საქმე №ას-1523-2024 07 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.ღ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ი.ღ–ას (შემდეგში - მსესხებელი ან მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ლ.ბ–ის“ (შემდეგში - მოსარჩელე ბანკი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი საკრედიტო დავალიანების დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 9442.62 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები 2013 წლის 18 მარტიდან, იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ, მოპასუხე მოსარჩელე ბანკში არსებულ სახელფასო ანგარიშზე გააქტიურებული ე.წ. „ოვერდრაფტით“ სარგებლობდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას, სააპელაციო სასამართლო, დაეყრდნო საბანკო ანგარიშიდან ამონაწერს, ცნობას დავალიანების შესახებ, ბანკის სესხის გააქტიურების შესახებ პროგრამულ ფრაგმენტს, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, მსესხებლის გაფრთხილების წერილს და დაზუსტებულ საბანკო ამონაწერს, სადაც მითითებულია თანხის ყველა განაღდება, თარიღი და ის ბანკომატები (მაიდენტიფიცირებელი ინიციალი), რომელთა მეშვეობითაც განხორციელდა თითოეული განაღდება.
3. მოპასუხემ, ჯამში, აითვისა და მოსარჩელე ბანკს არ დაუბრუნა 9442.62 ლარი.
4. 2019 წლის 29 ივნისს, მოსარჩელე ბანკმა მოპასუხის საბანკო ანგარიშიდან თანხა ჩამოწერა, რითაც მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვიტა.
5. 2023 წლის 07 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ, დავალიანების - 9442.62 ლარის, დაკისრების მოთხოვნით.
6. საქმის მომზადების ეტაპზე, სარჩელის წინააღმდეგ, მოპასუხემ მარტივი შესაგებელი წარადგინა, რომელშიც, ზოგადად, უარყო მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნა. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ვერ იხსენებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობაში მოსარჩელესთან ყოფნას, სესხის თანხით სარგებლობას, სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებას და დავალიანების წარმოშობას.
7. საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას კი, მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შედავებაზე (ხანდაზმულობა) მიუთითა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელანტის პრეტენზია მიემართებოდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობას, ხოლო ასეთის დადასტურების შემთხვევაში, მისგან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობას.
9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ (აპელანტი) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) მე-4 და 102 მუხლებით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს წარმატებით თავი ვერ გაართვა, კერძოდ, მას ვალდებულების არსებობის გამომრიცხველ გარემოებებზე სარწმუნოდ არ მიუთითებია და საქმის მომზადების ეტაპზე, არც სარჩელის ხანდაზმულობა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლები) გაუხდია სადავოდ.
10. სააპელაციო სასამართლომ დავა მოაწესრიგა 327-ე და 867-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა 2013 წლის 18 მარტს, მოპასუხის ი.ღ–ას სახელფასე ანგარიშზე გააქტიურებული ე.წ. „ოვერდრაფტის“ საფუძველზე წარმოიშვა და მსესხებლის მიერ მისი საბანკო ანგარიშიდან ათვისებულმა და დაუბრუნებელმა თანხამ 9442.62 ლარი შეადგინა, რომლის გადახდაც სწორად დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა საკასაციო საჩივარი შეიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
12. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხემ სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის საკითხზე საპროცესო ვადის დარღვევით მიუთითა. კასატორი აღნიშნავს, მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ იმდენი დროა გასული, ვერ იხსენებს სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოსარჩელესთან ყოფნას; ამასთან, საქმის განხილვისას, მოპასუხემ მოსარჩელისაგან ყველა ოპერაციის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა მოითხოვა, თანხის განაღდების დროისა და ადგილის (ბანკომატი) მითითებით, რაც გულისხმობს, რომ მოპასუხემ შედავება ხანდაზმულობაზე განახორციელა.
13. კასატორი შუამდგომლობს, რომ საკასაციო პალატამ დაავალოს მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგინოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიმართ ადრეც არსებობდა სხვა სარჩელი (N2/1370-2018), რომელი საქმის შესახებაც მთავარ სხდომაზე გაჟღერდა იმ გარემოების დასადასტურებელად, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული. კასატორი აღნიშნავს, რომ აპელანტი თავის სააპელაციო საჩივარშიც უთითებდა რომ მოსარჩელეს წარმოედგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული. აპელატმა მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ მოსარჩელე ბანკის სარჩელი მოპასუხის მიმართ სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში და უკან დაუბრუნა მოსარჩელეს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. ამ განჩინების პპ:2-4-ში მითითებულ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
18. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია ე.წ. „ოვერდრაფტის“ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების კანონიერება.
19. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობისა და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობა) შედავების საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხორციელების საკითხებზე.
20. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხად გაცემული თანხის დაბრუნება სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით) და 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლებიდან გამომდინარეობს.
21. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები განხორციელებულია, კერძოდ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესიდან გამომდინარე, გამსესხებელმა (მოსარჩელე ბანკმა) დაადასტურა სადავო თანხის მოპასუხისათვის სესხად გადაცემის ფაქტობრივი გარემოება და გადაცემული თანხის ოდენობა (სუსგ-ები №ას-706-2024, 31.10.2024წ. პ.8; №ას-174-2024, 13.11.2024წ. პ.22), კერძოდ, დადგენილია, რომ მხარეები 2013 წლის 18 მარტიდან, იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში; მოპასუხე მოსარჩელე ბანკში არსებულ სახელფასო ანგარიშზე გააქტიურებული ე.წ. „ოვერდრაფტით“ სარგებლობდა. ამ გარემოებების დასადასატურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები: საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, ცნობა დავალიანების შესახებ, ბანკის სესხის გააქტიურების შესახებ პროგრამული ფრაგმენტი, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, მსესხებლის გაფრთხილების წერილი და დაზუსტებული საბანკო ამონაწერი, სადაც მითითებულია თანხის ყველა განაღდება, თარიღი და ის ბანკომატები (მაიდენტიფიცირებელი ინიციალი), რომელთა მეშვეობითაც განხორციელდა თითოეული განაღდება. მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ, კასატორს, დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. მეტიც, კასატორს, რომელიც მოცემულ დავაში მოპასუხეს წარმოადგენს, არც შესაგებელში გაუხდია სადავოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. მოპასუხე შესაგებელში მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ არ ახსოვს მოსარჩელესთან სასესხო ურთიერთობაში ყოფნა და სესხის თანხით სარგებლობა (დეტალურად იხ., ს.ფ. 47).
22. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა.
23. ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ კასატორის შედავებას და განმარტავს, რომ სასამართლოში სამართლწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით. შეჯიბრებითობის პრინციპი გამოხატულია სსსკ-ის 102.1 მუხლში. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელში ვლინდება მხარეთა წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში კი, მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
25. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. ჩამოთვლითაგან რომელ შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში.
26. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუს-ს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).
27. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე უფლების შემაფერხებელი (ხანდაზმულობა) შესაგებლის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს.
28. ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
29. სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას ახალი მტკიცებულებები წარადგინონ ან ახალ გარემოებებზე მიუთითონ, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ, თავის დროზე, საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული.
30. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა (სსსკ-ის 215.3 მუხ.). სასამართლო, არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს თუ, ისინი თავის დროზე, საპატიო მიზეზის გარეშე, არ იყო წარდგენილი, ესე იგი, ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (შდრ:. სუსგ №ას-1493-1413-2017, 26.01.2018წ., პ.49).
31. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ (კრედიტორი), სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, კერძოდ, იმ გარემოებისა, რომ მოპასუხეს ე.წ. „ოვერდრაფტის“ ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტის სახით, სესხად გადასცა სადავო თანხა. მოვალემ (მოპასუხე) კი, მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ ვერ უზრუნველყო. იგი მხოლოდ იმაზე მიუთითებდა, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა სასესხო ურთიერთობა. ამასთან, მოპასუხეს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობის) შესაგებელი, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, არ წარუდგენია.
32. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა (მოპასუხე) ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
33. ახალი მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ კასატორის შუამდგომლობას რაც შეეხება, აღნიშნულს საკასაციო პალატა უარყოფს და განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის მკაცრად გაწერილ პროცედურას. საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, მხარე ასეთ შესაძლებლობას კანონმდებლობით მოკლებულია, კერძოდ, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე არ ხდება მტკიცებულებების გამოთხოვა და ახალი მტკიცებულებების მიღება, რაც საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გასაჩივრებული სასამართლო აქტის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საპროცესოსამართლებრივ თავისებურებას ეფუძნება (სსსკ-ის 399-ე, 404-ე, 407-ე მუხლები) (შდრ. სუსგ-ები №ას-48-2020, 17.09.2020წ; №ას-27-2019, 15.11.2019წ.; №ას-1188-2019, 13.03.2020წ. პ.36).
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.ღ–ას საკასაციო საჩივარი, როგორ დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ი.ღ–ას (პ.ნ:.....) დაუბრუნდეს 19.12.2024წ. №25125908311 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 472 ლარის 70% –330.4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. ი.ღ–ას შუამდგომლობა დაევალოს, მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგინოს ინფორმაცია მოპასუხის მიმართ სხვა სარჩელის (N2/1370-2018) არსებობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე