საქმე №ას-1548-2023 7 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.ვ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სადაზღვევო კომპანია“, „მზღვეველი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც სადაზღვევო კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა სადაზღვევო პრემიის - 2316.86 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 2237.5 აშშ დოლარის შპს „ლ.ვ–ისათვის“ (შემდგომში - „მოპასუხე კომპანია“ ან „დამზღვევი“) დაკისრებაზე.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2019 წლის 12 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ N1809/19;
2.2. 2019 წლის 15 ივლისს მხარეთა შორის ასევე დაიდო ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ N5229/19;
2.3. ორივე ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა „მზღვეველის“ თანხმობა, „დამზღვევის“ მიერ პრემიის სრულად, ან პირველი შენატანის გადახდის და პოლისში შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დაცვის სანაცვლოდ გაეწია „დამზღვევისთვის“ მის მიერ მიღებული სადაზღვევო წესების „დაზღვევის პირობების“, წინამდებარე ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქონებრივი/პასუხისმგებლობის ინტერესის დასაცავად სადაზღვევო მომსახურება;
2.4. ხელშეკრულებების 2.3 მუხლის თანახმად, „დაზღვევის საგანი, დაზღვეული პირის ვინაობა, სადაზღვევო რისკი, დაზღვევის დასაწყისი და მისი ხანგრძლივობა განისაზღვრება უშუალოდ მხარეთა მიერ პოლისის და წინამდებარე ხელშეკრულების მეშვეობით“;
2.5. ამავე ხელშეკრულებების 3.2 მუხლის თანახმად, „დამზღვევის“ მიერ პრემიის სადაზღვევო ხელშეკრულებით ან/და მის საფუძველზე გაცემული პოლისებით, დადგენილი ოდენობით და წესით გადაუხდელობისას, „მზღვეველი“ „დამზღვევს“ წერილობით განუსაზღვრავს ორკვირიან ვადას არსებული დავალიანების აღმოსაფხვრელად. იმ შემთხვევაში, თუ „დამზღვევის“ მიერ არ იქნა დავალიანება გადახდილი წერილით განსაზღვრულ ვადაში, წერილის გაგზავნის თარიღიდან 1 თვის ვადაში ხელშეკრულება (მის საფუძველზე გაცემული პოლისები) ჩაითვლება შეწყვეტილად. ასეთ შემთხვევაში „მზღვეველი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამზღვევს“ და თავის მხრივ, „დამზღვევი“ ვალდებულია გადაუხადოს „მზღვეველს“ დაზღვევის შეწყვეტის მომენტისათვის არსებული პრემიის დავალიანება სრულად. ასევე დამატებით გადაუხადოს „მზღვეველს“ თანხა თითოეული ვადამდე შეწყვეტილი პოლისის წლიური სადაზღვევო პრემიის 25%-ის ოდენობით (მაგრამ არა უმეტეს ჯამური პრემიის). აღნიშნული პირობა მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული პოლის(ებ)ის „დამზღვევის“ მიერ ვადამდე შეწყვეტის შედეგად შემცირდება შეწყვეტის მომენტისათვის მოქმედი პოლისებით განსაზღვრული სადაზღვევო თანხის 25%-ზე მეტით, ან იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდება წინამდებარე ხელშეკრულება;
2.6. ამავე ხელშეკრულებების 5.2.3 პუნქტის თანახმად, „მზღვეველი“ ვალდებულია „დამზღვევის“ მიერ პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში წერილობით მოითხოვოს „დამზღვევისაგან“ პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანებული პრემიის 0.20%-ის ოდენობით თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის. პირგასამტეხლოს დარიცხვა/ათვლა დაიწყება წერილობით შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან. ამასთანავე, პირგასამტეხლო გადაიხდება დამატებით, პრემიის გადახდის ვალდებულების მიუხედავად, რომლის გადახდაც არ ათავისუფლებს „დამზღვევს“ ნაკისრი ძირითადი ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან;
2.7. 2019 წლის 12 თებერვლის N1809/19 ხელშეკრულების ფარგლებში გაიცა შვიდი სადაზღვევო პოლისი: 1) NMI 194084/19, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 14.03.2019 წლიდან 13.03.2020 წლის ჩათვლით; 2) NMI 194083/19, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 14.03.2019 წლიდან 13.03.2020 წლის ჩათვლით; 3) NMI 193261/19, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 27.02.2019 წლიდან 26.02.2020 წლის ჩათვლით; 4) NMI 193260/19, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 27.02.2019 წლიდან 28.02.2020 წლის ჩათვლით; 5) NMI 192628/19, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 13.02.2019 წლიდან 12.02.2020 წლის ჩათვლით; 6) NMI 192624/19, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 13.02.2019 წლიდან 12.02.2020 წლის ჩათვლით; 7) NMI 193257/19, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 27.02.2019 წლიდან 26.02.2020 წლის ჩათვლით. ამავე სადაზღვევო პოლისებით განისაზღვრა პრემიის გადახდის გრაფიკი;
2.8. 2019 წლის 15 ივლისის N5229/19 ხელშეკრულების ფარგლებში გაიცა სადაზღვევო პოლისი NMI202981/19, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 15.07.2019 წლიდან 14.07.2020 წლის ჩათვლით. ამავე სადაზღვევო პოლისით განისაზღვრა პრემიის გადახდის გრაფიკი;
2.9. მხარეებს შორის ხელშეკრულება ვადაზე ადრე არ შეწყვეტილა.
3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არის დაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც, თავის მხრივ, რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას განეკუთვნება და ამავდროულად, წარმოადგენს ორმხრივად მავალდებულებელ გარიგებას (სსკ-ის 799-ე მუხლი). კერძოდ, ერთი მხრივ, დამზღვევის სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სადაზღვევო პრემიის გადახდა და, მეორე მხრივ, მზღვეველს ეკისრებოდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულება. უდავო გარემოებაა, რომ დამზღვევის მხრიდან დაირღვა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმი გათვალისწინებულია სსკ-ის 817-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან. პალატამ მიუთითა ასევე ამავე კოდექსის 818-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.
4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას, მზღვეველს ევალება გონივრულ ვადებში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი შედეგები. მზღვეველის ქცევის ამგვარი სტანდარტის არსებობა განპირობებულია სწორედ კერძო სამართლის სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებით (სსკ-ის 8.3 მუხლი). მართალია, სსკ-ის 817-ე-818-ე მუხლები არ წარმოადგენს მავალდებულებელ ნორმებს, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დროულად გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და სწორედ ამ პერიოდს არ დაუკავშიროს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია. პალატამ აღნიშნა, რომ მზღვეველი, რომლის მიმართაც არაერთგზის დაირღვა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, დაელოდა სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვას და მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მოითხოვა დარღვეული უფლების დაცვა, ისე რომ მას დამზღვევთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში არცერთხელ არ გამოუყენებია კონტრაჰენტის/დამზღვევის წერილობითი გაფრთხილების ფორმა. მზღვეველის უმოქმედობას კი ამ ტიპის დავის გადაწყვეტისათვის არა მხოლოდ თეორიული, არამედ უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია, რადგანაც დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, თუკი მზღვეველი, რომლის მიმართაც არ სრულდება სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, წერილობით არ გააფრთხილებს დამზღვევს მოსალოდნელ შედეგებზე, იგი კარგავს სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოწურვის შემდეგ (იხ. სუსგ საქმე Nას-85-81-2013; №ას-1308-1246-2014).
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2019 წლის 12 თებერვლის N1809/19 ხელშეკრულების ფარგლებში გაიცა შვიდი სადაზღვევო პოლისი. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე 12.02.2020 წლის ჩათვლით. 2019 წლის 15 ივლისის N5229/19 ხელშეკრულების ფარგლებში გაიცა სადაზღვევო პოლისი NMI202981/19, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 15.07.2019 წლიდან 14.07.2020 წლის ჩათვლით. ამავე სადაზღვევო პოლისით განისაზღვრა პრემიის გადახდის გრაფიკი.
6. სააპელაციო პალატის მითითებით, 2019 წლის 12 თებერვლის N1809/19 ხელშეკრულების ფარგლებში გაცემულ სადაზღვევო პოლისზე NMI 194084/19 მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 95.2 აშშ დოლარი, სადაზღვევო პოლისზე NMI 194083/19 - 283.6 აშშ დოლარი, სადაზღვევო პოლისზე NMI 193261/19 - 134.05 აშშ დოლარი, სადაზღვევო პოლისზე NMI 193260/19 - 273.05 აშშ დოლარი, სადაზღვევო პოლისზე NMI 192628/19 - 94.2 აშშ დოლარი, სადაზღვევო პოლისზე NMI 192624/19 - 208.4 აშშ დოლარი; სადაზღვევო პოლისზე NMI 193257/19 - 113.04 აშშ დოლარი; 2019 წლის 15 ივლისის N5229/19 ხელშეკრულების ფარგლებში გაცემულ სადაზღვევო პოლისზე NMI202981/19 მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 68.31 აშშ დოლარი; მოპასუხის დავალიანება, დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, შეადგენს 2316.86 აშშ დოლარს.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების 3.2 მუხლზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5 ქვეპუნქტი) და განმარტა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. კანონმდებელი სადაზღვევო ურთიერთობაში მზღვეველს, როგორც დაზღვევის ხელშეკრულების ძლიერ მხარეს, ანიჭებს აქტიურ როლს, რაც მისთვის გარკვეული უფლებების განსაზღვრაში გამოიხატება. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიამ კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებები კეთილსინდისიერად უნდა გამოიყენოს და სადაზღვევო ურთიერთობის ფარგლებში არ უნდა შექმნას დამზღვევისათვის უარესი პირობები. კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას, რადგან დამზღვევი, როგორც ხელშეკრულების სუსტი მხარე, უარეს პირობებში არ ჩავარდეს.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან არსებული დავალიანების ორკვირიან ვადაში აღმოსაფხვრელად, წერილობით შეტყობინება არ გაგზავნია. ამდენად, სადაზღვევო კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა - დამზღვევს წერილობით განუსაზღვროს ორკვირიანი ვადა არსებული დავალიანების აღმოსაფხვრელად, არ შეასრულა, რაც მოსარჩელეს უკარგავს სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოწურვის შემდეგ.
9. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატამ მიუთითა, რომ, ვინაიდან არ იქნა დაკმაყოფილებული მოსარჩელის მოთხოვნა დაგროვილი პრემიის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზეც, მით უფრო იმ პირობებში, როცა წერილობითი შეტყობინება მოპასუხეს არ მისვლია, ხოლო ხელშეკრულებების 5.2.3 პუნქტის თანახმად კი, „მზღვეველი“ ვალდებულია „დამზღვევის“ მიერ პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში წერილობით მოითხოვოს „დამზღვევისაგან“ პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანებული პრემიის 0.20%-ის ოდენობით თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის. პირგასამტეხლოს დარიცხვა/ათვლა დაიწყება წერილობით შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან. ამასთანავე, პირგასამტეხლო გადაიხდება დამატებით, პრემიის გადახდის ვალდებულების მიუხედავად, რომლის გადახდაც არ ათავისუფლებს „დამზღვევს“ ნაკისრი ძირითადი ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
11. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
11.1. მოსარჩელემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდებოდა მოპასუხის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების არაერთგზის მიღების ფაქტი, რაზეც სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია;
11.2. თუნდაც სახეზე ყოფილიყო სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი ან არაჯეროვანი ანაზღაურება, აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენდა სასარჩელო მოთხოვნაზე, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.03.2019 წლის განჩინებით საქმეზე №ას-281-281-2018 განიმარტა, რომ მზღვეველის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ფაქტობრივი გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც არ თავისუფლდება დამზღვევი სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში, მას შეეძლო მოეშალა ხელშეკრულება, რაც არ განუხორციელებია;
11.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე №ას-1708-1602-2012 ასევე განმარტებულ იქნა, რომ ხელშეკრულების მოშლა თუ ხელშეკრულებიდან გასვლა თავისთავად მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და კანონმდებელი ამომწურავად განსაზღვრავს თითოეულ ამ ინსტიტუტს. სადაზღვევო პრემიის შეტანის მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის, 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლები არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის ნორმებს და ცალსახად არ ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას, კანონმდებელი 817-ე და 818-ე მუხლებით ადგენს მზღვეველის უფლებას შესაბამისი ფორმით განსაზღვროს პრემიის გადახდის დამატებითი ვადა, ასევე კანონით დადგენილი ფორმის დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა მზღვეველის მიერ აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა მისი, როგორც ხელშეკრულების მხარის, არაკეთილსინდისიერად მიჩნევის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს;
11.4. მზღვეველის უფლება, მიიღოს პრემია, არ არის დამოკიდებული იმაზე, დამზღვევი მიიღებს თუ არა მომსახურებას, იმ გაგებით, რომ დაზღვეულია კონკრეტული რისკის დადგომისას მიყენებული ზიანი, რისკი თავისი ბუნებიდან გამომდინარე კი შეიძლება არც დადგეს ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში, რაც დამზღვევს არ ათავისუფლებს პრემიის გადახდის ვალდებულებისგან;
11.5. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხეს იმ პოლისების საფუძველზე, რომლებზედაც ერიცხება დავალიანება, არაერთხელ აქვს მომსახურება მიღებული. ამასთან, მოპასუხე პოლისებზე გადახდას ახორციელებდა დაგვიანებით, კერძოდ:
11.5.1. №MI 194084/19 პოლისი, პრემია - 285.6 აშშ დოლარი, გადახდა 14.03.2019წ-დან 14.02.2020წ-მდე, გადახდილია 95.2 აშშ დოლარი, ყოველთვიური გადასახდელი თანხა - 23,80 აშშ დოლარი. გადახდილია 4 თვის თანხა ანუ 2019 წლის ივნისის ჩათვლით, მაგრამ გადახდა განხორციელდა 2019 წლის 08 ივლისს ანუ დაგვიანებით;
11.5.2. №MI 194083/19 პოლისი, პრემია - 850.85 აშშ დოლარი, გადახდა 14.03.2019წ-დან 14.02.2020წ-მდე, გადახდილია 283.6 აშშ დოლარი, ყოველთვიური გადასახდელი თანხა - 70.95 აშშ დოლარი. გადახდილია 4 თვის თანხა ანუ 2019 წლის ივნისის ჩათვლით, მაგრამ გადახდა განხორციელდა 2019 წლის 08 ივლისს ანუ დაგვიანებით;
11.5.3.№MI 192628/19 პოლისი, პრემია - 226.1 აშშ დოლარი, გადახდა 15.02.2019წ-დან 15.01.2020წ-მდე, გადახდილია 94.2 აშშ დოლარი, ყოველთვიური გადასახდელი თანხა - 18.84 აშშ დოლარი. გადახდილია 5 თვის თანხა ანუ 2019 წლის ივნისის ჩათვლით, მაგრამ გადახდა განხორციელდა 2019 წლის 08 ივლისს ანუ დაგვიანებით;
11.5.4.№MI 192624/19 პოლისი, პრემია - 500.23 აშშ დოლარი, გადახდა 15.02.2019წ-დან 15.01.2020წ-მდე, გადახდილია 208.4 აშშ დოლარი, ყოველთვიური გადასახდელი თანხა - 41.68 აშშ დოლარი. გადახდილია 5 თვის თანხა ანუ 2019 წლის ივნისის ჩათვლით, მაგრამ გადახდა განხორციელდა 2019 წლის 08 ივლისს ანუ დაგვიანებით;
11.5.5.№MI 193257/19 პოლისი, დაიზღვა მანქანა ნომრით .., პრემია 339.15 აშშ დოლარი, გადახდა 01.03.2019წ-დან 01.02.2020წ-მდე, გადახდილია 113.04 აშშ დოლარი, ყოველთვიური გადასახდელი თანხა - 28.29 აშშ დოლარი. გადახდილია 4 თვის თანხა ანუ 2019 წლის ივნისის ჩათვლით, მაგრამ გადახდა განხორციელდა 2019 წლის 16 ივნისს ანუ მცირედი დაგვიანებით.
11.6. დაგვიანებით პრემიის გადახდა ხდებოდა და ეს იყო მხარეთა შორის არსებული პარტნიორული და სამეწარმეო ურთიერთობის ნაწილი, რის გამოც არც ერთი მხარე არ წყვეტდა ხელშეკრულებას, რაც არ შეაფასა სასამართლომ;
11.7. აღსანიშნავია, რომ პოლისი №MI 202981/19 გაფორმებულია 2019 წლის 15 ივლისს, მიუხედავად ზემოთ ხსენებულ პოლისებზე არსებული დავალიანებებისა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მხარეთა განცდაზე, რომ დავალიანებების მიუხედავად, ხელშეკრულების მოქმედება გრძელდებოდა, ამაზე მიუთითებს მხარის ახსნა-განმარტებაც, რომ მან მიმართა სადაზღვევო კომპანიას შემთხვევის ანაზღაურებისათვის 2019 წლის ნოემბერში, რაც ასევე მიუთითებს, რომ მისი განცდით ხელშეკრულება მოქმედი იყო;
11.8. სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარეთა მიმოწერის ის შინაარსი, რომელიც მოცემული იყო მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში, კერძოდ, ელექტრონულ წერილებში, სადაც მითითებულია, რომ ანაზღაურებაზე უარი მხარეს არ ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მას გააჩნდა პრემიის დავალიანება. შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
15. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. განსახილველ შემთხვევაში მხარეები ერთმანეთთან დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოპასუხისთვის სადაზღვევო შესატანის (პრემიის) და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის კანონიერება.
17. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე [„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხლი].
18. დაზღვევის ხელშეკრულების ცენტრალურ ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 799-ე მუხლი, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
19. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი). დაზღვევის ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეებისთვის ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების დაკისრებით გამოიხატება. მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 799-ე მუხლის კომენტარი, ველი 14, გვ. 4, ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016).
20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია 2 ხელშეკრულება, კერძოდ, 2019 წლის 12 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ N1809/19, ხოლო 2019 წლის 15 ივლისს - ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ N5229/19:
20.1. 2019 წლის 12 თებერვლის N1809/19 ხელშეკრულების ფარგლებში გაიცა შვიდი სადაზღვევო პოლისი:
20.1.1.NMI 194084/19, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 14.03.2019 წლიდან 13.03.2020 წლის ჩათვლით;
20.1.2.NMI 194083/19, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 14.03.2019 წლიდან 13.03.2020 წლის ჩათვლით;
20.1.3.NMI 193261/19, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 27.02.2019 წლიდან 26.02.2020 წლის ჩათვლით;
20.1.4.NMI 193260/19, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 27.02.2019 წლიდან 28.02.2020 წლის ჩათვლით;
20.1.5.NMI 192628/19, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 13.02.2019 წლიდან 12.02.2020 წლის ჩათვლით;
20.1.6.NMI 192624/19, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 13.02.2019 წლიდან 12.02.2020 წლის ჩათვლით;
20.1.7.NMI 193257/19 სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 27.02.2019 წლიდან 26.02.2020 წლის ჩათვლით. ამავე სადაზღვევო პოლისებით განისაზღვრა პრემიის გადახდის გრაფიკი;
20.2. 2019 წლის 15 ივლისის N5229/19 ხელშეკრულების ფარგლებში გაიცა სადაზღვევო პოლისი NMI202981/19, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 15.07.2019 წლიდან 14.07.2020 წლის ჩათვლით. ამავე სადაზღვევო პოლისით განისაზღვრა პრემიის გადახდის გრაფიკი.
21. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2316.86 აშშ დოლარს.
22. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან არსებული დავალიანების ორკვირიან ვადაში აღმოსაფხვრელად, წერილობით შეტყობინება არ გაგზავნია. ამასთან, მხარეებს შორის ხელშეკრულება ვადაზე ადრე არ შეწყვეტილა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი და 2.9 ქვეპუნქტი).
23. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული პირობის შეუსრულებლობა მზღვეველს სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას უკარგავს სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოწურვის შემდეგ. სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით (იხ. სუსგ საქმე №ას-85-81-2013, 21 თებერვალი, 2013 წელი; სუსგ №ას-1308-1246-2014, 03 აპრილი, 2015 წელი) მიიჩნია, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას, რადგან დამზღვევი, როგორც ხელშეკრულების სუსტი მხარე, უარეს პირობებში არ ჩავარდეს.
24. სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდის გამო თავისი მოვალეობებისაგან მზღვეველის გათავისუფლების და მის მიერ ხელშეკრულების მოშლის საკითხებს არეგულირებს სსკ-ის 817-ე [თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან] და 818-ე მუხლები [თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი].
25. საკასაციო პალატის განმარტებით, სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოსავალ პრინციპს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიღწევა წარმოადგენს, სამოქალაქო კოდექსი ორიენტირებულია პირველადი მოთხოვნის - ვალდებულების შესრულების მიღწევაზე, რაც შეეხება ხელშეკრულების მოშლასა თუ ხელშეკრულებიდან გასვლას, აღნიშნულიც თავისთავად მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და კანონმდებელი ამომწურავად განსაზღვრავს თითოეულ ამ ინსტიტუტს. სადაზღვევო პრემიის შეტანის მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის, 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლები არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის ნორმებს და ცალსახად არ ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას, კანონმდებელი 817-ე და 818-ე მუხლებით ადგენს მზღვეველის უფლებას შესაბამისი ფორმით განსაზღვროს პრემიის გადახდის დამატებითი ვადა, ასევე კანონით დადგენილი ფორმის დაცვით მოშალოს ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის დათქმა, რომ, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება, არ შეიძლება განმარტებულ იქნას ამავე მუხლის მე-2 ნაწილისაგან განყენებულად, რადგანაც ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილია მზღვეველის მიერ შეტყობინების უფლების გამოუყენებლობისათვის ერთგვარი სამოქალაქოსამართლებრივი სანქცია, კერძოდ, ის, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა მას წარმოუშობს სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანია წერილობით გააფრთხილებს დამზღვევს პრემიის გადახდის თაობაზე და 2-კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა, ამ ვადის გასვლამდე მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი შემთხვევა, მიუხედავად იმისა, დამზღვევს გადაცილებული აქვს თუ არა პრემიის შეტანის ვადა. რაც შეეხება ამავე სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის დათქმას, პრემიის შეტანის ვადის გადაცილების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, აღნიშნულიც სწორედ უფლებადამდგენი ნორმაა და იგი არ შეიძლება აყვანილ იქნას ვალდებულების რანგში (იხ. სუსგ საქმე №ას-1708-1602-2012, 9 ოქტომბერი, 2013 წელი).
26. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 2.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა „მზღვეველის“ თანხმობა, „დამზღვევის“ მიერ პრემიის სრულად, ან პირველი შენატანის გადახდის და პოლისში შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დაცვის სანაცვლოდ გაეწია „დამზღვევისთვის“ მის მიერ მიღებული სადაზღვევო წესების „დაზღვევის პირობების“, წინამდებარე ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქონებრივი/პასუხისმგებლობის ინტერესის დასაცავად სადაზღვევო მომსახურება, ხოლო 3.2 მუხლის თანახმად, „დამზღვევის“ მიერ პრემიის სადაზღვევო ხელშეკრულებით ან/და მის საფუძველზე გაცემული პოლისებით, დადგენილი ოდენობით და წესით გადაუხდელობისას, „მზღვეველი“ „დამზღვევს“ წერილობით განუსაზღვრავს ორკვირიან ვადას არსებული დავალიანების აღმოსაფხვრელად. იმ შემთხვევაში, თუ „დამზღვევის“ მიერ არ იქნა დავალიანება გადახდილი წერილით განსაზღვრულ ვადაში, წერილის გაგზავნის თარიღიდან 1 თვის ვადაში ხელშეკრულება (მის საფუძველზე გაცემული პოლისები) ჩაითვლება შეწყვეტილად. ასეთ შემთხვევაში „მზღვეველი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამზღვევს“ და თავის მხრივ, „დამზღვევი“ ვალდებულია გადაუხადოს „მზღვეველს“ დაზღვევის შეწყვეტის მომენტისათვის არსებული პრემიის დავალიანება სრულად. ასევე დამატებით გადაუხადოს „მზღვეველს“ თანხა თითოეული ვადამდე შეწყვეტილი პოლისის წლიური სადაზღვევო პრემიის 25%-ის ოდენობით (მაგრამ არა უმეტეს ჯამური პრემიის). აღნიშნული პირობა მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული პოლის(ებ)ის „დამზღვევის“ მიერ ვადამდე შეწყვეტის შედეგად შემცირდება შეწყვეტის მომენტისათვის მოქმედი პოლისებით განსაზღვრული სადაზღვევო თანხის 25%-ზე მეტით, ან იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდება წინამდებარე ხელშეკრულება.
27. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას, მზღვეველს ევალება გონივრულ ვადებში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი შედეგები. მზღვეველის ქცევის ამგვარი სტანდარტის არსებობა განპირობებულია სწორედ კერძო სამართლის სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებით (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწ.). მართალია, სამოქალაქო კოდექსის 817-ე-818-ე მუხლები არ წარმოადგენს მავალდებულებელ ნორმებს, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დროულად გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და სწორედ ამ პერიოდს არ დაუკავშიროს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია (იხ. სუსგ საქმე №ას-1308-1246-2014, 03 აპრილი, 2015 წელი).
28. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).
29. დაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კეთილსინდისიერების პრინციპი. დაზღვევის ხელშეკრულებას ტრადიციულად მიაკუთვნებდნენ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებულ ხელშეკრულებათა რიცხვს. კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებს, გულისხმიერებით მოეკიდონ ერთმანეთის ინტერესებს ხელშეკრულების მიმართ და არ დააბრკოლონ აღნიშნული ინტერესების რეალიზაცია (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 799-ე მუხლის კომენტარი, ველი 54, გვ. 14, ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016). მზღვეველი ვალდებულია იხელმძღვანელოს კეთილსინდისიერების, გულისხმიერებისა და წინდახედულობის პრინციპებით და სადაზღვევო საქმიანობა განახორციელოს ამ პრინციპების დაცვით [„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 61 პუნქტი].
30. განსახილველ შემთხვევაში კასატორი უთითებს, რომ მოპასუხეს იმ პოლისების საფუძველზე, რომლებზედაც ერიცხება დავალიანება, არაერთხელ აქვს მომსახურება მიღებული. ამასთან, მოპასუხე პოლისებზე გადახდას ახორციელებდა დაგვიანებით მხარეთა შორის არსებული პარტნიორული და სამეწარმეო ურთიერთობიდან გამომდინარე, რის გამოც არც ერთი მხარე არ წყვეტდა ხელშეკრულებას.
31. საკასაციო სასამართლო, საკასაციო პრეტენზიიდან გამომდინარე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. კერძოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტზე, რომლის თანახმად, მზღვეველმა განახორციელა დაზღვეულის მიერ გაცხადებული პრეტენზიის საფუძველზე №0009189/19, პოლისით №MI 202981/19, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირება. სადაზღვევო ანაზღაურებამ ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ ზარალზე შეადგინა 65,24 USD. საგადახდო დავალებებიდან ირკვევა ასევე, რომ 2019 წლის 4 მარტს მზღვეველმა მოპასუხეს გადაურიცხა 617,87 ლარი, გადახდის დანიშნულებაში მითითებულია №MI 192624/19 პოლისი, ხოლო 15 მარტს - 447,55 ლარი, გადახდის დანიშნულებაში მითითებულია №MI 193261/19 პოლისი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 96, 98, 99).
32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მზღვეველის არაკეთილსინდისიერება, რომელიც კასატორის სააპელაციო საჩივრის მთავარი საფუძველი გახდა არ შეიძლება დადგენილი იქნეს მხოლოდ ფაქტის მშრალად მითითებით (შეტყობინების არ გაგზავნა). მტკიცებულებათა შეფასებით დადგენილი უნდა იქნეს, მზღვეველის მხრიდან შეტყობინების არ გაგზავნა და ხელშეკრულების ცალმხრივად არ შეწყვეტა შედიოდა თუ არა დამზღვევის ინტერესებშიც, ხელშეკრულების ცალკეული პუნქტებიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტა მთლიანად ათავისუფლებდა თუ არა დამზღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრემიის გადახდის ვალდებულებისაგან მითუმეტეს იმ პირობებში თუ დადგინდება ფაქტი, რომ დამზღვევს მიღებული აქვს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ა.შ.
33. სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები რაც საკასაციო პალატის აზრით მხარეთა კეთილსინდისიერების დადგენისთვის აუცილებელია გამოკვლეული და შეფასებული არ არის. სსსკ-ის 105.2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც მათ იურიდიულ ბუნებას ახლავს. თითოეული მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებზე საუბარი. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული დეტალი, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი მოიცავს თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას დამოუკიდებლად.
34. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია იმის დადგენა, რომ, მიუხედავად დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების დარღვევისა, მზღვეველი ჯეროვნად ასრულებდა თუ არა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაზეც პრეტენზიას აცხადებს კასატორი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში და რაზეც აპელირებდა იგი ასევე სააპელაციო საჩივარში. საკასაციო პალატა კი მოკლებულია შესაძლებლობას, თავად გამოიკვლიოს აღნიშნული მტკიცებულებები და დაადგინოს სადავო გარემოების არსებობა/არარსებობა.
35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების სასყიდლიანობა დამზღვევისათვის სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების დაკისრებით გამოიხატება. სადაზღვევო კომპანია, როგორც სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი, მოგების მიღებაზეა ორიენტირებული. თუმცა, სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვევო პრემიის მიღება მხოლოდ მოგების მიღების მიზნით არ შემოიფარგლება. სადაზღვევო პრემია წარმოადგენს მზღვეველის მიერ გაწეული „რისკის ტარების“ ღირებულებას. მეორე მხრივ, სადაზღვევო პრემიების აკუმულაცია სადაზღვევო კომპანიაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის აუცილებელი წინაპირობაა (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 799-ე მუხლის კომენტარი, ველი 18, გვ. 5, ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016).
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების დარღვევის მიუხედავად, მზღვეველის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვანი შესრულების ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს, რამდენად შეიძლება მიჩნეულ იქნეს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით არაკეთილსინდისიერ ქცევად მზღვეველის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის უფლების გამოუყენებლობა.
37. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
38. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რაც გამოიხატა მტკიცებულებათა შეფასების წესის დარღვევაში, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება არასრულია და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება კი - შეუძლებელი. აღნიშნულის გამო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
39. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
40. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სახეზეა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევის აუცილებლობა, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვანი შესრულების/შეუსრულებლობის ფაქტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მზღვეველი, მიუხედავად დამზღვევის მიერ პრემიის გადახდის ვალდებულების დარღვევისა, ჯეროვნად ასრულებდა დაზღვევის ხელშეკრულებებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, შეაფასოს რამდენად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მზღვეველის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის უფლების გამოუყენებლობა არაკეთილსინდისიერ ქცევად და აღნიშნულის შესაბამისად გადაწყვიტოს სარჩელის საფუძვლიანობა.
41. სსსკ-ის 53.4 მუხლიდან გამომდინარე [თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით], საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე