12 მარტი 2025 წელი
№ას-103-2025 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი.ნ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ჯ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - დაკისრებული ალიმენტის გაზრდა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ჯ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი.ნ–ძის მიმართ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილის - ნ.ც–ის სასარგებლოს დაკისრებული ალიმენტის 500 ლარამდე გაზრდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ჯ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაიზარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი და ი.ნ–ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2013 წლის 26 იანვარს დაბადებული ნ.ც–ის სასარგებლოდ ალიმენტის - ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა 2023 წლის 30 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. დანარჩენ ნაწილში მ.ჯ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ი.ნ–ძემ, რომელითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ი.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცემის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი.ნ–ძემ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 05 თებერვლის განჩინებით ი.ნ–ძის კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
7. 2025 წლის 11 მარტს, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ო.კ–მა (იხ. რწმუნებულება ტომი 1, ს.ფ. 62-66) საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლის მიხედვით მხარე უარს ამბობს კერძო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და კერძო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, რაც ნიშნავს, მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თვიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული უადაოდ გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
14. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით და უარი თქვა კერძო საჩივარზე, შესაბამისად, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა შეწყდეს კერძო საჩივარზე წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ძალაში იქნას დატოვებული.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
16. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის განხილვამდე კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო, კერძო საჩივრის ავტორს სრულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 372-ე, 378-ე, 272-ე, 49-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ნ–ძის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს წარმოება ი.ნ–ძის კერძო საჩივარზე.
3. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინება.
4. ი.ნ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი (გადახდის თარიღი: 03/12/2024, გადამხდელის ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი", გადამხდელი: ნ.კ–ია - პ/ნ ......., საგადასახადო დავალება: #5508, ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150)
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი