Facebook Twitter

ბს-1062-1013(კ-06) 21 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 6 იანვარს ო. ჯ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და სახელფასო დავალიანების _ 2195 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით იგი აღდგენილ იქნა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციაში შეგროვებისა და რეგისტრაციის განყოფილების ი...ის თანამდებობაზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს, აჭარის საგადასახადო დეპარტამენტსა და ქობულეთის საგადასახადო ინსპექციას მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის _ 875 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ. მითითებული გადაწყვეტილება საბოლოოდ უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის განჩინებით.

მოსარჩელის განმარტებით, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოტანიდან იმავე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე 10 თვე იყო გასული, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 16 სექტემბრის განჩინება მოსარჩელემ 2005 წლის დეკემბერში მიიღო, ანუ ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ ხსენებული გადაწყვეტილების გამოტანიდან 13 თვის შემდეგ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი მას მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან მის აღსრულებამდე ეკუთვნოდა, რაც 2970 ლარს შეადგენდა, ხოლო ადვოკატის მომსახურების ხარჯი _ 100 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხეებისათვის ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ მისთვის მიკუთვნებულ 875 ლარსა და 3070 ლარს შორის სხვაობის _ 2195 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 იანვრის განჩინებით საქმე განსჯადობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.

ბათუმის საქალაქო სასაართლოში საქმის განხილვისას ო. ჯ-ემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისთვის შვიდი თვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის _ 1115 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ შვიდი თვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის _ 1115 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, ხოლო საქმის წარმოება ო. ჯ-ის სარჩელისა გამო ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიმართ შეწყდა, იმ საფუძვლით, რომ ო. ჯ-მ შეამცირა რა სასარჩელო მოთხოვნა, თანხის დაკისრება მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისთვის მოითხოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ო. ჯ-ე აღდგენილ იქნა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციაში შეგროვებისა და სარეგისტრაციო განყოფილების ი...ის თანამდებობაზე. მოსარჩელეს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი _ 875 ლარი. ო. ჯ-მ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი წარადგინა აჭარის სააღსრულებო ბიუროში. სასამართლო აღმასრულებელმა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ წინადადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს, თუმცა მოვალემ გადაწყვეტილება არ შეასრულა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაცია დააყოვნებდა გადაწყვეტილების აღსრულებას, მაშინ დაყოვნების დროისათვის მუშაკს ეძლეოდა საშუალო ხელფასი ან ხელფასის სხვაობა გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან მის აღსრულების დღემდე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი აყოვნებდა ო. ჯ-ის სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას, რის გამოც მოსარჩელეს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ჰქონდა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ანაზღაურებას მხოლოდ ერთი თვის ხელფასი ექვემდებარებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა მუშაკისათვის საშუალო ხელფასის გადახდას გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებისთვის, რის შედეგადაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიანგარიშა მოსარჩელის საშუალო ხელფასი.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის შესაბამისად დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო, აგრეთვე, სასამართლოს გადაწყვეტილება მუშის ან მოსამსახურისათვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვის ხელფასისა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ანაზღაურებას მხოლოდ ერთი თვის ხელფასი ექვემდებარებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 21 მარტამდე.

2006 წლის 22 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსაზრება წარადგინა და განმარტა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.