31 იანვარი 2025 წელი
№ას-1530-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ფ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - დ.თ–ი (ვ.თ–ის უფლებამონაცვლე)
მოპასუხეები - თ.ლ–ძე, თ.მ–ი, შ.პ.ს. „ს.კ.ს–ო“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ.თ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: მ.ფ–ძის, თ.ლ–ძისა და თ.მ–ის მიმართ, ზიანის - 20 000 ა.შ.შ. დოლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
2. მ.ფ–ძემ და თ.მ–მა სარჩელი არ ცნეს, ხოლო თ.ლ–ძეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 20 000 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ფ–ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლებით:
5.1. 2016 წლის 09 ივნისს, ვ.თ–სა და შ.პ.ს. „ს.კ.ს“-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N10638, რომლის თანახმად, საფინანსო კომპანიას მოსარჩელემ ასესხა 22 000 ა.შ.შ. დოლარი, 3 თვის ვადით, საპროცენტო განაკვეთი წლიური 25%.
5.2. შ.პ.ს. „ს.კ.ს“-ს მოსარჩელესთან გაფორმებული N10638 სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი საპროცენტო განაკვეთი გადახდილია კონტრაჰენტის მიერ.
5.3. N10638 სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის დასრულებისას, კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების ძირითადი თანხის დაბრუნება და 2016 წლის 15 სექტემბერს სესხის ხელშეკრულება N10638 გაგრძელდა 1 თვით იგივე პირობებით.
5.4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 1 თვით გადავადების მიუხედავად, კომპანიამ ვერ უზრუნველყო სესხის ძირითადი, ვადამოსული თანხის დაბრუნება.
5.5. მოსარჩელემ კონტრაჰენტისაგან მოითხოვა 2 000 ა.შ.შ. დოლარის გაცემა, რაც დაკმაყოფილდა.
5.6. შ.პ.ს. „ს.კ.ს“-ს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის თანხის დაბრუნების შესახებ არ შეუსრულებია. შ.პ.ს. „ს.კ.ს“-სთან დაკავშირებულმა პირებმა დანაშაულებრივი გზით გაფლანგეს მოსარჩელის მიერ საფინანსო კომპანიისათვის სარგებლიანი სესხის სახით მიღებული თანხები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N092101016002.
5.7. 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, მოპასუხეები ცნობილ იქნენ დამნაშავედ. ამავე განაჩენით მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი. მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო, მოსარჩელეს მიადგა ზიანი 20 000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით.
5.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საქმეზე N2ბ/1455-21, მოწინააღმდეგე მხარის, ვ.თ–ის უფლებამონაცვლედ, ცნობილ იქნა დ.თ–ი.
5.9. უპირველესად სააპელაციო პალატამ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის სამართლებრივ საფუძვლებზე და განმარტა, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივარი მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონის დარღვევას ეფუძნებოდა, ამასთან, სასამართლოს მიერ აპელანტი მ.ფ–ძე მსგავსი და თითქმის იდენტური კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ იქნა მოსმენილი ზეპირ სხდომებზე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების პრინციპებისა და ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1761-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასამართლო დისკრეციის საქმის ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განხილვის თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, არსებობდა განსახილველი დავის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები.
5.10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მ.ფ–ძის სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა დელიქტური სამართლის მომწესრიგებელი ნორმებით დავის გადაწყვეტის შეუძლებლობის თაობაზე და განმარტა, რომ განსახილველი დავა სწორედ დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნებოდა.
5.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომლის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, დამდგარი ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. ამავე კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.
5.12. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. ხოლო შედავება საპირისპირო ფაქტებზე მითითების ან მითითებული გარემოებების პირდაპირ უარყოფის გზით უნდა მოხდეს.
5.13. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ოდენობის დასამტკიცებლად მოსარჩელემ სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი (რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეები დაზარალებულად იქნენ ცნობილი), 2018 წლის 12 დეკემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რომლითაც მ.ფ–ძისა და თ.მ–ის საკასაციო საჩივრები 2018 წლის 16 მაისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება და შ.პ.ს. „ს.კ.ს“-ს ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი სალაროს ორდერი წარმოადგინა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ საფინანსო ორგანიზაციისათვის სესხის სახით თანხის საკუთრებაში გადაცემა საქმის მასალებში არსებული შეუცილებადი მტკიცებულებებით (ხსენებული სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები) დასტურდებოდა. ის ფაქტი კი, რომ მოსარჩელემ სესხად გაცემული ფულადი თანხა, მოპასუხეთა, მათ შორის, მ.ფ–ძის, განზრახი დანაშაულებრივი ქმედების გამო ვერ დაიბრუნა, საქმის მასალებში წარმოდგენილი შეუცილებადი მტკიცებულებით - განაჩენით დასტურდებოდა.
5.14. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლზე მითითებით განმარტა ზიანის ანაზღაურების სარჩელზე დასართავ დოკუმენტთა ჩამონათვალი და მათი საკმარისობის განხილვის წესი. ამასთან, პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალსიწინებულ სპეციალური მოწესრიგების პროცედურულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ კატეგორიის საქმეების განხილვის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ (საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილი), რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი“(იხ. სუსგ საქმეზე №ას-176-163-2015, 04.10.2016 წ.).
5.15. პალატამ ასევე განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით (№4075.სსმ1, №76) განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV თავი) (სუსგ საქმეზე №ას-638-605-2014, 22.04.2016 წ.).
5.16. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლი ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს ასევე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად, ანუ ე.წ. პრეიუდიციად. ამ მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, კი, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (იხ. სუსგ საქმეზე N937-888-2012, 13.12.2012 წ. ასევე, სუსგ საქმეზე Nას-1322-2018, 18 04.04.2019 წ.).
5.17. პალატამ ასევე მიუთითა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, არა დაჩქარებული წესით, არამედ საერთო სასარჩელო წესით ხდება და განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, პრეიუდიციულ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, იგი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა ზოგადი სტანდარტით შეფასებას ექვემდებარება, რაც ნიშნავს, რომ განაჩენი, საქმის მასალებში არსებული სხვა მტკიცებულებთან ერთად, როგორც ერთ-ერთი წერილობითი მტკიცებულება, უნდა შეფასდეს და სწორედ მათი შეპირისპირების შედეგად უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, განაჩენის მტკიცებულებითი ძალის შესუსტებას, შესაძლებელია მოპასუხე მხარის კვალიფიციური შედავება, იმავე ან უფრო მაღალი სამართლებრივი ძალის საპირისპირო მტკიცებულების წარდგენა ან/და სხვა ისეთი პროცესუალური ქმედების განხორციელება იწვევდეს, რომელიც განაჩენში მოყვანილ მსჯელობას აქარწყლებს.
5.18. განსახილველ საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი (საქმე 1/719-17), რომლითაც შ.პ.ს. „ს.კ.ს“-ს დამფუძნებელი თ.მ–ი, დირექტორი თ.ლ–ძე და ფაქტობრივი მმართველი - მ.ფ–ძე, მეანაბრეთა, მათ შორის მოსარჩელის კუთვნილი თანხების მითვისების გამო, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული განაჩენის საფუძველზე დადგენილია, რომ შ.პ.ს. „ს.კ.ს“-ს დირექტორმა - თ.ლ–ძემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების საქმიანობაზე, მ.ფ–ძის წაქეზებითა და თ.მ–ის დახმარებით, მეანაბრეთა მიერ შეტანილი თანხები უკანონოდ გასცა სესხის სახით მ.ფ–ძეზე, რაც ამ უკანასკნელმა გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ და უკან არ დაუბრუნებია.
5.19. ამდენად, მითითებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენიდან, იკვეთებოდა, რომ მართალია, ოფიციალურად მ.ფ–ძეს შ.პ.ს. „ს.კ.ს–ოში“ არ გააჩნდა რაიმე სახის წილი და არ იყო კომპანიის თანამშრომელი, თუმცა ის რეალურად კომპანიის ფაქტობრივი მმართველი იყო. დადგენილად არის მიჩნეული, რომ მ.ფ–ძე კვირაში 2-3-ჯერ ცხადდებოდა კომპანიის ოფისში, წყვეტდა საკადრო საკითხებს, დავალებებს აძლევდა თანამშრომლებს, თავად იყო თავის თავზე სესხის გაცემის ინიციატორი, მ.ფ–ძეზე გაცემული სესხები და ხელშეკრულების პირობები დგებოდა მისივე მითითებით და თანხებთან დაკავშირებით ყველა მოქმედება თანხმდებოდა ამ უკანასკნელთან. განაჩენითვე განიმარტა, რომ მ.ფ–ძის მოქმედება თ.ლ–ძის მეშვეობით უკავშირდებოდა დაზარალებულთათვის მიყენებულ ზიანს.
5.20. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, განაჩენით დადგენილი ფაქტები პრეიუდიციულად იქნებოდა თუ არა მიჩნეული, მოპასუხე მხარეს მისი შინაარსის გამაქარწყლებელი სხვა რელევანტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მ.ფ–ძის, თ.ლ–ძისა და თ.მ–ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელეს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა, რაც მ.ფ–ძის სააპელაციო საჩივარს დაუსაბუთებელს ხდიდა და მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივ წინაპირობას არ იძლეოდა.
5.21. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ უდავო ფაქტობრივ გარემოებას, წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ თ.მ–ი შ.პ.ს. „ს.კ.ს“-ს დირექტორს, თ.ლ–ძე კი, მის პარტნიორს წარმოადგენდა. ისეთ შემთხვევაში, თუ საქმეში კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არ იარსებებდა, მაგრამ იარსებებდა სხვა სახის მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი შეფასებაც ზიანის შემადგენლობას შექმნიდა, მოპასუხეებად დასახელებული პირები მაინც იქნებოდნენ ზიანის ანაზღაურებაზე პერსონალურად პასუხისმგებელი პირები, ვინაიდან სამეწარმეო კანონმდებლობა პარტნიორისა და დირექტორის პასუხისმგებლობის გაჭოლვას, ანუ შეზღუდული შესაძლებლობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის გაქარწყლებას და პირადი პასუხისმგებლობის დაყენების სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს. თუმცა იმ მსჯელობის გათვალისწინებით, რომ მოპასუხედ დასახელებული პირების მიერ განხორციელებული ქმედება, თავისი შინაარსით, დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს ქმნიდა, სწორედ ამიტომ, მ.ფ–ძეც, რომელიც საწარმოს პარტნიორი ან დირექტორი არ ყოფილა, მოპასუხედ დასახელებულ სხვა პირებთან ერთად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენდა, ვინაიდან, როგორც განიმარტა, დავის გადაწყვეტა არა სამეწარმეო სამართლის მომწესრიგებელი, არამედ დელიქტური სამართლით მომწესრიგებელი ნორმებიდან გამომდინარე ხდება.
5.22. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეების, მათ შორის მ.ფ–ძის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ოდენობით ზიანი. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე რომელიც ადგენს პრინციპს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. იმ პრინციპის მხედველობაში მიღებით, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა სხვა პირს, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ სავარაუდო იყო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. პალატამ განმარტა, რომ საქმის მასალებში არსებობს მოსარჩელესა და შ.პ.ს. „ს.კ.ს“-ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ შ.პ.ს. „ს.კ.ს“-მ მოსარჩელისაგან სარგებლიანი სესხი აიღო, რომელიც არ დაუბრუნებია. ვინაიდან განაჩენით უტყუარადაა დადასტურებული, რომ მოპასუხეები კომპანიის ფინანსურ აქტივებს პირადი მიზნით იყენებდნენ, რის შედეგადაც 2343 მოქალაქე, მათ შორის განსახილველ საქმეზე დასახელებული მოწინააღმდეგე მხარეც დაზარალდა, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარის მიმართ ზიანის ოდენობა მართებულად იქნა დადგენილი. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი იყო, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შედეგად მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებისა და აპელანტ მ.ფ–ძის ბრალეულობის ფაქტი, სახეზე იყო ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის საჭირო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 998-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა.
5.23. პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტის პოზიციაზე განსჯად სასამართლოდ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითების თაობაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 და 22-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლო განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ფ–ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, რომ განსახილველი საქმე დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს დელიქტიდან გამომდინარე დავებისათვის დადგენილ ოთხ კომპონენტს, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა დელიქტური სამართლით რეგულირებადი ნორმების გამოყენებას გამორიცხავს, კერძოდ, კასატორის ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი არ დგინდება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება არ არის ის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ადგენს დელიქტის არსებობასა და ზიანის ოდენობას.
6.2. სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 და მე-3 მუხლის მე-6 პუნქტებით. მოსარჩელეს ზიანი მიადგა შ.პ.ს „ს.კ.ს–ოს“ ხელმძღვანელი პირების მიერ დაკისრებული მოვალეობების არაკეთილსინდისიერად და არასათანადოდ შესრულების გამო. სწორედ ხელმძღვანელობის არასწორმა ქმედებებმა გამოიწვია კომპანიის გადახდისუუნარობა, კასატორის მიერ შ.პ.ს. „ს.კ.ს–ო“-სგან თანხის სესხად აღება, არ გამხდარა ამ კომპანიის გაკოტრების მიზეზი, რაც დადგენილია განაჩენით, რომლის თანახმად, კასატორის მხრიდან კომპანიაში სესხის თანხის დაბრუნების პირობებშიც, იურიდიული პირი ვერ გადაურჩებოდა გაკოტრებას. ამდენად, აშკარაა, რომ კასატორის ქმედებას არ გააჩნია მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელისათვის დამდგარ ზიანთან, რომელიც ამ უკანასკნელმა შ.პ.ს „ს.კ.ს“-ში ფულადი თანხის შეტანით განიცადა.
6.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპანიის დირექტორმა, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, კასატორზე სესხი უკანონოდ გასცა. აღნიშნულით პალატამ თავადვე აღიარა, რომ მოსარჩელის მიმართ სრული პასუხისმგებლობა სწორედ კომპანიის დირექტორს ეკისრება. კასატორი მოქმედებდა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელს უნდა მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გამიზნული იქნებოდა კომპანიის ინტერესების სწორად წარმართვისაკენ. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ემსჯელა სააპელაციო პალატას და კასატორი უნდა ამორიცხულიყო მოპასუხეთა წრიდან, რადგან მისი ბრალეული ქმედება არ იყო მიმართული მოსარჩელის მიმართ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არსებობს თუ არა კასატორისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები, კერძოდ, სახეზეა თუ არა მიზეზობრივი კავშირი კასატორის ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის. კასატორის მტკიცებით, ის არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, სასესხო ურთიერთობა არსებობდა მოსარჩელესა და შ.პ.ს. „ს.კ.ს–ოს“ შორის. მითითებულ კომპანიასთან მას რაიმე კავშირი არ აქვს, მოსარჩელეს ზიანი სწორედ კომპანიის ხელმძღვანელი პირების ქმედებების შედეგად მიადგა, მიზეზობრივი კავშირი კასატორის ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ შედეგს შორის არ ვლინდება, შესაბამისად, დავა უნდა გადაწყვეტილიყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და არა დელიქტური სამართლის ნორმებით, ხოლო კასატორს სხვა მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად არ უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხის აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები წარმოადგენს.
13. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016; სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019). მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
14. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი გამარტივებული წარმოების წესით განსახილველ საქმეთა წრეში ექცევა ცალკეული დელიქტით (მათ შორის დანაშაულით) მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელები და მათი განხილვის წესი დადგენილია კოდექსის XXXIV3 თავით. ამ თავში მოქცეული 3093 მუხლის შესაბამისად, ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სარჩელი დანაშაულის, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილით ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს, არამედ, დამტკიცებულად მიიჩნევა ამავე ნორმით დადგენილი სპეციალური მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში (კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ განაჩენს სასამართლო შეაფასებს, როგორც შეუდავებელ წერილობით მტკიცებულებას, დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ცალკეული ელემენტების დადგენის თვალსაზრისით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მიუხედავად სამართალწარმოების სახისა, ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია და სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის იგი უნდა შეფასდეს საპროცესო წესების განუხრელი დაცვით. შესაბამისად, მართალია განაჩენს, წინამდებარე დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით პირდაპირ დადგენილი პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია, თუმცა, მისი ღირებულებითი მნიშვნელობა არ შეიძლება უგულვებელყოფილ იქნას ამავე კოდექსის 266-ე მუხლის კონტექსტში, რომლის დანაწესიც განამტკიცებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს აქტის მუდმივ ხასიათს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სტაბილური მართლმსაჯულების განხორციელებას.
განაჩენის საპროცესო ძალასა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით, პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, „კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილი), რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი“ (იხ. სუსგ №ას-176-163-2015, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).“
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. იმავე კოდექსის 102.3 მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
16. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდება, რომ მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად, შპს „ს.კ.ს–ომ“ ვერ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება, რითაც კომპანიის კრედიტორებს - 2343 მოქალაქეს, მათ შორის მოსარჩელეს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. აღნიშნული განაჩენით კომპანიის დამფუძნებელი, დირექტორი და ფაქტობრივი მმართველი (კასატორი) მეანაბრეთა, მათ შორის მოსარჩელის კუთვნილი თანხების გაფლანგვის გამო, დამნაშავეებად ცნეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
17. აღნიშნული განაჩენის საფუძველზე დადგენილია, რომ შ.პ.ს. „ს.კ.ს“-ს დირექტორმა - თ.ლ–ძემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების საქმიანობაზე, მ.ფ–ძის წაქეზებითა და თ.მ–ის დახმარებით, მეანაბრეთა მიერ შეტანილი თანხები სესხის სახით უკანონოდ გასცა მ.ფ–ძეზე, რაც ამ უკანასკნელმა გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ და უკან არ დაუბრუნებია. მართალია, ოფიციალურად კასატორს შ.პ.ს. „ს.კ.ს“-ში არ გააჩნდა რაიმე სახის წილი და არ იყო კომპანიის თანამშრომელი, თუმცა ის რეალურად კომპანიის ფაქტობრივი მმართველი იყო. კასატორი წყვეტდა კომპანიის საკადრო საკითხებს, დავალებებს აძლევდა თანამშრომლებს, თავად იყო თავის თავზე სესხის გაცემის ინიციატორი, კასატორზე გაცემული სესხები და ხელშეკრულების პირობები დგებოდა მისივე მითითებით და თანხებთან დაკავშირებით ყველა მოქმედება მასთან თანხმდებოდა. განაჩენითვე განიმარტა, რომ კასატორის მოქმედება კომპანიის დირექტორის მეშვეობით უკავშირდებოდა დაზარალებულთათვის მიყენებულ ზიანს.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ.).
19. ამდენად, დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას - მოსარჩელისათვის მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ზიანის მიყენების შესახებ.
20. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ განვიხილოთ კასატორს არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება (სუსგ №ას-1263-2019, 13.03.2020).
21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს დელიქტურ ვალდებულებაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლებს, რომლის თანახმადაც, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სოლიდარულად დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს ორი ან რამდენიმე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც შედეგად ზიანის დადგომა მოჰყვა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
22. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორის ის პრეტენზია, რომლის თანახმად, ზიანის მიყენებისათვის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობა, კერძოდ, მიზეზობრივი კავშირი კასატორის ქმედებასა და მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებულ ზიანს შორის არ დგინდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი განაჩენი თავისთავად ასაბუთებს ამგვარი მიზეზობრივი კავშირის არსებობას.
23. საკასაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ შექმნილიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 412-ე მუხლებზე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) დაყრდნობით იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას ზიანის ოდენობასთან მიმართებით და განმარტავს, რომ ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება, ზიანის ოდენობად სწორედ სესხად გაცემული თანხა უნდა იქნეს მიჩნეული (შდრ. სუსგ №ას-94-2021, 6 ივლისი, 2021 წელი).
24. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხეთა (ფიზიკურ პირთა) დელიქტური ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. ამდენად, სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
28. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი