საქმე №ას-1196-2024 24 თებერვალი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - რ.მ.(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.გ–ი (აპელანტი, მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოპასუხე თ.გ–ის საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ს.კ. ....., რომელიც 2023 წლის 27 იანვრის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ჰქონდა შპს ,,ე.ე.ქ–ისათვის’’.
2. შპს ,,ე.ე.ქ.’’ (ს/კ .......) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, რომლის პარტნიორებიც (50-50% წილის მესაკუთრე პარტნიორები) და ამავდროულად დირექტორებიც არიან ინდოეთის მოქალაქეები - პ.პ.გ–ა და რ.კ–ნა.
3. მოსარჩელე რ.მ–ი არის შპს ,,ე.ე.ქ–ის’’ 50% წილის მესაკუთრე პარტნიორისა და დირექტორის პ.პ.გ–ას და.
4. 2022 წლის 15 დეკემბერს პ.პ.გ–ა ბჰევანმა, როგორც შპს ,,ე.ე.ქ–ის’’ დირექტორმა რ.მ–ის სასარგებლოდ გასცა მინდობილობა, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელეს მიენიჭა უფლებამოსილება ეწარმოებინა კომპანიის ნებისმიერი საქმიანობა და წარმოედგინა კომპანია საქართველოში ყველა საჭირო ორგანოში, ეწარმოებინა შპს-ს საქმიანობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
5. საქმეზე ასევე წარმოდგენილია, 2023 წლის 6 თებერვალს გაცემული მინდობილობა, რომლის შესაბამისადაც, რ.კ–ნამ და პ.პ.გ–ა ბჰევანმა, როგორც შპს ,,ე.ე.ქ–ის’’ დირექტორებმა რ.მ–ის სასარგებლოდ გასცეს მინდობილობა, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელეს მიენიჭა უფლებამოსილება ეწარმოებინა კომპანიის ნებისმიერი საქმიანობა და წარმოედგინა კომპანია საქართველოში ყველა საჭირო ორგანოში, ეწარმოებინა შპს-ს საქმიანობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
6. თ.გ–სა და შპს ,,ე.ე.ქ–ს’’ შორის მოქმედი იჯარის ხელშეკრულება შეწყდა თ.გ–ის ინიციატივით, კერძოდ 2023 წლის 15 თებერვალს თ.გ–მა წერილობით მიმართა კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო 2023 წლის 20 თებერვალს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იჯარის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე შპს ,,ე.ე.ქ–ის’’ სარჩელის გამო, მოპასუხე თ.გ–ის მიმართ, რომლის ფარგლებშიც კომპანია ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს გადაცემული იჯარის საფასურის 19 500 აშშ დოლარის უკან დაბრუნება.
8. სწორედ შპს ,,ე.ე.ქ–ისა’’ და თ.გ–ის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, კერძოდ კი, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იცნობდნენ ერთმანეთს მოსარჩელე რ.მ–ი და მოპასუხე თ.გ–ი.
9. 2023 წლის 4 თებერვალს რ.მ–მა თ.გ–ს მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა 4000 ლარი, დანიშნულებით: „პირადი გადარიცხვა“.
10. 2023 წლის 5 თებერვალს თ.გ–მა 1 500 ლარი გადაურიცხა თ.ა–ძეს, ასევე 2023 წლის 16 თებერვალს 500 ლარი გადაურიცხა თ.დ–ს.
11. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
11.1. რ.მ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თ.გ–ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 4000 ლარის დაკისრება.
11.2. მოსარჩელის განმარტებით, კომპანიას, რომელშიც მოსარჩელე რ.მ–ის ძმა წარმოადგენს ერთ-ერთ პარტნიორს, იჯარით აქვს აღებული თ.გ–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება და სწორედ აქედან გაიცნო მოსარჩელემ მოპასუხე შემთხვევით.
11.3. 2023 წლის 04 თებერვალს რ.მ–მა თ.გ–ს, მისივე თხოვნით სესხის სახით გადასცა 4000 ლარი, თანხის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. როგორც თ.გ–მა განუმარტა მას, თანხა რამდენიმე დღით სჭირდებოდა და მალევე დაუბრუნებდა უკან. ამის შემდგომ, მოსარჩელემ ვეღარ შეძლო მოპასუხესთან კომუნიკაცია, ხოლო ვალდებულება კი დღემდე შეუსრულებელია.
12. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხე თ.გ–მა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და უარყო მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა. მოპასუხის განმარტებით, რ.მ–ი მას იცნობდა საერთო ნაცნობებისგან. შეხვედრისას განუცხადა, რომ დაქირავებული ჰქონდა სასტუმრო „ო–ი“ (მდებარე: ქ. თბილისში, ......) და სთხოვა შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ გამხდარიყო ამ სასტუმროს მენეჯერი, შესაბამისად, მოეძებნა სასტუმროს ადმინისტრატორი, მოეგვარებინა სასტუმროს დალაგებისა თუ მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა საკითხები. აღნიშნული 4000 ლარი კი წარმოადგენდა არა სესხს, არამედ მომსახურების საფასურს. ამ თანხიდან 2000 ლარი იყო მოპასუხის, როგორც მენეჯერის ანაზღაურება, 1500 ლარი - დამლაგებლის მომსახურების საფასური, 500 ლარი კი - სასტუმროს ადმინისტრატორის მომსახურების საფასური.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ.მ–ის სარჩელი, მოპასუხე თ.გ–ის მიმართ, დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ.გ–ს მოსარჩელე რ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 ლარის გადახდა.
14. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის 2024 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
16. მოსარჩელის საკასაციო მოთხოვნა
16.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
16.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა მატერიალური და საროცესო ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო ემოქმედა საქმის არსებით შედეგზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ამიტომ ის ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-4 მუხლს.
16.3. მოპასუხეს ქირავნობის ფაქტის დასადასტურებლად არ წარუდგენია მტკიცებულებები, მათ შორის ქირავნობის ხელშეკრულება, არც საჯარო რეესტრის ამონაწერი ან სხვა მტკიცებულება. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ასევე ეწინააღმდეგება სსკ-ის 976-ე მუხლზე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, როდესაც პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს მისი უკან დაბრუნება.
16.4. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ დაადგინა, რომ თითქოს სასტუმრო ო–ი ნაქირავები ჰქონდა შპს „ე.ე.ქ–ს“. მოწმეებმა აღნიშნეს, რომ დაასუფთავეს ფართი, რომლის არც მისამართი და არც კვადრატულობა არ შეესაბამება შპს „ე.ე.ქ–ის“ სასტუმროს მისამართს. ამიტომ, სასამართლომ ირიბი მოწმეების ჩვენებებით ჩათვალა ქირავნობის ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმების ფაქტი დადასტურებულად.
16.5. ასევე, ხაზგასასმელია, რომ შპს „ე.ე.ქ–ს“, რომელსაც ნაქირავები ჰქონდა თ.გ–ის კუთვნილი სასტუმრო მინდობილობის საფუძველზე, წარმოადგენს მოსარჩელე რ.მ–ი, კერძოდ 2022 წლის 15 და 2023 წლის 6 თებერვალს რ.კ–ნამ და პ.პ.გ.ზ–მა, როგორც შპს „ე.ე.ქ“- ის დირექტორებმა რ.მ–ის სასარგებლოდ გასცეს მინდობილობები, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელეს მიენიჭა უფლებამოსილება ეწარმობინა კომპანიის ნებისმიერი საქმიანობა და წარმოედგინა კომპანია საქართველოში ყველა საჭირო ორგანოში.
16.6. შპს „ე.ე.ქ–ის“ და შპს „ო.ტ–ს“ შორის არასდროს ყოფილა რამე კავშირი, შპს „ე.ე.ქ–ის“ იჯარის ხელშეკრულება წარმოდგენილი იყო მხოლოდ იმ მიზნით რომ სასამართლო არ შესულიყო შეცდომაში იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ნაქირავები იყო გ–ის საკუთრება. თუ რ.მ–ი მოქმედებდა შპს „ე.ე.ქ–ის“ წარმომადგენლის სახით მინდობილობის საფუძველზე, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 103-ე და 104-ე მუხლებით.
16.7. შპს „ე.ე.ქ–ს“ არ უქირავებია სხვა ფართი გარდა იმისა, რაც თავად მოსარჩელემ წარმოადგინა, სხვაგვარად მოპასუხეს შეეძლო წარმოედგინა სხვა ტიპის ქირავნობის ხელშეკრულება, თუმცა ის არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მრიდან გადაწყვეტილების დასაბუთება ირიბი მოწმეების ჩვენებაზე უსაფუძვლოა.
16.8. სასამართლომ სხვადასხვაგვარად შეაფასა ერთი და იგივე დოკუმენტები. მოწმეებზე განხორციელებული გადარიცხვებით არ ჩანს თუ რა მიზნობრივობის მქონე გადარიცხვებია სახეზე, ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ დარჩენილი 2000 ლარი აპრიორულად შეადგენდა მოპასუხის ხელფასს.
16.9. საბოლოო ჯამში, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიკვლია მითითებული მტკიცებულებები და არაწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
23. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
24. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
25. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
26. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის მთავარი შედავება გულისხმობს სასარჩელო მოთხოვნის დამაფუძნებელი ფაქტობრივი გარემოების - მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის - სესხის ხელშეკრულების არსებობას. სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა თუ არა მოპასუხეს სადავო თანხა.
28. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2023 წლის 4 თებერვალს რ.მ–მა თ.გ–ს მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა 4000 ლარი, დანიშნულებით: „პირადი გადარიცხვა“. სწორედ აღნიშნული თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვს მოსარჩელე მხარე, სესხის ხელშეკრულების არსებობაზე მითითებით, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ უნდა დადგენილიყო სახეზეა სასესხო თუ სხვა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა.
29. სსკ-ის 623-ე მუხლში მითითებულია სასესხო ურთიერთობის ლეგალურ დეფინიცია, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. აღნიშნული ნორმა ასეთი სახის ხელშეკრულების არსებობისთვის განსაზღვრავს შემდეგი სახის წინაპირობებს: სუბიექტები: მსესხებელი, გამსესხებელი. ობიექტი: ფული ან სხვა გვაროვნული ნივთი. ხელშეკრულების საგანი: იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთის მსესხებლისთვის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო შემდგომ მისი დაბრუნება გამსესხებელისთვის. აღნიშნული წინაპირობები კუმულაციური ხასიათისაა და თუნდაც ერთ-ერთი მათგანი ვერ დაკმაყოფილდეს, სასესხო ურთიერთობა სახეზე ვერ იქნება. (დამატებით იხ. სუსგ №ას- 895-2021, 23 დეკემბერი, 2021 წელი).
30. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ შემთხვევაში, მოქმედებს კლასიკური მტკიცების ტვირთის სტანდარტი, რაც გულისხმობს პროცესის წმინდად პირთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობაზე დაფუძნებას და მტკიცების ტვირთის მისთვის დაკისრებას, რომელიც შესაბამის ფაქტობრივ გარემოებაზე აქცენტირებს. შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის თანახმად, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება, ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით. ამასთან, სადავოობის შემთხვევაში, გამსესხებელმა უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოება, არამედ მხარეთა შორის სესხზე შეთანხმების არსებობაც. (სუსგ. №ას-235-2022, 5 მაისი, 2022 წელი.) სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას განაპირობებს იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა (იხ. სუსგ №ას-127-119- 2015, 22.07.2015 წ.).
31. მართალია, სსკ-ის 624-ე მუხლზე, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადების ლეგალურობას, თუმცა, ხელშეკრულების დადების, როგორც ფაქტის მტკიცებისას, არ არის საკმარისი მხოლოდ და მხოლოდ თანხის გადაცემაზე, ან მოწმეთა ჩვენებებზე აპელირება.
32. მოცემულ დავაში, თანხის გადაცემის ფაქტი მხარეებს შორის არ არის სადავო. სადავოა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტი - მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობა. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული თანხა მოპასუხეს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. მიუხედავად ამისა, თუ რა მტკიცებულებითაა შესაძლებელი სასესხო ურთიერთობების არსებობა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით მოსარჩელემ ვერ მიუთითა, შესაბამისად, სესხის არსებობის ფაქტი არ არის დადგენილი.
33. ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაიკითხნენ მოწმეები. მოწმე თ.დ–ის განმარტებით, მან მუშაობა დაიწყო თ.გ–ის დაქვემდებარებაში სასტუმრო „ო–ში“, სადაც მოპასუხის მიერ მიიღო ანაზღაურება 500 ლარი 2023 წლის 16 თებერვალს.
34. მოწმე ა.ს–ის ჩვენების თანახმად, ის უძღვებოდა მამამისის სასტუმრო ,,ო–ის’’ საქმიანობას.რ.მ–ი იყო მისი სასტუმროს დამქირავებელი, ხოლო თ.გ–ი იყო მისი დამხმარე, ანუ განაგებდა სასტუმროს საქმიანობას, აგვარებდა ტექნიკურ საკითხებს. მოწმის მითითებით, ძირითადი ურთიერთობა მას ჰქონდა თ.გ–თან. საწყის ეტაპზე, თებერვლის თვეში, როდესაც უკვე რ.მ–მა, როგორც შპს ,,ე.ე.ქ–ის’’ წარმომადგენელმა იქირავა სასტუმრო ოფიციალურად, თ.გ–მა მას უთხრა, რომ ის არის ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი, რომელიც ნაქირავები აქვს იმავე კომპანიას და ორივე სასტუმროს მენეჯმენტს გაუძღვებოდა თ.გ–ი. მოწმის განმარტებით, თ.გ–ი აგვარებდა ტექნიკურ საკითხებს, დაითვალა და გადაიბარა თეთრეული, ,,ვაიფაის’’ პაროლი, დარეგისტრირდა სასტუმროს საიტზე და ა.შ. მოწმის შეფასებით, არსებულ ვითარებაში ცხადი იყო, რომ თვითონ რ.მ–ს არ შესწევდა უნარი დამოუკიდებლად ეწარმოებინა სასტუმროს საქმიანობა და თ.გ–ი უგვარებდა ტექნიკურ საკითხებს, ეხმარებოდა, რომ სასტუმრო მოეწყო და აემუშავებინა. მოწმის მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში თ.გ–ის იქ ყოფნა, რადგან რ.მ–მა არ იცოდა ელემენტარული მმართველობის საკითხები, მათ შორის საკასო აპარატის დადგმა, ბანკთან ურთიერთობა, შესაბამისად ყველაფერზე ეკონტაქტებოდა თ.გ–ს და ანალოგიურად თ.გ–ი უკავშირდებოდა მას, რომ დაორგანიზებულიყო კომპანიის საქმიანობა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც სასტუმროსთან დაკავშირებით რაიმე საკითხის დაზუსტება სურდა რ.მ–თან, ის ამისამართებდა თ.გ–თან. ასევე, სასტუმროში მისვლის დროსაც ადგილზე ხვდებოდა თ.გ–ი და ნათელი იყო, რომ იგი ეხმარებოდა სასტუმრო საქმიანობის წარმართვაში. მოწმემ ასევე ისაუბრა სასტუმროს დალაგებასთან მიმართებით და განმარტა, რომ რამდენიმე დამლაგებელი ჰყავდა მიყვანილი თ.გ–ს, ასევე თ. ეუბნებოდა, რომ ხალიჩები წაღებული იყო ქიმწმენდაში, საკუჭნაო ოთახი იყო დალაგებული, თეთრეული იყო ასევე დასასუფთავებლად გატანილი. მოწმემ დაადასტურა, რომ დალაგების ხარჯები მას არ გაუღია, აღნიშნული მის მოვალეობაში არ შედიოდა, ასევე, მოწმის მითითებით, სასტუმროს საერთო ფართი შეადგენს დაახლოებით 1100 კვ.მ და ერთ-ორ დღეში ვერ დალაგდებოდა, საჭიროებდა დიდ ძალისხმევას. მოწმის მითითებით, თ.გ–სა და რ.მ–ს შორის ურთიერთობის დაძაბვის თაობაზე მისთვის უცნობია, თუმცა დაახლოებით თებერვლის ბოლოსკენ, როდესაც მივიდა სასტუმროში იქ თ.გ–ი აღარ დახვდა და როდესაც ჰკითხა თ.ს შესახებ რ.მ–ს, მან უთხრა რომ თ. იქ აღარ იყო, ამავდროულად თ.გ–ის მიერ მიყვანილი კადრებიც წასულები იყვნენ სასტუმროდან.
35. მოწმე ხ. მ–ვამ აღნიშნა, რომ იგი არის ინგლისურის მასწავლებელი და მას დაუკავშირდა თ.გ–ი, რომელმაც სთხოვა თარჯიმნის მოვალეობის შესრულება გარკვეულ საუბართან დაკავშირებით, მოწმის მითითებით, იგი მივიდა ავლაბარში მდებარე სასტუმრო ,,ო–ში’’, სადაც მუშაობდნენ დამლაგებლები და გადათარგმნა დამლაგებლების ხელფასთან მიმართებით მხარეთა საუბარი. მოწმემ გაიხსენა, რომ ადმინისტრატორის ძებნა მიმდინარეობდა, ასევე სურდათ დასუფთავების ხსნარების შესყიდვა, თანხა განსაზღვრული იყო 4000 ლარით, მოწმის მითითებით, მისი თანდასწრებით თანხა არ გადარიცხულა, როგორც მისთვის ცნობილია საღამოს უნდა გადაერიცხათ. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სესხთან მიმართებით საუბარი მისი თანდასწრებით არ ყოფილა. თარჯიმანს გაწეული მომსახურებისათვის 50 აშშ დოლარი გადაუხადეს.
36. მოწმე თ.ა–ძის განმარტებით, კერძო დასუფთავების კომპანია აქვს და რეკლამის მეშვეობით, დაახლოებით 31 იანვარს ან 1 თებერვალს დაუკავშირდა თ.გ–ი, ავლაბარში მდებარე სასტუმრო ,,ო–ი’’ ჰქონდა დასალაგებელი. შეთანხმების შესაბამისად, 3 თებერვალს დაიწყო დალაგების სამუშაოები, 5 გოგო მიიყვანა დასალაგებლად. მომსახურების სანაცვლოდ დამლაგებლებმა ჯამში მიიღეს 1500 ლარი, რომელიც მას პირადად ჩაურიცხა თ.გ–მა. მოწმის მითითებით, მისთვის როგორც ცნობილია, თავად თ.გ–ს ინდოელმა ჩაურიცხა თანხა და იქედან მისცა მათ მომსახურების საფასური.
37. დადგენილია, რომ რ.მ–მა თ.გ–ს თანხა გადაურიცხა 2023 წლის 4 თებერვალს, ხოლო თ.გ–მა მომდევნო დღეს - 2023 წლის 5 თებერვალს 1500 ლარი გადაურიცხა თ.ა–ძეს, ასევე 2023 წლის 16 თებერვალს 500 ლარი გადაურიცხა თ.დ–ს.
38. ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა სასესხო ვალდებულება. რ.მ–სა და თ.გ–ს შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც თ.გ–ი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასაქმებული იყო რ.მ–ის მიერ დაქირავებულ სასტუმრო ო–ში (მდებარე: თბილისი, .......) მენეჯერად. ის მოსარჩელეს უწევდა სხვადასხვა საკითხებში დახმარებას, რაც სასტუმროს ფუნქციონირებისთვის იყო საჭირო, მათ შორის, მისივე დავალებით დაიქირავა ადმინისტრატორი, დამლაგებლები, თარჯიმანი და გასწია კიდევ სხვა მრავალი სახის მომსახურებაც. ასევე, დადგინდა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა თებერვლის ბოლოს, რა პერიოდშიც იჯარის ხელშეკრულება შეწყდა თავად თ.გ–ის კუთვნილ სასტუმროსთანაც მიმართებით.
39. ასევე, დადგინდა, რომ მოწმეთა ჩვენების პარალელურად, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეზე წარმოდგენილ სამეწარმეო ამონაწერზე, რომლითაც დგინდება, რომ მოწმე ა.ს–ი ნამდვილად რეგისტრირდება შპს ,,ო. თ–ის’’ დირექტორის პოზიციაზე. შპს ,,ე.ე.ქ–ს’’, რომელსაც ნაქირავები ჰქონდა თ.გ–ის კუთვნილი სასტუმრო, მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენდა მოსარჩელე რ.მ–ი, კერძოდ 2022 წლის 15 დეკემბერს და 2023 წლის 6 თებერვალს რ.კ–ნამ და პ.პ.გ–ა ბ–მა, როგორც შპს ,,ე.ე.ქ–ის’’ დირექტორებმა რ.მ–ის სასარგებლოდ გასცეს მინდობილობები, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელეს მიენიჭა უფლებამოსილება ეწარმოებინა კომპანიის ნებისმიერი საქმიანობა და წარმოედგინა კომპანია საქართველოში ყველა საჭირო ორგანოში, ეწარმოებინა შპს-ს საქმიანობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ასევე, უდავოა ის გარემოებაც, რომ რ.მ–ი არის შპს ,,ე.ე.ქ–ის’’ 50% წილის მესაკუთრე პარტნიორისა და დირექტორის პ.პ.გ–ას და, სწორედ შპს ,,ე.ე.ქ–სა’’ და თ.გ–ს შორის არსებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე იცნობდნენ ერთმანეთს თ.გ–ი და რ.მ–ი. კერძოდ, თ.გ–მა 2023 წლის 27 იანვრის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე კუთვნილი უძრავი ნივთი დროებით სარგებლობაში გადასცა შპს ,,ე.ე.ქ–ს’’. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა თ.გ–ის ინიციატივით, კერძოდ 2023 წლის 15 თებერვალს თ.გ–მა წერილობით მიმართა კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო 2023 წლის 20 თებერვალს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იჯარის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნით. წერილობითი შეტყობინების შესაბამისად მეიჯარე უკმაყოფილებას გამოთქვამდა მოიჯარის მხრიდან გადაცემული ნივთის არამიზნობრივ გამოყენებისათვის. სწორედ იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განხორციელდა სადავო თანხის მოპასუხის სასარგებლოდ გადარიცხვა, რაც აპელანტის მტკიცებით, წარმოადგენდა იმ გასამრჯელოს, რომელიც მან სხვა დამხმარე პირებთან ერთად გასწია სასტუმრო ,,ო–ის’’ მოწყობასა და ამუშავებისათვის.
40. საკასაციო პალატა იზიარეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, რ.მ–ის მიერ თანხის გადარიცხვა თამარ გ–ის სასარგებლოდ განხორციელდა, როგორც შპს ,,ე.ე.ქ–ის’’ წარმომადგენლის მხრიდან. მხოლოდ აპელირება იმ გარემოებაზე, რომ გადარიცხვა განხორციელებულია პირადად რ.მ–ის მიერ კომპანიაზე ყოველგვარი მითითების გარეშე, ვერ გამორიცხავს კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან თანხის გადარიცხვას სწორედ კომპანიის ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ. მით უფრო, გადარიცხვის ქვითარი შედგენილია სტანდარტული წესით და მასში არც გადარიცხვის კონკრეტული დანიშნულებაა მითითებული.
41. დამატებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც პრეზუმირებს შესრულებისას ვალდებულების არსებობაზე. კერძოდ, პრეზუმფცია მოსარჩელეს ავალდებულებს დაასაბუთოს გადარიცხული თანხის სახელშეკრულებო საფუძველი. რადგან გადარიცხვისას, თუნდაც მითითებული არ იყო გადარიცხვის შინაარსი, ასევე, რადგან არ იქნა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიდა სადავო ხელშეკრულების ნამდვილად არსებობის ფაქტს, ამავდროულად, რადგან მოპასუხე მხარემ მის მიმართ არსებული მტკიცების სტანდარტი დააკმაყოფილა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მხარეს იყო მტკიცების ტვირთი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს როგორც პროცესუალურ, ისე მატერიალურ სტანდარტს, რაც მისი დაშვების და არსებითად განხილვის საფუძველს არ ტოვებს.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 200 ლარის 70% - 140 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. რ.მ–ის (პასპორტის N: .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე უ. მ. ა-ის მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №24109730382, გადახდის თარიღი 10.10.2024) 200 ლარის 70% - 140 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი