Facebook Twitter

09 დეკემბერი 2024 წელი

№ას-1162-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ჯ-ო“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხე - შ.პ.ს. „ჯ“-ს მიმართ, პირგასამტეხლოს - 7920 ლარის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი ცნო 792 ლარის ნაწილში (ყოველდღიურად ხელშეკრულების თანხის 0.01%).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 792 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 6 516 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებს:

5.1. 2022 წლის 1-ელ ივლისს მოსარჩელესა (შემსყიდველი) და მოპასუხეს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის №405 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული მეხანძრე-მაშველის უსაფრთხოების ფეხსაცმლის შესყიდვა; ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 720000 ლარით. მიმწოდებელს შემსყიდველისათვის შესყიდვის ობიექტი უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის განმავლობაში, კერძოდ, 20 აგვისტოს ჩათვლით.

5.2. ხელშეკრულების 7.3. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის - ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%.

5.3. მოსარჩელის 2022 წლის 06 სექტემბრის წერილის თანახმად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2022 წლის 20 აგვისტოს ნაცვლად, მიწოდებულია 2022 წლის 31 აგვისტოს, 11 კალენდარული დღის დაგვიანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.3. პუნქტის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 720 000 ლარის 0.10%, რაც 7 920 ლარია.

5.4. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია სარჩელზე თანდართულ 2022 წლის 25 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტს, რომლითაც დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის 2022 წლის 1-ელ ივლისს გაფორმებული №405 ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ ჩააბარა, ხოლო მოსარჩელემ მიიღო 234 000 ლარად ღირებული საქონელი. სარჩელზე თანდართული 2022 წლის 31 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტებით კი, დგინდებოდა, რომ ხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ ჩააბარა, ხოლო მოსარჩელემ მიიღო 324 000 ლარის და 162 000 ლარის, ჯამურად - 486 000 ლარად ღირებული საქონელი. შესაბამისად, 234 000 ლარად ღირებული საქონელი მოსარჩელისთვის მიწოდებულია 5 დღის დაგვიანებით, ხოლო 486 000 ლარის - 11 დღის დაგვიანებით.

5.5. სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო არ იყო მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დაცვით შეუსრულებლობა. სადავო იყო მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ შესაფასებელი იყო, თუ რამდენად ვლინდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონით გათვალისწინებული (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი) წინაპირობა.

5.6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე, ასევე, 420-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

5.7. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის შეათანხმეს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა 11 კალენდარული დღის დაგვიანებით, რისთვისაც ხელშეკრულებით შეთანხმებულმა პირგასამტეხლომ 7 920 ლარი შეადგინა. სარჩელზე თანდართული მიღება-ჩაბარების აქტებით კი, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 234 000 ლარის საქონელი მოსარჩელეს მიეწოდა 5 დღის, ხოლო 486 000 ლარად ღირებული - 11 დღის დაგვიანებით.

5.8. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას „შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის“ ტესტი გულისხმობს არა მხოლოდ ქონებრივი, არამედ - ნებისმიერი ნაგულისხმევი და ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესის გათვალისწინებას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც, ფაქტობრივად დამდგარი ან დადასტურებული ზიანი არ გამოხატავს ხელყოფილი სახელშეკრულებო ინტერესის მასშტაბს, რამეთუ ვალდებულების დარღვევამ უფრო მნიშვნელოვანი ინტერესის რღვევა, გაქარწყლება გამოიწვია, ვიდრე ეს ფულადი ფორმით - ზიანით გამოხატული ინტერესია. ასეთ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობის შეწონვა დარღვეული ინტერესის ხარისხთან უნდა მოხდეს და არა ზიანის ოდენობასთან. ზიანთან მიმართებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებამ, თუ ის დარღვეული - ხშირად არაფულადი ფორმით გამოხატული სახელშეკრულებო ინტერესისაგან იზოლირებულად იქნება განხილული, შესაძლოა, მხარეთა ინტერესების არათანაზომიერ განხორციელებამდე და სახელშეკრულებო სამართლის დაცვითი ფუნქციის საწინააღმდეგო შედეგამდე მიგვიყვანოს.

5.9. კონკრეტულ შემთხვევაში, პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შემსყიდველი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხოლო ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მეხანძრე-მაშველის უსაფრთხოების ფეხსაცმლის შესყიდვა, რომლის შესრულების განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა მოსარჩელეს, ხოლო მიმწოდებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვებოდა ვალდებულების შეთანხმებული ვადის დაცვით შესრულება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ, 2022 წლის 20 აგვისტოს ნაცვლად, მეხანძრე-მაშველის უსაფრთხოების ფეხსაცმელი მოსარჩელეს ერთ შემთხვევაში, მიაწოდა 5-დღიანი ვადაგადაცილებით - 25 აგვისტოს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 11- დღიანი ვადაგადაცილებით - 31 აგვისტოს, რითაც პოტენციური საფრთხე შეუქმნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვან შესრულებას. ხელშეკრულების დარღვევის ხარისხისა და კრედიტორის ნაგულისხმევი და ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

5.10. სააპელაციო პალატამ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მხარეს მოპასუხის სახით წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.

5.11. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაცია არ არის სავალდებულო. შესაბამისად, პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების სპეციფიკიდან და საქმეში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა გამოითვალოს და მისი განსაზღვრა ვერ იქნება დამოკიდებული მითითებულ რეკომენდაციაზე.

5.12. რაც შეეხება პანდემიის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდების თაობაზე მოპასუხის მითითებას, პალატის შეფასებით, არ ქმნის პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს, ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის 1-ელ ივლისს, ხოლო პანდემია 2020 წლის დასაწყისიდან არსებობდა, რის გამოც მოპასუხეს ხელშეკრულების გაფორმებისას და შესრულების ვადაზე შეთანხმებისას შეეძლო აღნიშნული გარემოების გათვალისწინება.

5.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არამართებულად შემცირდა. ხელშეკრულების მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ არსებობდა მისი შემცირების სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

5.14. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები არ მიიჩნია საკმარის საფუძვლად პირგასამტეხლოს შესამცირებლად და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.10% არ ჩათვალა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, პალატამ შეამოწმა, თუ რამდენად შეესაბამებოდა მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გამოთვლის წესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას.

5.15. მხარეთა შორის 2022 წლის 1-ელ ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №405 ხელშეკრულების თანახმად, საქონელი უნდა მიწოდებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის განმავლობაში, კერძოდ 2022 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა 11 კალენდარული დღის დაგვიანებით, რისთვისაც ხელშეკრულებით შეთანხმებულმა პირგასამტეხლომ 7 920 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელზე თანდართული მიღება-ჩაბარების აქტებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 234 000 ლარის საქონელი მოსარჩელისთვის მიწოდებულია 5 დღის დაგვიანებით, ხოლო 486 000 ლარად ღირებული საქონელი - 11 დღის დაგვიანებით.

5.16. აღსანიშნავი იყო, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებულია ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. პალატის მითითებით, საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (ს.უ.ს.გ: №ას-971-2019, 28.10.2019წ.; №ას-581-2019, 31.07.2019წ.; №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს თითოეული ვადადარღვეული შესრულებისას მიწოდებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, კერძოდ: მოპასუხის მიერ პირველი მიწოდება 2022 წლის 20 აგვისტოს ნაცვლად განხორციელდა 2022 წლის 25 აგვისტოს, 5 - დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მეორე მიწოდება (ორ ეტაპად) - 2022 წლის 31 აგვისტოს 11-დღიანი ვადის დარღვევით. ვინაიდან 2022 წლის 25 აგვისტოს 234 000 ლარად ღირებული საქონელი მოსარჩელისთვის მიწოდებულია 5 დღის დაგვიანებით, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 1170 ლარს შეადგენს (234 000 ლარის 0.10% X 5 დღეზე); ხოლო 2022 წლის 31 აგვისტოს 486 000 ლარის ღირებულების საქონლის 11 დღის დაგვიანებით მიწოდებისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 5346 ლარია (486 000 ლარის 0.10% X 11 დღეზე). ამდენად, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით 6 516.00 ლარი (1 170.00 + 5 346.00) უნდა დაკისრებოდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. კასატორი განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია მოვალის ინტერესების უზრუნველსაყოფად, მაშინ, როდესაც, მოვალემ კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულება ბრალეულად შეასრულა არაჯეროვნად. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც მოცემულ შემთხვევაში, უგულებელყოფილია.

6.2. სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულების დარღვევის ხარისხის, კრედიტორის ნაგულისხმევი და ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესის გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდებოდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, პალატამ შეამოწმა, თუ რამდენად შეესაბამებოდა პირგასამტეხლოს გამოთვლის წესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ - მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. ამ კუთხით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო და შედავება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, განახორციელა მხოლოდ პროცენტის ნაწილში.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, გონივრულია თუ არა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

13. განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%. უდავოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია მოპასუხემ (მიმწოდებელმა), მოსარჩელეს (შემსყიდველს) მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადის დარღვევით მიაწოდა, კერძოდ: საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, 234 000 ლარის საქონელი მოსარჩელისთვის მიწოდებულია 5 დღის, ხოლო 486 000 ლარად ღირებული საქონელი - 11 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

15. სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).

16. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას ხელშეკრულების მიხედვით, წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა უშუალოდ ვადის დარღვევით მიწოდებული პროდუქციის საფასური. სახელდობრ, მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების (720 000 ლარის) 0.10%, ჯამურად 7920 ლარი. საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მას არ დაურღვევია (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016). ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, როდესაც სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობის გზით (ს.უ.ს.გ. №ას-1463-2022, 22.05.2023წ).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად შეამცირა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლო. კრედიტორისა და მოვალის მტკიცების ფარგლების, არაჯეროვანი შესრულებისა და ამით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლომ პირგასამტეხლო განსაზღვრა გონივრული და სამართლიანი ოდენობით და აღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულად დააკისრა მოპასუხეს უშუალოდ ვადაგადაცილებით მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან გამომდინარე დაანგარიშებული პირგასამტეხლო - 6516 ლარი (234 000 ლარის პროდუქციის 5-დღიანი ვადაგადაცილების გამო (234000 * 0.10%*5 = 1170) 1170 ლარი; 486 000 ლარის პროდუქციის 11-დღიანი ვადაგადაცილების გამო (486000*0.10%*11=5346) 5346 ლარი). ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ არ ვლინდება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გაზრდის ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.

18. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულებიდან გამომდინარე იყო შეთანხმებული, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ამგვარად დაანგარიშება, შესრულების ვალდებულების ღირებულების გათვალისწინებით, არასამართლიან შედეგს იძლევა.

19. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან დამოუკიდებელია, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანის არსებობა, განსახილველ შემთხვევაში, არ გამოვლენილა.

20. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშება მთლიანი შესრულების ღირებულებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთიანი შესრულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იკვეთება, როდესაც ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა საფუძველს აცლის ძირითად შესრულებას, ე.ი, როდესაც, ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობა, თავისი არსით, მთლიანი ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება.

მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება იმ ტიპის ვალდებულება, რომლის ნაწილის შეუსრულებლობაც მთლიანი ვალდებულების შესრულებას დაუკარგავდა აზრს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მთლიანი თანხიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება გამართლებულია, განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს.

21. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 83-ე მუხლებით რეგლამენტირებულია მხარეთა უმნიშვნელოვანესი საპროცესო უფლებები. აღნიშნული ნორმები განამტკიცებს იმ საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალს, რომლებშიც ვლინდება მხარის ნება, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს საკუთარი საპროცესო უფლებები. იგი ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა და წარმოადგენს მხარის საპროცესო უფლებათა იმგვარი რეალიზაციის საშუალებას, როდესაც საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება უმთავრესად მხარის ნებაზეა ორიენტირებული. ნორმა იძლევა უფლებათა შემდეგ კლასიფიკაციას: პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებული წესების მიხედვით; თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა; მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. ჩამოთვლილთაგან უმეტესი ნაწილი მიმართულია მოსარჩელის უფლებებისაკენ, თუმცა პირთა თანასწორობაზე დამყარებული სამოქალაქო საპროცესო სამართალი ანალოგიურ პირობებს უქმნის მოპასუხეს და ადგენს მის უფლებას, შეთანხმების შემთხვევაში, დავა დაასრულოს მორიგებით, მას ასევე შეუძლია ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-64-58-2015, 8 აპრილი, 2015 წელი). სარჩელის ცნობის შემთხვევაში, საპროცესო თვალსაზრისით ფაქტობრივი გარემოებების კვლევა და მატერიალური სამართლის ნორმასთან მათი სუბსუმირების ვალდებულება აღარ არსებობს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1710-2019, 24 ივლისი 2020 წელი).

კონკრეტულ შემთხვევაში, იმ პირობებში როდესაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მიმწოდებლისათვის დაკისრებული თანხა - 6516 ლარი, ბევრად აღემატება იმ თანხას (792 ლარს), რაც მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით ცნო, პალატას კასატორის აღნიშნული პრეტენზია არარელევანტურად მიაჩნია.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი