№ას-1570-2024
13 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ბ.თ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – იბა „ჭ–ძე ..“, ი.ო–ძე (ნ.ო–ძის უფლებამონაცვლე), ჯ.ა–ნი, გ.ს–ძე, ი.ა–ი, მ.ჩ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ბ.თ–იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. შეწყვეტილად იქნა აღიარებული ბ.თ–იას და ამხანაგობა „ჭ–ძე ..-ს“ შორის, 2010 წლის 24 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება ბ.თ–იასათვის 108.00 კვმ ფართის საცხოვრებელი ბინის გადაცემის შესახებ;
2. ამხანაგობა „ჭ–ძე ..-ს“, მ.ჩ–ძეს, ნ.ო–ძეს, ჯ.ა–ნს, გ.ს–ძეს და ი.ა–ს ბ.თ–იას სასარგებლოდ, დაეკისრათ 50 000 აშშ დოლარის გადახდა;
3. ამხანაგობა „ჭ–ძე ..-ს“, მ.ჩ–ძეს, ნ.ო–ძეს, ჯ.ა–ნს, გ.ს–ძეს და ი.ა–ს ბ.თ–იას სასარგებლოდ, დაეკისრათ 50 000 აშშ დოლარის წლიური 9 %-ის გადახდა სარჩელის შემოტანიდან 06.10.2016 წლიდან თანხის გადახდამდე;
4. ბ.თ–იას უარი ეთქვა მ.ჩ–ძის მიმართ 2010 წლის 24 სექტემბრის ხელწერილიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე;
5. ბ.თ–იას უარი ეთქვა გ.ლ–ძის მიმართ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხეებმა - მ.ჩ–ძემ, იბა „ჭ–ძე ..-მ“ და ნ.ო–ძემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხეებმა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ბ.თ–იას სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ბ.თ–იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ნ.ო–ძის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული.
2020 წლის 3 იანვარს ბ.თ–იამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით განსახილველ საქმეში ნ.ო–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ი.ო–ძე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით ბ.თ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინებით ბ.თ–იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ბ.თ–იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ბ.თ–იას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინებაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმავე შემადგენლობას შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ.თ–იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა:
1. მ.ჩ–ძის და იბა „ჭ–ძე 37ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები მხოლოდ მ.ჩ–ძისათვის 50 000 აშშ დოლარის და მისი წლიური 9%-ის დაკისრების ნაწილში;
3. დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ბ.თ–იას მოთხოვნა სახლემწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, გადავადების ან ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, კასატორს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით; ბ) სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, გადავადების ან ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით გადახდისუუნარობის თაობაზე მტკიცებულებები ან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს და ჩაბარდა მის თანამშრომელს 2025 წლის 15 იანვარს.
2025 წლის 21 იანვარს (კორესპონდენცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე გადმოგზავნილი იქნა 2025 წლის 20 იანვარს, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კასატორი დაეცა და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც ვერ მოხერხდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსება. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმომადგენელმა მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება და მიუთითა, რომ ეს ვადა საკმარისი იქნება დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოსადგენად, ან ისეთი დოკუმენტების წარმოსადგენად, რომელიც კასატორს გაათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით კასატორის მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; ბ.თ–იას გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალა მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით; ბ) სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, გადავადების ან ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით გადახდისუუნარობის თაობაზე მტკიცებულებები ან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2025 წლის 5 თებერვალს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ.თ–იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით ბ.თ–იას გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2025 წლის 5 თებერვალს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს ხ. გ–ს, პ/ნ ........ (იხ.: საფოსტო ბარათი - ტ.VII ს.ფ. 114; მინდობილობა ტ. II, ს.ფ 75).
სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 6 თებერვლიდან და ამოიწურა ამავე წლის 15 თებერვალს, მაგრამ ვინაიდან 15 თებერვალი იყო შაბათი - არასამუშაო დღე და მომდენო დღეც იყო კვირა - არასამუშაო დღე, ამიტომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10 დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 17 თებერვალს, ორშაბათს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2025 წლის 17 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.თ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია