Facebook Twitter

17 თებერვალი 2025 წელი

№ას-1508-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ს.ს. „ს.კ.ე.ჯ–ია“

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა და მოითხოვა მოპასუხე - ს.ს. „ს.კ.ე.ჯ“-ს დაეკისროს სადაზღვევო ანაზღაურება 12768 ლარი და ჯარიმა - 150 ლარი.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სადაზღვევო ანაზღაურების - 12 768 ლარისა და ჯარიმის - 150 ლარის, გადახდა დაეკისრა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. 2019 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №981 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება. ხელშეკრულების დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების ან/და დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებებით მესამე პირებისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან დამზღვევის უფლებამოსილი სხვა პირი შემთხვევის შესახებ შეტყობიდან, არაუგვიანეს 2 საათის განმავლობაში დაუკავშირდება სადაზღვევო კომპანიის 24-საათიან საინფორმაციო სამსახურს ნომერზე +995 (32) ...., მითითებული უნდა იქნას პრეტენდენტის მიერ, საპატრულო პოლიციის ან გადაუდებელი დახმარების ნომერზე (112), გარდა იმ შემთხვევისა, როცა ზარის განხორციელება შეუძლებელია ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე - 150 ლარი. ხელშეკრულების 6.1. მუხლის 6.1.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, სადაზღვევო მომსახურება გაუწიოს შემსყიდველ ორგანიზაციებს კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული პირობებითა და ფასით. ამავე მუხლის 6.1.6 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი მომსახურება გაუწიოს სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ნებისმიერ შემთხვევაზე, მიუხედავად მომსახურების გაწევისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობისა.

5.2. 2019 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დაზღვეული იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,TOYOTA HILUX’’ სახ. ნომრით ,,......".

5.3. 2020 წლის 07 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველ სამმართველოზე რიცხული ავტომანქანა ,,TOYOTA HILUX’’, სახ. ნომრით ,,.....", იმყოფებოდა თბილისში ზემოთ ხსენებულ სამმართველოს ტერიტორიაზე გაჩერებული, როდესაც დაახლოებით 22:30 საათზე, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა საბარგულის სახურავის მინის კარი, რომელიც დაცემის შედეგად დაიმსხვრა, ამასთან, დაზიანდა წინა საქარე მინისა და ძრავის სახურავი.

5.4. „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიერ 2022 წლის 11 მაისს გაცემული ავტომანქანის აღდგენისთვის გასაწევი ხარჯის ინვოისის მიხედვით, ზიანი შეადგენს - 12 768 ლარს.

5.5. მოსარჩელეს უარი ეთქვა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.

5.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის, ზიანის ანაზღაურების დამფუძნებელ ნორმებზე, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1, 820-821-ე მუხლებზე და განმარტა დაზღვევის ხელშეკრულებაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი.

5.7. პალატამ მიუთითა დადგენილ გარემოებებზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის საფუძველზე გაფორმდა მხარეებს შორის დაზღვევის ხელშეკრულება, რომელშიც მხარეებმა საგამონაკლისო შემთხვევებიც გაითვალისწინეს.

5.8. პალატამ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით, განმარტა ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების დანიშნულება, რომ ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვევლის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს.

5.9. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება შეუტყობინებლობასთან მიმართებით, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი იყო ცნობა, რომლითაც დგინდებოდა, რომ 2020 წლის 07 ნოემბერს, 23:16:45 სთ-ზე, სატელეფონო ნომრიდან - 5........ განხორციელებულ იქნა ზარი 112-ის ცხელ ხაზზე, რომელიც ამავე დღეს, 22:30 საათზე მომხდარ შემთხვევას ეხებოდა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ საპატრულო პოლიციას შეატყობინა, დასტურდებოდა აღნიშნული მტკიცებულებით, რაც მიუთითებდა მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე.

5.10. ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, პალატამ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ 2020 წლის 11 დეკემბრისა და 2022 წლის 04 მარტის ინვოისებს და განმარტა, როდესაც მხარეთა შორის სადავო არ იყო სადაზღვევო შემთხვევის თარიღი (2020 წლის 07 ნოემბერი), ამასთან, სადაზღვევო კომპანიამ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე მხარეს უარი უთხრა 2022 წლის 04 მარტს, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ზიანის განსაზღვრისას არ გაიზიარა აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, ვინაიდან სადაზღვევო კომპანიამ თვითონ განაცხადა უარი ავტომანქანის იმთავითვე შეკეთებაზე და გაწია რისკი, რომ შემდგომში, შესაძლოა, ხარჯი გაზრდილიყო საბაზრო ფასების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანი შეადგენდა, სწორედ, იმდენ თანხას, რამდენიც მოსარჩელემ გაიღო ავტომანქანის შესაკეთებლად, იმავე წელს, როდესაც სადაზღვევო კომპანიამ უარი უთხრა ანაზღაურებაზე.

5.11. ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული დაზღვევის პირობების მეორე ნაწილის მეორე მუხლის მე-14 პუნქტთან მიმართებით აპელანტის პრეტენზიაზე, პალატამ განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს მხარეები არ ფლობდნენ დაზიანებული ავტონაწილების მოხსნის, მათი ნარჩენი ღირებულებისა თუ გადაცემის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისად, არ არსებობდა პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. სასამართლომ უგულებელყო მხარეთა შორის შეთანხმებული პირობები, რომელთა დამზღვევის მხრიდან შესრულებაზე იყო დამოკიდებული შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარება და შესაბამისი ანაზღაურების გაცემა. განსახილველ შემთხვევაში, დარღვეულია დამზღვევის მიერ მზღვევლისათვის სადაზღვევო შემთხვევის შესახებ სწორი, ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიწოდების ვალდებულება. მზღვეველმა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი თქვა საქმეში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაზღვევის ხელშეკრულების/პირობების და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანართი №1 (დაზღვევის პირობები) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამზღვევის/უფლებამოსილი მძღოლის მიერ სავალდებულოდ შესასრულებელ პირობას წარმოადგენდა შემთხვევის შესახებ როგორც მზღვევლის, ისე საპატრულო პოლიციის შეტყობინება კუმულაციურად, ხოლო ხელშეკრულების 6.3.3 პუნქტის თანახმად, დამზღვევი ვალდებული იყო, შემთხვევის (სადაზღვევო რისკის) დადგომისას ემოქმედა „დაზღვევის პირობების“ პირველი ნაწილის მე-3 მუხლის შესაბამისად, მათ შორის, წარედგინა მზღვევლისათვის ზიანის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

კასატორმა მიუთითა ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული დაზღვევის პირობების მე-2 ნაწილის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად გამონაკლისს წარმოადგენდა შემთხვევა, როდესაც სახეზე იყო გაჩერებული დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების დაუდგენელი პირების მიერ დაუდგენელ ვითარებაში დაზიანება/განადგურების შემთხვევები, თუ დაუყოვნებლივ არ დაუკავშირდებოდნენ მზღვეველსა და საპატრულო პოლიციას დაზიანების აღმოჩენისთანავე. დამზღვევის მხრიდან ხელშეკრულების მითითებული პუნქტების დარღვევის გამო, იმავე ხელშეკრულების 6.2.1 პუნქტის შესაბამისად, მოცემული შემთხვევა ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.

6.2. კასატორი ზიანის თანხის ოდენობასაც ხდის სადავოდ დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო, კერძოდ, ერთი და იმავე ავტომობილის ერთი და იმავე სერვის ცენტრის მნიშვნელოვნად განსხვავებული შეფასებები კასატორს უჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოსარჩელეს სურდა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი მოთხოვნით მიეღო რეალურზე მეტი სარგებელი.

კასატორის მითითებით, 2022 წლის ნოემბერში ავტომობილის შეფასებისას მზღვეველს არამხოლოდ 2020 წლის 07 ნოემბრის შემთხვევის შედეგად ავტომობილისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენა და აღმოფხვრა სურდა, არამედ მისი მიმდინარე შეკეთებაც, რაც ცალსახად არ წარმოადგენს მზღვევლის პასუხისმგებლობას. სასამართლოებმა უაპელაციოდ გაიზიარეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი შეფასების აქტი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება საქმეში კასატორის მიერ წარდგენილი იმავე ცენტრის 2020 წლის 12 ნოემბრის ინვოისში მოცემული ოდენობისაგან, მაშინ, როცა სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა არა სარჩელზე თანდართული შემთხვევიდან 2 წლის შემდეგ შეფასების შედეგად გაცემული დასკვნა, არამედ უშუალოდ შემთხვევის შემდგომი ექსპერტიზის შედეგად დაანგარიშებული ზიანის ოდენობა.

6.3. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მსჯელობის მიღმა დარჩა მხარეთა შორის შეთანხმებული პირობა სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობა, კერძოდ ანაზღაურების გაცემის შემდგომ დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ნაწილებზე საკუთრების უფლების მზღვევლისათვის გადაცემა. (ხელშეკრულების დანართი №1-ის დაზღვევის პირობების მეორე ნაწილის, მეორე მუხლის №14 პუნქტი). ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო აღნიშნული პირობაც.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებული იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე მუხლები (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმების ფარგლებში, სავალდებულოა, დადგინდეს მხარეთა შორის სადაზღვევო ხელშეკრულების არსებობა, ხელშეკრულებით შეთანხმებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომა, ზიანის ოდენობა, მზღვეველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა.

12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს ერთმანეთთან დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობა ჰქონდათ. ასევე, დადგენილია, რომ დადგა სადაზღვევო შემთხვევა და დაზიანდა დამზღვევის ავტოსატრანსპორტო საშუალება, კერძოდ: 2020 წლის 07 ნოემბერს დაახლოებით 22:30 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ტერიტორიაზე გაჩერებულ ,,TOYOTA HILUX’’ ავტომანქანას, სახ. ნომრით ,,......", ძლიერმა ქარმა მოგლიჯა საბარგულის სახურავის მინის კარი, რომელიც დაცემის შედეგად დაიმსხვრა. ამასთან, დაზიანდა წინა საქარე მინა და ძრავის სახურავი.

13. მხარეთა შორის სადავოა სადაზღვევო შემთხვევით განპირობებული ზიანის ანაზღაურების საკითხი. კასატორი ამტკიცებს, რომ დამზღვევმა საგამონაკლისო სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე კუმულაციურად მზღვეველსა და საპატრულო პოლიციას არ შეატყობინა, რაც სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაა. ამრიგად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, სათანადოდ შეფასდა თუ არა სასამართლოს მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლიანობა და ვლინდებოდა თუ არა საკმარისი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრებისათვის.

14. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს, დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. ს.უ.ს.გ. საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი). ამასთან, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. ს.უ.ს.გ. № ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).

16. დაზღვევის ხელშეკრულებით, მხარეებმა გაითვალისწინეს საგამონაკლისო შემთხვევები, რომლებიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება. საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების დანიშნულებაა, ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვევლის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები მიეკუთვნება სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1147-1067-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი).

17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზღვევის ხელშეკრულების დანართი №1-ის (დაზღვევის პირობები) მე-2 ნაწილის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად გამონაკლისს წარმოადგენს და მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზარალი იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა გაჩერებული დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების დაუდგენელი პირების მიერ ან დაუდგენელ ვითარებაში დაზიანება/განადგურების შემთხვევები, თუ არ მოხდა მზღვეველსა და საპატრულო პოლიციასთან დაზიანების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ დაკავშირება, ხოლო ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზარალი იმ შემთხვევაში, თუ გაჩერებული დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა/განადგურდა დაუდგენელი პირის მიერ ან დაუდგენელ ვითარებაში, დამზღვევი აღნიშნულის შეტყობისთანავე დაუყოვნებლივ არ დაუკავშირდა მზღვეველს, საპატრულო პოლიციას ან/და დაზიანებული დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მზღვევლის წარმომადგენლის მისვლამდე დაძრა ადგილიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაადგილება მოხდა შესაბამისი კომპეტენტური უწყების მითითებით კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და მზღვეველის ზეპირსიტყვიერი მითითებით.

18. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ მზღვეველსა და საპატრულო პოლიციას კუმულაციურად და დაუყოვნებლივ არ ეცნობა საგამონაკლისო სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე, რითაც დამზღვევმა დაარღვია დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

19. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით კვალიფიციურად, დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ სატელეფონო ნომრიდან - 5....., 112-ის ცხელ ხაზზე დაირეკა 2020 წლის 07 ნოემბერს 23:16:45 სთ-ზე, ზარი უკავშირდებოდა ამავე დღეს, 22:30 საათზე მომხდარ შემთხვევას. შესაბამისად, დასტურდებოდა დამზღვევის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მოსარჩელის მიერ საპატრულო პოლიციისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 28.03.2022 წლის ცნობას, რომელშიც სამინისტროს წარმომადგენელი აღწერს, რომ სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანის, ,,TOYOTA HILUX’’, სახ. ნომრით ,,......", 2020 წლის 07 ნოემბერს პირველი სამმართველოს ტერიტორიაზე ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეულ დაზიანებისთანავე (22:30სთ) დაუკავშირდნენ საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზს (112) ნომრიდან 5....... და ს.ს. „ს.კ.ე.ჯ–ია“-ს ცხელ ხაზს (......) ნომრიდან - 5....... ამავე ცნობაში აღწერილია, რა გაგრძელება მოჰყვა თითოეულ ზარს სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებისაგან (იხ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 28.03.2022 წლის ცნობა, ტ.1, ს.ფ. 56-58) საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს, რომელშიც მეორე ფაქტობრივ გარემოებას (საპატრულო პოლიცისა და სადაზღვევო კომპანიის ინფორმირებულობის თაობაზე) მოპასუხე ეთანხმება და აღნიშნავს, რომ 2020 წლის 07 ნოემბრის შემთხვევის შესახებ მოპასუხე ინფორმირებულია (იხ. შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 67). საქმეში არსებული მასალებით დასტურდება დამზღვევის მიერ სადაზღვევო კომპანიისა და საპატრულო პოლიციის კუმულაციურად ინფორმირების ვალდებულების შესრულება, აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ვალდებულება კი მზღვეველს ეკისრებოდა, რაც მან სათანადოდ ვერ შეასრულა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.

20. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ზიანის ოდენობასთან მიმართებით, ამ ნაწილში საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და განმარტავს, რომ ვინაიდან მხარეთა შორის სადავო არ იყო სადაზღვევო შემთხვევის თარიღი (2020 წლის 07 ნოემბერი), ამასთან, სადაზღვევო კომპანიამ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე მხარეს უარი უთხრა 2022 წლის 04 მარტს, სადაზღვევო კომპანიამ თვითონ განაცხადა უარი ავტომანქანის იმთავითვე შეკეთებაზე და გაწია რისკი, რომ შემდგომში შესაძლოა, ხარჯი გაზრდილიყო საბაზრო ფასების გათვალისწინებით. ამდენად, მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანი შეადგენდა სწორედ იმ თანხას, რაც მოსარჩელემ გაიღო ავტომანქანის შესაკეთებლად, იმავე წელს როდესაც სადაზღვევო კომპანიამ უარი უთხრა ანაზღაურებაზე. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს ზიანის ოდენობის განსაზღვრისას ააპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულება.

21. კასატორი პრეტენზიას აცხადებს მასზეც, რომ ხელშეკრულების №1 დანართის მეორე ნაწილის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ანაზღაურების გაცემის შემდეგ დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ნაწილებზე საკუთრების უფლება მას უნდა გადასცემოდა, თუმცა სასამართლოს ეს საკითხი მსჯელობის მიღმა დარჩა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს დაზიანებული ნაწილების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნა სარჩელით არ წარუდგენია, არ მიუთითებია იმ ფაქტებზე შესაბამისი მტკიცებულებებით, თუ ავტომანქანის რა ნაწილი ექვემდებარებოდა აღდგენას, რა ნაწილი არა და კონკრეტულად რა ნაწილებზე აცხადებდა პრეტენზიას, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები ვერ იმსჯელებდნენ აღნიშნულ საკითხზე. ხელშეკრულების პირობებით, დაზიანებული ნაწილების გადაცემა შესაძლებელია, მზღვევლის მოთხოვნის შემთხვევაში, ანაზღაურების გაცემის შემდეგ. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაცემულა, ეს მოთხოვნა მოცემულ ეტაპზე ვერ გახდებოდა განხილვის საგანი და ვერ წარმოშობდა მზღვეველისათვის ვალდებულების დაკისრების საფუძველს.

22. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სადაზღვევო ანაზღაურების შესახებ სარჩელი საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 645.90 ლარის 70% - 452.13 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ს. „ს.კ.ე.ჯ–ია“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ს.ს. „ს.კ.ე.ჯ–ია“-ს (ს/კ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 645.90 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება № 6583495, გადახდის თარიღი: 18.12.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ტერაბანკი“) 70% – 452.13 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი