Facebook Twitter

საქმე №ას-1054-2024 21 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ.ნ–ია, შ.ზ–ია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ა.კ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ნ–იასა (შემდგომ – პირველი მოპასუხე) და შ.ზ–იას (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ სესხის ძირი თანხის - 2259.59 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 24 აპრილს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხისა და სესხის უზრუნველყოფის შესახებ №715 ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელს სესხად გადაეცა 4000 ლარი. სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ იქნა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა - 2001 წელს გამოშვებული „ლენდროვერ დისკავერი“. სესხი იყო სარგებლიანი, ძირ თანხაზე თვეში 5%-ის დარიცხვით და ვადაგადაცილების შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ჯარიმა 0.3 %-ის ოდენობით.

3. 2018 წლის 24 აპრილს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის №715 ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა (თავდებობა), იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოვალე არ შეასრულებდა 2018 წლის 24 აპრილის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

4. მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელემ სესხის უზრუნველყოფის საგანი 2019 წლის 3 აპრილს 2500 ლარად გაყიდა. 2019 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სესხის თანხა - 3484 ლარი, 7 თვის და 10 დღის პროცენტი (24/09/2018 წლიდან 03/04/2019 წლამდე პერიოდზე) - 1275.59 ლარი, სულ - 4759.59 ლარი, რასაც უნდა გამოაკლდა ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული 2500 ლარი და, საბოლოოდ, მოპასუხის დავალიანება განისაზღვრა 2259.59 ლარით.

მოპასუხეების პოზიცია:

5. მეორე მოპასუხემ სარჩელი ცნო, ხოლო პირველი მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ 5 თვის პროცენტი - 1000 ლარი მან გადაიხადა. სადავო ავტომანქანა გასხვისდა არარეალურად დაბალ ფასად, წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულად დაფარავდა დავალიანებას. ამასთან, მოსარჩელეს არ შეუტყობინებია უზრუნველყოფის საგნის გასხვისების რეალური ფასი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2259.59 ლარის გადახდა, რაც მათ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 24 აპრილს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხისა და სესხის უზრუნველყოფის შესახებ №715 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეს გადაეცა სესხი - 4000 ლარი ერთი წლის ვადით. მსესხებელს კრედიტორისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 200 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად (გადახდილი თანხიდან, პირველ რიგში, იფარება პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული სარგებელი და ბოლოს სესხის ძირითადი თანხა).

9. სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ იქნა მსესხებლის კუთვნილი 2001 წელს გამოშვებული ავტომანქანა „ლენდროვერ დისკავერი“. სესხი იყო სარგებლიანი - ძირ თანხაზე თვეში 5%-ის დარიცხვით და ვადაგადაცილების შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0.3 %-ის (12 ლარი) ოდენობით.

10. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის გადაეფორმებინა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა - 2001 წლის „LEND ROVER DISCOVERY“, რომელიც მსესხებელს დროებით სარგებლობაში განკარგვის (მართვის) უფლებით გადაეცემოდა. შესაბამისად, აღნიშნული ავტომანქანა აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად, ხოლო, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხისა და მასთან დაკავშირებული სესხის სარგებლის ვადაში დაფარვის შემთხვევაში, კრედიტორი ვალდებული იყო, მსესხებლისათვის კვლავ გადაეფორმებინა სესხის უზრუნველყოფის საგანი.

11. ხელშეკრულების 4.14. პუნქტის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია, მსესხებლის სხვა ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი პირადი ქონებიდან მოითხოვოს და მოახდინოს სესხის, სესხის სარგებლის და, ასევე, პირგასამტეხლოს ამოღება იმ შემთხვევაში თუ მსესხებელმა დააზიანა სესხის უზრუნველყოფის საგანი და შეუძლებელია ან არ ყოფნის ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული/ამოღებული თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს სრულად დაფარვას.

12. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯამში 5 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ავტომანქანაზე უწყდება მართვის უფლება და ხელშეკრულება ცალსახად ბათილდება. კრედიტორს უფლება აქვს, მსესხებელს ჩამოართვას სესხის უზრუნველყოფის საგანი, ასევე, უფლება აქვს, დაუყოვნებლივ გაასხვისოს სესხის უზრუნველყოფის საგანი და ფასი განსაზღვროს თავისი შეხედულებისამებრ. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მსესხებლის მიერ პრეტენზიები არ მიიღება.

13. 2018 წლის 24 აპრილს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის №715 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მხარემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა (თავდებობა), იმ შემთხვევაში თუ ძირითადი მოვალე (პირველი მოპასუხე) არ შეასრულებდა 2018 წლის 24 აპრილის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

14. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, თავდებობის თანხის ოდენობა შეადგენს 4000 ლარს, ასევე, მასზე დარიცხულ სარგებელსა და პირგასამტეხლოს.

15. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებმა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულებები დაარღვიეს, რის გამოც მოსარჩელემ სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ავტომობილი გაასხვისა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს 2018 წლის 24 სექტემბრიდან არ გადაუხდია სესხის თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი, რის გამოც მისმა დავალიანებამ 2019 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 2 559.59 ლარი (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3484 ლარი, სესხის პროცენტი - 1275.59 ლარი, პერიოდი - 24.09.2018-03.04.2019), ხოლო რეალიზაციიდან მიღებული თანხა 2500 ლარი).

16. უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირველი მოპასუხის მიერ გადახდილია 5 თვის პროცენტი - 1000 ლარი. ვინაიდან, სესხის უზრუნველყოფის საგნის (ავტომობილი - 2001 წლის „LEND ROVER DISCOVERY“) რეალიზაციის დროისათვის პირველი მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენდა სულ 4759.59 ლარს, აღნიშნულს გამოაკლდა ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული 2500 ლარი და დავალიანება განისაზღვრა 2 259.59 ლარით.

17. მოპასუხეები, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში, ასევე, სააპელაციო საჩივარში იმ გარემოებაზე აპელირებდნენ, რომ მათთვის უცნობია, თუ რეალურად რა ფასად მოხდა სესხის უზრუნველყოფის საგნის - ავტომანქანის გასხვისება. ვინაიდან მისი საბაზრო ღირებულება 2500 ლარზე გასხვისების მომენტისათვის გაცილებით მეტი იყო. აპელანტების განმარტებით, საქმეზე არ არის წარმოდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ავტომანქანის გაყიდვის შედეგად მიღებულ საფასურს ზუსტად ასახავდა და დაადასტურებდა. აპელანტების მითითებით, საქმის გარემოებები აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ 2019 წლის 3 აპრილის ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი და თვალთმაქცურია.

18. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი - ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

19. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარადგინა 2019 წლის 3 აპრილის ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ავტომანქანის ნასყიდობის ფასი შეადგენს 2500 ლარს. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულების ფასის გადახდა ხდება კონსიგნაციით. გადახდა იყოფა ორ ეტაპად: ავტომანქანა დგას მოსარჩელესთან მანამ, სანამ მთლიანად თანხას არ დაფარავს. მყიდველი პირველად გადაიხდის არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივლისისა 500 ლარს, ხოლო დარჩენილ თანხას - 2000 ლარს - არაუგვიანეს 2019 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

20. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის გარემოებებით არ დასტურდება მოპასუხეთა მიერ შესაგებელში დაფიქსირებული პოზიცია, რომ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება 2500 ლარზე გაცილებით მეტი იყო და შესაძლოა ნივთი რეალურად უფრო ძვირად გასხვისდა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხეთა მტკიცებულებები საქმეზე წარდგენილი არ ყოფილა. თუკი მხარე პრეტენზიას აცხადებს და მიიჩნევს, რომ გირავნობის საგნის გასხვისება სამართლიან და გონივრულ ფასში არ მოხდა, აღნიშნული წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რაც მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეფასდება. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ გირავნობის საგანი (ავტომანქანა - „LEND ROVER DISCOVERY“, გამოშვების წელი 2001) გასხვისდა 2500 ლარად, პალატის შეფასებით, დაუსაბუთებელია მოპასუხეთა აპელირება, რომ მხარეს მიღებული თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: სალაროს შემოსავლის ორდერი) არ წარმოუდგენია.

21. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, როგორც თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებაზე მითითება. ის ფაქტი, რომ 2019 წლის 24 სექტემბერს ავტომანქანა დარეგისტრირდა მყიდველ ო.თ–ის და იმავე დღეს - მ.ჩ–ის სახელზე, გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლებს ვერ ადასტურებს. გარდა ამისა, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეებს უარი ეთქვათ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. შესაბამისად, თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის პრეტენზიის განხილვის ფარგლებში ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის შესახებ აპელანტების არგუმენტები არარელევანტურია.

22. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა აპელანტების შუამდგომლობაზე მოწმეთა დაკითხვისა და იმის შესახებ, რომ დაევალოს მოსარჩელეს რეალიზაციის თანხის მიღების შესახებ მტკიცებულების წარდგენა. სსსკ-ის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 380-ე მუხლის თანახმად, პალატამ დაადგინა, რომ მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა წარდგენილ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც, რაზეც მოპასუხეებს 2022 წლის 21 ივლისის საოქმო განჩინებით ეთქვათ უარი. აღსანიშნავია, რომ მითითებული განჩინება, სააპელაციო საჩივრით აპელანტების მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა. რაც შეეხება შუამდგომლობას, რომ მოსარჩელეს დაევალოს ავტომანქანის რეალიზაციის თანხის მიღების შესახებ მტკიცებულების წარდგენა, აღნიშნულის თაობაზე მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ განუცხადებია და არც ამის საპატიო მიზეზების შესახებ არ მიუთითებია. შესაბამისად, შუამდგომლობები უსაფუძვლოა. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოწმეთა დაკითხვა და დასახელებული დოკუმენტის წარდგენის დავალდებულება მოსარჩელისათვის, განსახილველი სარჩელის ფარგლებში, არარელევანტურია და ვერ გამოდგება მოპასუხეთა მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხეებმა ვერ უზრუნველყვეს მათი მტკიცების საგანში შემავალი სადავო გარემოებების და ვალდებულების არარსებობის დადასტურება, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლების, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, მე-400 მუხლის, 463-ე მუხლის, 891-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 895-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეეხება, სააპელაციო საჩივარს, იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:

24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

25. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სასამართლომ საქმე განიხილა ტენდენციურად, მოსარჩელის სასარგებლოდ და მხედველობაში არ მიიღო კანონით განსაზღვრული სავალდებულო მტკიცებულებანი.

26. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ. 2024 წლის 15 მარტს მათ შეიტყვეს წინამდებარე დავაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ, რაც უკანონო იყო მოპასუხეთა მიმართ. აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.

27. კასატორები არ დაეთანხმნენ სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოსარჩელემ ფიზიკურ პირზე სესხის უზრუნველყოფის საგანი კანონიერად გაასხვისა. მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ნასყიდობის ფასის, ასევე, ავტომანქანის სხვა პირის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნული სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილს ეწინააღმდეგება. მოპასუხე მხარემ იშუამდგომლა მითითებული დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ, თუმცა 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა უკანონოდ არ დაკმაყოფილდა.

28. კასატორებმა იშუამდგომლეს მოწმის სახით ო.თ–ისა და პ.ხ–ძის დაკითხვის შესახებ, რის დასასაბუთებლად მიუთითეს, რომ აღნიშნულის შედეგად გაირკვევა, რატომ არ მოხდა გარიგების შესრულება მხარეთა შორის, რაც პირდაპირ დაამტკიცებს იმ გონივრულ ვარაუდს, რომ მოწმეთა შორის დაიდო მოჩვენებითი გარიგება მესამე პირთა ხარჯზე მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

30. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

32. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ, უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

33. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 623-ე მუხლის პირველი ნაწილის (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), სსკ-ის 625-ე მუხლის პირველი ნაწილისა (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს პროცენტი) და სსკ-ის 417-ე მუხლის (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) საფუძველზე.

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა, მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

35. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის (ძირი თანხის) დაბრუნების მოთხოვნა, თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-480-2023, 20 სექტემბერი, 2023 წელი).

36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა, იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა; 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს (იხ. დამატებით: ზ.ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, თბილისი, 2010 წ, გვ. 345).

37. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20 მაისი, 2016 წელი). სხვა საქმეში საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ: სუსგ-ები: №ას-71-2023, 24 ივლისი, 2023 წ; საქმე №ას-662-2022, 11 ნოემბერი, 2022 წ; №ას-301-2021, 25 ივნისი, 2021 წ. პ.48; საქმე №ას-361-343-2015, 14 დეკემბერი, 2015 წელი).

38. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო სესხის სარგებლიანი ხელშეკრულება. მხარეებმა გაითვალისწინეს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოც. დავას იწვევს ის გარემოება, გააჩნია თუ არა მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიმართ დავალიანება იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ მოახდინა სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია (იხ. წინამდებარე განჩინების 8-17 პუნქტები).

39. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სსკ-ის 623-ე, 625-ე და 420-ე მუხლების ფარგლებში მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს: ა) მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობა (თანხის მოვალისათვის გადაცემა); ბ) მხარეთა შეთანხმება სარგებელზე; გ) ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებაზე - პირგასამტეხლოზე მხარეთა წერილობითი შეთანხმების არსებობა; დ) შესრულების ვადის დადგომა; ე) მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა (მითითების ტვირთი), იმის მიხედვით კი, თუ რომელ გარემოებებს შეედავება დადგენილი წესით მოპასუხე (სსსკ-ის 201-ე და 219-ე მუხლები), სასამართლო განსაზღვრავს მტკიცების საგანს და გარდა უკანასკნელი ფაქტობრივი გარემოებისა, ყველა ზემოხსენებულის მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები), რაც შეეხება ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთს, როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, იგი მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი, ასევე, სკ-ის 429-ე მუხლი). სსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელმა სადავო ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი ვერ დაამტკიცა. შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნა სესხისა და სარგებლის, ასევე, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, წარმატებულია ამავე კოდექსის 420-ე, 623-ე და 625-ე (სესხის დადების დროს მოქმედი რედაქციის შესაბამისად) მუხლებიდან გამომდინარე“ (შდრ. სუსგ №ას-481-481-2018, 19 თებერვალი, 2019 წელი).

40. კასატორის პოზიცია სადავო ფულადი დავალიანების შესრულებასთან დაკავშირებით ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ავტომანქანის ღირებულება სრულად ფარავდა მოსარჩელის მიმართ პირველი მოპასუხის ფულად ვალდებულებას, თუმცა მოსარჩელემ იგი გაასხვისა დაბალ ფასად და სასამართლოს არ წარუდგინა მტკიცებულება რეალიზაციის ფაქტობრივი ღირებულების დასადასტურებლად.

41. ზემოაღნიშნული არგუმენტი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია ზემოაღნიშნული ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც ნასყიდობის ფასად დაფიქსირებულია 2500 ლარი (იხ. ტომი 1, ს.ფ 27). ამასთან, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული სესხის №715 ხელშეკრულების მე-5 მუხლით მხარეებმა, სამოქალაქო სამართალში მოქმედი ნების ავტონომიის პრინციპის ფარგლებში, გათვალისწინებული პირობის ძალით, მსესხებლის მიერ თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევისას გაითვალისწინეს კრედიტორის უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებისამებრ გაესხვისებინა უზრუნველყოფის ნივთი მისთვის მისაღებ ფასად (იხ. ტომი 1, ს.ფ 19).

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

43. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

44. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და წარმოეშვა დავალიანების დაფარვის მოვალეობა, შესაბამისად, მოსარჩელემ სესხის უზრუნველყოფის საგანი მართლზომიერად გაასხვისა.

45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავდებობა ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა სამოქალაქო ბრუნვაში. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თავდები კისრულობს ვალდებულებას, პასუხის აგოს კრედიტორის წინაშე, მოვალის მიერ ნაკისრი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო. სანივთო უზრუნველყოფისაგან განსხვავებით, თავდებობა პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებად გვევლინება (იხილეთ: ლ.ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012 წ., გვ.182; ირ.რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი (თანაავტორობით), თბილისი, 2014 წ., გვ. 546.), რომლის დროსაც კრედიტორის შესრულების ინტერესის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა თავდების გადახდისუნარიანობას ენიჭება (იხ. სუსგ №ას-726-2019, 05 ივლისი, 2019წ.).

46. თავდებობა, როგორც კრედიტის უზრუნველყოფის პიროვნული (პირადი) საშუალება, რომლის სუბიექტები (კონტრაჰენტები) თავდები პირი და კრედიტორი არიან, დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა. თავდებობის ხელშეკრულება, შესაძლოა, ვალდებულების წარმოშობამდეც გაფორმდეს და, როგორც დამოუკიდებელი ხელშეკრულება, სამართლებრივ საფუძველს (კაუზას) თავის თავშივე ატარებს, ამასთან, ცალმხრივად მავალდებულებელია (იხ. სუსგ №ას-1172-2018, 08 თებერვალი, 2019წ.). მოვალის მონაწილეობა თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებაში არ არის აუცილებელი, თუმცა შესაძლებელია, სამმხრივი ხელშეკრულება დაიდოს ერთდროულად მოვალის, კრედიტორისა და თავდების მონაწილეობით. თავდების როლში, შესაძლოა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები გამოვიდნენ. კანონი ამ კუთხით რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ-ები: №ას-132-2019, 30 ივნისი, 2021 წ.; №ას-1114-2020, 24 დეკემბერი, 2020 წ).

47. სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 893-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულების შესრულებას. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულება იდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულების საფუძველზე და დამოკიდებულია ძირითად ხელშეკრულებაზე, ანუ თავდებობა აქცესორული ხასიათისაა. შესაბამისად, როდესაც წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, წყდება ასევე თავდების ვალდებულებაც. თავდებობის აქცესორული ბუნება იმპერატიული ხასიათისაა და მხარეთა შეთანხმებით მისი შეზღუდვა, ანდა გამორიცხვა უზრუნველყოფის სახის ცვლილებას განაპირობებს (შდრ. სუსგ-ები: №ას-836-802-2016, 20 იანვარი, 2016წ; №ას-97-2019, 05 ივლისი, 2019 წ; №ას-726-2019, 05 ივლისი, 2019წ). თავდებობის მთავარი ელემენტი არის მისი აქცესორული/დამხმარე ხასიათი (იხ. The Suertyship in the Law of the Member States of the European Communities – Commission of the European Communities, 1971, Study prepared by the "Max-Planck-lnstitut für ausländisches und internationales Privatrecht", Hamburg – par.20, 43, 53, 58; იხ. სუსგ №ას-1172-2018, 08 თებერვალი, 2019წ.).

48. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია, იგი სსკ-ის 891-ე და 892-ე მუხლით დადგენილ წინაპირობებს აკმაყოფილებდეს. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მის წერილობით ფორმას განსაზღვრავს, ასევე, მოითხოვს თავდების განცხადებას და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითებას (სსკ-ის 892-ე მუხლი) (იხ. სუსგ-ები: №ას-1338-2021, 18 ივლისი, 2022 წ.; №ას-4-2022, 13 ოქტომბერი, 2022 წ.; №ას-1801-2019, 28 მაისი, 2020 წ.).

49. ეს მოთხოვნები სწორედ თავდები პირის უფლებას იცავს, რადგან სსკ-ის 891-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საკრედიტო დაწესებულებების პრაქტიკაში უფრო ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც თავდებობის კისრების მომენტში ვალდებულება წარმოშობილიც კი არ არის (იხილეთ: ზვიად გაბისონია, საბანკო სამართალი, თბილისი, 2017 წ., გვ. 210). აქცესორულობის პრინციპიდან გამომდინარე, თავდები ამ შემთხვევებში მხოლოდ მას შემდეგ აგებს პასუხს, რაც ძირითადი ვალდებულება წარმოიშობა და გახდება ვადამოსული (იხილეთ: გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი - www.gccc.tsu.ge, 893-ე მუხლის კომენტარი, ველი 7).

50. მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ მეორე მოპასუხე წარმოადგენს თავდებს. მან იკისრა ვალდებულება, პირველი მოპასუხის მიერ სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, გაიზიაროს მისი ფინანსური პასუხისმგებლობა.

51. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენის გზით მოპასუხეებმა მოსარჩელის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან მათი გათავისუფლების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი სარწმუნოდ ვერ დაადასტურეს. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით მათ დაუფარავი დავალიანების - 2259.59 ლარის გადახდა მართებულად დაეკისრა.

52. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს კასატორთა არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკანონოდ სააღსრულებო ფურცლის ამოწერის შესახებ.

53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხეთა მხრიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის საფუძველზე წინამდებარე საქმის წარმოება გაგრძელდა სააპელაციო ინსტანციაში, შესაბამისად, მოპასუხეთა კანონიერი ინტერესები არ ხელყოფილა და მათთვის სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება არ შეზღუდულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მხარემ ვერ დაადასტურა, კონკრეტულად რა სახით შეილახა მისი უფლებები.

54. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოთხოვნას მოწმეთა დაკითხვის შესახებ. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა აღნიშნულისათვის მხარემ სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით უნდა დაასაბუთოს, რომ საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულის საფუძველზე საკასაციო ინსტანციაში მოწმეთა დაკითხვა და ახალი მტკიცებულებების მიღება არ ხდება.

55. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული მოწმეების გამოკითხვის შედეგად კასატორებს სურთ მოსარჩელის მხრიდან სესხის უზრუნველყოფის საგნის - ავტომანქანის უკანონოდ გასხვისების დადასტურება, აღნიშნული გარიგების ნამდვილობის კვლევა კი მოცემული დავის საგანს სცდება.

56. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

57. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

58. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

59. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

61. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ქ.ჯ–ვას მიერ 2024 წლის 24 სექტემბერს №8744 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ნ–იას და შ.ზ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ თ.ნ–იას (პირადი №........) და შ.ზ–იას (პირადი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ქ.ჯ–ვას მიერ 2024 წლის 24 სექტემბერს №8744 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი