№ას-109-2024
21 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ო.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ო.ბ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ.კ–ის (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 48887 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრება (სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 2-17).
1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო.ბ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება: სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5.1. მოსარჩელე ო.ბ–ძე 2004 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა საზღვარგარეთ. კერძოდ, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელე 2007, 2012-2021 წლებში, მოპასუხის სახელზე რიცხავდა თანხებს. ამ წლების განმავლობაში მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადმორიცხული თანხის ოდენობა ჯამში შეადგენს - 48887 ევროს. 2007 წლის 03 სექტემბერს და 2012 წლის 30 აგვისტოდან 2013 წლის 30 აპრილამდე პერიოდში განხორციელებული გზავნილების დანიშნულებაში მითითებულია, რომ გადარიცხვები განხორციელდა ოჯახის დასახმარებლად.
5.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე ო.ბ–ძე და მოპასუხე მ.კ–ი არიან დები. მათი დედის - მ.კ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ მას ჰქონდა შარდსაწვეთის ავთვისებიანი სიმსივნე C66, შარდის ბუშტის ლატერალური კედლის ავთვისებიანი სიმსივნე C67.2, მაკროჰემატურია R31. გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ მ.კ–ი გარდაიცვალა 2016 წლის 26 ივლისს. საქმის მასალებში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დგინდება, რომ ო.ბ–ძის მამა და მ.კ–ის მამობილი - ვ.ბ–ძეს ჰქონდა მარცხენა ქვედა კიდურის არტერიების ათეროსკლეროზი, სისხლის მიმოქცევის დეკომპენსაცია-მარცხენა ტერფის I თითის განგრენა. ვ.ბ–ძე გარდაიცვალა 2020 წლის 11 ივნისს. მ.კ–ის და ვ.ბ–ძის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გარემოება დადასტურებული იქნა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა მიერ. ამასთან, დადგენილია და სააპელაციო საჩივრით შედავებული არ არის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ.კ–ს და ვ.ბ–ძეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროებოდათ მომვლელი. მოპასუხე მ.კ–ი უვლიდა და ზრუნავდა მოხუცებულ მშობლებზე.
5.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, ………. (ს/კ …….), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხე მ.კ–ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღია 2010 წლის 14 აპრილი, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „დ–ი …“-ის კრების ოქმი, დამოწმებული 2010 წლის 31 მარტს.
5.4. 2007 წლის 20 სექტემბერს მ.კ–სა და შპს „პ–ას“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „პ–ამ“ იკისრა ვალდებულება 32 340 აშშ დოლარის სანაცვლოდ აეშენებინა და საკუთრებაში გადაეცა მ.კ–ისათვის ბინა, მდებარე - ქ. თბილისში, …….. გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მ.კ–მა 2007-2010 წლებში შპს „პ–ას“ გადაუხადა 22 872 ლარი. ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობის „დ–ი ….-ის“ წევრების 2011 წლის 25 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დასტურდება, რომ მ.კ–მა ამხანაგობაში შეიტანა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, …….., ს.კ. ……., ნასყიდობის ფასი 17 500 აშშ დოლარი. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „დ–ი ….-ის“ 2010 წლის 23 მარტის კრების ოქმით დასტურდება, რომ ამხანაგობამ მ.კ–ს საკუთრებაში გადასცა სადარბაზო 1, სართული 8, ბინა №18, საერთო ფართით 66.7 კვ.მ..
5.5. საქმის მასალებში წარმოდგენილია 2014 წლის 30 ივლისის იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება და კრედიტის დაფარვის გრაფიკი. ხელშეკრულება გაფორმებულია სს „ს.ბ–სა“ და მ.კ–ს შორის. კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა განსაზღვრულია - 28000 აშშ დოლარით. კრედიტის ვადა - 2024 წლის 12 აგვისტო. ყოველთვიური შენატანი 398.79 აშშ დოლარიდან - 386.57 აშშ დოლარამდე. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა რეფინანსირება - 24500 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო 3500 აშშ დოლარი პირადი მოხმარების თანხას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:
5.6. პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებიდან უდავოდ დგინდებოდა, რომ კრედიტის მიზანს სხვა სესხის რეფინანსირება და პირადი მოხმარების თანხის მიღება წარმოადგენდა. ამასთან, ფულადი გზავნილის თაობაზე შედგენილი დოკუმენტები არ შეიცავდა რაიმე მითითებას, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გამოგზავნილი თანხა განკუთვნილი იყო იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად. ასევე სხვაგვარი დასკვნის საფუძველს იძლეოდა 2007 წლის 03 სექტემბერსა და 2012 წლის 30 აგვისტოდან 2013 წლის 30 აპრილამდე პერიოდში განხორციელებული გზავნილების დანიშნულება, სადაც მითითებულია რომ აღნიშნული გადარიცხვები განხორციელდა ოჯახის დასახმარებლად.
5.7. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეები - ლ.ს–ძე და ნ.ა–ძე მიუთითებდნენ, რომ მოპასუხე წლების განმავლობაში დასაქმებული იყო და ჰქონდა შემოსავალი, რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გადმორიცხულ თანხებს, აღნიშნული მოწმეთა განმარტებით ხმარდებოდა მშობლების მოვლას. რაც შეეხება მოწმეების - მ.ბ–ძის და მ.ტ–ის ჩვენებებს, მათ დაადასტურეს ის გარემოება, რომ თანხის გადახდის სანაცვლოდ უვლიდნენ მხარეთა მშობლებს.
5.8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ მის მიერ თანხების გამოგზავნა ემთხვეოდა მოპასუხის მიერ იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების დაფარვას სს „ს.ბ–ში“. პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული გარემოება, სხვა სარწმუნო მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, ვერ გახდებოდა იმ დასკვნის საფუძველი, რომ მოსარჩელის მიერ გადმორიცხული თანხით მოპასუხე იხდიდა კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას.
5.9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება იმის შესახებ, რომ სახეზე იყო შესრულების კონდიქციის გამომრიცხველი გარემოებები. ვინაიდან, შემსრულებელი მოქმედებდა ზნეობრივ საწყისებზე დაყრდნობით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინებით, ო.ბ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება: 8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი და ისე გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, თანხის მშობლების მოვლისათვის დახარჯვის შესახებ, რომ მოპასუხე მხარისაგან სათანადო მტკიცებულება სადავო თანხის ხარჯვის დასადატურებლად საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი. ასევე არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მიერ გამოგზავნილი თანხების ჩარიცხვის პერიოდულობა და ოდენობა უბრალოდ ემთხვევა იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების დაფარვას.
8.2. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის „ა“ პუნქტი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ო.ბ–ძის მოსაზრებით, საქმეში არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა მოპასუხე მხარის მიერ 48887 ევროს ზნეობრივი მოვალეობების შესრულებისათვის დახარჯვის ფაქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო: 10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია, მოპასუხისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი.
15. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე იმსჯელებს. სსსკ-ის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადასტუროს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადასტურების მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 317-ე (ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით), 385-ე (ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი) და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) საფუძველზე.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამოხატული ნების საფუძველზე განხორციელებული შესრულება (თანხის გადახდა), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის გამოყენების წინაპირობაა. ნორმა აწესრიგებს შესრულების კონდიქციას. ამასთან, აღნიშნული ნორმის საგანია არა ნებისმიერი შესრულების უკუქცევა, არამედ მხოლოდ გადაცემული თანხის (ფულის) უკან დაბრუნება. ნორმის გამოყენების წინაპირობები მხოლოდ მაშინაა სახეზე, როდესაც ე.წ. „გადაცემული“ ფულადი თანხაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლი მოთხოვნის წარმოშობის დამოუკიდებელ საფუძვლად არ განიხილება და როგორც წესი, თანხის უკან დაბრუნებისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლთან ერთად, ამავე კოდექსის 976-ე მუხლი მიეთითება (იხ. სუსგ საქმეზე №ას-528-501-2015; 04/11/2015 წ.).
20. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის უნდა ვლინდებოდეს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა.
21. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია გამდიდრება სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება.
22. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში“. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად, ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას.
23. განსახილველ საქმეში, სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ 48 887 ევროს ოდენობით ფულადი გზავნილის მიღების ფაქტი, თუმცა, სადავოა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, მოხდა თუ არა ამ თანხით მოპასუხე მ.კ–ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების შეძენა. მოსარჩელის მითითებით, მან მოპასუხის მეშვეობით შეიძინა ბინა და მისივე თანხმობით მესაკუთრედ აღირიცხა მ.კ–ი. უძრავი ქონება შეძენილ იქნა განვადებით, თანხის ეტაპობრივი დაფარვის პირობით, რის გამოც 2014 წლის 30 ივლისს სს „ს.ბ–თან“ გაფორმდა იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანხასაც იხდიდა მოსარჩელე. მითითებულ არგუმენტს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი ფულადი გზავნილების სახით განხორციელებული გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეიცავს რაიმე მითითებას იმის შესახებ, რომ გაგზავნილი თანხა განკუთვნილი იყო იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად. 2007 წლის 03 სექტემბერსა და 2012 წლის 30 აგვისტოდან 2013 წლის 30 აპრილამდე პერიოდში განხორციელებული გზავნილების დანიშნულებად კი მითითებულია, რომ გადარიცხვები განხორციელდა ოჯახის დასახმარებლად. საქმეში წარმოდგენილი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან დგინდება, რომ მ.კ–ის მიერ აღებული კრედიტის მიზანს სხვა სესხის რეფინანსირება და პირადი მოხმარებისთვის თანხის მიღება წარმოადგენდა. საქმეში დადგენილია, რომ მ.კ–მა 2007-2010 წლებში (დადგენილია, რომ ამ პერიოდში მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ფულადი გზავნილების გამოგზავნა არ ხორციელდებოდა) შპს „პ–ას“ გადაუხადა 22 872 ლარი 2007 წლის 20 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის თანახმადაც შპს „პ–ას“ 32 340 აშშ დოლარის სანაცვლოდ უნდა აეშენებინა და საკუთრებაში გადაეცა ბინა მოპასუხისათვის (მდებარე - ქ. თბილისში, .......). სადავოდ არ გამხდარა ასევე, მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოება, რომლის თანახმად, ვინაიდან ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინა არ აშენდა, გადახდილი თანხა რომ არ დაკარგულიყო, მოპასუხემ მოლაპარაკება დაიწყო „დ–ი ...-თან“. მოლაპარაკების შედეგად შპს „პ–ასთვის“ შეტანილი თანხა ჩაეთვალა გადახდილად, ხოლო დარჩენილი თანხა - 17 500 აშშ დოლარი შეიტანა ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „დ–ი ...-ში“, აღნიშნულს ადასტურებს ამხანაგობის წევრების 2011 წლის 25 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (ამ დროისათვის მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ფულადი გზავნილების განხორციელება საქმის მასალებით არ დასტურდება), რომლის თანახმად, მ.კ–მა ამხანაგობაში შეიტანა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ს.კ. ......., ნასყიდობის ფასი - 17500 აშშ დოლარი. ხოლო, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „დ–ი ....-ის“ 2010 წლის 23 მარტის კრების ოქმით დასტურდება, რომ ამხანაგობამ მ.კ–ს საკუთრებაში გადასცა სადარბაზო 1, სართული 8, ბინა №18, საერთო ფართით 66.7 კვ.მ. მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ის წლების განმავლობაში დასაქმებული იყო და გააჩნდა შემოსავალი, დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი სხვადასხვა ბანკების მიერ გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებებით, ცნობებით და ამონაწერებით მისი ანგარიშიდან, ასევე სავაჭრო ფართების იჯარის ხელშეკრულებებით. საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა (ლ.ს–ძე, ნ.ა–ძე) ასევე მიუთითეს, რომ წლების განმავლობაში მოპასუხე დასაქმებული იყო და ჰქონდა შემოსავალი, რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გადმორიცხულ თანხებს, აღნიშნული მოწმეთა განმარტებით ხმარდებოდა მშობლების მოვლას. მოწმეებმა მ.ბ–ძემ და მ.ტ–მა დაადასტურეს ის გარემოება, რომ თანხის გადახდის სანაცვლოდ უვლიდნენ მხარეთა მშობლებს. მართალია, მოსარჩელის მიერ თანხების გამოგზავნა ემთხვევა, მოპასუხის მიერ იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების დაფარვას სს „ს.ბ–ში“, თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით მოსარჩელის მიერ მოპასუხის სახელზე გადმორიცხული თანხით იპოთეკური კრედიტის დაფარვა და შესაბამისად, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა არ დასტურდება. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან დები. მოპასუხე, უვლიდა და ზრუნავდა მშობლებზე, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებდნენ განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და გზავნილების ნაწილის დანიშნულების გათვალისწინებით, რომელთა თანახმად, აღნიშნული ფულადი გზავნილები განხორციელება ოჯახის დასახმარებლად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ოჯახური ურთიერთობიდან გამომდინარე ხორციელდებოდა შესრულება, რომელიც შეესაბამებოდა ზნეობრივ მოვალეობას და მიმღები ვარაუდობდა, რომ შემსრულებელს სურდა მისი განხორციელება.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნის საფუძვლიანობას. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც თანხის გადარიცხვის მიზნობრიობის განსაზღვრა შესაძლებელი იქნებოდა. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მისი მხრიდან თანხის გადარიცხვა სარჩელში მითითებული სადავო უძრავი ქონების შეძენის მიზნით განხორციელდა. ვერც ის დაადასტურა, რომ მოპასუხესთან საერთოდ ჰქონდა ასეთი შეთანხმება. შესაბამისად, არ დასტურდება ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ო.ბ–ძეს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის (საგადახდო დავალება N3511, გადახდის თარიღი 18.03.2024) 70% – 4200 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე