¹ბს-1063-1014(კ-06) 30 მაისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 20 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. შ-ემ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების, ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარებისა და სანივთე კომპენსაციის დავალიანების, მთლიანობაში 4476.96 ლარის დაკისრება.
სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ თ. შ-ე 1992 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დეპარტამენტში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, სამხედრო წოდებით არის მაიორი, სამსახურიდან გათავისუფლებამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში .......... ცენტრის უფროსის მოადგილედ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1267 ბრძანებით მოსარჩელე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან და 2005 წლის 6 იანვრიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადაყვანილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში. დღემდე არ მიუღია 1998, 1999, 2000 წლების სახელფასო დავალიანება 1463.42 ლარის ოდენობით, ასევე მიუღებული აქვს სანივთე ქონების კომპენსაცია 2004 წლის 24 ივნისის მდგომარეობით 1050.02 ლარის ოდენობით და საქართველოს პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება _ 1963.52 ლარი, ბოლო ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობით, რის გამოც ითხოვს ზემოაღნიშნული თანხის ანაზღაურებას (ს.ფ. 1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით თ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1594.09 ლარის ოდენობით; მოსარჩელე თ. შ-ეს უარი ეთქვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 2001-2004 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის _ 1050.02 ლარის ანაზღაურებაზე; მოსარჩელე თ. შ-ეს უარი ეთქვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების სახით 1363.52 ლარის დაკისრების თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგნაირად დაასაბუთა:
სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის სამმართველოს 2006 წლის 12 ივნისის ¹1320 ცნობით დგინდებოდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ. შ-ის მიმართ ერიცხებოდა შემდეგი სახის დავალიანება: თანამდებობრივი სარგო _ 487.52 ლარი, პროცენტული დანამატი _ 222.69 ლარი, კვების კომპენსაცია _ 708.00 ლარი, ჯილდო _ 131.91 ლარი, დახმარება _ 43.97 ლარი, ე.ი. მთლიანობაში _ 1594.09 ლარი. აღნიშნული ცნობით, ფაქტობრივად, აღიარებული იყო ის ფაქტი, რომ მოპასუხეს თ. შ-ის მიმართ გააჩნდა 1594.09 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანება. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, თ. შ-ის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების _ 1594.09 ლარის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანი იყო.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა 2001-2002 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის _ 1050.02 ლარის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან, მართალია, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, მაგრამ მხარემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან საკუთარი სახსრებით შეიძინა 2001-2004 წლებში სანივთე ქონება. ამასთან, მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულიც იყო, ვინაიდან სანივთე ქონების კომპენსაციის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობოდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამ წელს შეადგენდა.
რაც შეეხებოდა თ. შ-ის მოთხოვნას ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების სახით 1963.52 ლარის ანაზღაურებაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹494 ბრძანებულების 331-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების მიხედვით ეძლეოდათ ერთჯერადი დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით. ამავე ბრძანებულების 611-ე მუხლის თანახმად, ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთჯერადი დახმარების გაცემის მოთხოვნა არ ვრცელდებოდა იმ მოსამსახურეებზე, რომლებიც 2005 წელს იყვნენ დათხოვნილნი, ვინაიდან ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ეს ნორმა ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან და იგი ვრცელდებოდა მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან დათხოვნილ პირებზე. საქმეში არსებული მასალებით დგინდებოდა, რომ თ. შ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა 2005 წელს, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების ანაზღაურებაზე უსაფუძვლო იყო (ს.ფ. 50-53).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-ემ სანივთე ქონების კომპენსაციისა და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ მოსარჩელეს სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობით ანაზღაურებაზე, როდესაც მიუთითა, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹494 ბრძანებულების 33-ე მუხლით, თუმცა გათვალისწინებული იყო შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციის და შტატების შემცირების გამო გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეთათვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ფულადი სარგოს გადახდის ვალდებულება, აღნიშნული მუხლის მოქმედება იმავე ბრძანებულების 61-ე მუხლის თანახმად, შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე და აქედან გამომდინარე, ეს ერთჯერადი დახმარება თ. შ-ეს არ ეკუთვნოდა. აპელანტი მიუთითებდა, რომ ბრძანების დროებით შეჩერება არ ნიშნავდა მის სამუდამოდ გაუქმებას. ასევე დაუსაბუთებელი იყო სასამართლოს უარი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, მოპასუხეს გაცემული ჰქონდა ამ დავალიანების აღიარების ოფიციალური ცნობა, რომელიც საქმეში იყო წარდგენილი (ს.ფ. 70-71).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. შ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თ. შ-ეს უარი ეთქვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 2001-2004 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის 1050.02 ლარის ანაზღაურებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2001-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის 1050.02 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის 2004 წლის 24 ივნისის ცნობით დადგენილად მიიჩნია, რომ თ. შ-ეს მიუღებელი ჰქონდა 2001-2002-2003 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია 1050 ლარის ოდენობით. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. შ-ეს, როგორც სამხედრო მოსამსახურეს, 2001-2003 წლებში სამხედრო სამსახურის გავლისას უნდა მიეღო ნორმით გათვალისწინებული ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, მაგრამ არ მიუღია. სასამართლოს მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში არ იყო ხანდაზმული, რადგან სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა 2004 წლის 24 ივნისის ცნობის გაცემით და აღიარებულ იქნა სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების _ 1050 ლარის არსებობა. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული ცნობის სინამდვილე და დავალიანების თანხის ოდენობა, დავალიანების არსებობა და დავალიანების წარმოშობის მიზეზად ბიუჯეტის სეკვესტრი და დაუფინანსებლობა დაასახელა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შესაბამისი ბიუჯეტის დაუფინანსებლობა ან საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირებათა (სეკვესტრი) არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოსა (ხელფასი) და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების გაუცემლობის საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. საგულისხმო იყო ასევე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ წარუდგენია რაიმე დამადასტურებელი იმისა, რომ მოსარჩელე სამხედრო სამსახურში ცხადდებოდა სავალდებულო სამხედრო ფორმის გარეშე.
რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების სახით მოპასუხისათვის 1363.52 ლარის დაკისრების თაობაზე, ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელე თ. შ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2005 წლის 6 იანვრიდან, ანუ იმ დროს, როცა შეჩერებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹494 ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება, ამდენად, მოთხოვნა მოპასუხისათვის ამ თანხის დაკისრების შესახებ უსაფუძვლო იყო (ს.ფ. 102-107).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მწირი შესაძლებლობები და სახელმწიფო ბიუჯეტში სანივთე ქონების კომპენსაციის არარსებობა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო წერილი ჩათვალა ვალის აღიარებად, რაც უსაფუძვლო არგუმენტია (ს.ფ. 115-116).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი დაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს მოსარჩელის სამუიშაოზე ფორმის გარეშე გამოცხადებას, ასევე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 2006 წლის 29 მარტის წერილი არის ინფორმაციული ხასიათის ცნობა და არა ვალდებული პირის აღიარება.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.