24 ოქტომბერი 2023 წელი
№ას-462-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. „გ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ.ჯ–ია
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.ჯ–იამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „გ–ი“-ს მიმართ, საიჯარო ფართის დაგვიანებით გადაცემისათვის - 8709 ლარის და იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის - 21600 ლარის, ჯამურად 30309 ლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან შეგებებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელის წინააღმდეგ და უსაფუძვლოდ გადახდილი 2880 ლარის დაკისრება მოითხოვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი და შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ.პ.ს. „გ“-ს მოსარჩელე ლ.ჯ–იას სასარგებლოდ დაეკისრა 8 709 ლარის და 21 600 ლარის გადახდა. მოპასუხე ლ.ჯ–იას მოსარჩელე შ.პ.ს. „გ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2880 ლარის გადახდა. წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტებით მხარეთათვის დაკისრებული ურთიერთმოთხოვნები გაიქვითა, რის შედეგადაც, მოპასუხე შ.პ.ს. „გ“-ს მოსარჩელე ლ.ჯ–იას სასარგებლოდ დაეკისრა 26 709 ლარის გადახდა. შ.პ.ს. „გ“-ს ლ.ჯ–იას სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით, შ.პ.ს. „გ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 1212.36 ლარის გადახდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „გ–ი“-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლთაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების 1-ლი, მე-3 და მე-4 პუნქტები და აღნიშნულ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ.ჯ–იას სარჩელი შ.პ.ს. „გ–ი“-ს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შ.პ.ს. „გ–ი“-ს მოსარჩელე ლ.ჯ–იას სასარგებლოდ დაეკისრა 5225.85 ლარის და 21 600 (ჯამურად 26 825.85 ლარის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით); განხორციელდა წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 4.1. პუნქტითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების მეორე პუნქტით მხარეთათვის დაკისრებული ურთიერთმოთხოვნების გაქვითვა, რის შედეგადაც, მოპასუხე შ.პ.ს. „გ–ი“-ს მოსარჩელე ლ.ჯ–იას სასარგებლოდ დაეკისრა 23 945.85 ლარის გადახდა (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით); შ.პ.ს. „გ–ი“-ს ლ.ჯ–იას სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 804.79 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა; ლ.ჯ–იას (პ/ნ ...) დაუბრუნდა შ.პ.ს. „ბ“-ს (ს/ნ .......) მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 0.73 ლარი (საგადახდო დავალება №10666161874, გადახდის თარიღი: 30.03.2021წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30...; ლ.ჯ–იას (პ/ნ ....) მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 104.48 ლარი, არ ანაზღაურდა; ლ.ჯ–იას (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინების საფუძველზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 174.13 ლარი; შ.პ.ს. „გ–ი“-ს (ს/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინების საფუძველზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 1341.32 ლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული უნდა იქნას დამატებითი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
მითითებული ნორმით კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, რომლითაც მოწესრიგდება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული, გადასაწყვეტი საკითხები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის მიხედვით, სასამართლო ხარჯებს განეკუთვნება სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო, ამავე კოდექსის 37.2 მუხლის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
11. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ლ.ჯ–იას, სასარჩელო მოთხოვნის შემცირების გამო უკან დაუბრუნდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1018 ლარიდან 108 ლარი, ამასთან, შ.პ.ს. „გ“-ს ლ.ჯ–იას სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, შ.პ.ს. „გ“-ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2023 წლის 07 თებერვლის განჩინებით, შ.პ.ს. „გ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 1212.36 ლარის გადახდა.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გამორჩენილია მსჯელობა, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის დაბრუნებასთან, აგრეთვე, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და, ასევე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებასთან დაკავშირებით.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან დაკავშირებული საკითხი სრულყოფილად არ გადაწყვეტილა, ვლინდება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობა, სახელდობრ, მოსარჩელე ლ.ჯ–იას სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დამატებით უკან უნდა დაუბრუნდეს 108 ლარი; შ.პ.ს. „გ“-ს ლ.ჯ–იას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება; სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან, ლ.ჯ–იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 139.32 ლარის, ხოლო შ.პ.ს. „გ“-ს 1073.03 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მიღებული იქნას დამატებითი გადაწყვეტილება.
2. ლ.ჯ–იას (პ/ნ .....) სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უკან დაუბრუნდეს 108 ლარი (საგადახდო დავალება №10666161874, გადახდის თარიღი: 30.03.2021წ, გადამხდელი: ნ.გ–ი, გადასახადის გადამხდელი: შ.პ.ს. „ბ“-ს (ს/ნ .....); გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. შ.პ.ს. „გ–ი“-ს (ს/ნ ..........) ლ.ჯ–იას (პ/ნ ........) სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება.
4. სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან ლ.ჯ–იას (პ/ნ ...........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 139.32 ლარის, ხოლო
შ.პ.ს. „გ“-ს (ს/ნ.......) 1073.03 ლარის გადახდა.
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი