საქმე №ა-6046-შ-154-2024 18 თებერვალი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ.კ–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, ტვერის ოლქის, ტორჟოკის სარაიონთაშორისო სასამართლოს 19.06.2024 წლის გადაწყვეტილება (საქმე №2-660/2024)
დავის საგანი – პირთა ნათესაური კავშირის დადგენა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის, ტვერის ოლქის, ტორჟოკის სარაიონთაშორისო სასამართლოს 19.06.2024 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №2-660/2024) (შემდეგში „უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება“) დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ნათესაური კავშირის შესახებ რ.ვ. ასულ კ–ვასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „შუამდგომლობის ავტორი“) და ლ.ა. ასული ტ–ს შორის, კერძოდ, რ.ვ. ასული კ–ვა (დაბადებული 09.12.1966 წელს კალინინგრადის ოლქის პრავდინსკის რაიონის სოფელ .......) არის ლ.ა. ასული ტ–ის (დაბადებული 03.05.1937 წელს, გარდაცვლილი 21.03.2023 წელს, საქართველოში, რუსთავში) ბიძაშვილის შვილი.
2. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების თანახმად:
- ტვერის ოლქის სახელმწიფო არქივის 03.05.2024 წლის საარქივო ცნობის მიხედვით, ტვერის გუბერნიის ფერისცვალების ეკლესიის 1904-1906 წლების მეტრიკულ წიგნებში არის ერთი ჩანაწერი, რომ სოფელ .....მაცხოვრებელს სახელად ვ. შეეძინა გოგონა სახელად დ. დ–ას დაბადების ჩანაწერი წარმოებულია 01.03.1904 წელს ნომრად - 34.
- დაბადების შესახებ აქტის ჩანაწერის ასლიდან №9, 08.05.1937წ., ჩანს, რომ ლ. რ–ვა (მამის სახელის მითითების გარეშე) დაიბადა 03.05.1937 წელს კალინინის ოლქის ნოვოტორჟსკის რაიონის სოფელ ....., მშობლები: ა.ვ. ძე კ–ვი და დ.ვ. ასული რ–ვა (რომლებიც ცხოვრობდნენ კალინინის ოლქის ნოვოტორჟსკის რაიონის სოფელ ......).
- ლ.ა. ასული ტ., დაბადებული 03.05.1937 წელს, გ.პ. ტ–თან ქორწინების რეგისტრაციამდე - 13.12.1956 წლამდე, ატარებდა გვარს - რ–ვა. ლ.ა. ასული რ–ვას, დაბადებული 03.05.1937 წელს, და გ.პ. ძე ტ–ს, დაბადებული 07.07.1937 წელს, შორის ქორწინება რეგისტრირებული იყო 13.12.1956 წელს, რაც დასტურდება №17 ქორწინების აქტის ჩანაწერის ასლიდან, გაცემული 13.12.1956 წელს.
- 21.03.2023 წლის №01237010873 გარდაცვალების მოწმობის ასლის თანახმად, ლ.ტ., დაბადებული 03.05.1937 წელს, გარდაიცვალა 21.03.2023 წელს, ქ. რუსთავში, საქართველოს რესპუბლიკაში.
- 11.03.1941 №28 დაბადების აქტის ჩანაწერის ასლის თანახმად, 05.03.1941წ., კალინინის ოლქის ნოვოტორჟსკის რაიონის სოფელ ....... მშობლებს - ვ.ვ. ძე რ–ვს (რომელიც ცხოვრობდა კალინინის ოლქის ნოვოტორჟსკის რაიონის სოფელ .......) და ა. დ. ასულ რ–ვას (რომელიც ცხოვრობდა კალინინის ოლქის ნოვოტორჟსკის რაიონის სოფელ .......) შეეძინათ ქალიშვილი რ. რ–ვა (მამის სახელის მითითების გარეშე).
- 16.03.1966 წელს რ.ვ. ასული რ–ვა, დაბადებული 05.03.1941 წელს, დაქორწინდა ვ.ი. ძე კ–ზე, დაბადებული 06.04.1939 წელს, და შეიცვალა გვარი კ–აზე, რაც ჩანს №4 ქორწინების აქტის ჩანაწერის ასლიდან, გაცემული 16.03.1966 წელს.
- 09.12.1966 წელს, მშობლებს - ვ.ი. ძე კ–სა და რ.ვ. ასულ კ–ას შეეძინათ ქალიშვილი რ.ვ. ასული კ–ა, რაც დასტურდება №052418 დაბადების მოწმობის ასლით, გაცემული 10.06.1967 წელს.
- 04.01.1981 წელს, რ.ვ. ასული კ–ა, დაბადებული 05.03.1941 წელს, დაქორწინდა ვ.მ. ძე ნ–ზე, დაბადებული 18.09.1948 წელს, და შეიცვალა გვარი ნ–აზე, რაც დასტურდება №1 ქორწინების აქტის ჩანაწერის ასლიდან, გაცემული 04.01.1981 წელს.
- 24.07.1991 წელს რ.ვ. ასული კ–ა, დაბადებული 09.12.1966 წელს, დაქორწინდა ე.ა. ძე კ–ვზე, დაბადებული 13.06.1968 წელს, და შეიცვალა გვარი კ–ვაზე.
3. დამოწმებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 26.07.2024 წელს.
4. შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. გადაწყვეტილების ცნობის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს სამკვიდროს მიღება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2024 წლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. სასამართლო ხელმძღვანელობს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდეგში „კონვენცია“).
8. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათის მიხედვით არ მოითხოვენ აღსრულებას, სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე აღიარებულად მიიჩნევა სპეციალური წარმოების გარეშე, იმ პირობით, თუ: ა) თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებებს ამ საქმეზე ადრე არ გამოუტანიათ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები; ბ) საქმე, რომელზეც წინამდებარე კონვენციის თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში - იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, არ განეკუთვნება ამ ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას. ამავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.
9. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14).
10. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია, როგორც კონვენციის 55-ე მუხლში (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ: ა) იგი კანონიერ ძალაში არ შესულა ან არ ექვემდებარება აღსრულებას იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესვლამდე; ბ) მოპასუხეს პროცესში იმის გამო არ მიუღია მონაწილეობა, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახების შესახებ შეტყობინება; გ) იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა აღიარდეს და აღსრულდეს გადაწყვეტილება, საქმეზე ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს მიერ აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება აღნიშნულ საქმეზე; დ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება უნდა აღიარდეს და აღსრულდეს, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; ე) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ვ) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, რომელიც გათვალისწინებულია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ისე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).
11. საკასაციო სასამართლო გაეცნო ნათესაური კავშირის დადგენის თაობაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ (შდრ. სუსგ №ა-3561-შ-95-2017, 10.10.2019წ; №ა-5294-შ-158-2019, 29.11.2019წ.). „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ აღნიშნული უფლებამოსილება აქვთ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებს. ამასთან, ამავე კანონის 82-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო არ ახორციელებს ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანას სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში. განსახილველ შემთხვევაში, საკითხის განხილვა არ ექცევა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეგულირებაში, რამდენადაც შუამდგომლობის ავტორი არ არის საქართველოს მოქალაქე და უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებული მის შესახებ სააქტო ჩანაწერები საქართველოს ტერიტორიაზე არ არის შესრულებული (შდრ. სუსგ №ა-3215-შ-73-2020, 09.11.2020წ.). ამრიგად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა კონვენციის 51-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ.კ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს რუსეთის ფედერაციის, ტვერის ოლქის, ტორჟოკის სარაიონთაშორისო სასამართლოს 19.06.2024 წლის №2-660/2024 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ნათესაური კავშირის შესახებ რ.ვ. ასულ კ–ვასა და ლ.ა. ასული ტ–ს შორის, კერძოდ, რ.ვ. ასული კ–ვა (დაბადებული 09.12.1966 წელს კალინინგრადის ოლქის პრავდინსკის რაიონის სოფელ ......) არის ლ.ა. ასული ტ–ის (დაბადებული 03.05.1937 წელს, გარდაცვლილი 21.03.2023 წელს, საქართველოში, რუსთავში) ბიძაშვილის შვილი. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია