29 ნოემბერი 2024 წელი
№ა-562-ბ-1-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - ნ.ს–ვა
მოწინააღმდეგე მხარე - გ.გ–ია
თავდაპირველი მოპასუხე - შ.პ.ს. „გ.ა. და კ.ქ–კა“
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის №ას-1534-2023 განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.გ–იამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: შ.პ.ს. „გ.ა. და კ.ქ–კის“ და ნ.ს–ვას მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:
1.1. გაზეთ „ა–ს“ მე-18 გვერდზე (იმავე ზომისა და ფორმის ასოებითა და სტილით) სასამართლო გადაწყვეტილების (სამოქალაქო საქმეზე №2/20067-19) შესახებ ცნობის შემდეგნაირად გამოქვეყნება:
სტატიიდან, სათაურით - „რა უამბეს ა–ს გ.გ–ას ბაბუაზე“ - ინფორმაცია - „ერთი ფაქტი უნდა გაგახსენო, საბჭოთა პერიოდში გალის რაიონული გაზეთის რედაქტორობა ვინმე გ–ას ჩააბარეს, როგორც შევიტყვე, ის გ.გ–ას ბაბუა ყოფილა. იცით, პარტიიდან ის ცხონებული რისთვის გააგდეს? ერთ დღეს ჩამოიარა გალის რაიონის კოლმეურნეობებში და ფული აკრიფა, არიქა გაზეთის მატერიალური და ტექნიკური ბაზა უნდა გავაუმჯობესოო და სინამდვილეში იყიდა მაშინ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული „პობედა“ და დასეირნობდა მთელ აფხაზეთსა და სამეგრელოში, მაგრამ ერთხელ რომ თბილისში ჩამობრძანდა იმ „პობედით“ პარტიის ცეკას საკონტროლო განყოფილებამ „პობედაც“ დაატოვებინა და პარტბილეთიც. „ბაბა, ბევრი ფული, კიდევ მეტი ფული“, შენც გააკეთებ ამას ფულის გულისთვის“, რომელიც მათ გამოაქვეყნეს გაზეთ „ა–ს“ 2019 წლის 13 მაისის მე-17 ნომერში, მე-18 გვერდზე, არ შეესაბამება სინამდვილეს.
1.2. გაზეთ „ა–ს“ მე-18 გვერდზე (იმავე ზომისა და ფორმის ასოებითა და სტილით) სასამართლოს გადაწყვეტილების (სამოქალაქო საქმეზე №2/20067-19) შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგნაირად: სტატიაში გავრცელებული ინფორმაცია „სწორედ ის ავრცელებდა ყველანაირ სიბინძურეს გ–ზე და დღეს იმ მშობლებს ემუქრება“... „შენ ამიტომ ახლა იმ მშობლებს დაემუქრე“, რომელიც მათ გამოაქვეყნეს გაზეთ „ა–ს“ 2019 წლის 13 მაისის, მე-17 ნომერში, მე-18 გვერდზე, არ შეესაბამება სინამდვილეს.
1.3. მორალური ზიანის - 9 000 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრება.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს, დაევალათ გაზეთ „ა–ს“ მე-18 გვერდზე (იმავე ზომისა და ფორმის ასოებითა და სტილით) სასამართლო გადაწყვეტილების (სამოქალაქო საქმეზე №2/20067-19) შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგნაირად: „სასამართლოს განხილვის შედეგად დადგინდა, რომ სტატიიდან, სათაურით - „რა უამბეს ა–ს გ.გ–ას ბაბუაზე“ - ინფორმაცია - „ერთი ფაქტი უნდა გაგახსენო, საბჭოთა პერიოდში გალის რაიონული გაზეთის რედაქტორობა ვინმე გ–ას ჩააბარეს, როგორც შევიტყვე, ის გ.გ–ას ბაბუა ყოფილა. იცით, პარტიიდან ის ცხონებული რისთვის გააგდეს? ერთ დღეს ჩამოიარა გალის რაიონის კოლმეურნეობებში და ფული აკრიფა, არიქა გაზეთის მატერიალური და ტექნიკური ბაზა უნდა გავაუმჯობესოო და სინამდვილეში იყიდა მაშინ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული „პობედა“ და დასეირნობდა მთელ აფხაზეთსა და სამეგრელოში, მაგრამ ერთხელ რომ თბილისში ჩამობრძანდა იმ „პობედით“, პარტიის ცეკას საკონტროლო განყოფილებამ „პობედაც“ დაატოვებინა და პარტბილეთიც. „ბაბა, ბევრი ფული, კიდევ მეტი ფული“, შენც გააკეთებ ამას ფულის გულისთვის“, რომელიც მათ გამოაქვეყნეს გაზეთ „ა–ს“ 2019 წლის 13 მაისის მე-17 ნომერში, მე-18 გვერდზე, არ შეესაბამება სინამდვილეს; მოპასუხეებს დაევალათ გაზეთ „ა–ს“ მე-18 გვერდზე (იმავე ზომისა და ფორმის ასოებითა და სტილით) სასამართლოს გადაწყვეტილების (სამოქალაქო საქმეზე №2/20067-19) შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგი სახით: „სასამართლოს განხილვის შედეგად დადგინდა, რომ სტატიაში გავრცელებული ინფორმაცია „სწორედ ის ავრცელებდა ყველანაირ სიბინძურეს გ–ზე და დღეს იმ მშობლებს ემუქრება“... „შენ ამიტომ ახლა იმ მშობლებს დაემუქრე“, რომელიც მათ გამოაქვეყნეს გაზეთ „ა–ს“ 2019 წლის 13 მაისის, მე-17 ნომერში, მე-18 გვერდზე, არ შეესაბამება სინამდვილეს; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის - 2000 ლარის ანაზღაურება.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, 2023 წლის 14 სექტემბერს წარმოდგენილი იქნა თ.გ–ძის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, სადაც კასატორებად მითითებული არიან მოპასუხეები (შ.პ.ს. „გ.ა. და კ.ქ–კა“ და ნ.ს–ვა), ხოლო წარმომადგენლად - თგ–ძე (იხ. ს.ფ. 390-396).
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით ხარვეზის შეუვსებლობის გამო. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს მიეცათ განჩინების ჩაბარებიდან 5-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, ნ.ს–ვას მიერ თ.გ–ძის სახელზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად გაცემული რწმუნებულების ან ნ.ს–ვას მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.
7.2. 2023 წლის 25 დეკემბერს თ.გ–ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით გაგრძელდა.
7.3. ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი თგ–ძეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2023 წლის 26 დეკემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.1. ს.ფ. 417). საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე 2023 წლის 29 დეკემბერს 13:19 საათზე №4017205.... ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ნ.ს–ვას (...... მობ. ნომერზე) დასაზუსტებლად, ცნობილი იყო თუ არა მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 და 26 დეკემბრის ხარვეზის განჩინებების შესახებ. ნ.ს–ვამ აღნიშნა, რომ იცოდა ხსენებული განჩინებების თაობაზე წარმომადგენელ თგ–ძისაგან, იცოდა ისიც, რომ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით. ნ.ს–ვას განემარტა, რომ წარმოსადგენი ჰქონდა თ.გ–ძის სახელზე გაცემული რწმუნებულება ან თავის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი. კასატორმა აღნიშნა, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენეს, ვინაიდან თ.გ–ძე არის მისი ადვოკატი და ის წარმოადგენს ყველა საჭირო დოკუმენტს (სატელეფონო შეტყობინების აქტი №3302100190031.., ტ.1. ს.ფ.418).
7.4. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა ამოიწურა 2024 წლის 8 იანვარს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით (ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება) მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის. ვინაიდან, კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის დაცვით არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
8. 2024 წლის 5 თებერვალს ნ.ს–ვამ საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, შემდეგი საფუძვლებით:
8.1. განმცხადებლის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არაგონივრული ვადით გააჭიანურა დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა, რამაც ხელი შეუშალა დაეკონკრეტებინა საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობა. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის წარდგენის იურიდიული ინტერესი ცალსახად ჰქონდა, რაც დასტურდება დასაბუთებული განჩინების გადაცემის თაობაზე სააპელაციო სასამართლოში ადვოკატ - თ.გ–ძის მიერ განცხადების შეტანით.
8.2. განმცხადებელი მიუთითებს, რომ თ.გ–ძე არის მისი ადვოკატი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტში მის მიმართ უკანონო განაჩენის გადასინჯვისა და დაზარალებულად ცნობის საქმეში. თუმცა განსახილველ სამოქალაქო საქმეზე, რედაქციასთან გარკვეული უთანხმოების გამო, მასზე რწმუნებულება არ გაუცია. 2023 წლის 18 დეკემბრიდან 2024 წლის დასაწყისამდე განმცხადებელს რაიმე კონტაქტი თ.გ–ძესთან არ ჰქონია, ვინაიდან ჰქონდა მძიმე დეპრესია და მოწყვეტილი იყო კომუნიკაციის ყოველგვარ საშუალებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ხარვეზის განჩინება კანონით დადგენილი წესით განმცხადებელს არ ჩაბარებია და იქამდე, სანამ 2024 წლის დასაწყისში, საკასაციო სასამართლოში განცხადება არ წარმოადგინა, ხარვეზის განჩინებების შესახებ არაფერი იცოდა.
8.3. საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ განმცხადებელთან (ნ.ს–ვასთან) კომუნიკაცია შედგა 2023 წლის 29 დეკემბერს ტელეფონის ნომერზე - ....... აღნიშნული ნომერი ეკუთვნის თ.გ–ძეს, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ტექნიკურ გაუგებრობას აქვს ადგილი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ამავე სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება მიჩნეული იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ განცხადება განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2024 წლის 16 იანვრის განჩინების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას, იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებები კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა მისაქცევი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ, დასადგენია, ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.
12. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
13. მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საქმის წარმოების განახლება არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს, არამედ, იგი საგამონაკლისო წარმოების სახეა, როდესაც მართლმსაჯულების განხორციელებისას შესაძლო დაშვებული ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას.
14. ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ „კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმად, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999 VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh, §52). საბოლოოდ, გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია, თუკი დადგინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმის წარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.).
15. კანონმდებლობით ამომწურავადაა განსაზღვრული, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებები კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, შესაბამისად, მისი მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარეობს.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება, ბათილად იქნას ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ამ შემთხვევაში, კანონმდებელს, ისეთი მხარე ყავს მხედველობაში, რომელიც ჩაბმულია, მონაწილეობს საქმეში, მაგრამ საქმის განხილვაში არ იყო მოწვეული და არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გარანტირებული შეჯიბრობითობის შესაძლებლობა (ს.უ.ს.გ. №ას-730-2020 12.10.2020).
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროცესის მონაწილე მხარე უფლებამოსილია, იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის (ხარვეზის დადგენა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა და ა. შ) შესაბამისი ინსტანციისათვის გათვალისწინებული წესის შესახებ, ვინაიდან კონკრეტულ საქმეზე მიღებული საბოლოო/შემაჯამებელი განჩინება თუ გადაწყვეტილება ეხება მის კანონიერ უფლებებს და აკისრებს მას კანონით დადგენილ ვალდებულებებს.
18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას, სახელდობრ:
19. საქმეში არსებული მასალების თანახმად, დასტურდება, რომ საკასაციო საჩივარი კასატორების: შ.პ.ს. „გ.ა. და კ.ქ–კის“ და ნ.ს–ვას სახელით წარმოდგენილი და ხელმოწერილი იქნა თ.გ–ძის მიერ, რომლის სახელზეც კასატორთაგან მხოლოდ შ.პ.ს. „გ.ა. და კ.ქ–კის“ მიერ იყო გაცემული მინდობილობა.
საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, კასატორებს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადის დაცვით წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ნ.ს–ვას მიერ თ.გ–ძის სახელზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად გაცემული რწმუნებულება ან ნ.ს–ვას მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
ხარვეზის დადგენის შესახებ 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა მხოლოდ თ.გ–ძეს. თ.გ–ძის შუამდგომლობის საფუძველზე, 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღის ვადით გაგრძელდა.
ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი თ.გ–ძეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2023 წლის 26 დეკემბერს.
2023 წლის 29 დეკემბერს მოსამართლის თანაშემწემ სატელეფონო კომუნიკაციით კასატორ ნ.ს–ვას შეატყობინა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ. საუბრისას, ნ.ს–ვამ მოსამართლის თანაშემწეს დაუდასტურა, რომ მისი ადვოკატ თ.გ–ძისაგან ინფორმირებული იყო ხარვეზისა და მისი შევსების ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ. ნ.ს–ვას განემარტა, რომ წარმოსადგენი ჰქონდა თ.გ–ძის სახელზე გაცემული რწმუნებულება ან თავის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი. ნ.ს–ვამ განმარტა, რომ მისი ადვოკატი თ.გ–ძე სასამართლოში წარადგენდა ხარვეზის შესავსებად საჭირო ყველა დოკუმენტს (სატელეფონო შეტყობინების აქტი №330210019003141084, ტ.1. ს.ფ.418).
2024 წლის 12 იანვარს ნ.ს–ვამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ იცოდა საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე და ვინაიდან, კონკრეტულ დავაში ადვოკატ თ.გ–ძეზე რწმუნებულება გაცემული არ ჰქონდა, მოითხოვა ხარვეზის განჩინების პირადად ჩაბარება (ტ.1, ს.ფ. 419).
20. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ნ.ს–ვა საქმის წარმოების განახლების განცხადებაში ერთი მხრივ მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის წარმოდგენის ინტერესი ცალსახად ჰქონდა, რაც დასტურდება დასაბუთებული განჩინების მოთხოვნის თაობაზე ადვოკატ თ.გ–ძის მიერ სააპელაციო სასამართლოში შეტანილი განცხადებით, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ამავე განცხადებაში იგი აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე რედაქციასთან არსებული უთანხმოებიდან გამომდინარე თ.გ–ძის სახელზე მინდობილობა არ გაუცია.
საკასაციო პალატის განსჯით, აღნიშნული მსჯელობა ურთიერთგამომრიცხავია, რადგან გაუგებარია თუ რატომ ადასტურებს ადვოკატ თ.გ–ძის მიერ სააპელაციო სასამართლოში შეტანილი განცხადება, განმცხადებლის ინტერესს საკასაციო საჩივრის წარდგენის მიმართ იმ პირობებში, როდესაც, მისივე განმარტებით, მას თ.გ–ძისათვის მინდობილობა არ მიუნიჭებია.
21. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის აქტითა და სატელეფონო ზარის აუდიო ჩანაწერით ცალსახად დასტურდება, რომ 2023 წლის 29 დეკემბერს სასამართლოს მოხელე სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით დაუკავშირდა ნ.ს–ვას საკასაციო საჩივარზე დადგენილ ხარვეზთან დაკავშირებით ინფორმირების მიზნით, რა დროსაც, ნ.ს–ვამ სასამართლო მოხელეს დაუდასტურა, რომ მისი ადვოკატ თ.გ–ძისგან ინფორმირებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზისა და ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ. ამ საუბრისას, ნ.ს–ვამ განაცხადა, რომ მისი ადვოკატი - თ.გ–ძე წარმოადგენდა ყველა შესაბამის დოკუმენტს, მათ შორის - მინდობილობასაც.
გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, ნ.ს–ვამ 2024 წლის 12 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებითაც დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 419).
22. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სატელეფონო საუბრის აქტითა და ნ.ს–ვას განცხადებით ცალსახად დასტურდება, რომ მან იცოდა ხარვეზის განჩინებების შესახებ, რაც ეწინააღმდეგება საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადებაში მითითებულ არგუმენტს, რომ ხარვეზის დადგენისა და მისი აღმოფხვრის ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინებები განმცხადებელს არ ჩაბარებია.
23. რაც შეეხება განმცხადებლის არგუმენტს, რომ საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის განჩინებაში ნ.ს–ვას ტელეფონის ნომრად მითითებულია თ.გ–ძის ტელეფონის ნომერი, რის საფუძველზეც, იგი ამტკიცებს, რომ სასამართლოს თანამშრომელს რეალურად მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შესაბამის სისტემაში დაცულ სასამართლოს მოხელისა და ნ.ს–ვას შორის 2023 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერს, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ მოსამართლის თანაშემწე ნამდვილად ესაუბრა ნ.ს–ვას და შეატყობინა ხარვეზის შესახებ ინფორმაციაც.
24. გარდა ზემოაღნიშნულისა, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლომ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო არა 26 დეკემბრის (როდესაც თგ–ძეს ეცნობა ხარვეზის შესახებ) მომდევნო დღიდან, არამედ - 30 დეკემბრიდან - ნ.ს–ვასთან სატელეფონო კომუნიკაციის მომდევნო დღიდან. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ სასამართლომ უზრუნველყო კასატორის სათანადოდ ინფორმირებულობა და მისი უფლებების დაცვის პროცესუალური გარანტიებიც.
25. აქვე უნდა განიმარტოს, რომ განმცხადებლის პოზიციის დაშვების შემთხვევაშიც, რომ თგ–ძე არ იყო მისი წარმომადგენელი, აღნიშნული მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას. ასეთ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ნ.ს–ვას საერთოდ არ წარმოუდგენია საკასაციო საჩივარი, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის ნებას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ. ამ კუთხით ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული განჩინება ნ.ს–ვას გაუგზავნა სამუშაო ადგილის (შ.პ.ს. „გ.ა. და კ.ქ–კის“) მისამართზე, სადაც გზავნილი ადრესატისთვის გადასაცემად ჩაიბარა თანამშრომელმა, თუმცა ნ.ს–ვას საკასაციო საჩივარი დადგენილი ვადისა და პროცედურის სრულყოფილად დაცვით სასამართლოში არ წარმოუდგენია. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ თავად განმცხადებელმა ვერ უზრუნველყო პროცესუალური ვალდებულებების შესრულება, რაც ბუნებრივია, ვერ დაედება საფუძვლად სადავო განჩინების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, არა მხოლოდ საქმის წარმოების განახლების საფუძველი არ ვლინდება, არამედ საჩივრის დასაშვებობაც საეჭვოა. აღნიშნული გარემოება კი, ცხადყოფს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს იმ სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლებიც აუცილებელია საქმის წარმოების განსაახლებლად.
26. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობა ცხადყოფს, რომ ნ.ს–ვა ინფორმირებული იყო ხარვეზის განჩინებების შესახებ, თუმცა ვერ უზრუნველყო პროცესუალური ვალდებულებების დროული შესრულება. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა დაცული ხარვეზის განჩინების მხარისათვის გადაცემის კანონით დადგენილი წესი.
27. საკასაციო პალატა აქვე მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. 63-ე მუხლის დანაწესით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილიასაპროცესო ვადისგასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 396.3 მუხლის მიხედვით კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ - სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დადასტურდა, რომ ხარვეზის განჩინებების შესახებ საქართველოს უზენაესი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ნ.ს–ვას 2023 წლის 29 დეკემბერს (ტ.1. ს.ფ. 418). შესაბამისად, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 30 დეკემბერს და ამოიწურა 2024 წლის 08 იანვარს. ამდენად, ნ.ს–ვა ვალდებული იყო, ხარვეზი შეევსო 2024 წლის 08 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე და 396.3 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლით საკასაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
29. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
პალატის განსჯით, მოცემულ შემთხვევაში, ნ.ს–ვას მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არათანმიმდევრული, ურთიერთგამომრიცხველი და დაუსაბუთებელია, რაც ბუნებრივია, ვერ დაედება საფუძვლად სასამართლო განჩინების გადასინჯვას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქმეში არ იკვეთება იმგვარი გარემოებები, რაც კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლების აუცილებლობას განაპირობებდა.
30. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან განმცხადებლის არგუმენტები არც ცალკე და არც ერთობლივად არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას, განცხადება საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
31. ნ.ს–ვას მიერ საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIX თავი არ შეიცავს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განჩინებით, ნ.ს–ვას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ხოლო ნ.ს–ვას მიერ მოგვიანებით მაინც იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარი, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, უკან უნდა დაუბრუნდეს მოთხოვნის ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 421-ე, 422-ე, 430-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ს–ვას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. ნ.ს–ვას (პ/ნ ........) დაუბრუნდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარი (საგადასახადო დავალება №1569, გადახდის თარიღი: 05.04.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე