Facebook Twitter

09 დეკემბერი 2024 წელი

№ას-1117-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „დ. და ქ.ს–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხე - შ.პ.ს. „დ. და ქ.ს–ი“-ს მიმართ პირგასამტეხლოს - 6 339.86 ლარის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაეთანხმა კოჯრის სატყეოში (...... ქუჩის მიმდებარე ფართობი; ს/კ .....) N11 კვარტალში, 6, 10, 13, 26 უბნების ტერიტორიაზე სამუშაოების 14 დღის ვადაგადაცილებით შესრულებას, თუმცა, სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს დაანგარიშება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, ასევე, მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ რეკომენდაციაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 38.71 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასარჩელო მოთხოვნა 6 301.15 ლარის ანაზღაურების ნაწილში უარყოფილი იქნა. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგს:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2020 წლის 04 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/54 ხელშეკრულება, რომლის (შესყიდვის) ობიექტი იყო თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში, ფართობის შემოღობვის, გაწმენდისა და ნიადაგის აჩიჩქვნის სამუშაოები. მითითებული ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების აღწერა და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით) შემსყიდველისგან გადაეცემოდა წერილობით. შემსყიდველის წერილობითი დავალებით განისაზღვრებოდა ღონისძიების ადგილი (სატყეო, კვარტალი, უბანი), ამ ტერიტორიაზე არსებული ტყის ზოგადი დახასიათება და სამუშაოების მოცულობა (ღობის სიგრძე, ეკალბარდებისაგან ფართობის გაწმენდისა და მიწის სამუშაოების მოცულობა). ხელშეკრულების 3.5 პუნქტის მიხედვით, ფართობი უნდა შემოღობილიყო მითითებული ეკლიანი მავთულით (მავთულის კვეთა არანაკლებ 2,5 მმ-ის), აკაციის ბოძებს შორის ინტერვალი უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 2,0 მ. ბოძების სიმაღლე არანაკლებ 2,0 მ, ხოლო ნიადაგში ჩარჭობილი არანაკლებ 0,5 მ-ის სიღრმეზე (ბოძის წვრილი მხარის დიამეტრი ქერქის გარეშე არანაკლებ 8 სმ), ბოძები უნდა ყოფილიყო გაქერქილი და დასობილიყო მყარად.

3.2. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მომწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების (126 291.90 ლარის) 0,02 %.

ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, წერილობითი დავალების განსაზღვრული, კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევისთვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების (126 291.90 ლარი) 0,02 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ხელშეკრულების 8.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5 %.

ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეეძლო მიეღო ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.

ხელშეკრულების 9.5 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველს შეეძლო მიეღო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში.

3.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის 2020 წლის 24 ივლისის N18-01202061828 წერილით, მოპასუხეს მხარეთა შორის არსებული 2020 წლის 04 თებერვლის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3 პუნქტის შესაბამისად დაევალა სამუშოები თბილისში, კოჯრის სატყეო (........ ქუჩის მიმდებარე ფართობი; ს/კ ...... ნაწილზე) N11 კვარტალში 6, 10, 13, 26 უბნების ტერიტორიაზე. მიმწოდებელს დავალების შესრულების ვადა განესაზღვრა 20 კალენდარული დღით (13.08.2020 წლის ჩათვლით), რომელიც ამ უკანასკნელის მიმართვის საფუძველზე გაგრძელდა 7 კალენდარული დღით (20.08.2020 წლის ჩათვლით). აღნიშნული სამუშაოები მოპასუხემ დაასრულა 2020 წლის 03 სექტემბერს (14 კალენდარული დღის გადაცილებით).

3.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის 2020 წლის 16 სექტემბრის N18-0120260265 წერილით, მოპასუხეს მხარეთა შორის დადებული 2020 წლის 04 თებერვლის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3 პუნქტის შესაბამისად, დაევალა სამუშოების შესრულება თბილისში, კრწანისის სატყეოში (...... გზატკეცილის მიმდებარე ფართობი; ს/კ ........ ნაწილზე), N2 კვარტალში 1, 2, 3, 4, 5, 6, 9, 11 უბნების ტერიტორიაზე. ამ დავალების შესრულების ვადა მიმწოდებელს განესაზღვრა 20 კალენდარული დღით. ხსენებულ ტერიტორიაზე მოპასუხემ სამუშაოები არ შეასრულა.

3.5. მოპასუხემ 2020 წლის 21 სექტემბერს მოპასუხესთან არსებული 2020 წლის 04 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/54 ხელშეკრულება შეწყვიტა, შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების გამო.

3.6. საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის 2020 წლის 14, 15, 21 და 22 სექტემბრის წერილებით, მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს, რომ ამ უკანასკნელის 2020 წლის 24 ივლისის (კოჯრის სატყეო (........ ქუჩის მიმდებარე ფართობი; ს/კ .......-ის ნაწილი) დავალება იყო ხელშეკრულების პირობების შეუსაბამო, ვინაიდან მოპასუხეს მოუწია კლდოვან ზედაპირზე მუშაობა, რამაც გამოიწვია სირთულეები და მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი, მაშინ, როდესაც, ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, აკაციის ბოძი უნდა ჩარჭობილიყო ნიადაგში. ამასთან, ახალი დავალების ფარგლებში (კრწანისის სატყეოში (........ გზატკეცილის მიმდებარე ფართობი; ს/კ ......-ის ნაწილი), ტერიტორიის დათვალიერების შედეგად, კვლავ შეინიშნებოდა კლდოვანი ზედაპირები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ითხოვდა, ტერიტორია დეტალურად შესწავლილიყო და შედეგად მისცემოდა დავალება, ვინაიდან წინა მსგავსი დავალების შესრულების რესურსი აღარ გააჩნდა და იძულებული იქნებოდა, ემოქმედა ხელშეკრულების 9.1 პუნქტის შესაბამისად და შეეწყვიტა ხელშეკრულება.

3.7. მოპასუხის 2020 წლის 21 სექტემბრის წერილის მიხედვით, ახალ დავალებაში შევიდა კიდევ უფრო რთული კლდოვანი ზედაპირები, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დავალება ხელშეკრულების შეუსაბამო იყო, მცდელობის მიუხედავად, მიმწოდებელი ვერ ახერხებდა სამუშაოების ჩატარებას. წინა დავალების შესრულების პროცესშიც, მოპასუხეს შეექმნა ანალოგიური პრობლემა, მაგრამ იქ არსებული კლდოვანი ქანები შედარებით რბილი და გამოფიტული იყო, ამიტომ სერიოზული ზარალის მიუხედავად პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც მოხერხდა სამუშაოების ჩატარება და მიმწოდებელმა სთხოვა შემსყიდველს, აღარ მიეცა შემდგომში ხელშეკრულებასთან შეუსაბამო დავალება. მიუხედავად ამისა, ახალი დავალება მოიცავდა კიდევ უფრო რთულ კლდოვან ზედაპირებს. წერილის თანახმად, მხარე იყენებდა ხელშეკრულების 9.1 პუნქტს (ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ) და ხელშეკრულებას წყვეტდა 2020 წლის 21 სექტემბერს. მოპასუხის მითითებით, ხელშეკრულების შეწყვეტის დასასაბუთებლად მოსარჩელეს წარუდგენდა გეოლოგიურ დასკვნას.

3.8. საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისში, კრწანისის სატყეოში (....... გზატკეცილის მიმდებარე ფართობი ს/კ ........-ის ნაწილზე) N2 კვარტალში, 1, 2, 3, 4, 5, 6, 9, 11 უბნების ტერიტორიის (მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიცემული მე-2 დავალების შესრულების ტერიტორია) გეოლოგიური დასკვნის თანახმად, „1. საქართველოს სამშენებლო კლიმატური და რაიონების რუკის მიხედვით, რაიონი მიეკუთვნება III კლიმატურ და III-გ ქვერაიონს; 2. საკვლევი უბნის აგებულებაში მონაწილეობას იღებს, მეოთხეული (QIV) და ეოცენური (P2 3 ) ასაკის ქანები; 3. საკვლევ უბანზე 1 და 2 გამოყოფილი იქნა სამი გეოლოგიური შრე/ფენა: ფენა -1 ნიადაგის ფენა თიხნარი, ყავისფერი, ნახევრადმყარი, ღორღის ჩანართებითა და მცენარეული ფესვების შემცველობით (QIV), სიმძლავრე 0.0.-03მ-ის; ფენა - 2 ღორღოვანიგრუნტი, სხვადასხვა მარცვლოვანი, თიხის შემავსებელით (edQ4), სიმძლავრე 0.0- 0.5მ სიღრმემდე; ფენა - 3 გამოფიტული, დანაპრალიანებული, მონაცრისფრო-რუხი, ფურცლოვან და თხელშრეებრივი არგილიტების (5-10%) და საშუალო და სქელშრეებრივი, წვრილ და საშუალო მარცვლოვანი ქვიშაქვების (90-95%) არათანაბარი მორიგეობით (P2 3 ), სიმძლავრე 0.0-დან; 4. ფენა 3-ის გრუნტები მიეკუთვნება I კლასის კლდოვანი და ნახევრადკლდოვანი გრუნტების ჯგუფს, ფენა 2-ის გრუნტები მიეკუთვნება II კლასის ფხვიერი შეუკავშირებელი გრუნტების ჯგუფს, ხოლო ფენა 1 არ განიხილება თავისი მცირე 5 სიმძლავრის გამო. 5. შესწავლილი უბანი საქართველოს სეისმური დარაიონების მიხედვით, მიეკუთვნება 8 ბალიან ზონას; 6. სეისმურობის მიხედვით, გრუნტები განეკუთვნება: ფენა 2 და 3 – II კატეგორიას და განისაზღვრება 8 ბალით, სამშენებლო მოედნის საანგარიშო საისმურობა ფენა 1-თვის განეკუთვნება IV კატეგორიას და ზუსტდება სპეციალური კვლევის შედეგად. 7; შესწავლილ უბანზე მეოთხეული ასაკის ნალექებში გავრცელებულია ფორული ცირკულაციის წყლები; 8. ნორმატიული მაჩვენებლები მოცემულია ტექსტის ბოლოს ცხრილში 5.1.“

3.9. მოწმის სახით დაკითხული გ.ნ–ის ჩვენების მიხედვით, მხარეთა შორის ხელშეკრულების დადებისა და სამუშაოების წარმოების პერიოდში იყო მოპასუხის დირექტორი. მოწმის მითითებით, მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებაში საუბარი იყო ნიადაგზე. 2020 წლის 14 სექტემბრის წერილით, მოპასუხემ შეატყობინა მოსარჩელეს, რომ დავალება შეიცავდა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ დავალებას, ასევე, წერილში ნახსენები იყო, რომ 125 ორმო გაბურღეს კლდოვან მასაში რამაც სერიოზული ზარალი გამოიწვია. მუშახელის საშუალო ხელფასი იყო დღეში 45 ლარი, რომელსაც შეეძლო ნიადაგის სფეროში გაეთხარა დაახლოებით 50 ორმო, ხოლო როცა კლდოვან მასას უკავშირდებოდა საქმე, რაც არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, შესაძლებელი იყო 10 ორმოს გათხრა. გარდა ამისა, საჭრო იყო დამატებითი ტექნიკა - დენის გენერატორი და პერფერაციული მთხრელები. ამასთან, მერიის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელს ყოველ ჯერზე ეუბნებოდნენ, რომ ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული კლდე, თუმცა სამუშაოები მაინც შესრულდა. შემდგომ, 2020 წლის 15 სექტემბრის წერილით მოპასუხემ განუმარტა მოსარჩელეს, რომ შემდეგი დავალება კვლავ შეიცავდა კლდოვანი მასის ელემენტებს, ითხოვა, გაეთვალისწინებინათ აღნიშნული და ისეთი პერიმეტრი შეერჩიათ, სადაც კლდოვანი ქანები არ იქნებოდა, თუმცა არ გაითვალისწინეს და მოპასუხემ ხელშეკრულების 9.1. პუნქტის საფუძველზე, 2020 წლის 21 სექტემბერს შეწყვიტა შემსყიდველთან ხელშეკრულება და ისიც შეატყობინა, რომ წარუდგენდა ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადასტურდებოდა მათი პოზიცია. მოწმემ ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის დასკვნის ხასიათზე, რომლის მიხედვით, შეიძლებოდა დასკვნის გამოტანა, რომ დავალების პერიმეტრზე კლდოვანი მასები ნამდვილად ფიქსირდებოდა. ეს დასკვნა მომზადდა უშუალოდ დავალების შესასრულებელი მარშრუტის 20%-ზე, სადაც უფრო მეტად აღინიშნებოდა კლდოვანი ფენა, ვინაიდან მთლიან მარშრუტზე ექსპერტიზა დიდ ხარჯებს უკავშირდებოდა და ღობესაც სწორედ აღნიშნულ ადგილას უნდა გაევლო. მოწმემ მიუთითა, რომ დასკვნაში საუბარია ღორღის ჩანართებზე, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ნიადაგი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 0,5 მეტრამდე სიღრმე, შესაბამისად, 0,3 მეტრის დროს სისქე უნდა ჩაებურღათ მასაში, რომელიც იყო ღორღვანი წარმონაქმნი და არა ნიადაგი. ნიადაგის ფენა ზოგ ადგილას იყო, თუმცა მერყეობდა 0-დან 0,5-მეტრამდე. ზოგ შემთხვევაში, ნიადაგის მასა იყო კლდოვანი მასის შემდგომ, რაც ნიშნავს, რომ ჯერ კლდე უნდა გაბურღულიყო და შემდგომ იყო ნიადაგის ფენა. უნაბი 1-ის აგებულებაში მონაწილე ქანებიდან ნიადაგის ფენა წარმოდგენილი იყო 5-10 %, ხოლო ღორღოვანი გრუნტი 20-30%. დანარჩენი უკვე კლდოვანი ზედაპირი იყო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ღრმულები ნიადაგში, რომელიც სამუშაო უბანზე მხოლოდ 5-10 % იყო.

მოწმის განმარტებით, მიღებული დავალება არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებას. დასკვნიდან იკითხებოდა, რომ თუკი სადმე იყო ნიადაგის ფენა იყო მაქსიმუმ 0.3 მეტრამდე, ამასთან, ნიადაგში ერთი ორმოს გათხრა თუ ჯდებოდა 10 ლარი, გრუნტში ან კლდოვან მასაში იქნებოდა 100 ან 200 ლარი. საბოლოოდ, მოწმემ განმარტა, რომ ეს იყო შემთხვევა, როდესაც შემსყიდველის შეცდომის გამო იყო მცდელობა, მოპასუხეს დაკისრებოდა პასუხისმგებლობა. შემსყიდველის მიერ ასეთი დავალების შესრულება განაპირობებდა მათ გაკოტრებას.

3.10. მოსარჩელემ (შემსყიდველმა) 2020 წლის 30 ოქტომბრის N18-01203041913 წერილით, მოპასუხეს აცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/30/54 ხელშეკრულების პირობების ორჯერ დარღვევის გამო, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.5. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცალმხრივად წყვეტდა ხელშეკრულებას, რის გამოც მოპასუხეს ეკისრებოდა ჯარიმა 6339.86 ლარი, რომელიც უმოკლესი ვადის დაცვით უნდა გადახდილიყო.

3.11. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების შეწყვეტისათვის ჰქონდა „მნიშვნელოვანი საფუძველი“, რაც გამოიხატა შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების პირობებს მიღმა დავალების მიცემით და რამაც შესაბამისად სამუშაოს შესრულებისათვის გათვალისწინებული ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ გარემოების გამო, მოპასუხემ შეწყვიტა მოსარჩელესთან ხელშეკრულება 2020 წლის 21 სექტემბრიდან.

3.12. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, კოჯრის სატყეო (........ ქუჩის მიმდებარე ფართობი; ს/კ ....-ის ნაწილზე), N11 კვარტალში 6, 10, 13, 26 უბნების ტერიტორიაზე სამუშაოები მოპასუხემ დაასრულა 2020 წლის 03 სექტემბერს (14 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით). მოპასუხეს კი, მოსარჩელის მიერ დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების 8.4. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების საერთო ღირებულების (126 291,90 ლარის) 0,02%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ჯამურად 353.62 ლარი.

3.13. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სარჩელი ცნო კოჯრის სატყეო კვარტლის (პირველი დავალების) 14 დღით ვადაგადაცილების ნაწილში. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანი იყო.

3.14. სადავო იყო თუ როგორ უნდა დაანგარიშებულიყო პირგასამტეხლო - ხელშეკრულების მთლიანი თუ შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან. სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან კოჯრის სატყეო კვარტალში გაწეული მომსახურების ღირებულება 2020 წლის 09 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად განისაზღვრა 13 824.86 ლარით, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო სწორედ ამ თანხიდან, რომლის 0.02% ყოველდღიურად 2,764972 ლარია, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით კი, 38,71 ლარი (2,764972X14).

3.15. კრწანისის სატყეო კვარტალზე სამუშაოების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ ამ სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზი გახდა თავად მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შეუსაბამო დავალების მიცემა. ნაცვლად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნიადაგზე შესასრულებელი სამუშაოებისა, მოპასუხეს დაევალა კლდოვანი და ღორღოვანი მასის სამუშაოები, რაც, როგორც წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე - მოწმის განმარტებით დადასტურდა, რომ გახდა მოპასუხისათვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის საფუძველი. მოწმედ დაკითხულმა გ.ნ–მა, დეტალურად განმარტა, თუ რას შეადგენდა მუშათა დღიური ხელფასის ოდენობა ნიადაგისა და კლდოვან მასაზე მუშაობის შემთხვევაში. ასევე, განმარტა, რომ კლდოვან მასაზე მუშაობისას, საჭირო იყო დამატებითი ტექნიკა, რაც ხარჯების გაზრდას იწვევდა. ამდენად, მეორე დავალების მიღებისა და მისი შეფასების საფუძველზე, მოპასუხემ შეწყვიტა მოსარჩელესთან ხელშეკრულება 2020 წლის 21 სექტემბერს. სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ დაძლია დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელის მიერ მიცემული მეორე დავალების შეუსრულებლობისა და მისი მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა „მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობა“, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლო იყო და ვერ დაკმაყოფილდებოდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხემ 2020 წლის 21 სექტემბერს ხელშეკრულება, შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების გამო შეწყვიტა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 637-ე მუხლი). პალატის განმარტებით, მენარდემ მიუთითა და დაამტკიცა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისათვის არსებობდა მნიშვნელოვანი საფუძველი, ხოლო აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას განაპირობებდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის მტკიცებით, უსაფუძვლოა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო არა ხელშეკრულების საერთო, არამედ - შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. უგულებელყოფილი იქნა ის გარემოება, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოანგარიშება. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ შემცირებას ექვემდებარება არა მაღალი, არამედ - მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ცალსახაა, რომ მიმწოდებელმა გაზრდილი ვადის დაცვითაც ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა შემსყიდველი. შესაფასებელი იყო, კერძო და საჯარო ინტერესის პროპორციულობა, უპირატესობა არ უნდა მინიჭებოდა მეწარმე სუბიექტის კერძო ინტერესს და სამართლებრივი დაცვის გარეშე არ უნდა დარჩენილიყო ის საჯარო ინტერესი, რაც შემსყიდველს ჰქონდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%. უდავოა, რომ ქ. თბილისში, კოჯრის სატყეო (..... ქუჩის მიმდებარე ფართობი; ს/კ ...... ნაწილზე) N11 კვარტალში 6, 10, 13, 26 უბნების ტერიტორიაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 13 824.86 ლარის სამუშაოები მოპასუხემ (მიმწოდებელმა) დაასრულა მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადის დარღვევით (14 კალენდარული დღის დაგვიანებით), შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

14. სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).

15. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას ხელშეკრულების მიხედვით, წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა უშუალოდ შეუსრულებელი ან ვადის დარღვევით ჩატარებული სამუშაოების საფასური. საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მას არ დაურღვევია (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016). ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, როდესაც სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობის გზით (ს.უ.ს.გ. №ას-1463-2022, 22.05.2023წ).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად შეამცირა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლო. კრედიტორისა და მოვალის მტკიცების ფარგლების, არაჯეროვანი შესრულებისა და ამით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლომ პირგასამტეხლო განსაზღვრა გონივრული და სამართლიანი ოდენობით და აღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულად დააკისრა მოპასუხეს უშუალოდ ვადაგადაცილებით ჩატარებული სამუშაოების ღირებულებიდან გამომდინარე დაანგარიშებული პირგასამტეხლო - 38,71 ლარი (კოჯრის სატყეო კვარტალში 13 824.86 ლარის სამუშაოების 14-დღიანი ვადაგადაცილების გამო 13824.86 * 0.02% * 14 = 38.71).

17. რაც შეეხება კრწანისის სატყეო კვარტალზე მოპასუხის მიერ სამუშაოების შეუსრულებლობას, ასევე, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო ხელშეკრულების სრული ღირებულების 5%-ის მოპასუხისათვის დაკისრებას, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოპასუხემ შეძლო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამტკიცება, რომ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის კრწანისის სატყეო კვარტალზე მიცემული დავალების შეუსრულებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა განპირობებული იყო მნიშვნელოვანი საფუძვლით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 637-ე მუხლი), რაც გამორიცხავდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლო იყო და მართებულად იქნა უარყოფილი.

18. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ არ ვლინდება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდის ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.

19. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულებიდან გამომდინარე იყო შეთანხმებული, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ამგვარად დაანგარიშება, შესრულების ვალდებულების ღირებულების გათვალისწინებით, არასამართლიან შედეგს იძლევა.

20. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშება მთლიანი შესრულების ღირებულებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთიანი შესრულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იკვეთება, როდესაც ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა საფუძველს აცლის ძირითად შესრულებას, ე.ი, როდესაც, ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობა, თავისი არსით, მთლიანი ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება.

მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება იმ ტიპის ვალდებულება, რომლის ნაწილის შეუსრულებლობაც მთლიანი ვალდებულების შესრულებას დაუკარგავდა აზრს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მთლიანი თანხიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება გამართლებულია, განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს.

21. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან დამოუკიდებელია, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანის არსებობა, განსახილველ შემთხვევაში, არ გამოვლენილა.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი