საქმე №ას-1217-2024 24 თებერვალი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,ტ.პ–მი“(მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,პ.ნ.ქ–ა“ (აპელანტი, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
პირველი მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,პ.ნ.ქ–ა“ (აპელანტი, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მეორე მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ტ.პ–მი“(მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობირვ გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს ,,პ.ნ.ქ–ის“ სააპელაციო საჩივარი
მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობირვ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს ,,პ.ნ.ქ–ის“ სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი –თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2020 წლის 15 ივნისს შპს „ბ.ნ.ქ–ასა“ (შემდგომში მეიჯარე, მოსარჩელე ან მეორე კასატორი) და შპს „ტ.პ–მს“ (სახელწოდების შეცვლამდე „ქეი ვოშ“, შემდგომში მოიჯარე, მოპასუხე ან პირველი კასატორი) შორის სამი წლით (2023 წლის 8 ივნისამდე) გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება (შემდგომში იჯარის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება), რომლითაც მოიჯარეს მიენიჭა უფლება, ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე, დროებით ესარგებლა მეიჯარის საკუთრებაში არსებული სარკინიგზო ესტაკადითა და ტექნიკური წყლით, ასევე 3 ერთეული რეზერვუარით (საერთო მოცულობა - 750 კბმ.) და მათი ექსპლუატაციისათვის საჭირო ძირითადი საშუალებებით, კერძოდ, ხელშეკრულების დანართ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ქონებით (მდებარე ქ. ბათუმი, .......... (სკ ..........);
2. ხელშეკრულების 2.2-2.10 პუნქტებით განისაზღვრა საიჯარო ქონებით სარგებლობის ფარგლები, მოიჯარისა და მეიჯარის უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან/და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საიჯარო ქონების დაბრუნების წესი და ა.შ, მათ შორის დადგინდა, რომ:
- საიჯარო ქონება, ძირითადი საშუალებები (გარდა მიწისა) გამოყენებული უნდა ყოფილიყო წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობისათვის, კერძოდ: 715 კვმ. (ს/კ ..........) მიწის ნაკვეთი - ნავთობპროდუქტების მიღების, შენახვისა და გაცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ძირითადი საშუალებების განთავსებისათვის. იმ შემთხვევაში, თუკი შეიცვლებოდა საიჯარო ქონების მესაკუთრე, მაშინ მეიჯარის ადგილს ამ ხელშეკრულებაში დაიკავებდა ახალი მესაკუთრე (2.2 პუნქტი);
- მოიჯარე პასუხს არ აგებდა საიჯარო ქონების ხარისხის იმ ცვლილებებისთვის, რაც გამოწვეულია საიჯირო ქონების ხელშეკრულებით დადგენილი მიზნის შესაბამისად სარგებლობით (აღნიშნული ქონების სწორი ექსპლუატიციისათვის) (2.3 პუნქტი));
- მოიჯირე პასუხს აგებდა საიჯარო ქონების ყოველი ნაწილის მოვლა-პატრონობისათვის (2.5 პუნქტი);
- ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე მხარეები განსაზღვრავდნენ იმ პირთა ჯგუფს, რომლებიც უფლებამოსილი იქნებოდნენ შეედგინათ საიჯარო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტი და დაედასტურებინათ მისი სისწორე ხელმოწერებით, რომლებშიც დეტალურად განისაზღვრებოდა გადასაცემი საიჯარო ქონების მდგომარეობა და რაოდენობა. ზემოაღნიშნული აქტი დაერთვებოდა ხელშეკრულებას და გახდებოდა მისი განუყოფელი ნიწილი, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან/და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეები იხელმძღვანელებდნენ ამ აქტით (2.5 პუნქტი);
- ხელშეკრულებით განისაზღვრა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილების მქონე პირები (2.6 პუნქტი);
- ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან/და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საიჯარო ქონების დაბრუნება მოხდებოდა 2.6. პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით, რომელშიც დეტალურად განისაზღვრებოდა საიჯარო ქონების მდგომარეობა და რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუკი საიჯარო ქონება დაბრუნების მომენტში იქნებოდა დაზიანებული, ან არ იქნებოდა სრულად, მხარეები იხელმძღვანელებდნენ ამ ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტებით (2.7 პუნქტი);
- იჯარის საგანზე კაპიტალური რემონტი ჩატარდებოდა ურთიერთშეთანხმებით, სოლიდარულად, ერთპიროვნულად მოიჯარის და მეიჯარის თანამონაწლეობით (2.9 პუნქტი);
- ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემდგომ მოიჯარეს იჯარის საგანი (მათ შორის რეზერვუარები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა და სისტემები) დაუბრუნდებოდა გამართულ და მუშა მდგომარეობაში (2.10 პუნქტი);
3. ხელშეკრულების 3.1-3.1.13 პუნტებით განისაზღვრა მოიჯარის ვალდებულებები:
- გადაუხადოს მეიჯარეს საიჯირო თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, ვადებსა და პირობებში;
- გაუფრთხილდეს მეიჯარის ქონებას;
- ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ;
- თავისი ბრალეული ან/და გაუფრთხილებელი ქმედებით ქონების დაზიანების შემთხვევაში საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს დაზიანებული ქონების შეკეთება ან/და აღდგენა;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საიჯარო ქონებას საჭიროებისამებრ ჩაუტაროს მიმდინარე რემონტი;
- ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მეიჯარეს ქონება დაუბრუნოს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე ბუნებრავი ცვეთის გათვალისწინებით;
- კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- შეატყობინოს მეიჯარეს ყველა ის საკითხი ან გარემოება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საიჯარო ქონებაზე;
- წარუდგინოს მეიჯარეს მისი მოთხოვნის საფუძველზე საიჯარო ქონების მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს 715 კვ.მ (ს/კ ......) მიწის ნაკვეთის ინვენტარით და სხვა მოძრავი ნივთებით აღჭურვა და სხვა მიმდინარე სამუშაოების ჩატარება (სააუქციონო პირობების შესაბამისად), რომლის ღირებულება საიჯარო ქირაში გათვალისწინებული არ იქნება და არ ექვემდებარება მეიჯარის მიერ ანაზღაურებას;
- საიჯარო ქონებაზე ჩატარებული მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები საიჯარო ქირაში გათვალისწინებული არ იქნება და არ ანაზღაურდება მეიჯარის მხრიდან;
- ხელშეკრულების 3.1.19 პუნქტის შესაბამისად, მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს იჯარით აღებული ქონების ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დაცვა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, სტანდარტების და წესების დაცვით;
4. ხელშეკრულების 3.2-3.2.6 პუნქტებით განისაზღვრა მოიჯარის უფლებები:
- ხელშეკრულების მიზნებისთვის შეუზღუდავად (დანიშნულებისამებრ) გამოიყენოს ხელშეკრულების საგანი;
- მოითხოვოს ამ ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება;
- ისარგებლოს მასსა და შპს ,,ბ.პ–ს“ შორის 04.06.2013 წელს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებისა და 04.06.2020 წელს გაფორმებული შეთანხმების აქტის შესაბამისად შპს „ბ.პ–ის“ საკუთრებაში არსებული სარკინიგზო ესტაკადით, ასევე, ტექნიკური წყლით;
- ისარგებლოს მოიჯარის საკუთრებაში არსებული ნათელი ნავთობპროდუქტების გასაცემი ავტოწერტით და ასევე, დაამონტაჟოს ელექტროენერგიის მრიცხველი;
- ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ თავის საკუთრებაში დაიტოვოს ქონების ის ნაწილი, რომელითაც მან აღჭურვა იჯარით აღებული ქონება იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია მისი გამოცალკევება საიჯარო ქონების დაზიანებისა და მისი დანიშნულების მოსპობის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ქონება რჩება მეიჯარეს ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე;
- მოიჯარეზე ვრცელდება ყველა ის ვალდებულება და პირობა, რაც შესაძლოა პირდაპირ არ იყოს გათვალისწინებული წინამდებირე ხელშეკრულებით, მაგრამ მოცემულია და პირდაპირ გამომდინარეობს ელექტრონული აუქციონის (განაცხადის 1439507DFQ66065020, აუქციონის N39507, ლოტის N660650) სააუქციონო პირობებიდან;
5. ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განისაზღვრა მეიჯარის ვალდებულება:
- ხელშეკრულების მიზნებისთვის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დანიშნულებისამებრ გამოიყენოს ხელშეკრულების საგანი და მოიჯირეს სარგებლობისთვის გადასცეს საიჯარო ქონება ვარგის მდგომარეობაში;
- დროულად მიიღოს საიჯარო თანხა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, ვადებსა და პირობებში;
6. ხელშეკრულების 3.4. პუნქტით განისაზღვრა მეიჯარის უფლებამოსილება:
- 715 კვ.მ მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული ძირითადი საშუალებებით (ს/კ ......), ისარგებლოს საკუთარი მოხმარებისთვის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მოიჯარისათვის გამოუყენებელ დროს;
- ნებისმიერ დროს, მოწვეული სპეციალისტების/სამსახურის მეშვეობით ან დამოუკიდებლად, მოიჯარის წარმომადგენლის თანამონაწილეობით, ჩაატაროს მონიტორინგი საჯარო ქონების ტექნიკური გამართულობასა და საექსალუატაციო პირობების მოთხოვნათა დაცვაზე და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიაღებინოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად;
- მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების დაზიანების შემთხვევაში მოსთხოვოს მოიჯარეს საიჯარო ქონების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება, ასევე, ხელშეკრულების მოშლა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემთხვევაში, მხარეები თანხმდებიან, რომ ზიანის მიყენებისა და ანაზღაურების საკითხი გადაწყდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან ნებისმიერი სხვა შესაბამისი სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. ექსპერტიზის ხარჯები ანაზღაურდება მხარეთა მიერ თანაბარწილად;
7. ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა იჯარის საფასური და მისი გადახდის წესი. კერძოდ:
- საიჯარო ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრა 150 960.00 ლარით, დღგ-ის ჩათვლით;
- საიჯარო ქირის გადახდა უნდა მოხდეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან ყოველთვიურად, თანაბარწილად, თვეში 12 580 ლარის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით, ყოველი თვის 15 რიცხვამდე, მეიჯარის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით;
- ანგარიშსწორება მხარეებს შორის ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით;
- ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარე მეიჯარეს უხდის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ერთი თვის საიჯარო თანხის 0,2 %-ს, პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მოიჯარეს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისგან;
- წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის (შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისის) შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს ჯარიმა მიმდინარე თვის საიჯარო თანხის 0,2 % და აუნაზღაუროს ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანი სრულად, თუ ამავე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
- მეიჯარის ანგარიშზე შეტანილი საგარანტიო თანხის 37 000.00 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება მოიჯარეს არ გააჩნია;
- საგარანტიო თანხა გაიქვითება ხელშეკრულებით გადასახდელ საიჯარო ქირაში, ოღონდ გაქვითვა დაიწყება ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე;
- იმ შემთხვევაში, თუკი მოიჯარე ცალმხრივად შეწყვეტს ხელშეკრულებას, საგარანტიო თანხა რჩება მეიჯარეს, ასევე, მოიჯარე ვალდებულია აანაზღაუროს საიჯარო ქირა საიჯარო ქონების ფაქტობრივად გამოყენების ვადის მიხედვით;
8. ხელშეკრულების პირობების შეცვლისა და ხელშეკრულების ვადამდე მოშლის საფუძვლები განისაზღვრა ხელშეკრულების მე-6 მუხლით, რომლის 6.4. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშერულების ვადის გასვლის გამო, ან ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარეს არ უბრუნდება გადახდილი თანხა (მათ შორის საგარანტიო თანხა) და არ აუნაზღაურდება მის მიერ საიჯარო ქონებაზე გაწეული არანაირი ხარჯი;
9. 2020 წლის 8 ივნისს, მოიჯარემ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხა ხელშეკრულებით განსაზღვრული საგარანტიო თანხა 37 000.00 ლარი (რომელიც, ხელშეკრულების 4.8. პუნქტის მიხედვით, უნდა გაქვითულიყო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე);
10. 2020 წლის 15 ივნისს მოიჯარესა და მეიჯარეს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, მოიჯარეს 3 წლის ვადით გადაეცა საიჯარო ქონება, მუშა მდგომარეობაში. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 2.5 პუნქტის შესაბამისად წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს, დამოწმდა იჯარის ხელშეკრულების 2.6 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით;
11. 2021 წლის 29 იანვარს მოიჯარემ მეიჯარეს წერილობით აცნობა, რომ მათ მიერ განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად აღირიცხა ყოველთვიურად მზარდი საწვავის დანაკარგი. კერძოდ: 2020 წლის ოქტომბრის თვეში საწვავის დანაკლისმა შეადგინა 1257 კგ; 2020 წლის ნოემბერში - 2365კგ; 2020 წლის დეკემბერში - 2062 კგ; 2021 წლის იანვარში - 3338 კგ.. მოიჯარის ვარაუდით, აღნიშნული დანაკარგი გამოწვეული იყო საიჯარო ინვენტარის ხარვეზით (მილების ან რეზერვუარების მთლიანობის დარღვევით), რის გამოც, მიზეზის დასადგენად მოითხოვა საკითხის კომისიური წესით შესწავლა მეიჯარის წარმომადგენლების მონაწილეობით;
12. მოიჯარის შეტყობინების მიხედვით, რეზერვუარები გათავისუფლდებოდა და მათი შემოწმების დაწყება შესაძლებელი იქნებოდა 2021 წლის 5 თებერვლიდან;
13. მეიჯარემ 2021 წლის 12 თებერვლის წერილით აცნობა მოიჯარეს, რომ უახლოეს პერიოდში შეისწავლიდა პროდუქტის დანაკარგთან დაკავშირებულ საკითხს;
14. წერილობით გამოხატული მზაობის მიუხედავად, მეიჯარეს რაიმე ქმედითი ღონისძიება საიჯარო საგნის ხარვეზის გამოვლენისა და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით არ განუხორციელებია;
15. 2021 წლის 16 აპრილს, მოიჯარემ კვლავ წერილობით მიმართა მეიჯარეს და აცნობა, რომ შეუძლებლად მიიჩნევდა ფუნქციონირების გაგრძელებას, ვინაიდან საწვავის ზენორმატიული დანაკარგი გრძელდებოდა. თებერვლის თვეში დანაკარგმა შეადგინა - 3675 კგ, ხოლო მარტის თვეში - 4157 კგ.. ამავე წერილით, მოიჯარე ატყობინებდა მეიჯარეს, რომ იჯარის საგანი თავისუფალი იყო და ითხოვდა სასწრაფო ზომების მიღებას ზემოთ აღნიშნული დანაკარგების გამომწვევი რეალური მიზეზების დასადგენად და მათ აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, მოიჯარე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ვერ ახერხებდა საიჯარო ქონების დანიშნულებით გამოყენებას, აფრთხილებდა მეიჯარეს, რომ ვეღარ შეძლებდა საიჯარო გადასახადის გადახდას და ითხოვდა ხარვეზის აღმოფხვრამდე იჯარის ხელშეკრულების შეჩერება/შეწყვეტას;
16. მოიჯარის 2021 წლის 16 აპრილის წერილში დასმულ საკითხზე რეაგირების მიზნით, მეიჯარის 2021 წლის 19 აპრილის N5 ბრძანებით, შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა ნავთობპროდუქტების შესანახად განკუთვნილი და მოიჯარისთვის იჯარის წესით გადაცემული სამი ერთეული რეზერვუარის მდგომარეობის შესწავლა. კომისია დაკომპლექტდა როგორც მეიჯარე, ასევე მოიჯარე კომპანიების თანამშრომლებითა და წარმომადგენლით;
17. კომისიის მიერ წერილობით მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკვლევი ობიექტის ვიზუალური დათვალიერებით შეუძლებელი აღმოჩნდა კატეგორიული შეფასების მომზადება, ვინაიდან რეზერვუარებში ან/და მილებში ზენორმატიული დანაკარგების არსებობა-არ არსებობის ფაქტის დადგენა, ასევე, ზენორმატიული დანაკარგების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამომწვევი ტექნიკური მიზეზების დადგენა, საჭიროებდა სპეციალური მეთოდოლოგიის, სპეციალური ცოდნის და ტექნოლოგიების გამოყენებას, რის შესაძლებლობასაც კომისია მოკლებული იყო;
18. მოიჯარის 2021 წლის 19 აპრილის N5 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის დასკვნის მიხედვით, „შეზღუდული ადამიანური და ტექნიკური რესურსის გათვალისწინებით, კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედასტურებინა ან/და უარეყო მოიჯარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რეზერვუარებში ან/და მილებში ნავთობპროდუქტების ზენორმატიული დანაკარგების შესახებ”;
19. კომისიის ზემოაღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, მოიჯარეს 2021 წლის 19 მაისის #52 წერილით ეცნობა, რომ მეიჯარე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ზენორმატიული დანაკარგის არსებობის შემთხვევაში, საკუთარი ტექნიკური და ადამიანური რესურსის გამოყენებით უზრუნველეყო დანაკარგის გამომწვევი მიზეზის დადგენა. ამასთან მეიჯარე, როგორც კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი პარტნიორი გამოხატავდა მზადყოფნას უზრუნველეყო მოიჯარის მიერ მოწვეული ექსპერტის საიჯარო ნაკვეთზე დაშვება და თავის მხრიდან შესაბამისი თანამშრომლის ჩართულობა;
20. 2021 წლის 14 ივნისს, მოიჯარემ წერილით მიმართა მეიჯარეს და გამოთქვა მზაობა საკუთარი ხარჯით ჩაეტარებინა ექსპერტიზა N...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განლაგებული, ჯამურად 715 მ3 მოცულობის სამი რეზერვუარისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ხარვეზის დასადგენად, რითაც დადგინდებოდა ზენორმატიული დანაკარგების მიზეზები. იმავდროულად, მოიჯარემ კვლავ ითხოვა გამოკვლევის დასრულებამდე და ხარვეზის აღმოფხვრამდე იჯარის ხელშეკრულების მოქმედებისა და საიჯარო თანხის დარიცხვის შეჩერება;
21. 2021 წლის 14 ივნისის წერილით მეიჯარე დაეთანხმა მოიჯარის ინიციატივას, მხოლოდ განმარტა, რომ საიჯარო ქირის დარიცხვის შეჩერების შესახებ საკითხის განსახილველად აუცილებელი იყო საექსპერტო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და ექსპერტისათვის დასმული კითხვის წარდგენა;
22. 2021 წლის 18 ივნისს, მოიჯარემ წერილობით მიმართა ინსპექტირების ორგანოს - შპს „ი–სს“ და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საიჯარო ინვენტარით (ნავთობპროდუქტების შემნახველი 3 რეზერვუარითა და მიღება-გაცემისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით - მილსადენით, ტუმბოებით და ა.შ.) სარგებლობისას ადგილი აქვს ზენორმატიულ დანაკარგებს, ითხოვა საიჯარო ინვენტარის მთლიანობის გამოკვლევა დაწნეხვის მეთოდით; 2021 წლის 21 ივნისს კი, მოიჯარესა და მეიჯარეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზე, 2021 წლის 18 ივნისიდან შეჩერდა 2020 წლის 15 ივნისის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2, 4.5, 4.6 პუნქტების მოქმედება, (საიჯარო ქირის გადახდა) 2021 წლის 18 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევამდე (ექსპერტიზის ჩატარებამდე) და ჰერმეტულობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ხარვეზის აღმოფხვრამდე;
23. შპს „ი–ის“ 2021 წლის 19 ივლისის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: „ქ. ბათუმში ........ მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობპროდუქტების მიწისზედა ვერტიკალურ N205, N206, N207 რეზერვუარებისა და ავტოცისტერნებზე პროდუქტის გამცემი ესტაკადის შემაერთებელი მილსადენის ჰერმეტულობის დასადგენად ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ მილსადენი არ არის ჰერმეტული (ობიექტის გადამოწმების შედეგად დაფიქსირდა მილსადენიდან სითხის გაჟონვის ფაქტი)“;
24. 2021 წლის 3 აგვისტოს N03.08/21 წერილით მოიჯარემ მეიჯარეს აცნობა შპს „ი–ის“ მიერ მომზადებული დასკვნის შინაარსი და იჯარის ხელშეკრულების 2.3 პუნქტზე (რომლის მიხედვით, მოიჯარე არ აგებს პასუხს საიჯარო ქონების ხარისხის იმ ცვლილებებისათვის, რაც გამოწვეულია საიჯარო ქონების ხელშეკრულებით დადგენილი მიზნის შესაბამისად სარგებლობით, ქონების სწორი ექსპლუატაციისთვის) მითითებით, მოითხოვა გონივრულ ვადაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრა;
25. მითითებული წერილის პასუხად, იმავე წლის 6 აგვისტოს, მეიჯარემ წერილობით უარი განუცხადა მოიჯარეს არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად, საიჯარო საგნის მიმდინარე რემონტი წარმოადგენდა მოიჯარის ვალდებულებას. შესაბამისად, ქონების მიმდინარე რემონტი, კონკრეტულ შემთხვევაში კი, მილსადენის ჰერმეტულობის უზრუნველყოფა, არა მეიჯარის, არამედ მოიჯარის კანონისმიერ და სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა. მეიჯარის მითითებით, მოიჯარე ვალდებული იყო გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი კალენდარული თვისა, საკუთარი რესურსით გაერემონტებინა საიჯარო ქონება;
26. 2021 წლის 1 სექტემბრის N10-08/21 წერილით მოიჯარემ მეიჯარეს აცნობა, რომ ვინაიდან საიჯარო ქონებას იგი ვერ იყენებდა დანიშნულებისამებრ, ამასთან, მეიჯარე თავს არიდებდა სახელშეკრულებო და მოქმედი კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, მოიჯარე იძულებული იყო გასულიყო ხელშეკრულებიდან და შეეწყვიტა მისი მოქმედება. მოიჯარე გამოხატავდა მზაობას, არ მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება, საგარანტიო თანხისა და ასევე, აპრილის თვეში გადახდილი საიჯარო ქირის დაბრუნება (მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ვერ ისარგებლა საიჯარო ქონებით), თუ მეიჯარე არ დაიწყებდა დავას ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო;
27. 2021 წლის 13 სექტემბერის N78 წერილით მოიჯარეს ეცნობა, რომ ერიცხებოდა დავალიანება, მათ შორის: ა) ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2021 წლის 8 სექტემბრამდე, პირგასამტეხლო - 4252,04 ლარი, (რომელიც მოიცავს: აპრილში საიჯარო ქირის გადახდის ვადაგადაცილების 31 დღისთვის (16 მაისიდან 15 ივნისამდე) დარიცხულ 779,96 ლარს; მაისში საიჯარო ქირის გადახდის ვადაგადაცილების 84 დღისთვის (16 ივნისიდან 8 სექტემბრამდე) დარიცხულ 2113.44 ლარს და ივნისში ვადაგადაცილების 54 დღისთვის (16 ივლისიდან 8 სექტემბრამდე) დარიცხულ 1358.64 ლარს); ბ) ძირითადი გადასახადი (საიჯარო ქირის დავალიანება) 19 708.67 ლარი; გ) ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო დარჩენილი თვეების გადასახადი, 251600.00 ლარი;
28. მოიჯარის მიერ გაცემული 2021 წლის 26 აპრილის N 26-04/21 ინვენტარიზაციის აქტის მიხედვით, მოიჯარის მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ ნავთობპროდუქტების შემნახველ ბაზაში, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით რეალურად დაფიქსირდა საავტომობილო საწვავის, ბენზინის, ზენორმირებული დანაკარგები, ჯამურად, 17754 კგ. მათ შორის: 2020 წლის ოქტომბერში -1257 კგ; 2020 წლის ნოემბერში - 2365 კგ; 2020 წლის დეკემბერში - 2962 კგ; 2021 წლის იანვარში - 3338 კგ; 2021 წლის თებერვალში-3675 კგ; 2021 წლის მარტში - 4157 კგ;
29. მოიჯარის მიერ 2022 წლის 20 ივნისს გაცემული ცნობის მიხედვით, 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით 1 კგ. ბენზინის საშუალო სარეალიზაციო ფასი შეადგენდა: 2020 წლის ოქტომბერში - 2.28 ლარს; 2020 წლის ნოემბერში - 2.17 ლარს; 2020 წლის დეკემბერში - 2.22 ლარს; 2021 წლის იანვარში - 2.42 ლარს; 2021 წლის თებერვალში - 2.71 ლარს; 2021 წლის მარტში - 3.01 ლარს;
30. მოიჯარეს მეიჯარისთვის გადახდილი აქვს:
- 2020 წლის 8 ივნისს - 37,000.00 ლარი (გადახდილია ავანსის სახით);
- 2020 წლის 15 ივლისს - 7,128.67 ლარი (ივნისის იჯარა);
- 2020 წლის 17 ივლისს - 2,515.99 ლარი (ივნისის იჯარა);
- 2020 წლის 14 აგვისტოს - 12,580.00 ლარი (ივლისის იჯარა);
- 2020 წლის 15 სექტემბერს - 12,580.00 ლარი (აგვისტოს იჯარა);
- 2020 წლის 13 ოქტომბერს - 12,580.00 ლარი (სექტემბრის იჯარა);
- 2020 წლის 16 ნოემბერს - 12,580.00 ლარი (ოქტომბრის იჯარა);
- 2020 წლის 15 დეკემბერს - 12,580.00 ლარი (ნოემბრის იჯარა);
- 2021 წლის 15 იანვარს - 12,580.00 ლარი (დეკემბრის იჯარა);
- 2021 წლის 15 თებერვალს - 12,580.00 ლარი (იანვრის იჯარა);
- 2021 წლის 16 მარტს - 12,580.00 ლარი (თებერვლის იჯარა);
- 2021 წლის 16 აპრილს - 12,580.00 ლარი (მარტის იჯარა);
- 2021 წლის 15 ივნისს - 12,580.00 ლარი (აპრილის იჯარა).
31. სარჩელის საფუძვლები
31.1. მეიჯარემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოიჯარის მიმართ და მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო საიჯარო დავალიანების, 251 600 ლარისა და პირგასამტეხლოს (რომელიც დაიანგარიშა ხელშეკრულების შეწყვეტამდე, 2021 წლის 1 სექტემბრამდე) 4252,04 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
31.2. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხე რეგულარულად არღვევდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საიჯარო ქირის გადახდის წესს, მან 2021 წლის ივნისიდან საერთოდ შეწყვიტა გადახდა, ხოლო 1 სექტემბრიდან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რითიც მოპასუხეს მიადგა ზიანი (შემოსავლის მიუღებლობის გამო).
32. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არანაირი დავალიანება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია, პირიქით, მეიჯარემ დაარღვია იჯარის ხელშეკრულების პირობები და ამით მოიჯარეს მიაყენა ზიანი, რის გამოც, გავიდა კიდეც იგი ხელშეკრულებიდან.
33. შეგებებული სარჩელის საფუძვლები
33.1. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა იჯარის საგნის ნაკლის გამო მისთვის მიყენებული ზიანის (45 123.43 ლარის) ანაზღაურება, ასევე მის მიერ განხორციელებული შესრულების (172 444.66 ლარი) დაბრუნება.
33.2. შეგებებული სარჩელის ავტორის განცხადებით, სპეციალისტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით დადასტურებულია იჯარის საგნის არსებითი ნაკლი - ნავთობპროდუქტების მიწისზედა ვერტიკალური რეზერვიუარებისა და ავტოცისტერნებზე პროდუქტის გამცემი ესტაკადის შემაერთებელი მილსადენის ჰერმეტულობის დარღვევა, რის შედეგადაც 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით ნავთობპროდუქტების შემნახველ ბაზაში გამოვლინდა ზენორმატიული დანაკარგი, ჯამურად 17,754 კგ, რამაც მოიჯარეს მიაყენა 45 123,43 ლარის ზიანი. ამასთან, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში მოიჯარეს მეიჯარისთვის გადახდილი აქვს სხვადასხვა ოდენობით თანხები, მას უფლება აქვს მოითხოვოს შესრულების უკან დაბრუნება. გამომდინარე იქიდან, რომ მოიჯარის არაერთი თხოვნის მიუხედავად, მეიჯარემ არ გამოასწორა იჯარის საგნის ნაკლი, სსკ-ის 405-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება.
34. შეგებებული სარჩელის მოპასუხის (მეიჯარის) პოზიცია
შეგებებული სარჩელის მოპასუხეს (მეიჯარეს) შეგებებულ სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
35. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით მეიჯარის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოიჯარის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 49 580 ლარის გადახდა, საიდანაც 37 000 ლარი არის წინასწარ გადახდილი საგარანტიო თანხა, ხოლო 12 580 ლარი – 2021 წლის აპრილის თვის იჯარის საფასური, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ, ასევე, დაეკისრა საწვავის დანაკლისით გამოწვეული ზიანის, 45 123.43 ლარის გადახდა.
36. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
37. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
37.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელისთვის თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს (მეიჯარეს) მოპასუხის (მოიჯარის) სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის აპრილის თვის იჯარის საფასურის - 12 580 ლარის და მიყენებული ზიანის, 11 235, 91 ლარის ანაზღაურება.
37.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-30 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
37.3. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით არ გაიზიარა აპელანტის (მოიჯარის) მტკიცება იმის შესახებ, რომ მეიჯარემ ვერ შეასრულა საიჯარო ქონების უნაკლო მდგომარეობაში გადაცემის ვალდებულება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ მიუთითა საიჯარო ხელშეკრულებაზე, სადაც მითითებულია, რომ მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი, ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რაიმე მტკიცებულება, რაც მოიჯარისთვის საიჯარო საგნის გადაცემის მომენტში მის ნაკლიანობას დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოიჯარეს გადაეცა ნივთობრივად უნაკლო ქონება (გამოსაყენებლად ვარგის მდგომარეობაში), რომელიც დაზიანდა საგნის ექსპლუატაციის პერიოდში. შესაბამისად, აღნიშნული გამორიცხავდა მეიჯარის მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ნაკლიანი ნივთის გადაცემის მომენტიდან.
37.4. ამ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოიჯარის მტკიცება იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე მეიჯარეს (მოსარჩელეს) შესაგებელი არ წარუდგენია, სასამართლოს უდავოდ დადგენილად უნდა მიეჩნია შეგებებულ სარჩელში მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და მათ შორის, ფაქტი ნაკლიანი ნივთის გადაცემასთან მიმართებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ თავდაპირველი სარჩელით მეიჯარე მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გამორიცხავდა ნაკლიანი ნივთის მოიჯარისთვის გადაცემას, შესაბამისად, იგივე გარემოებასთან დაკავშირებით მოპასუხის მიერ წარდგენილ შეგებებულ სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობა ვერ გახდებოდა შესაგებლის წარუდგენლობის გამო სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი.
37.5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 536-ე, 581-ე მუხლებით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია 2021 წლის 21 აპრილიდან მოიჯარის მხრიდან საიჯარო ქონების გამოუყენებლობა საიჯარო საგნის დაზიანების გამო (რაც გამოწვეული არ იყო მოპასუხის ბრალეული ქმედებით), მართებულად დაკმაყოფილდა ამ ნაწილში შეგებებული მოსარჩელის (მოიჯარის) მოთხოვნა და მართებულად დადგინდა მოიჯარის მიერ გადახდილი აპრილის თვის საიჯარო ქირის მისთვის დაბრუნება.
37.6. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებზე მითითებით, ასევე, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, მოიჯარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელის უარყოფის შესახებ და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოიჯარეს არ წარმოშობია გადაუხდელი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება, არ არსებობს ქირის გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობაც.
37.7. სასამართლომ მართებულად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის იმ ნაწილის უარყოფის შესახებაც, რომლითაც მოთხოვნილი იყო საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მოიჯარისთვის 251 600 ლარის დაკისრება. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია საქმის მასალებით დადგენილ იმ უდავო გარემოებას, რომ მოიჯარე 2021 წლის იანვრიდან ატყობინებდა მეიჯარეს საიჯარო საგნის ხარვეზის თაობაზე, ითხოვდა ხარვეზის აღმოფხვრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აფრთხილებდა მას სახელშეკრულებო ურთიერთობის მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე. 2021 წლის 18 ივნისს მხარეები შეთანხმდნენ საიჯარო ქირის გადახდის შეჩერების შესახებ საიჯარო საგნის ნაკლის (მილის ჰერმეტულობის დარღვევა, რაც იწვევდა საწვავის ნიადაგში ჩაღვრას) აღმოფხვრამდე. აღნიშნული ნაკლი კი მნიშვნელოვანი იყო და სრულად გამორიცხავდა მის აღმოფხვრამდე საიჯარო საგნით სარგებლობის შესაძლებლობას.
37.8. სააპელაციო პალატამ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 3.1.19 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მოიჯარე ვალდებული იყო უზრუნველეყო იჯარით აღებული ქონების ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დაცვა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, სტანდარტების და წესების დაცვით. შესაბამისად, დაუშვებელი იყო მოიჯარეს ესარგებლა საიჯარო ქონებით, ისეთი დაზიანების პირობებში, როცა შეუძლებელი იყო საიჯარო ქონების მართვა უსაფრთხოდ, მოქმედი სტანდარტებისა და წესების დაცვით. ამავე ხელშეკრულების 2.9 მუხლით კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იჯარის საგანზე კაპიტალური რემონტი განხორციელდებოდა სოლიდარულად, მოიჯარისა და მეიჯარის მონაწილეობით.
37.9. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მეიჯარე კატეგორიულ უარს აცხადებდა მონაწილეობა მიეღო საიჯარო საგნის ნაკლის აღმოფხვრაში, მოიჯარეს მართლზომიერად წარმოეშობოდა სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის უფლება, რაც თავის მხრივ, გამორიცხავდა მეიჯარის მოთხოვნის - აუნაზღაურდეს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის სრულ პერიოდზე - საფუძვლიანობას.
37.10. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მოიჯარის მიერ მეიჯარისთვის გადახდილი საგარანტიო თანხის, 37 000 ლარის (სამი თვის საიჯარო ქირის) უკან დაბრუნების მოთხოვნის საფუძვლიანობაც, იხელმძღვანელა საიჯარო ხელშეკრულების მე-4 მუხლით და აღნიშნა, რომ ამ მუხლში მითითებული დანაწესი პირდაპირ ადგენს, მოიჯარის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, საგარანტიო თანხის დაბრუნების შეუძლებლობას, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში მოიჯარის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და გადახდილი საგარანტიო თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობას (აღსანიშნავია, რომ მხარეები საგარანტიო თანხის გამოთხოვის შეუძლებლობაზე შეთანხმდნენ იმის მიუხედავად, თუ რომელი მხარის ბრალეული ქმედება განაპირობებდა სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტას). შესაბამისად, სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში.
37.11. რაც შეეხება საიჯარო საგნის ნაკლის გამო მოიჯარისთვის მიყენებული ზიანის (რაც განისაზღვრა იმ საწვავის ღირებულებით, რა დანაკლისიც განიცადა მოიჯარემ იჯარის საგნის დაზიანების გამო) მეიჯარისთვის დაკისრების საფუძვლიანობას, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტის (მეიჯარის) პოზიცია, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 412-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოიჯარემ საიჯარო საგნის დაზიანების შესახებ ინფორმაცია მეიჯარეს მიაწოდა 2021 წლის 29 იანვარს, ამასთან, დადასტურებული არ არის მხარეთა შორის ხელშეკრულების დადებისას მოიჯარისთვის ნივთობრივად ნაკლიანი ქონების გადაცემის ფაქტი, შესაბამისად, 2021 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში განცდილ ზიანზე, არ იკვეთებოდა მეიჯარისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები.
37.12. რაც შეეხება თებერვალსა და მარტში საწვავის დაღვრით მოიჯარისთვის მიყენებული ზიანის, 22 471.82 ლარის მეიჯარისთვის დაკისრების საფუძვლიანობას, ამ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლით და აღნიშნა, რომ იჯარის ხელშეკრულება ავალდებულებდა გარიგების ორივე მხარეს იჯარის საგნის დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანა/შენარჩუნებას და საჭიროების შემთხვევაში, კაპიტალური რემონტის ჩატარებას, მათ კი, გარდა საკუთარი პოზიციების ურთიერთშორის წერილობითი სახით გაცვლისა, რაიმე ქმედითი ღონისძიება არ გაუტარებიათ ნივთის ნაკლის გამოსასწორებლად ან მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, ვლინდებოდა ორივე მხარის ბრალეულობა ზიანის დადგომაში და ზიანის ოდენობაც შერეული ბრალის არსებობის პრინციპით 11 235.91 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
38. მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ:
პირველი საკასაციო საჩივრის ავტორმა (მოპასუხემ) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
მეორე საკასაციო საჩივრის ავტორმა (მოსარჩელემ) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
39. პირველი კასატორის (მოიჯარის) პოზიცია:
39.1. პირველი კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქმე განიხილეს საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით და უსაფუძვლოდ არ გაიზიარეს მოიჯარის პოზიცია იმის შესახებ, რომ მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, ხოლო შეგებებულ სარჩელში ასახული ფაქტობრივი გარემოებები უნდა მიჩნეულიყო დადგენილად. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის საოქმო განჩინება, რომლითაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე;
39.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერი საგარანტიო თანხის დაბრუნების შესახებ და არასწორად დაასკვნა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, არ არსებობდა აღნიშნული თანხის უკან მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა მაშინ, როდესაც მსგავსი პირდაპირი მითითება ხელშეკრულების მიხედვით არ იკვეთება. მოიჯარე საგარანტიო თანხის მოთხოვნის უფლებას დაკარგავდა მხოლოდ მაშინ, თუ იგი ხელშეკრულებას შეწყვეტდა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რასაც წინამდებარე საქმეში ადგილი არ ჰქონია;
39.3. საიჯარო საგნის დაზიანებით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი და არასწორად დაასკვნა, რომ ზიანის წარმოშობაში ბრალი მიუძღვოდა ხელშეკრულების ორივე მხარეს მაშინ, როდესაც მეიჯარეს თავისი მტკიცების ტვირთი ამ მიმართებით არ დაუძლევია და უფრო მეტიც, მას შესაგებელიც კი არ წარუდგენია მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე;
39.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოიჯარეს იჯარის საგანი გადაეცა უნაკლო მდგომარეობაში.
40. მეორე კასატორის (მეიჯარის) პოზიცია:
40.1. მეორე კასატორის განცხადებით, მხარეთა შორის საიჯარო ხელშეკრულება დადებული იყო 3 წლით და მოიჯარეს მეიჯარისთვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა, ხოლო გადახდის პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ხელშეკრულების შეწყვეტის წესს და იგი მართლზომიერად მიიჩნეოდა თუ განპირობებული იყო პატივსადები მიზეზით. მოცემულ შემთხვევაში მოიჯარის მხრიდან დარღვეულია ხელშეკრულების პირობები, მათ შორის, საიჯარო ქირის გადახდის წესი. მოიჯარის მითითება საწვავის დანაკარგზე, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მოპასუხეს გარდა საკუთარი განცხადებისა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია, არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა ხელშეკრულების მოშლას, არამედ ის შეიძლებოდა განხილულიყო საიჯარო ქირის შემცირების საფუძვლად.
40.1.1.ამასთან, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოიჯარისთვის გადაცემული ქონება იყო ნაკლიანი. ხელშეკრულების გაფორმებისას მოიჯარეს არანაირი პრეტენზია გადაცემული ქონების თვისობრივ ნაკლთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. მან პრეტენზია გამოთქვა ქონების გადაცემიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ. ხელშეკრულების მიხედვით, კი სწორედ მოიჯარე იყო პასუხისმგებელი იჯარის ობიექტის მოვლა-პატრონობაზე, მათ შორის მის ტექნიკურ გამართულობაზე. მეიჯარე არ ერეოდა მოიჯარის საქმიანობაში და არ აკონტროლებდა მისი საქმიანობის ფარგლებს. ამდენად, სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მეიჯარემ ვერ უზრუნველყო მოიჯარის მიერ შემოსავლის მიღება, არ გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან.
41. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, მოიჯარის საკასაციო საჩივარი, ხოლო 22 ოქტომბრის განჩინებით მეიჯარის საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
42. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
44. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
45. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
46. წარდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში შესაფასებელია იჯარის ხელშეკრულების ვადამდე ადრე, მოიჯარის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის გამო მოპასუხისთვის საიჯარო ქირის დავალიანების, ამ თანხის დაყოვნებისთვის დარიცხული პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, ასევე შეგებებული სარჩელის ფარგლებში - იჯარის საგნის დაზიანების გამო მოიჯარისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და გადახდილი საგარანტიო თანხის უკან მოთხოვნის საფუძვლიანობა.
47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს.
50. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
51. იჯარის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც ხდება კონკრეტული ან განუსაზღვრელი ვადით მოიჯარის სარგებლობაში ქონების დროებით გადაცემა. მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს გადასცეს საიჯარო ქონება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, რათა შეიძლებოდეს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება და იჯარის მთელი დროის განმავლობაში უზრუნველყოს ასეთ მდგომარეობაში მისი შენახვა, რისთვისაც უნდა შეასრულოს კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობები, რათა საიჯარო ქონება ყოველთვის იმყოფებოდეს ვარგის მდგომარეობაში და მოიჯარეს, მისი სწორად გამოყენების შედეგად, ჰქონდეს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ეს გულისხმობს იმ შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, რომელიც საიჯარო ქონების მიზნობრივად გამოყენების შედეგად არის მოსალოდნელი (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ვალდებულებითი სამართლის კერძო ნაწილი, ტომი I, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვ. 154-157).
52. ამრიგად, უდავოა, რომ საიჯაროსამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნით სარგებლობა, არამედ იჯარის საგნის სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი. იჯარა ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა, მაგრამ ქირავნობისგან მას სწორედ იჯარის საგნის სარგებლობით შემოსავლის მიღების აუცილებლობა მიჯნავს. იჯარის შემთხვევაში გადაეცემა ქონება, რომელიც არა მარტო ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც აერთიანებს, ანუ იმ მოთხოვნებსა და უფლებებს, რომლებიც მოიჯარეს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს ნაყოფი (მატერიალური სარგებელი). ამდენად, საიჯარო ქირისა თუ მისი გადაუხდელობით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შესახებ მეიჯარის მოთხოვნის პერსპექტიულობა დამოკიდებულია მეიჯარის მტკიცებაზე, ისეთი საიჯარო ქონების გადაცემის შესახებ, როგორითაც გარანტირებულია შემოსავლის მიღება (იხ. სუსგ საქმე Nას-862-828-2016, 24 თებერვალი, 2017 წელი).
53. წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი:
· 2020 წლის 15 ივნისს მხარეთა შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება სამი წლით, რომლის საფუძველზეც, მოიჯარეს მიენიჭა უფლება, ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე, დროებით ესარგებლა მეიჯარის საკუთრებაში არსებული სარკინიგზო ესტაკადითა და ტექნიკური წყლით, ასევე 3 ერთეული რეზერვუარით (საერთო მოცულობა - 750 კბმ.) და მათი ექსპლუატაციისათვის საჭირო ძირითადი საშუალებებით
· 2021 წლის 29 იანვარს მოიჯარემ საიჯარო საგნის დაზიანების შესახებ პირველი შეტყობინება გაუგზავნა მეიჯარეს და ითხოვა ხარვეზის აღმოფხვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აფრთხილებდა მას სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
· 2021 წლის პირველი აპრილიდან მოიჯარე იძულებული გახდა შეეწყვიტა საიჯარო ქონებით სარგებლობა საიჯარო საგნის დაზიანების გამო. კერძოდ, დარღვეული იყო ნავთობის გამტარი მილის ჰერმეტულობა, რაც იწვევდა საწვავის ნიადაგში ჩაღვრას;
· საიჯარო საგნის დაზიანება გამოწვეული არ ყოფილა მოიჯარის ბრალეული ან გაუფრთხილებელი მოქმედებით;
· მიუხედავად საიჯარო საგნით სარგებლობის შეუძლებლობისა მოიჯარემ გადაიხადა აპრილის თვის საიჯარო ქირა;
· 2021 წლის თებერვალსა და მარტში რეზერვუარებიდან საწვავის დარღვრით განცდილი ზიანი შეადგენს 22 471.82 ლარს;
· 2021 წლის 18 ივნისს მხარეები შეთანხმდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეჩერების თაობაზე საიჯარო საგნის ნაკლის აღმოფხვრამდე;
· გარდა საკუთარი პოზიციების ურთიერთშორის წერილობითი სახით გაცვლისა, არცერთ მხარეს რაიმე ქმედითი ღონისძიება არ გაუტარებია ნივთის ნაკლის გამოსასწორებლად ან მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად. მეტიც, მეიჯარემ უარი განაცხადა დაზიანებული ნივთის აღდგენაზე და მიუთითა მოიჯარეს, რომ სწორედ მას ეკისრებოდა საიჯარო საგნის შეკეთების ვალდებულება;
· 2021 წლის 1 სექტემბერს მოიჯარემ ცალმხრივად შეწყვიტა საიჯარო ხელშეკრულება.
54. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი განმარტებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკნას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოიჯარე 2021 წლის 1 აპრილიდან ვერ იყენებდა საიჯარო ქონებას და ვეღარ იღებდა სარგებელს საიჯარო ქონების ნაკლის გამო, ხოლო საქმის მასალებით არ დგინდება მოიჯარის ბრალეული ან გაუფრთხილებელი მოქმედებით იჯარის საგნის დაზიანების ფაქტი, არსებობდა გადახდილი აპრილის თვის საიჯარო ქირის მოიჯარისთვის დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა. ამასთან, ვინაიდან 2021 წლის იანვრიდან მოიჯარე პერიოდულად ატყობინებდა მეიჯარეს საიჯარო ქონების ნაკლის შესახებ და სთხოვდა ხარვეზის აღმოფხვრას, მართებულად არ დაკმაყოფილდა მეიჯარის მოთხოვნა ამ პერიოდიდან წარმოშობილი საიჯარო ქირის დავალიანების, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის მოიჯარისთვის დაკისრების შესახებ. იანვარსა და თებერვალში საწვავის დაღვრით განცდილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძლიანობის კვლევისას კი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი (თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის გამოწვეული ზიანი. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როდესაც დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი) და მართებულად დაასკვნა, რომ ვინაიდან პრობლემის გამოვლენის შემდგომ არცერთ მხარეს რაიმე ქმედითი ღონისძიება, გარდა პოზიციების ურთიერთშორის წერილობითი სახით გაცვლისა, არ გაუტარებია იჯარის საგნის ნაკლის გამოსასწორებლად (საიჯარო ხელშეკრულება კი ორივე მხარეს თანაბრად ავალდებულებდა საიჯარო საგნის უნაკლო, ფუნქციურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებასა და საამისოდ აუცილებელი ზომების მიღებას, მათ შორის, კაპიტალური რემონტის ჩატარებას), ზიანის ანაზღაურებაც „შერეული ბრალის“ პრინციპით, თანაბარწილად უნდა მომხდარიყო.
55. რაც შეეხება წინასწარ გადახდილი საგარანტიო თანხის დაბრუნების შესახებ მოიჯარის პრეტენზიას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილშიც მართებულად შეაფასა სადავო საკითხი, მართებულად იხელმძღვანელა საიჯარო ხელშეკრულების იმპერატიული ჩანაწერით (ხელშეკრულების 6.4 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, ან ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარეს არ უბრუნდება გადახდილი საგარანტიო თანხა) და მართებულად დაასკვნა, რომ არ არსებობდა აღნიშნული პრეტენზიის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა. ვერც კასატორი (მოიჯარე) მიუთითებს ამ დასკვნის გამაბათილებელ რაიმე რელევანტურ მტკიცებულებაზე.
56. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოიჯარის იმ მოსაზრებასაც, რომ ვინაიდან მის მიერ წარდგენილ შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელეს შესაგებელი არ წარუდგენია, არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა და სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია შეგებებულ სარჩელში ასახული ფაქტობრივი გარემოებები საიჯარო საგნის ნაკლთან მიმართებით. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა მიუთითებს მეიჯარის მიერ აღძრულ თავდაპირველ სარჩელზე (იხ. ტ. 1. ს.ფ 1-15) და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ თავდაპირველი სარჩელის ფარგლებში მოსარჩელეს (შეგებებული სარჩელის მოპასუხეს) ნამსჯელი აქვს შეგებებული სარჩელით სადავოდ გამხდარ საკითხზე (ნაკლიანი ქონების გადაცემის თაობაზე) და მითითებული აქვს ნაკლიანი ნივთის გადაცემის გამომრიცხავ გარემოებებზე (შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით), მოპასუხის მიერ აღძრულ შეგებებულ სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობა არ შეიძლება ქმნიდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობას.
57. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
58. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ასევე არაა წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
59. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ტ.პ–მისა“ და შპს ,,პ.ნ.ქ–ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს ,,პ.ნ.ქ–ის“ (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №6436951, გადახდის თარიღი 10.10.2024) 8000 ლარის 70% - 5600 ლარი;
3. შპს ,,ტ.პ–მს“ (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1700119368, გადახდის თარიღი 16.11.2023) 3545 ლარის 70% - 2481.5 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი