Facebook Twitter

საქმე № ა-921-შ-29-2025 18 მარტი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.ჰ.

მოწინააღმდეგე მხარე – უ.ჰ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - გერმანიის, გელნჰაუზენის რაიონული სასამართლოს 07.02.2024 წლის 63 F 580/23 S გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გერმანიის, გელნჰაუზენის რაიონული სასამართლოს 07.02.2024 წლის 63 F 580/23 S გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში „უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება“) მეუღლეთა ი.ჰ–სა (შემდეგში ტექსტში „შუამდგომლობის ავტორი“) და უ.ჰ–ს შორის 02.10.2001 წელს ბრახტტალის მმაჩის ბიუროს გამგის მიერ (ქორწინების რეესტრის ნომერი 17/2001) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 16.03.2024 წლიდან.

4. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხე დაეთანხმა განქორწინებას.

5. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით შუამდგომლობის ავტორსა უ.ჰ–ს შორის 02.10.2001 წელს ბრახტტალის მმაჩის ბიუროს გამგის მიერ (ქორწინების რეესტრის ნომერი 17/2001) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

8. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ის კანონიერ ძალაში შევიდა 16.03.2024 წლიდან. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).

11. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ჰ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, გელნჰაუზენის რაიონული სასამართლოს 07.02.2024 წლის 63 F 580/23 S გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში, რომლითაც მეუღლეთა - ი.ჰ–სა და უ.ჰ–ს შორის 02.10.2001 წელს ბრახტტალის მმაჩის ბიუროს გამგის მიერ (ქორწინების რეესტრის ნომერი 17/2001) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია