Facebook Twitter

საქმე №ა-5363-შ-143-2024 28 თებერვალი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ს.უ.ს.მ–სი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო–ა“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე №A40-206963/23-42-1616)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №A40-206963/23-42-1616), მოპასუხე შპს „ო–ას“ მოსარჩელე მ.ს.უ.ს.მ–სის სასარგებლოდ დაეკისრა 131 650 რუბლი და საპროცესო ხარჯები - 4 950 რუბლი.

2. მ.ს.უ.ს.მ–სმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე №A40-206963/23-42-1616) ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

4. ზემოაღნიშნული განჩინება, შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - შპს „ო–ას“ ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით (გზავნილი ჩაიბარა კომპანიის ბუღალტერმა).

5. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. პალატა უპირველესად განმარტავს, რომ განსახილველი შუამდგომლობა ეხება უცხო ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხს. გასათვალისწინებელია, რომ „რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო სასამართლოების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის 1995 წლის 5 აპრილის ფედერალური საკონსტიტუციო კანონის პირველი მუხლის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში საარბიტრაჟო სასამართლოები წარმოადგენენ ფედერალურ სასამართლოებს და შედიან რუსეთის ფედერაციის საერთო სასამართლოების სისტემაში, შესაბამისად, საკასაციო პალატა მოცემული შუამდგომლობის განხილვისას იხელმძღვანებელებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციითა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №A40-206963/23-42-1616), მოპასუხე შპს „ო–ას“ მოსარჩელე მ.ს.უ.ს.მ–სის სასარგებლოდ დაეკისრა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 131 650 რუბლი და საპროცესო ხარჯები - 4 950 რუბლი.

9. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებიდან ირკვევა, რომ ამავე სასამართლოს მიერ 2024 წლის 4 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 7 მაისს და ექვემდებარება აღსრულებას, ამასთან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იგი არ აღსრულებულა. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო სასამართლო განხილვის შესახებ.

10. მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.

11. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.

13. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

14. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

16. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

17. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.

18. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე №A40-206963/23-42-1616) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ს.უ.ს.მ–სის შუამდგომლობა რუსეთის ფერედარციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფერედარციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ო–ას“ (მისამართი: საქართველო, ........, ს/კ .....) მ.ს.უ.ს.მ–სის სასარგებლოდ დაეკისრა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 131 650 რუბლი და საპროცესო ხარჯები - 4 950 რუბლი.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა