12 ნოემბერი 2024 წელი
№ას-717-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შ.პ.ს. „მ.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ე–ია, კ.შ–ია (რ.ს–ას უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ე–ამ და რ.ს–ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შ.პ.ს. „მ.ბ–ი“-ს მიმართ და მოითხოვეს:
1.1. ნოტარიუს ხ.ბ–ძის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (№181275388) ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ შემცირდეს სესხის ძირი თანხა და განისაზღვროს 22 345 ლარით.
1.2. შემცირდეს 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდის საპროცენტო სარგებელი 3%-მდე და განისაზღვროს 3686.85 ლარით.
1.3. შემცირდეს პირგასამტეხლო 0.01%-მდე და 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 26 დეკემბრამდე განისაზღვროს 465.92 ლარით.
1.4. შეწყდეს პირგასამტეხლოს დარიცხვა სარჩელის შემოტანის დღიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუს ხ.ბ–ძის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (№181275388), შემცირდა სესხის ძირი თანხა და განისაზღვრა 22 345 ლარით. ცვლილება შევიდა ნოტარიუს ხ.ბ–ძის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (№181275388), შემცირდა პირგასამტეხლოს ოდენობა 0.01%-მდე და 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 26 დეკემბრამდე განისაზღვრა 468.16 ლარით. მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ხ.ბ–ძის მიერ შესრულებული რეესტრის ნომრით (№181275388) 2018 წლის 15 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის მოქმედება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 06 აგვისტოს განჩინებით მოცემულ საქმეზე 2019 წლის 15 მაისს გარდაცვლილი რ.ჩ. ძე ს–ას (პ/ნ ........) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა კ.ნ. ასული შ–ია (პ/ნ .......).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების 1.2 პუნქტი. სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა ხ.ბ–ძის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, შემცირდა პირგასამტეხლოს ოდენობა 0.5%-მდე და 2018 წლის 31 მაისიდან 26 დეკემბრამდე განისაზღვრა 2055 ლარით. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგს:
6.1. 2017 წლის 10 აპრილს შ.პ.ს. „მ.ბ–ი“-ს და მოსარჩელე მ.ე–ას შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მსესხებელზე გაიცა 30 000 ლარის სესხი, 60 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,1%.
6.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა რ.ს–ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ........, მიწის (უძრავი ქონების) ს/კ .........
6.3. 2017 წლის 10 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 4.3.8 პუნქტით განისაზღვრა ვალდებულების დაფარვის რიგითობა: სესხის ძირი თანხა, შემდეგ დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო.
6.4. 2018 წლის 15 ოქტომბერს გამსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრით №181275388, რომლის მიხედვითაც კრედიტორად მიეთითა შ.პ.ს. „მ.ბ–ი“, მოვალედ - მ.ე–ა, იპოთეკის საგნის მესაკუთრედ - რ.ს–ა. სააღსრულებო ფურცელში ძირითადი სასესხო ვალდებულებად მიეთითა 30000 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4877.42 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 0.1%, 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე - 4110 ლარი, რომლის დარიცხვაც გაგრძელდებოდა სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 130.85 ლარი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა რეალიზებულიყო მესაკუთრე რ.ს–ას საკუთრებაში არსებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
6.5. 2019 წლის 02 აპრილს მოპასუხემ მიმართა კერძო აღმასრულებელს, რის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება. მოსარჩელეს გაეგზავნა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ 2019 წლის 03 აპრილის წინადადება.
6.6. შ.პ.ს. „მ.ბ–ი“-ს 2019 წლის 07 მაისის ცნობის მიხედვით, მ.ე–ას შ.პ.ს. „ბ“-ში ჰქონდა იპოთეკური სესხი, რომელზედაც 2019 წლის 07 მაისის მონაცემებით არსებული დავალიანება შეადგენდა (სესხის ძირი თანხა - 30000 ლარი, დარიცხული პროცენტი - 15848.39 ლარი და პირგასამტეხლო 22 025 ლარი) ჯამურად 67873.39 ლარს. 2018 წლის 15 ოქტომბრის მონაცემებით სესხზე დავალიანება შეადგენდა (სესხის ძირი თანხა - 30000 ლარი, დარიცხული პროცენტი - 9025.81 ლარი, პირგასამტეხლო - 14975 ლარი) სულ 54000.81 ლარს.
6.7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2019 წლის 10 აპრილის წერილის მიხედვით, სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის #092130718002 საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შ.პ.ს. „მ.ბ“-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
6.8. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 24 აპრილის სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ მ.ე–ას ანგარიშზე გადახდილია 7655 ლარი.
6.9. წარმოდგენილი სარჩელი არსებითად ემყარება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ 7655 ლარის გადახდით სესხის ძირი თანხა 30000 ლარიდან 22345 ლარამდე შემცირდა, თუმცა ეს გარემოება სააღსრულებო ფურცელში არ აისახა. მოსარჩელეები არ ეთანხმებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობასაც.
6.10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელი არსებითად ემყარებოდა მოსარჩელის მიერ გადახდილი 7655 ლარის სესხის ძირ თანხაში ჩათვლას, სააპელაციო საჩივრით კი აღნიშნული სადავოდ იყო გამხდარი. ასევე აპელანტი სადავოდ ხდიდა უკვე შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებას.
6.11. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი 7655 ლარი სესხის ძირი თანხის ანგარიშში გადახდილად უნდა ჩათვლილიყო.
6.12. პალატამ ყურადღება გაამახვილა დადგენილ გარემოებებზე, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო შემდეგი პირობებით: მსესხებელზე გაიცა სესხი 30000 ლარი ოდენობით 60 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლით და პირგასამტეხლო განისაზღვრა 1%-ით. ამასთან, სესხის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა მეორე მოსარჩელის უძრავი ქონება. პალატამ მიუთითა უდავო გარემოებაზეც, რომ მ.ე–ამ მოპასუხის ანგარიშზე 2018 წლის 24 აპრილს გადაიხადა 7655 ლარი. ნოტარიუსის მიერ კი სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 2018 წლის 15 ოქტომბერს, ანუ თანხის ჩარიცხვის შემდეგ. პალატამ ხაზი გაუსვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 4.3.8 პუნქტს, რომლითაც განისაზღვრა სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით ვალდებულების დაფარვის რიგითობა, რომლის თანახმადაც ჯერ სესხის ძირი თანხა უნდა დაფარულიყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის მსჯელობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმება საერთო შეთანხმებად უნდა განხილულიყო. ამდენად, სწორად დაასკვნა, რომ სააღსრულებო ფურცელში მოსარჩელის მიერ გადახდილი ძირი თანხის ოდენობა 30000-7655=22345 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
6.13. რაც შეეხება სააპელაციო პრეტენზიას პირგასამტეხლოს ნაწილში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო.
6.14. პალატამ განმარტა პირგასამტეხლოს არსი, იმსჯელა მისი ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებსა და სასამართლოს მხრიდან შემცირების შესაძლებლობაზე და განმარტა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტხელო - ვადაგადაცილებული ძირი თანხისა და სარგებლის თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსაბამოდ მაღალი იყო, თუმცა შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისთვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, პალატის აზრით, უზრუნველყოფდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასმატეხლოს 0.5%-ით განსაზღვრა. შესაბამისად, პალატამ სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაადგინა გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა 0.5%-მდე შემცირდა და 2018 წლის 31 მაისიდან 26 დეკემბრამდე განისაზღვრა 2055 ლარით.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი 7 635 ლარის სესხის ძირი თანხის ანგარიშში გადახდილად ჩათვლის ნაწილში, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:
7.1. კასატორის განმარტებით, დადგენილია, რომ მოსარჩელის დავალიანება მოპასუხის მიმართ 2018 წლის 15 ოქტომბრის მონაცემებით შეადგენდა 54000.81 ლარს, კერძოდ ძირი თანხა - 30 000 ლარი, პროცენტი - 9025.81 ლარი და პირგასამტეხლო - 14975 ლარი. სააღსრულებო ფურცლის გაცემა კი მოთხოვნილია შემდეგ თანხებზე: ძირი თანხა - 30000 ლარი, პროცენტი - 4877.42 ლარი და ჯარიმა - 4110 ლარი. ამდენად, ორგანიზაციამ გაითვალისწინა მოვალეების მიერ დავალიანების ნაწილის გადახდა და სააღსრულებო ფურცელი გაცემულია არა სრულ დავალიანებაზე - 54000.81 ლარზე, არამედ მის შემცირებულ ოდენობაზე, კერძოდ 38987.42 ლარზე, სასამართლომ კი ეს არ გაითვალისწინა.
7.2. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 4.3.8 პუნქტით განისაზღვრებოდა ვალდებულების დაფარვის რიგითობა, რადგან ხელშეკრულების 8.4 პუნქტი ითვალისწინებდა მოცემული ხარჯების დაფარვის თანმიმდევრობას, თუ როგორ უნდა დაფარულიყო შემოტანილი თანხით ხარჯები, კერძოდ, გათვალისწინებულია მსესხებლის მიერ თანხის გადახდის შემთხვევაში ვალდებულების დაფარვის რიგითობა. ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, ჯერ უნდა დაიფაროს დარიცხული პირგასამტეხლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, შემდეგ სესხის დარჩენილი ძირი თანხა და შემდეგ მასზე დარიცხული პროცენტი. სასამართლომ კი აღნიშნული რიგითობა არასწორად განმარტა. აქედან გამომდინარე, 7655 ლარის ძირი თანხის ანგარიშში ჩათვლასთან დაკავშირებულ სასამართლოს მსჯელობას კასატორი არ იზიარებს. ამასთან, კასატორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ წარმოდგენილ ქვითარზე მსესხებელს ძირი თანხის დაფარვის თაობაზე არაფერი მიუთითებია.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. კასატორის პრეტენზიას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოსარჩელის მიერ გადახდილი 7655 ლარი სესხის ძირი თანხის ანგარიშში გადახდილად.
12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 10 აპრილს შ.პ.ს. „მ.ბ“-ს და მოსარჩელე მ.ე–ას შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 30 000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,1%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ.ს–ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 4.3.8 პუნქტით განისაზღვრა ვალდებულების დაფარვის რიგითობა: სესხის ძირი თანხა, შემდეგ დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო. 2018 წლის 15 ოქტომბერს გამსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება. 2018 წლის 24 აპრილის სალაროს შემოსავლის ორდერით დგინდება, რომ მ.ე–ას ანგარიშზე გადახდილი აქვს 7655 ლარი.
13. მოცემული დავის საგანია სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაში ცვლილების შეტანა, მოსარჩელე მხარე არის მოვალე, რომელსაც სურს, დაამტკიცოს ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის მოვალისათვის დაკისრების მოთხოვნის მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი, რომლის ფარგლებშიც მოვალეს წარმოეშობა ხელშეკრულების საგნის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, არის ფულადი თანხა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი ყოველთვის ეკისრება მოვალეს. საქმეში არ მოიპოვება რაიმე პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ შესრულება პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაფარვა იყო.
14. საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერით (იხ. ტ.I, ს.ფ. 31), რომელიც კრედიტორის სასარგებლოდ განხორციელებულ შესრულებაზე მიუთითებს, არაფერია აღნიშნული თანხის დანიშნულებაზე, თუმცა, ეს გარემოება, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პრეზუმფციის დაშვების საფუძველი ვერ გახდება (აღნიშნული ნორმა იცავს მოვალის ინტერესს, ხოლო შესაბამისი დოკუმენტის გამართულად შედგენის რისკს მთლიანად კრედიტორის მხარეზე ტოვებს. შესაბამისად, კრედიტორმა მსგავსი დოკუმენტის შედგენისას წინდახედულობის ზომებს უნდა მიმართოს და ზუსტად ასახოს ის ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც მან მიიღო), რადგანაც სარჩელში მოვალე თავად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კრედიტორის სასარგებლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შესრულება წარმოადგენდა ძირის დაფარვას (იხ. ტ.I, ს.ფ. 2). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის მიხედვით, მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნორმით გათვალისწინებული მოწესრიგება დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია, ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების შესრულების რიგითობისათვის კანონით გათვალისწინებული მოწესრიგებისაგან განსხვავებული წესის დადგენა. მხარეთა უფლება, შეთანხმდნენ ვალდებულებათა შესრულების რიგითობაზე, ვრცელდება მხოლოდ სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, თუმცა, სადავოობისას ამგვარი შეთანხმების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ფაქტის მიმთითებელ მხარეს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) (შდრ. სუსგ. #ას-6-6-2018; 23.02.2018წ.).
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს საპელაციო სასამართლოს დასკვნას ვალდებულების შესრულების რიგითობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 382.75 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% – 267.93 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „მ.ბ–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „მ.ბ–ი“-ს (ს/კ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 382.75 ლარის (საგადასახადო დავალება № 1715583918, გადახდის თარიღი: 13.05.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 267.93 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი