Facebook Twitter

საქმე №ას-100-2023 30 იანვარი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - შპს „ო.ჯ.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ფ–ძე (მოსარჩელე)

II კასატორი - გ.ფ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ო.ჯ.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ო.ჯ.ბ–ი“ (შემდეგ - მოსარჩელე, პირველი კასატორი) და გ.ფ–ძე - (მოსარჩელე, აპელანტი, მეორე კასატორი) ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა 2019 წლის 1 იანვრიდან - 2022 წლის 26 ივლისამდე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 26 556,08 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 8 801 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მოპასუხეს დაეკისრა ორივე ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 5691,70 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისთვის - 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. პირველი კასატორი სადავოდ ხდის მისთვის თანხის დაკისრებას და მიიჩნევს, რომ მას ვალდებულება არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობდა ზიანისა და პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.

3. მეორე კასატორის მტკიცებით, არ არსებობდა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი მიუღებელი შემოსავლის სასამართლოს მიერ შემცირების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი გარემოებები:

8.1. 2017 წლის 18 ივნისს, მხარეებს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო ქ. ბათუმში, ........ №7-ში, ........საკადასტრო კოდით ასაშენებელ სასტუმროში მყიდველისათვის ნომრის საკუთრებაში გადაცემა და სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების გაფორმება. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 48 400 აშშ დოლარით. ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, გამყიდველი ვალდებული იყო, მყიდველისათვის ფართი გადაეცა ხელშეკრულების დანართი №2-ით გათვალისწინებული სახით, ამავე ხელშეკრულების 5.4. მუხლით განსაზღვრული ვადის მიხედვით - 2018 წლის ბოლომდე.

8.2. ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი ვერ ახერხებს დაკისრებული ვალდებულებების სრულად შესრულებას ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.4. პუნქტით გათვალისწინებული ვადების დაცვით და ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა გადააჭარბებს სამ თვეს, მყიდველი უფლებამოსილია, წერილობით მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა, რომელიც წერილობითი მოთხოვნის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს ნასყიდობის საგნის ღირებულების 0.01%-ს.

8.3. მოსარჩელემ მოპასუხეს ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა სრულად გადაუხადა.

8.4. 2017 წლის 18 ივნისს გაფორმებული „უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების“ საფუძველზე, 2022 წლის 26 ივლისს მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ქ. ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონება ........საკადასტრო კოდით საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად.

9. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება დროულად ვერ შეასრულა, რის გამოც მას წარმოეშვა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.

10. მოსარჩელის მოთხოვნის, მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 629-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლები, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნა სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებს ეფუძნება.

11. სადავო არ არის, რომ შემკვეთს შესრულებული აქვს შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულება. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადის დაცვითი უძრავი ქონების შემკვეთისათვის გადაცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ პირველ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. დაუსაბუთებელია მტკიცება, რომ უძრავი ქონება ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხით 2018 წლის ბოლოსათვის მზად იყო, თუმცა მოსარჩელემ თავად არ მიიღო. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 8 აგვისტოს წერილი, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ უძრავი ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახით მოსარჩელისათვის გადაცემას მოპასუხე უზრუნველყოფდა 2019 წლის 20 აგვისტომდე. 2019 წლის 27 სექტემბრის წერილში მოსარჩელე მოპასუხეს წერს, რომ სარემონტო სამუშაოების კვლავ მიმდინარეობს და მოითხოვს აცნობონ, როდის დასრულდებოდა; შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ელი განყოფილების გამომძიებლის მიერ შედგენილი მოწმის - მოპასუხის თანამშრომლის, მინდია მოწყობილის, გამოკითხვის ოქმითა და ადგილის დათვალიერების ფოტოსურათებით ირკვევა, რომ 2020 წლის 21 იანვარს სადავო 2743 სასტუმროს ნომერში დაზიანებული იყო კედლები, მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რის გამოც ნომერში დაყრილი იყო სამშენებლო ნარჩენები. ამ მტკიცებულებათა საწინააღმდეგო, კერძოდ, მოსარჩელისათვის გადასაცემი სადავო უძრავი ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარუდგენია.

12. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზიის მიხედვით, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოსარჩელის მტკიცება, რომ მან უძრავი ქონება გასაქირავებლად შეიძინა, რითაც აუცილებლად მიიღებდა შემოსავალს, რადგან უძრავი ქონების შეძენის მიზანი იმთავითვე არ არის გაქირავება. კასატორის ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო მოიხმობს მისავე ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რომელშიც განიმარტა, რომ უძრავი ქონების დროულად დაბრუნების შემთხვევაში მისი გასხვისებით, საბაზრო ღირებულების ოდენობით, მიღებული თანხის საბანკო ანაბარზე განთავსებისა და სარგებლის მიღების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ქონების გაქირავებასა და გასხვისებას შორის მკაფიო განსხვავებაა. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მიუღებელი შემოსავალი, რომელიც მოვალისათვის არა მხოლოდ წინასწარ სავარაუდო უნდა იყოს, არამედ უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. განსახილველ შემთხვევაში ქონების გაქირავების შეუძლებლობით მიყენებული ზიანის სავარაუდოობა უფრო დამაჯერებელია და რეალური, ვიდრე ის გარემოება, რომ მოსარჩელე კუთვნილი უძრავი ქონების დროულად დაბრუნების შემთხვევაში აუცილებლად გაასხვისებდა ქონებას (ან მის ნაწილს), შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელემ დამაჯერებლად და სარწმუნოდ ვერ დაამტკიცა საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობა (იხ. სუსგ №ას-689-2019, 13.12.2019წ.; №ას-154-2021, 01.04.2022წ.; №ას-1097-2023, 26.07.2024წ.). მით უფრო განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის ხელშეკრულების საგანი იყო ბათუმში, ........ ასაშენებელ სასტუმროში სასტუმროს ნომერი №23-24, რაც მოპასუხისათვის თავიდანვე სავარაუდოს ხდიდა, რომ მყიდველმა ქონება შეიძინა სამომავლოდ გაქირავების მიზნით.

13. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და არც იარსებებდა ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, პირდაპირ და უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევას. პირდაპირი კავშირი გულისხმობს მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის იმ ლოგიკურ ბმას, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ.: სუსგ №ას-945-895-2015, 14.03.2016წ.; №ას-1458-2022, 20.07.2023წ.; №ას-1097-2023, 26.07.2024წ.; №ას-1096-2024, 14.11.2024წ.).

14. პირველი კასატორი მიუღებელი შემოსავლის ოდენობასაც ხდის სადავოდ. მისი მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ცარიელი ციფრებია, რომლითაც ჰიპოთეტურად არის დათვლილი შემოსავალი და რეალობას არ უკავშირდება. ამასთან, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა პანდემია, რომლის დროსაც სასტუმრეობის ნომრები თითქმის არ ქირავდებოდა.

15. საკასაციო პალატა მხარეთა მტკიცების ტვირთზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლის ფარგლებში შემკვეთმა შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინა და რომლის გასაბათილებლად მოპასუხეს შესატყვისი სამართლებრივი წონადობის მტკიცებულება არ წარუდგენია. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „იმ პირობებში, როცა მოსარჩელის მითითება ბინის ქირის სავარაუდო ღირებულებაზე გამყარებულია სპეციალისტის დასკვნით, მოპასუხის მხოლოდ მითითება ამ ღირებულების არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით, არასაკმარისია. სხვა მტკიცებულება, რაც გააბათილებდა სპეციალისტის დასკვნას, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლომ ბინის ქირის სავარაუდო ოდენობა არასწორად დაადგინა“ (იხ.: სუსგ №ას-945-895-2015, 14.03.2016წ.). განსახილველ შემთხვევაში, დასკვნის მიხედვით უძრავი ქონების გაქირავების ფასი დათვლილია 49%-იანი დატვირთისათვის, რომელსაც სასამართლომ გამოაკლო კომუნალურებისა და საშემოსავლო გადასახადის ღირებულება, შესაბამისად, მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მენარდეს შემკვეთის სასარგებლოდ 26 556,08 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, რაც სავსებით შეესატყვისება უძრავი ქონების გაქირავების იმ გონივრულ და სამართლიან ღირებულებას (იხ.: სუსგ №ას-154-2021, 01.04.2022წ.; №ას-1097-2023, 26.07.2024წ.), რომელსაც შემკვეთი მიიღებდა (მათ შორის, პანდემიის პირობებში, როდესაც უძრავი ქონება იზოლაციისა და კარანტინის მიზნებითაც გამოიყენებოდა) მენარდეს ვალდებულება დროულად და ჯეროვნად რომ შეესრულებინა.

16. არ არის გასაზიარებელი მეორე კასატორის პრეტენზია მიუღებელ შემოსავლის ოდენობად წლიური 11 244.2 აშშ დოლარის განსაზღვრის თაობაზე. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 27 აპრილის დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დადგენილია, რომ წლიური 49%-ის შევსების შემთხვევაში, ორბი მენეჯმენტის, მომსახურების, კომუნალურებისა და საშემოსავლო გადასახადის გარეშე, ქ. ბათუმში, ........ 44 კვ.მ-ის წლიური შემოსავალი შეადგენს 7 411 აშშ დოლარს. შესაბამისად, 2019 წლის 1 იანვრიდან, მის შესრულებამდე - 2022 წლის 26 ივლისამდე (3 წელი და 7 თვე), მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით, სწორად დაეკისრა 26 556,08 (7 411 x 3,7 = 26 556,08) აშშ დოლარის ანაზღაურება. საკასაციო პალატა, მეორე კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, კიდევ ერთხელ, განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრისას, ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, ისე, რომ არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემოსავალს სწორად გამოაკლდა მოსარჩელის მიერ გასაღები სავარაუდო ხარჯი.

17. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე, ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ: სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ. გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ: ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93; შდრ: სუსგ №ას-157-2023, 7.03.2023წ.; №ას-213-2023, 11.04.2023წ.)

18. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.). პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე (იხ.: სუსგ №ას-303-2024, 22.07.2024წ.).

19. პირველი კასატორის პრეტენზია ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეთა მიერ შეთანხმებული წესით პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არარსებობას უკავშირდება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე, ასევე, პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება (იხ.: სუსგ №ას-639-2021, 23.09.2021წ.; №ას-574-2021, 09.09.2021წ.). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ, რაკი მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა დადგინდა, მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა, რაც საქმის მასალების გათვალისწინებით რეალიზებულია სათანადოდ.

20. არ არის გასაზიარებელი პირველი კასატორის არც ის პრეტენზია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა წარმოშობილია, ის შეწყდა, რამდენადაც მოსარჩელემ 2022 წლის 26 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მიიღო რა საკუთრებაში უძრავი ქონება, უარი განაცხადა სხვა მოთხოვნებზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამატებით მოთხოვნებზე უარი უკავშირდებოდა მოსარჩელის თანხმობას, მიეღო უძრავი ქონება ისეთ მდგომარეობაში, როგორიც ის საკუთრების გადაცემისას იყო, მიუხედავად იმისა, ემთხვეოდა თუ არა წინარე ხელშეკრულებით შეთანხმებულ ხარისხს. შესაბამისად, მოთხოვნის უფლებაზე უარი არ უკვშირდებოდა მიმდინარე დავის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნებზე უარის თქმას.

21. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორების პრეტენზიებს არ გააჩნიათ სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, მათ სასამართლოს ვერ წარუდგინეს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მართებული გადაწყვეტილება მიიღო.

22. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ო.ჯ.ბ–ისა“ და გ.ფ–ძის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ო.ჯ.ბ–ს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 5327.80 ლარის (საგადასახადო დავალება 1673864633 / გადახდის თარიღი 16.01.2023), 70% - 3729.46 ლარი;

3. გ.ფ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1800 ლარის (საგადასახადო დავალება 6533 / გადახდის თარიღი 23.02.2023), 70% - 1260 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა