Facebook Twitter

17 ოქტომბერი 2023 წელი

№ას-462-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „გ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ.ჯ–ია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.ჯ–იამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „გ“-ს მიმართ, საიჯარო ფართის დაგვიანებით გადაცემისათვის - 8709 ლარის და იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის - 21600 ლარის, ჯამურად 30309 ლარის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან შეგებებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელისწინააღმდეგ და უსაფუძვლოდ გადახდილი 2880 ლარის დაკისრება მოითხოვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი და შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ.პ.ს. „გ“-ს მოსარჩელე ლ.ჯ–იას სასარგებლოდ დაეკისრა 8 709 ლარის და 21 600 ლარის გადახდა. მოპასუხე ლ.ჯ–იას მოსარჩელე შ.პ.ს. „გ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2880 ლარის გადახდა. წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტებით მხარეთათვის დაკისრებული ურთიერთმოთხოვნები გაიქვითა, რის შედეგადაც, მოპასუხე შ.პ.ს. „გ“-ს მოსარჩელე ლ.ჯ–იას სასარგებლოდ დაეკისრა 26 709 ლარის გადახდა. შ.პ.ს. „გ“-ს ლ.ჯ–იას სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება; ამავე განჩინებით, შ.პ.ს. „გ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 1212.36 ლარის გადახდა. განჩინება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ დასაბუთებას:

5.1. 2010 წლის 18 იანვარს შ.პ.ს. „გ“-ს (მოიჯარე), ნ.ლ–ვასა და ტ.ბ–ს (მეიჯარეები) შორის დაიდო იჯარის №001-18 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოიჯარეს გადაეცა თბილისში, ........ მდებარე 04/824 ნაკვეთი (ს/კ .......). უძრავი ქონების იჯარის ყოველთვიური გადასახადი შეადგენდა 3600 ლარს (საშემოსავლოს ჩათვლით).

5.2. 2020 წლის 22 იანვარს შ.პ.ს. „გ“-ს, ნ.ლ–ვასა და ზ.ჯ–ას შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებით, ცვლილება შევიდა 2010 წლის 18 იანვრის №001-18 ხელშეკრულებაში, რომლითაც შეიცვალა მეიჯარე და ტ.ბ–ის ნაცვლად გახდა ზ.ჯ–ა (მოსარჩელე ლ.ჯ–იას კანონიერი წარმომადგენელი). უძრავი ქონება ჩუქების შედეგად გადავიდა ლ.ჯ–იას საკუთრებაში. იჯარის ყოველთვიური გადასახადი იყო 3600 ლარი (საშემოსავლოს ჩათვლით), ქირა უნდა გადახდილიყო ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს. ხელშეკრულების 3.3.1. მუხლის შესაბამისად, მოიჯარემ იკისრა ვალდებულება, მიეღო წინამდებარე ხელშეკრულებით გადაცემული ფართი. მოიჯარემ განაცხადა, რომ საიჯარო ფართი მისთვის უკვე ფაქტობრივად იყო გადაცემული ხელშეკრულების დადების მომენტისთვის და შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიზნობრიობას. 3.3.6. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის მოიჯარე იღებდა ვალდებულებას, დაეცალა ფართი საკუთარი ინვენტარისგან და გადაეცა მეიჯარისათვის პირვანდელ, ტექნიკურად გამართულ და ჰიგიენურ მდგომარეობაში, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, მის მიერ ჩატარებული ფართის რემონტის ყველა გაუცალკევებელი გაუმჯობესების ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე ვერ უზრუნველყოფდა შეწყვეტის მომენტისთვის ფართის დაცლას და ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადის დაცვით მეიჯარისათვის გადაცემას დადგენილი წესით, იგი ვალდებული იქნებოდა, მეიჯარისათვის გადაეხადა საიჯარო ქირა სამმაგი ოდენობით, ფართის ფაქტობრივად დაცლის მომენტამდე. 6.1, 6.2. და 6.3 მუხლების მიხედვით, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებდა 2 წლის ვადით. მხარეები უფლებამოსილი იყვნენ, იჯარის ხელშეკრულება ცალმხრივად შეეწყვიტათ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს შეატყობინებდნენ წერილობით და შეტყობინების განხორციელებიდან გავიდოდა მინიმუმ 6 თვე. ამ წესების დაუცველად ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა გამოიწვევდა დამრღვევის დაჯარიმებას ყოველთვიური საიჯარო ქირის ექვსმაგი ოდენობით, ფართის ფაქტობრივად დაცლის მომენტამდე.

5.3. მოპასუხის ინიციატივით 2021 წლის 1-ელი მარტიდან, ცალმხრივად შეწყდა 2020 წლის 22 იანვრის იჯარის ხელშეკრულება. უძრავი ქონება მოსარჩელეს დაუბრუნდა 2021 წლის 26 მარტის მიღება-ჩაბარების აქტით.

5.4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა ხელშეკრულების შეწყვეტის ისეთი საფუძველი, რაც მას გაათავისუფლებდა ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობებისგან. მოპასუხის განცხადებით, გადაცემული ქონება იყო ნაკლიანი და ვერ იყენებდა დანიშნულებისამებრ, ასევე, ხელშეკრულება არ მიესადაგა იმ შეცვლილ გარემოებებს, რაც გამოწვეული იყო პანდემიით. უძრავი ქონების ნაკლი, მოპასუხის განმარტებით, გამოიხატებოდა შემდეგნაირად: საჯარო ქონებას, მოიჯარე იყენებდა სასაწყობოდ, თუმცა, ამ მიზნით გამოსაყენებლად იყო უვარგისი. მასში შეუძლებელი იყო, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს დოკუმენტური შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შენობა-ნაგებობის კონსტრუქციიდან გამომდინარე, მათ შორის მისი ფორმის, სტელაჟების განლაგებისა და სამშენებლო მასალის გათვალისწინებით, საწყობში განთავსებულ სურსათზე გარე ტემპერატურის მატებასთან ერთად შეუძლებელი იქნებოდა, სრული ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება, მასში არსებულ ფართზე სრულად, არსებითი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გარეშე.

5.5. სადავო უძრავი ქონება, თავდაპირველად, სწორედ, მოპასუხის საკუთრება და მისი აშენებული იყო. 2008 წლის 15 დეკემბერს გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა, მსუბუქი კონსტრუქციის ანგარზე. დამკვეთი იყო მოპასუხე, პროექტი შეთანხმებული იყო და ნებართვა გაიცა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ. ამდენად, შენობა ააშენა მოპასუხემ და მან იჯარის ხელშეკრულების დადების დროს იცოდა ამ უძრავი ქონების მახასიათებლების შესახებ. ასევე, 2020 წლის 22 იანვრის იჯარის ხელშეკრულებით, მოიჯარემ განაცხადა, რომ საიჯარო ფართი მისთვის უკვე ფაქტობრივად იყო გადაცემული ხელშეკრულების დადების მომენტისთვის და შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიზნობრიობას. შესაბამისად, პალატამ ქონების ნაკლზე მოპასუხის მითითება უსაფუძვლოდ მიიჩნია.

5.6. 2020 წლის 22 იანვრის ხელშეკრულების მე-5 მუხლით მხარეთა შორის შეთანხმდა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლები, რომლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებოდნენ პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არადროული შესრულებისთვის, თუ ეს გამოწვეული იქნებოდა ფორსმაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე. ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ ვითარებად მიიჩნეოდა გარემოებები, როგორიცაა: წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, აგრეთვე ომი, ამბოხება, სამოქალაქო არეულობა, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენდნენ ხელშეკრულების შესრულებაზე. მხარე, რომელსაც ფორსმაჟორული ვითარება შეეხო, უმოკლეს ვადაში, მაგრამ ამგვარი გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ვალდებული იყო, წერილობით შეეტყობინებინა მეორე მხარისათვის ამ ვითარების თაობაზე მტკიცებულების, ვითარების ხასიათისა და მისი დადგომის მიზეზების აღწერით. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეტყობინება არ იქნებოდა მიწოდებული, მიწოდებისათვის გათვალისწინებული ვადის დაცვით, მხარე, რომელიც დაარღვევდა ვალდებულებებს, ფორსმაჟორის გამო, არ გათავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისაგან. მოპასუხის მხრიდან, აღნიშნული შეტყობინება მოსარჩელეს არ მიუღია.

5.7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თავად მოპასუხემ 2021 წლის 23 თებერვალს ელექტრონული წერილით აცნობა მოსარჩელის წარმომადგენელ - ზ.ჯ–ას, რომ მათთვის შეცვლილ გარემოებებზე მისადაგებაზე საუბარმა აზრი დაკარგა, რადგანაც ცნობილი გახდა სასაწყობე ფართის ნაკლის შესახებ, რომელიც ფორმალურად და ფაქტობრივად გამორიცხავდა აღნიშნული ნაგებობის ექსპლუატაციის შესაძლებლობას და გამოიწვევდა მოსარგებლისათვის სოლიდური სანქციის დადებას. შესაბამისად, კომპანია იძულებული იყო, შეეცვალა საწყობი დაუყოვნებლივ, რაც უკავშირდებოდა მნიშვნელოვან ხარჯებს და მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იყო მოპასუხისთვის. პალატის დასკვნით, აღნიშნული წერილი ადასტურებდა, რომ მოპასუხეს, იმის მიუხედავად, შევიდოდა თუ არა ცვლილება იჯარის ხელშეკრულებაში, გადაწყვეტილი ჰქონდა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა.

5.8. უდავო გარემოება იყო, რომ იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2021 წლის 1-ელ მარტს, შესაბამისად, მოპასუხეს საიჯარო ფართი უნდა გაეთავისუფლებინა 10 დღის ვადის დაცვით. საქმეში წარმოდგენილი ფოტო-ვიდეო მასალით დგინდებოდა, რომ სასაწყობე ფართში დასაწყობებული იყო ყუთები და პროდუქცია. ასევე, წარმოდგენილი სურსათის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 23 მარტის დოკუმენტური შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმებას ესწრებოდა მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული საწყობის გამგე - ბ.ხ–ი, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიაში აღარ მუშაობდა 2021 წლის 1-ელი მარტიდან, თუმცა დაადასტურა, რომ ესწრებოდა შემოწმებას და საწყობში განთავსებული იყო პროდუქცია. უდავო იყო, რომ 2021 წლის 26 მარტს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც უძრავი ქონება დაუბრუნდა მფლობელობაში მოსარჩელეს, მოპასუხეს კი, დროზე ადრე ფართის გათავისუფლების შესახებ რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

5.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ არ ვლინდებოდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები დაეფუძნა შემდეგს:

6.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ საიჯარო ქონება მოიჯარეს დაუბრუნდა მხოლოდ 2021 წლის 26 მარტს. მეიჯარის წარმომადგენელმა - ზ.ჯ–ამ თავად

დააგვიანა საიჯარო ფართის მიღება იმ მიზნით, რომ ხელოვნურად შეექმნა დამატებითი თანხის მოთხოვნის საფუძველი.

6.2. მოსარჩელემ თანხის დაკისრება მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისა და საიჯარო ფართის დაგვიანებით გადაცემის საფუძვლით. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ მოპასუხეს იჯარის ფართის დაცლისთვის ჰქონდა 10 დღე, შესაბამისად, პირგასამტეხლო შესაძლოა დარიცხულიყო მხოლოდ ამ ვადის გადაცილების შემდგომ დღეებზე. მოსარჩელემ პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა 25 კალენდარულ დღეზე, რაც სასამართლოს მიერ არასწორად დაკმაყოფილდა. არასწორია სასამართლოს მითითება, რომ მხარეებს შორის არ ყოფილა სადავოდ გამხდარი პირგასამტეხლოს გაანგარიშება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხემ შედავება განახორციელა როგორც შესაგებლით, დამატებითი განცხადებით და საქმის მომზადების ეტაპზე, ისე - სააპელაციო საჩივრით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიიჩნევა, რომ მოპასუხემ დააგვიანა საიჯარო ფართის გადაცემა, პირგასამტეხლო უნდა გამოანგარიშდეს მხოლოდ მე-10 დღიდან შემდგომ და არა სრულ პერიოდზე.

6.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ასევე, თითქოს საიჯარო ფართი ვარგისი იყო ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნით გამოსაყენებლად.

6.4. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ფაქტობრივი გარემოება, რომ 2021 წლის 18 მარტს საწყობში განთავსებული იყო პროდუქცია. საწყობში განთავსებული იყო მხოლოდ ნარჩენები, რომელსაც რაიმე ღირებულება არ ჰქონდა. მოწმე - ბ.ხ–მა განაცხადა, რომ 2021 წლის 19 მარტს საწყობი დაცლილი იყო ამ ნარჩენებისგანაც.

6.5. დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლოს არ უმსჯელია პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის მხრიდან მსგავსი მოთხოვნა დაყენებული იყო.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, დაარღვია თუ არა მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულება და ვლინდებოდა თუ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.

10. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

12. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ იჯარის ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო, კერძოდ: ხელშეკრულების 3.3.6. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე ვერ უზრუნველყოფდა შეწყვეტის მომენტისთვის ფართის დაცლას და ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადის დაცვით მეიჯარისათვის გადაცემას დადგენილი წესით, იგი ვალდებული იყო მეიჯარისათვის გადაეხადა საიჯარო ქირა (3600 ლარი საშემოსავლოს ჩათვლით) სამმაგი ოდენობით ფართის ფაქტობრივად დაცლის მომენტამდე; ხელშეკრულების 6.2. და 6.3. პუნქტების თანახმად, მხარეები უფლებამოსილი იყვნენ, იჯარის ხელშეკრულება ცალმხრივად შეეწყვიტათ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს შეატყობინებდნენ წერილობით და შეტყობინების განხორციელებიდან გავიდოდა მინიმუმ 6 თვე. ამ წესების დაუცველად ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა გამოიწვევდა დამრღვევის დაჯარიმებას ყოველთვიური საიჯარო ქირის (3600 ლარი საშემოსავლოს ჩათვლით) ექვსმაგი ოდენობით, ფართის ფაქტობრივად დაცლის მომენტამდე. უდავოა, რომ მოპასუხის ინიციატივით 2021 წლის 1-ელი მარტიდან, ცალმხრივად შეწყდა იჯარის ხელშეკრულება. უძრავი ქონება მოსარჩელეს დაუბრუნდა 2021 წლის 26 მარტის მიღება-ჩაბარების აქტით.

13. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ უძრავი ქონების მოსარჩელისთვის დაბრუნებამდე, კასატორს საიჯარო ფართი არ დაუცლია, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფოტო-ვიდეო მასალით, სურსათის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 23 მარტის დოკუმენტური შემოწმების აქტითა და მოწმე - ბ.ხ–ის ჩვენებით. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია თავად კასატორის განმარტებაც, რომლის თანახმად, საიჯარო ფართში განთავსებული იყო მისი საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რაც მიუთითებს ფართის დაუცლელობაზე.

14. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან საიჯარო ფართი მეიჯარეს დაუბრუნდა 2021 წლის 26 მარტს, ივარაუდება, რომ უძრავი ქონებაც მითითებულ დროს გათავისუფლდა, ამის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი, ეკისრებოდა მოიჯარეს, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, უფრო ადრე საიჯარო ფართის გათავისუფლების დამტკიცება ვერ შეძლო.

15. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ იმ დროის მიხედვით, რა ვადითაც, მოიჯარეს ხელშეკრულების შესაბამისად უფლება ჰქონდა, დაეცალა და მეიჯარისთვის გადაეცა საიჯარო ფართი, პირგასამტეხლო არ უნდა დარიცხვოდა. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს ხელშეკრულების 3.3.6. პუნქტს, რომლის მიხედვით, მოიჯარის მხრიდან საიჯარო ფართის ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადის დაცვით დაცლა ამ უკანასკნელის მართლზომიერ ქმედებად მიიჩნეოდა და არ ქმნიდა პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს საიჯარო ფართის დროულად დაუცლელობისა და მეიჯარისთვის გადაუცემლობის გამო, პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს 2021 წლის 11 მარტიდან იმავე წლის 26 მარტამდე, 15 დღეზე, რაც 5225.85 ლარს (3600*3:31*15) შეადგენს.

16. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა ხელშეკრულების შეწყვეტის იმგვარი საფუძველი, რაც გაათავისუფლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ექვსი თვით ადრე მეიჯარის გაფრთხილების მოვალეობისგან.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ საიჯარო ქონება იყო ნაკლიანი და სასაწყობედ გამოსაყენებლად იყო უვარგისი, სახელდობრ: სადავო უძრავი ქონება მოპასუხის აშენებულია და თავდაპირველად მისი საკუთრება იყო, შესაბამისად, ცალსახაა, რომ მან იჯარის ხელშეკრულების დადებამდე იცოდა საიჯარო ქონების მახასიათებლები. გარდა ამისა, 2020 წლის 22 იანვრის იჯარის ხელშეკრულებით, მოიჯარემ დაადასტურა, რომ საიჯარო ფართი მისთვის უკვე ფაქტობრივად იყო გადაცემული ხელშეკრულების დადების მომენტისთვის და შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიზნობრიობას. ამდენად, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ქონების ნაკლზე მოპასუხის მითითება უსაფუძვლო იყო.

17. რაც შეეხება პანდემიით გამოწვეული შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების შეუძლებლობას, იჯარის ხელშეკრულების მე-5 მუხლით მხარეთა შორის შეთანხმდა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლები, რომლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებოდნენ პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არადროული შესრულებისთვის, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნებოდა ფორსმაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე. ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ ვითარებად მიიჩნეოდა გარემოებები, როგორიცაა: წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, აგრეთვე ომი, ამბოხება, სამოქალაქო არეულობა, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენდნენ ხელშეკრულების შესრულებაზე. მხარე, რომელსაც ფორსმაჟორული ვითარება შეეხო, უმოკლესი ვადის დაცვით, მაგრამ ამგვარი გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ვალდებული იყო, წერილობით შეეტყობინებინა მეორე მხარისათვის ამ ვითარების თაობაზე მტკიცებულების, ვითარების ხასიათისა და მისი დადგომის მიზეზების აღწერით. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეტყობინება არ იქნებოდა მიწოდებული, გათვალისწინებული ვადის დაცვით, მხარე, რომელიც დაარღვევდა ვალდებულებებს, ფორსმაჟორის გამო, არ გათავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისაგან.

კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამარლოს მიერ დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს შეცვლილი გარემობების (პანდემიით გამოწვეული ფორსმაჟორის) გამო ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნით (შეტყობინებით) მოსარჩელისთვის არ მიუმართავს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საფუძველი არც პანდემიით განპირობებული შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების შეუძლებლობის მოტივით ჰქონდა.

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის შესაბამისია და არ ვლინდება მისი შემცირების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.

19. ვინაიდან შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და წინამდებარე გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა ურთიერთმოთხოვნები უნდა გაიქვითოს.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ: პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და მიღებული იქნას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე შ.პ.ს. „გ“-ს მოსარჩელე ლ.ჯ–იას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5225.85 ლარი და 21 600 ლარი (ჯამურად 26 825.85 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით). უნდა განხორციელდეს მხარეთა ურთიერთმოთხოვნების გაქვითვა, რის შედეგადაც, მოპასუხე შ.პ.ს. „გ“-ს მოსარჩელე ლ.ჯ–იას სასარგებლოდ დაეკისროს 23 945.85 ლარის (26 825.85 - 2880) გადახდა (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით).

21. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ჯამურად 26825.85 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 909.27 ლარიდან, კასატორს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროს 804.79 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 104.48 (909.27-804.79=104.48) ლარი არ ანაზღაურდება. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება. გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 3483.15 ლარის ნაწილში და კასატორს საკასაციო საჩივარზე გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საკასაციო საჩივარზე მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 174.13 ლარის, ხოლო კასატორს - 1341.32 ლარის გადახდა. ასევე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 1073.03 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს - 139.32 ლარის გადახდა. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოში ზედმეტად გადახდილი 108.73 ლარი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაზე, რომლის მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

წინამდებარე საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის ნაწილი – 1 000 ლარი. ვინაიდან საკასაციო სასამართლომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, კასატორს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აღნიშნული 1 000 ლარი, რომლის ოდენობაც, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას გონივრულად და სამართლიანად მიაჩნია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 53-ე, 394-ე, 407-ე ,408-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შ.პ.ს. „გ–ი“-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლთაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების 1-ლი მე-3 და მე-4 პუნქტები და აღნიშნულ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

4. ლ.ჯ–იას სარჩელი შ.პ.ს. „გ–ი“-ს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

4.1. მოპასუხე შ.პ.ს. „გ–ი“-ს მოსარჩელე ლ.ჯ–იას სასარგებლოდ დაეკისროს 5225.85 ლარისა და 21 600 (ჯამში 26 825.85 ლარის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით).

5. განხორციელდეს წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 4.1. პუნქტით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების მეორე პუნქტით მხარეთათვის დაკისრებული ურთიერთმოთხოვნების გაქვითვა, რის შედეგადაც, მოპასუხე შ.პ.ს. „გ“-ს მოსარჩელე ლ.ჯ–იას სასარგებლოდ დაეკისროს 23 945.85 ლარის გადახდა (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით).

6. შ.პ.ს. „გ“-ს ლ.ჯ–იას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 804.79 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების _ 50 ლარის გადახდა.

7. ლ.ჯ–იას (პ/ნ .......) დაუბრუნდეს შ.პ.ს. „ბ“-ს (ს/ნ .....) მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 0.73 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება №10666161874, გადახდის თარიღი: 30.03.2021წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

8. ლ.ჯ–იას (პ/ნ ........) მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 104.48 ლარის ოდენობით არ ანაზღაურდება.

9. ლ.ჯ–იას (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინების საფუძველზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 174.13 ლარის ოდენობით.

10. შ.პ.ს. „გ–ი“-ს (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინების საფუძველზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 1341.32 ლარის ოდენობით.

11. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი