019წ.; N ას-1136-2023, 16.11.2023წ.; N ას-26-2024, 15.04.2024წ.).;
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების შედეგად წარმოშობილი საწინააღმდეგო უფლება მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობით შესაგებელია, რომელიც მოთხოვნის განხორციელებას ხანგრძლივად ან დროებით აფერხებს. „სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის მიზანია მოვალის დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის გამო“ (შეად. სუსგ-ებს: N ას-898-860-2014, 9.10.2015 წ.; N ას-1428-2018, 27.12.2018წ. N ას-782-2019, 18.02.2019წ.; N ას-1136-2023, 16.11.2023წ.; N ას-26-2024, 15.04.2024წ.).
35. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე (იხ. ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, გვ.170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით, შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, GIZ, 2013, გვ.20).
36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელი აერთიანებს ორ ნაწილს: სარჩელის აღძვრისა და სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. რადგან სასარჩელო ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი განხორციელების ვადა, ის უკავშირდება სწორედ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობა მატერიალური და არა საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი მიჩნეული უნდა იქნეს მატერიალური სამართლის კუთვნილებად კანონმდებლობაში მისი ადგილისა და სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით.
37. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით, შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან (შეად. სუსგ-ებს: N ას-898-860-2014, 9.10.2015 წ.; N ას-1428-2018, 27.12.2018წ. N ას-782-2019, 18.02.2019წ.; N ას-1136-2023, 16.11.2023წ.; N ას-26-2024, 15.04.2024წ.).
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დასრულების მომენტს. მოთხოვნის შემოწმებისას აუცილებელია განისაზღვროს ხანდაზმულობის კონკრეტული ვადის გამოყენებისა და მისი ათვლის საკითხი. ერთმანეთისაგან განასხვავებენ ხანდაზმულობის ვადის ათვლის ობიექტურ და სუბიექტურ მომენტებს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას (შეად. ნუნუ კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), მუხლი 130-ე, ველი 2. თბილისი, 2017 წელი; ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011 წელი, გვ. 123).
39. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (შეად. სუსგ-ებს N ას-1937-2018, 15.03.2019 წ.; N ას-1343-1263-2017, 20.12.2017 წ.; N ას-934-899-2016, 14.02.2017წ.; N ას-68-68-2018, 03.04.2018წ.; N ას-382-2019, 14.05.2019 წ.).
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან - უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინაარმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის მტკიცების ტვირთი კი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობისვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (შეად. ნუნუ კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), მუხლი 130-ე, ველი 5. თბილისი, 2017 წ.).
41. იმის გათვალისწინებით სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს, მოთხოვნის ვადაში წარდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. „თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007 წელი, გვ. 64.).
42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის დაწყებისათვის, როგორც წესი, არ არის სავალდებულო, რომ კრედიტორმა მისთვის ცნობილ ფაქტებს სამართლებრივი შეფასება მისცეს. თუ კრედიტორი მცდარ დასკვნებს გამოიტანს, ფაქტებს მცდარად შეაფასებს, ხანდაზმულობის ვადის დინება მაინც იწყება. ხანდაზმულობის ვადების დაწყებისათვის მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული ხანდაზმულობის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოებების ცოდნა მისი სამართლებრივი შეფასების გარეშე, რადგან რთულია შესაბამისი განათლების არმქონე პირს მოეთხოვოს ნორმის ქმედების შემადგენლობის კომპონენტების შეფასება. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის ათვლის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას, პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებს ბრალეულ არცოდნასაც. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. დამატებით: ზურაბ ახვლედიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 1999 წელი, მუხლი 130, გვერდი 320.). მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელისთვის 2006 წლის 4 ნოემბრიდან ცნობილი იყო მიწის ნაკვეთით სს “ლ.ტ–ის” საწესდებო კაპიტალის შევსების შეუძლებლობის შესახებ.
43. რაც შეეხება კასატორის (მოსარჩელის) ძირითად პრეტენზიას, რომ საწარმოს წილზე საკუთრებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რომ დაცულია არა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საკუთრების დაცვის ე.წ. „ლეგიტიმურ მოლოდინი“, არამედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის უფლება. „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო ინდივიდის არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). „საქართველოს კონსტიტუცით დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/411).
44. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ/კასატორმა, როგორც მესკუთრემ, განკარგა თავისი უფლება და გაასხვისა თავისი წილი საწარმოში, დადგენილია, რომ მოსარჩელისთვის 2006 წლის 4 ნოემბრიდან ცნობილი იყო მიწის ნაკვეთით სს “ლ.ტ–ის” საწესდებო კაპიტალის შევსების შეუძლებლობის შესახებ, ხოლო სარჩელი აღძრულია 2015 წლის 13 თებერვალს. კასატორის არგუმენტი, რომ განზრახულობათა ოქმის მიხედვით, თავის მხრივ, მოპასუხესაც ევალებოდა კეთილსინდისიერად ემოქმედა, არ არის გაზიარებული, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, ხანდაზმულობა არის ის ფაქტი, რომელიც ნამდვილი უფლების განხორციელებას აფერხებს, ანუ გამორიცხავს უფლების სასამართლოსეული იძულებით განხორცილებას.
45. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებს, განსაზღვრულია, რომ პირველი ოქმის პირველი მუხლი ვრცელდება არსებულ საკუთრებაზე და არ უზრუნველყოფს პირის უფლებას, მიიღოს ქონება (იხ. თამარ ზარანდია, ნანა მჭედლიძე -საკუთრების უფლების დაცვა საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით; გვ. 202; გამოქვეყნებულია ლადო ჭანტურიასადმი მიძღვნილ საიუბილეო კრებულში /LIBER AMICORUM LADO CHATURIA/; თსუ გამომცემლობა, 2023წ.). საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის შედავებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად შეაფასა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. ამდენად საკასაციო საჩივარი, როგორც უსაფუძვლო, უარყოფილია და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 410-ე, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ა–ნის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე