Facebook Twitter

28 თებერვალი 2025 წელი №ას-103-2025 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი.ნ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ჯ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა.

დავის საგანი - დაკისრებული ალიმენტის გაზრდა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ჯ–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ი.ნ–ძის მიმართ და მოითხოვა: გაიზარდოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი და ი.ნ–ძეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2013 წლის 26 იანვარს დაბადებული ნ.ც–ის სასარგებლოდ ალიმენტის - ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ჯ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაიზარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი და ი.ნ–ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2013 წლის 26 იანვარს დაბადებული ნ.ც–ის სასარგებლოდ ალიმენტის - ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა 2023 წლის 30 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე; დანარჩენ ნაწილში მ.ჯ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ი.ნ–ძემ, რომელითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ი.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ი.ნ–ძემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 05 თებერვლის განჩინებით, ი.ნ–ძის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 7(შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

6. 2025 წლის 20 თებერვალს, კასატორის წარმომადგენელმა ო.კ–მა (იხ. რწმუნებულება ტომი 1, ს.ფ. 62-66) საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლის მიხედვით მხარე უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა. დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებას წარმოადგენს ასევე წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება, რომელიც რეგლამენტირებულია 378-ე მუხლით (სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნული ნორმის გამოიყენება საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას: საკასაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კასატორის წარმომადგენელი ო.კ–ი წარმოდგენილი მინდობილობის ფარგლებში, უფლებამოსილია მომართოს საკასაციო სასამართლოს, საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ საფუძვლით, თანახმად 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინება.

ამასთან, საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის (სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით) და ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე (საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49.2, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ნ–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება ი.ნ–ძის საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის #2ბ/4739-24 განჩინების გაუქმების შესახებ.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი