საქმე №ა-4248-ა-12-2024 26 დეკემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა (დისტანციურად)
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
განმცხადებელი – სს „ლ.ბ–ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ა.ფ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ა–ძე, თ.შ–ძე, მ.ჭ–ი, ლ.თ–ძე (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი - რ.ხ–ი
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, თანხის დაყოვნების მიზეზით ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით სს „ლ.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი ან განმცხადებელი) საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
1.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივრის, სახელმწიფო ბაჟის - 1172.52 ლარის (რ.ა–ძის მიმართ მოთხოვნის ნაწილში) და 300 ლარის (მ.ჭ–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის, საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სახით;
1.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სს „ლ.ბ–ს“ გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და 2024 წლის 3 ივლისს ჩაჰბარდა კანცელარიას;
1.3. სს „ლ.ბ–ის“ დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის ქვითრებთან და CD დისკთან ერთად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2024 წლის 16 ივლისს;
1.4. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 4 ივლისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2024 წლის 13 ივლისს, მაგრამ ვინაიდან 13 ივლისი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად იქნა მიჩნეული პირველ სამუშაო დღეს, 2024 წლის 15 ივლისს - ორშაბათს;
1.5. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივრითა და მასზე დართული კონვერტით დგინდებოდა, რომ კასატორის მიერ „ს.ფ–ას“ დოკუმენტები ჩაჰბარდა ვადის დარღვევით - 2024 წლის 16 ივლისს. საკასაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ს.ფ–ის ვებ-გვერდზე (https://www....ge/) არსებული მონაცემებით, ასევე დგინდება საფოსტო გზავნილის #AP015....... მიღება 2024 წლის 16 ივლისს, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
2. საკასაციო სასამართლოს, 2021 წლის 21 ივნისს, განცხადებით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა - ა.ფ–ძემ და განმარტა, რომ მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა არ დაურღვევია, რადგან შესაბამისი საფოსტო გზავნილი რეგისტრირებულია 2024 წლის 15 ივლისს (14:23 სთ). განმცხადებელმა წარმოადგინა საფოსტო გზავნილის დასტური „შეტყობინების ბარათი შპს „ს.ფ–ის“ გზავნილის მიღების შესახებ“, სადაც მოცემულია იგივე საფოსტო გზავნილის კოდი #AP015......., აგრეთვე გამგზავნისა და მიმღების შესახებ ინფორმაციები.
3. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში დასახელებული გარემოების გამო განმცხადებელმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმება და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა.
4. საკასაციო სასამართლოს, 2024 წლის 24 ივლისს, მოპასუხემ განცხადებით მომართა და წარმოადგინა ფოსტისგან მიღებული დასტური იმის შესახებ, რომ #AP015....... საფოსტო გზავნილის რეგისტრაციის თარიღი 2024 წლის 15 ივლისია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის განცხადება დასაშვებად მიიჩნია.
6. საკასაციო სასამართლოს, 2024 წლის 26 აგვისტოს, მოსარჩელეებმა მოსაზრებით მომართეს და განმარტეს, რომ მოპასუხის განცხადება უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობს. მოსარჩელეები არ იზიარებენ განმცხადებლის არგუმენტს, რადგან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის რეესტრის თანახმად წერილი ფოსტამ 2024 წლის 16 ივლისს მიიღო. 2024 წლის 15 ივლისს ფოსტამ მიიღო შეკვეთა და შემდგომ გენერაცია მოახდინა, ხოლო თუ რას ნიშნავს სიტყვა „გენერაცია“, მხარეებისათვის ბუნდოვანია. მოსარჩელეების მტკიცებით, 2024 წლის 15 ივლისს ფოსტას კასატორისგან გზავნილი მიღებული არ ჰქონდა.
7. მოპასუხის განცხადების განხილვა ზეპირი მოსმენით (დისტანციურად), მხარეთა მონაწილეობით განისაზღვრა, რაც მხარეებს ეცნობათ.
8. დისტანციურ რეჟიმში გამართულ საკასაციო სასამართლოს სხდომაზე განმცხადებლის წარმომადგენელმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ბანკმა გზავნილი ფოსტას საპროცესო ვადის ამოწურვამდე, 2024 წლის 15 ივლისს, 14:23 საათზე ჩააბარა. განმცხადებლის განმარტებით, ფოსტისათვის გზავნილის გადაცემა გარკვეულ პროცესს გადის და ამას გარკვეული დრო სჭირდება. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, კორპორატიულ კლიენტსა და საფოსტო გადამზიდს შორის ურთიერთობა რეგულირდება ხელშეკრულებით. ბანკის მხრიდან გზავნილის რეგისტრაცია ხდება ელექტრონულად, რის შემდეგაც საფოსტო კურიერი იღებს დავალებას, რომ მივიდეს დამკვეთთან ჩაიბაროს გზავნილი და წაიღოს ადრესატისათვის გადასაცემად. ფოსტის პროგრამაში რეგისტრაციის თარიღი (გენერაცია), უნიკალური კოდის მინიჭება აღნიშნავს, რომ გზავნილი ფოსტას ჩაჰბარდა.
9. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ საფოსტო გზავნილის „გენერაცია“ არ უნდა ჩაითვალოს გზავნილის ფოსტისათვის ჩაბარებად. თავის მხრივ, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოპასუხეს საპროცესო ვადა დაცულად არ უნდა ჩაეთვალოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მოპასუხის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
11. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ მან საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოასწორა, თუმცა ვინაიდან სასამართლომ ხარვეზის გამოსწორების ვადად მიიჩნია არა მხარის მიერ გზავნილის ფოსტისთვის ჩაბარება საფოსტო გზავნილის ელექტრონული რეგისტრაციის გზით, არამედ ფოსტის მიერ მისი მიღება ადრესატისათვის - ამ შემთხვევაში სასამართლოსთვის გადასაცემად,ხარვეზის გამოსწორების ვადა დარღვეულად ჩათვალა და მოპასუხის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, რაც უსაფუძვლოა.
12. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები:
- მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;
- ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;
- მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შეად. სუსგ-ას N ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის N 2/8/765 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების /საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე/ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით /კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას/ გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, ასევე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის /თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით/ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით /კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას/ გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ამ განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).
15. საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N 3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).
16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განჩინებაში, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი N 18156/05), მითითებულია, რომ კანონის უზენაესობის ერთერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (ბრუმანესკუ რუმინეთის წინააღმდეგ, 28342/95). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით. გარდა ამისა, საკუთრების ინტერესის არსებობა, რომელიც დადასტურებულია სავალდებულო და საბოლოო განჩინებით, წარმოადგენს განჩინების ბენეფიციარის „საკუთრებას“ N 1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილი მნიშვნელობით. ასეთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უტოლდება საკუთრებით სარგებლობაში ჩარევას (იხ. სხვათა შორის, ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, N 59498/00).
17. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამოყენებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უქმდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მტკიცებულებების დროულად წარდგენის შემთხვევაში მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა გულისხმობს არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც დგინდება, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება იმდენად ძირეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, რომ მისი არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, არამედ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია, განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, ნაწილობრივ შეცვალოს მის მიმართ დამდგარი ნეგატიური სამართლებრივი შედეგები.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგია ის, რომ იგი სავალდებულოა, მას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და სანდოობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას, მათ შორისაა სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის კონსტიტუციურობა არ დამდგარა ეჭვქვეშ, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა თუ მტკიცებულების არსებობისა და მისი საფუძვლიანობის შემთხვევაში „a priori“ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევდა, მიუხედავად იმისა შეიცვლებოდა თუ არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება უნდა დაეფუძნოს სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ დავას თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ სხვაგვარად მოაწესრიგებს. საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით მიზნად ისახავს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებით არ დაზიანდეს და საფრთხე არ შეექმნას სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებაში არსებულ მაღალ ნდობას.
19. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში მოხმობილი არგუმენტი არის საკვანძო საკითხი, რის გამოც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ამ განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებითად განხილვის დროს სასამართლო განცხადების განხილვის დროს ხელმძღვანელობდეს იმ ამოსავალი დებულებით, რომ შეაფასოს, თუ რამდენად მოახდენს გავლენას საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიჩნეული გარემოება თუ მტკიცებულება განსაახლებელი საქმის სამართლებრივ შედეგზე. თუკი სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სამართლებრივი სურათი საქმეზე, რომელზედაც მოთხოვნილია წარმოების განახლება, არ შეიცვლება, მან უარი უნდა უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მარტოოდენ ფორმალურად არ უნდა გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საქმის წარმოების განახლებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, იგი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სასამართლომ უნდა განიხილოს იმგვარად, რომ არსებითად გადაწყვიტოს საქმის წარმოების განახლება შეცვლის თუ არა უკვე მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს.
21. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის პრეტენზია და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მანამდე არც სასამართლოსთვის და არც კასატორისთვის არ იყო ცნობილი, წარმოშობს იმის საფუძველს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება, მოპასუხის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, გაუქმდეს და საქმის წარმოება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან განახლდეს. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება, რომ მოპასუხე ბანკმა, რომელიც შპს „ს.ფ–ის“ კორპორატიული კლიენტია, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ბოლო დღეს (2024 წლის 15 ივლისს) ფოსტის ელექტრონულ პროგრამაში განათავსა გზავნილი, რის შემდეგაც მოხდა მისი „გენერაცია“ და უნიკალური კოდის მინიჭება, რაც, მხარის მიერ ფოსტისთვის გზავნილის ჩაბარებას ნიშნავს, რადგან უნიკალური კოდის მინიჭება მხარეს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ მისი გზავნილის მიღება საფოსტო სამსახურმა დაადასტურა, შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ მხარემ თავისი საპროცესო ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში შეასრულა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება სავსებით აკმაყოფილებს სსსკ-ის 61.3-ე მუხლის მოთხოვნას. აღნიშნულის საწინააღმდეგო განმარტება დაუსაბუთებელი, გაუმართლებელი, ამასთან, კანონმდებლის მიზნის საწინააღმდეგო იქნება.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა ახლად აღმოჩენილი გარემოება, რაც სადავო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი შემთხვევა არის სწორედ ისეთი შემთხვევა, რაც განმცხადებლისათვის საპროცესო სამართლებრივად ხელსაყრელი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანას განაპირობებს, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის დარღვევით გამოსწორების მოტივით, საკასაციო სასამართლოს წარმოებაშიც კი არ მიუღია განმცხადებლის საკასაციო პრეტენზია, შესაბამისად, არ შეუფასებია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა, რაც გასაჩივრების ფუნდამენტურ უფლებას უკავშირდება სასამართლო გზით უფლების დაცვის დროს. მოცემულ შემთხვევაში დასაბუთებულია განმცხადებლის პრეტენზია საკუთარი საპროცესო უფლების კანონით დადგენილ ვადაში გამოყენების თაობაზე, შესაბამისად, განმცხადებლის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან შემოწმება არის ის დასაბუთებული საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მხარეს, მისი საკასაციო განაცხადი შესწავლილ იქნეს სამართალწარმოების საბოლოო ეტაპზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 264-ე, 421-ე, 423-ე, 429-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ლ.ბ–ის" განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება საქმეზე Nას-802-2024 (კასატორი - სს "ლ.ბ–ი"; მოწინააღმდეგე მხარე - რ.ა–ძე, თ.შ–ძე, მ.ჭ–ი, ლ.თ–ძე; დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, თანხის დაყოვნების მიზეზით ზიანის ანაზღაურება) და განახლდეს საქმის წარმოება სს "ლ.ბ–ის" საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე