Facebook Twitter

საქმე №ას-515-2024 21 თებერვალი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.დ–ძე, რ.ქ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდეგში „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.დ–ძისა და რ.ქ–ძის (შემდეგში „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2017 წლის 21 ივნისის №-01-3/252 ბრძანებით, სარგებლობის უფლებით (იჯარა) 2022 წლის 7 ივლისამდე ვადით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 2087 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ......).

2.2. 2017 წლის 13 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და რ.ქ–ძეს შორის გაფორმდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის შესახებ“ N31 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 4.2 და 4.3 პუნქტების თანახმად, „საიჯარო ქირის წლიური ოდენობა შეადგენდა 7200 ლარს. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, საბოლოოდ ხელშეკრულების 6.3. პუნქტის შესაბამისად მოიჯარემ იკისრა შემდეგი ვალდებულებები: ა) ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამინისტროს შეტყობინების მიღების დღიდან ერთ თვეში გამოათავისუფლოს საიჯარო ქონება. ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება. ბ) 2018 წლის 1 დეკემბრამდე, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე მოაწყოს და აამოქმედოს საწარმო. გ) საწარმოს ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, დაასაქმოს არანაკლებ 15 საქართველოს მოქალაქე და სარგებლობის ვადით შეინარჩუნოს საწარმოს პროფილი და დასაქმებულთა რაოდენობა. დ) 2018 წლის 1 დეკემბრამდე, პროექტის ფარგლებში განახორციელოს არანაკლებ 70000 ლარის ინვესტიცია.

2.3. რ.ქ–ძემ 2018 წლის 11 ივნისს განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება და მოიჯარის ჩანაცვლება ახალი მოიჯარით რ.დ–ძით.

2.4. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 ივლისის №67 განკარგულებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 15 ივლისის №01-01-3/321 ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 11 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რ.ქ–ძესა და რ.დ–ძეს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლის თანახმადაც, მოიჯარე რ.ქ–ძე ჩანაცვლდა ახალი მოიჯარით რ.დ–ძით. მოიჯარე რ.ქ–ძე გათავისუფლდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და რ.ქ–ძეს შორის 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებული №31 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული ჯარიმებისგან (პირგასამტეხლო - 19 348,6 ლარი) იმ პირობით, თუ მოიჯარის მიერ იქნებოდა შესრულებული აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და რ.ქ–ძეს შორის 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებულ №31 ხელშეკრულების 6.3 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტში შევიდა ცვლილებები.

2.5. ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა, რის გამოც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 3 ივლისის №ew1-01-3/244 ბრძანებით მოიშალა (გაუქმდა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და რ.ქ–ძეს (შემდგომში რ.დ–ძეს) შორის 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებული №31 იჯარის ხელშეკრულება.

2.6. 2019 წლის 3 ივლისს მდგომარეობით მოპასუხეებს დავალიანების სახით ერიცხებოდათ საიჯარო ქირა - 5 400 ლარის ოდენობით, ხოლო საიჯარო ქონების გამოთავისუფლებამდე (სამინისტროზე ჩაბარებამდე) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი საიჯარო ქირა - ყოველდღიურად 19,73 ლარი, ასევე 2019 წლის 3 ივლისის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო ჯამში - 43 687,55 ლარი საიდანაც:

- 2018 წლის 1 დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე საწარმოს მოწყობისა და მოქმედების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის - წლიური საიჯარო ქირის 7200 ლარის 0.5%, დღეში 36 ლარი, დარღვევის დღიდან (01.12 2018) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2019 წლის 3 ივლისის მდგომარეობით 215 ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 7 740 ლარს;

- 2018 წლის 1 დეკემბრამდე პროექტის ფარგლებში არანაკლებ 70000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების დარღვევისათვის - განსახორციელებელი ინვესტიციის 70000 ლარის 0,1% (დღეში 70 ლარი) დარღვევის დღიდან (01.12.2018) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2019 წლის 3 ივლისის მდგომარეობით 215 ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 15050 ლარს;

- საიჯარო ქირის 5400 ლარის გადაუხდელობისათვის - გადასახდელი ქირის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესაბამისად, 2019 წლის 3 ივლისის მდგომარეობით საიჯარო ქირის დაგვიანებით გადახდისთვის დარიცხული პირგასამტეხლო ჯამში შეადგენს 1 548,95 ლარს;

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 ივლისის №67 განკარგულების საფუძველზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 5 ივლისის №01-01-3/321 ბრძანებით ვალდებულებების შესრულების პირობით გათავისუფლებული პირგასამტეხლო შეადგენს 19 348,6 ლარს.

3. მოპასუხეების პოზიცია:

3.1. მოპასუხე - რ.დ–ძე, 2019 წლის 10 სექტემბერს წარდგენილი დაზუსტებული შესაგებლით, ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენს 5400 ლარს, თუმცა არ დაეთანხმა მოთხოვნას 2019 წლის 14 აპრილიდან ყოველდღიურად 19,73 ლარის დაკისრების თაობაზე და განმარტა, რომ საიჯარო ქონება რ.დ–ძემ გამოათავისუფლა 2019 წლის თებერვლის თვეში, მაშინ, როდესაც მოსარჩელეს აცნობა მისი მხრიდან ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ, რის გამოც პირგასამტეხლო 3000 ლარამდე უნდა შემცირებულიყო.

3.2. გარდა ამისა, მოპასუხე - რ.დ–ძე არ დაეთანხმა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას. მისივე მტკიცებით, არასწორია სარჩელში მოყვანილი ის გარემოებები, თითქოს რ.ქ–ძისა და რ.დ–ძის მიერ აღებული სახელშეკრულებო ვალდებულებები საერთოდ არ შესრულებულა. მას შემდეგ რაც მოიჯარე რ.დ–ძე გახდა, მის მიერ ვალდებულებების შესრულების მიზნით მიწის ნაკვეთი მომზადდა საწარმოს (ბლოკის ქარხნის) დასადგმელად, შემოღობა მიწის ნაკვეთი, მოაწყო რკინა ბეტონის საფარი, გაიყვანა წყლის სისტემა, მიწის ნაკვეთზე დადგა ადმინისტრაციული შენობა და ასევე ბლოკის საჭრელი ქარხანა, რისთვისაც, რ.დ–ძემ გასწია დაახლოებით 25000 ლარის ხარჯი, თუმცა შემდგომში, სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ ვალდებულებების სრულად ვეღარ შესრულდა. ამის თაობაზე მოსარჩელეს წერილობით ეცნობა 2019 წლის 21 თებერვალს. ვალდებულებების სრულად შესრულებაში ხელი შეუშალა შვილის ავადმყოფობამ, რის გამოც იგი იძულებული გახდა ოჯახთან ერთად თბილისში გადასულიყო. ხსენებული გარემოებების გამო, მოპასუხე დაკისრებულ პირგასამტეხლოს ოდენობას მიიჩნევდა შეუსაბამოდ.

3.3. მოპასუხე რ.ქ–ძე, 2019 წლის 11 სექტემბერს წარდგენილი შესაგებლით, ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში რ.დ–ძით მის ჩანაცვლებამდე პირგასამტეხლო 19349.6 ლარს შეადგენდა, რომელზეც მას განუმარტეს, რომ შეთანხმებით უნდა გაუქმებულიყო.

3.4. მოპასუხე რ.ქ–ძე, ამტკიცებს, რომ ტერიტორია, რომელიც იჯარის საგანს წარმოადგენდა, დაჭაობებული იყო, რომლის ამოსაშრობად რ.ქ–ძემ დიდი ხარჯი გასწია. ვინაიდან ქარხნის მოწყობა ვერ მოახერხა, მოიჯარე რ.ქ–ძე რ.დ–ძით ჩანაცვლდა. მოპასუხე რ.ქ–ძის მოსაზრებით, თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა მის მიმართ, დაუსაბუთებელია.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რ.დ–ძესა და რ.ქ–ძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საიჯარო ქირის გადახდა 5400 ლარის ოდენობით (2019 წლის 13 აპრილის მდგომარეობით), ასევე, მათვე დაეკისრათ 2019 წლის 14 აპრილიდან 2019 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში (საიჯარო ქონების სამინისტროზე ჩაბარებამდე) 135 ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი საიჯარო ქირის გადახდა - 2664 ლარის ოდენობით. რ.დ–ძესა და რ.ქ–ძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებული №31 იჯარის ხელშეკრულების პირობების თანახმად შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა - 4368,75 ლარის ოდენობით.

4.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ, სახელშეკრულებო დათქმათა ჭრილში, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნა, რომ პირველმა ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებულად შეამცირა მხარეთათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. ამ მიმართებით პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რ.დ–ძემ ხელშეკრულების შეწყვეტამდე, იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე გასწია მნიშვნელოვანი სამუშაოები, კერძოდ: მიწის ნაკვეთი მომზადდა (მოხდა ჭაობის ამოშრობა და მოსწორდა) საწარმოს (ბლოკის ქარხნის) დასადგმელად, მანვე შემოღობა მიწის ნაკვეთი და მოაწყო რკინა ბეტონის საფარი, გაიყვანა წყლის სისტემა, უზრუნველეყო ელექტროენერგიის შეყვანა და მიწის ნაკვეთზე აღმართა ადმინისტრაციული შენობა. ყოველივე აღნიშნულის განსახორციელებლად, რ.დ–ძის მიერ გაწეულ იქნა მნიშვნელოვანი ხარჯი, რამაც გამოიწვია მიწის ნაკვეთის გაუმჯობესება. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხე რ.დ–ძის მიერ 03.09.2019 წელს წარდგენილი დაზუსტებული შესაგებლით, კვალიფიციური შედავება განახორციელა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობასთან დაკავშირებით.

5.3. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობა, ხელშეკრულების დარღვევის ხასიათი, აგრეთვე ის თუ მოსარჩელემ დარღვევის შედეგად რა ფინანსური ზარალი განიცადა, და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლო, ჯამში - 43687,55 ლარი იმ პირობებში, როდესაც საიჯარო ქირის დავალიანება 5400 ლარს წარმოადგენდა იყო შეუსაბამოდ მაღალი და დაუშვებლად ხელყოფდა მოიჯარის ინტერესებს, რის გამოც, პალატამ მიიჩნია, რომ მისი განაკვეთი მართებულად შემცირდა 10-ჯერ.

5.4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ იმ პირობებში თუ მოპასუხეები პირგასამტეხლოს დაკისრებას ეწინააღმდეგებოდნენ მათ უნდა აღეძრათ შეგებებული სარჩელი, რაც არ განუხორციელებიათ.

6.2. ამასთან, კასატორის მტკიცებით, მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო ძალიან სიმბოლურია და არ უზრუნველყოფს ვადის დამრღვევი პირისთვის შესაბამის სანქცირებას. აგრეთვე კასატორი აცხადებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა შეფასების მიღმა დატოვეს ის გარემოება, რომ მოდავე მხარეთა შორის 19 348,6 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოზე გაფორმებული იყო შეთანხმება, რაც თავისთავად გამორიცხავდა პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერების, მართლზომიერებისა და შესაბამისობის თაობაზე სასამართლოს მსჯელობის შესაძლებლობას. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს შეფასების საგანი მხოლოდ ის უნდა გამხდარიყო თუ რამდენად დაირღვა მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების პირობები, ვინაიდან 2018 წლის 11 ივლისის აქტის შესაბამისად, მოპასუხეებმა გამოთქვეს მზაობა გადაეხადათ დარიცხული პირგასამტეხლო იმ შემთხვევაში თუ მათი მხრიდან კვლავ დაირღვეოდა ხელშეკრულების პირობები, მათი დარღვევის ფაქტი კი, განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ იყო.

6.3. კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მიჩნევის თაობაზე სამართლებრივ შეფასებასაც და დასძენს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო ხელშეკრულების დარღვევით არ გამართლდა მოსარჩელის კანონიერი მოლოდინი სულ მცირე 70 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების თაობაზე, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვლის განჩინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ნაწილობრივ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. საკასაციო პალატის განსჯით, საქმეზე დადგენილად მიიჩნევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 21.06.2017 წლის №01-3/252 ბრძანებით გამოცხადებულ აუქციონში, იმავე მინისტრის 7.07.2017 წლის №01-3/317 ბრძანებით, აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა რ.ქ–ძე, რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ქალაქ ბათუმში, ...... მდებარე 2087 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ. ...... და უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრა 7200 ლარის ოდენობით (ს.ფ. 24-27);

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და რ.ქ–ძეს შორის 13.07.2017 წელს გაფორმდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის შესახებ“ №31 ხელშეკრულება, რომლის 4.2 და 4.3 პუნქტების თანახმად, საიჯარო ქირის წლიური ოდენობა განისაზღვრა 7200 ლარით, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან თანაბარწილად მე-3 თვეს, შემდეგ ანგარიშზე: 300693046. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, საბოლოოდ ხელშეკრულების 6.3. პუნქტის შესაბამისად, მოიჯარემ იკისრა შემდეგი ვალდებულებები: ა) ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამინისტროს შეტყობინების მიღების დღიდან ერთ თვეში გამოათავისუფლოს საიჯარო ქონება. ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება. ბ) 2018 წლის 1 დეკემბრამდე, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე მოაწყოს და აამოქმედოს საწარმო. გ) საწარმოს ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში დაასაქმოს არანაკლებ 15 საქართველოს მოქალაქე და სარგებლობის ვადით შეინარჩუნოს საწარმოს პროფილი და დასაქმებულთა რაოდენობა. დ) 2018 წლის 1 დეკემბრამდე, პროექტის ფარგლებში განახორციელოს არანაკლებ 70000 ლარის ინვესტიცია (ს.ფ. 28-38);

- მოსარგებლემ - რ.ქ–ძემ, ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც მან სამინისტროს მიმართა იჯარით გადაცემული ქონების ქვეიჯარით გაცემაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით (ს.ფ. 40), რაზეც მოსარგებლე რ.ქ–ძემ, 26.09.2017 წლის წერილით, თანხმობა მიიღო სამინისტროსგან (ს.ფ. 37);

- დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ 2018 წლის 12 იანვრის მდგომარეობით, რ.ქ–ძის მიერ გადასახდელი საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენდა 1800 ლარს (ს.ფ. 41), რომელსაც დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სამინისტროს 2018 წლის 23 მარტის წერილის შესაბამისად, რ.ქ–ძეზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 2018 წლის 19 მარტის მდგომარეობით განისაზღვრა ჯამში 8231 ლარით (ს.ფ. 44-45). აღნიშნული წერილი რ.ქ–ძეს ჩაბარდა 2018 წლის 3 აპრილს (ს.ფ. 46);

- რ.ქ–ძემ 2018 წლის 11 ივნისს განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება და მოიჯარის ჩანაცვლება ახალი მოიჯარით რ.დ–ძით, ასევე, იკისრა საიჯარო ქირის დაფარვის ვალდებულება, ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების დღიდან არაუმეტეს ერთი თვისა (ს.ფ. 47, 50);

- ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 ივლისის №67 განკარგულებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 5 ივლისის №01-01-3/321 ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 11 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რ.ქ–ძეს და რ.დ–ძეს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლის თანახმადაც, მოიჯარე რ.ქ–ძე ჩანაცვლდა ახალი მოიჯარით რ.დ–ძით. მოიჯარე რ.ქ–ძე გათავისუფლდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და რ.ქ–ძეს შორის 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებული №31 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული ჯარიმებისგან (პირგასამტეხლო - 19348,6 ლარი) იმ პირობით, თუ მოიჯარის მიერ იქნებოდა შესრულებული აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და რ.ქ–ძეს შორის 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებულ №31 ხელშეკრულების 6.3 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტში შევიდა ცვლილებები (ს.ფ. 53-56);

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 19 ნოემბრის წერილით მოიჯარეს გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების მეიჯარისთვის წარდგენისა და საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე ინფორმაციისა და მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნით (ს.ფ. 57-58). რ.დ–ძემ არ უარყო, რომ მოიჯარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია სამინისტროში არ წარუდგენია;

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 27 დეკემბრის №01-01-3/541 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და რ.ქ–ძეს (შემდგომში რ.დ–ძეს) შორის 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის (გაუქმების) სამართლებრივი საფუძვლების დადგენისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით. ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული იქნა რ.დ–ძე (ს.ფ. 63-66);

- სამინისტროს 2018 წლის 28 დეკემბრის №01-01-10/5211 წერილით რ.დ–ძეს დამატებით ეცნობა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ; ეთხოვა წერილის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაბამისი მტკიცებულებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარმოდგენა;

- ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სამინისტროს 2019 წლის 18 აპრილის №01-01- 10/1688 წერილით რ.დ–ძეს განემარტა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №44 განკარგულების შესაბამისად 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის (იჯარის ფორმით) შესახებ №31 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დარიცხული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხის განხილვის მიზნით, გარდა საიჯარო ქირის გადაუხდელობისათვის დარიცხული პირგასამტეხლოსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განკარგულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად არაუგვიანეს 2019 წლის 29 მაისისა წარმოედგინა ვალდებულებების შესრულების შესახებ დაზუსტებული წინადადება და საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების 6.3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას, არანაკლებ ორი თვით (ს.ფ. 63-67). აღნიშნული წერილი მოიჯარეს არაერთხელ გაეგზავნა ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე, მაგრამ გზავნილი ვერ ჩაბარდა (ს.ფ. 68-71);

- საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, მოიჯარეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სამინისტროში რ.დ–ძეს არ წარუდგენია (ს.ფ. 82-83);

- 21.02.2019 წელს მოიჯარე რ.დ–ძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს მიმართა განცხადებით, სადაც მიუთითა, რომ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე ჩაატარა გარკვეული სამუშაოები, თუმცა რიგი გარემოებების გამო, ბლოკის საჭრელი ქარხანა-დანადგარის საკუთარ სახელზე გაფორმება და ამუშავება ვერ მოახერხა ობიექტური გარემოებების გამო (შვილის ავადმყოფობისა და დანადგარის გამყიდველის, მ.ხ–ის გარდაცვალების გამო). განმცხადებელმა ითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან (მათ შორის ჯარიმის გადახდის) გათავისუფლება (ს.ფ. 72- 73);

- სამინისტრომ 18.03.2019 წლის წერილით, მოიჯარეს მიეცა წინადადება, სამინისტროსთვის წარედგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გადავადების თაობაზე განცხადება (ს.ფ. 79). მოიჯარეს აღნიშნული წერილი არ ჩაბარდა (ს.ფ. 80);

- სამინისტროს 2019 წლის 8 აპრილის №01-01-10/1688 წერილით რ.დ–ძეს დამატებით ეცნობა, რომ არაუგვიანეს 2019 წლის 29 მაისისა, უნდა წარედგინა ვალდებულებათა შესრულების შესახებ დაზუსტებული წინადადება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია 10000 ლარის ოდენობით (ს.ფ. 82-83). შეტყობინება არაერთხელ გაეგზავნა მოიჯარეს, თუმცა გზავნილები არ ჩაბარდა (ს.ფ. 84-87);

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 3 ივლისის №01-01-3/244 ბრძანებით მოიშალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და რ.ქ–ძეს (შემდგომში რ.დ–ძეს) შორის 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებული იჯარის N31 ხელშეკრულება (ს.ფ. 88-93);

- რ.ქ–ძეს (შემდგომში რ.დ–ძეს) შორის 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებული №31 იჯარის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2019 წლის 3 ივლისს მდგომარეობით მოპასუხეებს გადასახდელი აქვთ საიჯარო ქირა 5 400 ლარის ოდენობით, ხოლო საიჯარო ქონების გამოთავისუფლებამდე (სამინისტროზე ჩაბარებამდე) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენს ყოველდღიურად 19,73 ლარს (ს.ფ. 94-95);

- 2018 წლის 11 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რ.ქ–ძესა და რ.დ–ძეს შორის გაფორმებული შეთანხმების აქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების აქტის გაფორმებამდე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილი იყო, ვალდებულების შესრულება რ.ქ–ძისა და რ.დ–ძისთვის მოეთხოვა სოლიდარულად (ს.ფ. 58);

- 2017 წლის 13 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და რ.ქ–ძეს (შემდგომში რ.დ–ძეს) შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოპასუხეებს რ.ქ–ძესა და რ.დ–ძეს 2019 წლის 3 ივლისის მდგომარეობით ერიცხებათ პირგასამტეხლო 43 687,55 ლარის ოდენობით, საიდანაც: 2018 წლის 1 დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე საწარმოს მოწყობისა და მოქმედების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის - წლიური საიჯარო ქირის 7200 ლარის 0.5%, დღეში 36 ლარი, დარღვევის დღიდან (01.12.2018) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2019 წლის 3 ივლისის მდგომარეობით 215 ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 7 740 ლარს; 2018 წლის 1 დეკემბრამდე პროექტის ფარგლებში არანაკლებ 70000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების დარღვევისათვის - განსახორციელებელი ინვესტიციის 70000 ლარის 0,1% (დღეში 70 ლარი) დარღვევის დღიდან (01.12.2018) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2019 წლის 3 ივლისის მდგომარეობით 215 ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 15050 ლარს; საიჯარო ქირის 5400 ლარის გადაუხდელობისათვის - გადასახდელი ქირის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესაბამისად, 2019 წლის 3 ივლისის მდგომარეობით საიჯარო ქირის დაგვიანებით გადახდისთვის დარიცხული პირგასამტეხლო ჯამში შეადგენს 1 548,95 ლარს; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 ივლისის №67 განკარგულების საფუძველზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 5 ივლისის №01-01-3/321 ბრძანებით ვალდებულებების შესრულების პირობით გათავისუფლებული პირგასამტეხლო შეადგენს 19 348,6 ლარს (ს.ფ. 94-95);

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 10 ივლისის №01-01-10/3452 წერილით მოპასუხეებს გაეგზავნათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 3 ივლისის №01-01-3/244 ბრძანება და ეთხოვათ ბრძანების ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყოთ ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს და საიჯარო ქირის გადახდა. განემარტათ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან გატარდებოდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები (ს.ფ. 95-112);

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. ამიტომ, ვინაიდან საკასაციო საჩივარი მხოლოდ შეეხება პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობამდე შემცირებას, განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი იქნება, მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური პირების მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტის დადგენა, ხოლო ამ გარემოების გადაწყვეტის შემდეგ, იმის შეფასება, სწორად ეთქვა თუ არა უარი მოსარჩელეს პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე.

11. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

12. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და რ.ქ–ძეს (შემდგომში რ.დ–ძეს) შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოპასუხეებს რ.ქ–ძესა და რ.დ–ძეს 2019 წლის 3 ივლისის მდგომარეობით დაერიცხათ პირგასამტეხლო 43 687,55 ლარის ოდენობით, საიდანაც: 2018 წლის 1 დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე საწარმოს მოწყობისა და მოქმედების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის - წლიური საიჯარო ქირის 7200 ლარის 0.5%, დღეში 36 ლარი, დარღვევის დღიდან (01.12 2018) ყოველ ვადაგადაცილებელ დღეზე, 2019 წლის 3 ივლისის მდგომარეობით 215 ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 7740 ლარს; - 2018 წლის 1 დეკემბრამდე პროექტის ფარგლებში არანაკლებ 70000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების დარღვევისათვის - განსახორციელებელი ინვესტიციის 70000 ლარის 0,1% (დღეში 70 ლარი) დარღვევის დღიდან (01.12.2018) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2019 წლის 3 ივლისის მდგომარეობით 215 ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 15050 ლარს; - საიჯარო ქირის 5400 ლარის გადაუხდელობისათვის - გადასახდელი ქირის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესაბამისად, 2019 წლის 3 ივლისის მდგომარეობით საიჯარო ქირის დაგვიანებით გადახდისთვის დარიცხული პირგასამტეხლო ჯამში შეადგენს 1 548,95 ლარს; - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 ივლისის №67 განკარგულების საფუძველზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 5 ივლისის №01-01-3/321 ბრძანებით ვალდებულებების შესრულების პირობით გათავისუფლებული პირგასამტეხლო შეადგენს 19 348,6 ლარს (ტომი I, ს.ფ. 94-95).

13. კასატორის პრეტენზია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირებასთან მიმართებით უკავშირდება რამდენიმე არგუმენტს, სახელდობრ, კასატორის მტკიცებით, დარიცხული პირგასამტეხლოს 4368,75 ლარამდე შემცირებით იგი ფორმალური ხასიათის გახდა და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების დამრღვევი პირის სანქცირებას, ასევე კასატორი ამტკიცებს, რომ მოდავე მხარეთა შორის 19348,6 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოზე გაფორმებული იყო შეთანხმება, რაც თავისთავად გამორიცხავდა პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერების, მართლზომიერებისა და შესაბამისობის თაობაზე სასამართლოს მსჯელობის შესაძლებლობას. ამასთან, კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მიჩნევის თაობაზე სამართლებრივ შეფასებასაც და დასძენს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო ხელშეკრულების დარღვევით არ გამართლდა მოსარჩელის კანონიერი მოლოდინი სულ მცირე 70000 ლარის ინვესტიციის განხორციელების თაობაზე, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

14. საკასაციო სასამართლო მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და დასაბამშივე აღნიშნავს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 ივლისის №67 განკარგულებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 5 ივლისის №01-01-3/321 ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 11 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რ.ქ–ძეს და რ.დ–ძეს შორის გაფორმებული შეთანხმების აქტი, რომელიც სხვა პირობებთან ერთად, ასევე ითვალისწინებდა ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში, 19348,6 ლარის პირგასამტეხლოს დარიცხვისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, თავისი არსით არ წარმოადგენს ვალის აღიარებას (სამოქალაქო კოდექსის 341 მუხლი), არამედ იგი წარმადგენს პირობით გარიგებას (სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლი), რომელიც ვალდებულების შესრულების პირობად დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას ითვალისწინებდა, რაც ვერ განხორციელდა. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები უფლებამოსილნი იყვნენ, ემსჯელათ 19348,6 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერებისა და მისი შესაბამისობის შესახებ, თავისი ინიციატივით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ფარგლებში) და სასამართლოს ამ დისკრეციას ვერც ის ფაქტი შეზღუდავდა, რომ მხარეს არ ჰქონდა წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი.

15. რაც შეეხება კასატორის არგუმენტებს დაკისრებული პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, აღნიშნული გასაზიარებელია რის შესახებაც, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ.). პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ. გვ. 590).

16. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.; №ას-89-2024, 12.04.2024წ.; №ას-65-2024, 15.04.2024წ.). როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604-605).

18. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორებიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და, ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ.: სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019, 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).

19. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. ამასთან, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ.: სუსგ საქმე №ას-652-2024 26 ივლისი, 2024 წელი, №ას-189-2022, 16.09.2022წ.; №ას-1206-2023, 17.11.2023წ.).

20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო სპეციფიური ხელშეკრულება, რომელიც ქონების იჯარით გადაცემასთან ერთად გულისხმობდა მოპასუხეების მხრიდან გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებების განხორციელებას, რომლის მიმართაც სახელმწიფოს განსაკუთრებით მაღალი დაცვის ღირსი ინტერესი გააჩნია, ასეთ ხელშეკრულებებს უკავშირდება არა მხოლოდ რაიმე კონკრეტული ვალდებულების შესრულება/შეუსრულებლობის მიმართ მოლოდინი, არამედ, სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განსაზღვრა და დაგეგმვა, შესაბამისად მსგავსი ტიპის ხელშეკრულების გაფორმებამდე, კონტრაჰენტებს უნდა გააჩნდეთ ვალდებულების შესრულების მიმართ განსაკუთრებით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც გამოირიცხება, ვალდებულების დამრღვევი პირების მიმართ მხოლოდ ფორმალური სანქციის დაკისრებით.

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო (43 687,55 ლარი) ნამდვილად შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა. თუმცა ამ მიმართებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს კანონისმიერი ფუნქციის შესრულებას ვერც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი 4368,75 ლარამდე შემცირება უზრუნველყოფს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ვალდებულების დარღვევის ხარისხი საკმაოდ მაღალია. საქმის მასალების კვლევის, დარღვეული ვალდებულების ხასიათის, დარღვევის პერიოდისა და მოპასუხეთა ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მხარეებისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 21 843,77 ლარით უნდა განისაზღვროს, რაც დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის ნახევარია და გონივრულია, როგორც დარღვეული ვალდებულების მოცულობისა და ხასიათის, ასევე მოწინააღმდეგე მხარის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. საკასაციო პალატის აზრით, მოპასუხისათვის სწორედ ამ თანხის სახით პირგასამტეხლოს დაკისრება უზრუნველყოფს ზიანის იმ ოდენობას, რის მაკომპენსირებელ ნორმატიულ საშუალებასაც სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი წარმოადგენს, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს, შესაბამისად, პალატა შესრულების ღირებულების, დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა 21843,77 ლარით უნდა განისაზღვროს, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებული 2018 წლის 11 ივლისის შეთანხმების აქტის თანახმად, მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ (ტომიI, ს.ფ. 58).

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს, 21 843,77 ლარით ლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 2228,06 ლარის გადახდა (დაკისრებული გაზრდილი პირგასამტეხლო 21 843,77 ლარი - ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო 4368,75 ლარი = 17475,02 ლარი, I ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი ბაჟი 17475,02*3/100 = 655,31 ლარი, II ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი ბაჟი 17475,02*4/100 = 699 ლარი, III ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი ბაჟი 17475,02*5/100 = 873,75 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს - 4368,75 ლარის დაკისრების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; რ.დ–ძესა და რ.ქ–ძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს სახით - 21 843,77 ლარის, გადახდა. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად; რ.დ–ძესა და რ.ქ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის – 2228,06 ლარის (655,31 ლარი + 699 ლარი + 873,75 ლარი) გადახდა; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი