Facebook Twitter

ბს-1063-1016(კ-07) 1 მაისი, 2008წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური სუბსიდიების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. კ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი – პენსიის დანიშვნა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. კ-ემ 2006 წლის 22 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა ფინანსურ პოლიციაში წელთა ნამსახურობის მიხედვით პენსიის დანიშვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებისთ ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ი. კ-ეს დანიშვნოდა კუთვნილი პენსია ფინანსურ პოლიციაში წელთა ნამსახურობის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთი სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წერილით დასტურდება, რომ მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნით მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას და მიიღო უარი. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ნამსახურობის ნუსხის თანახმად ვიცე პოლკოვნიკი ი. კ-ე 2004 წლის 16 მარტიდან 2004 წლის 18 მარტამდე მუშაობდა საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის საგამოძიებო სამმართველოს პირველი განყოფილების .....-ად, 2004 წლის 18 მარტიდან 2005 წლის 13 მაისამდე საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის საგამოძიებო სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსად. 2005 წლის 13 მაისიდან 2005 წლის 22 ნოემბრამდე საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროს გამომძიებლად. აქვე აღნიშნულია, რომ 2005 წლის 22 ნოემბერს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უარი უსაფუძვლოა და მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტის განმარტებით, ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პრთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად რეგულირდებოდა. ფინანსური პოლიციიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო დათხოვნილ პირებს 2006 წლის იანვრამდე პენსია ენიშნებოდათ ,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ზღვრული ასაკის მიღწევისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის გამო. აპელანტმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი მოსარჩელეზე ვერ გავრცელდებოდა, ვინაიდან იგი ფინანსური პოლიციიდან დათხოვნილ იქნა აღნიშნული კანონის მე-20 მუხლის ,,ი” პუნქტის შესაბამისად, პირადი განცხადების საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება; ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებაა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის კანონით მინიჭებული უფლება, რომ ესარგებლა კანონით დადგენილი პენსიით, ვერ განხორციელდა ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება და ჩათვალა, რომ არ არსებობდა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური სუბსიდიების სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის განმარტებით ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად არ რეგულირდებოდა. ფინანსური პოლიციიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო დათხოვნილ პირებს 2006 წლის იანვრამდე პენსია ენიშნებოდათ ,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ზღვრული ასაკის მიღწევისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის გამო. კასატორმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი მოსარჩელეზე ვერ გავრცელდებოდა, ვინაიდან იგი ფინანსური პოლიციიდან დათხოვნილ იქნა აღნიშნული კანონის მე-20 მუხლის ,,ი” პუნქტის შესაბამისად, პირადი განცხადების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ი. კ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო, სასარჩელო განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ი. კ-ე შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობდა 1987 წლის აპრილიდან 1994 წლის ივნისამდე, 7 წლისა და ერთი თვის განმავლობაში. დანარჩენი დროის განმავლობაში (1994 წლის ივნისიდან 2005 წლის ნოემბრის ჩათვლით) იგი მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში (საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამსახური, საგანგებო ლეგიონი, საგამოძიებო დეპარტამენტი და ფინანსური პოლიცია). მას აქვს ფინანსურ პოლიციაში მუშაობის 1 წლის, 8 თვისა და 26 დღის სტაჟი. სამსახურიდან გათავისუფლებამდე მას ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის თანამდებობა.

ი. კ-ემ 2005 წლის ნოემბერში დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომელიც ფინანსური პოლიციის უფროსის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹26-1/3121 წერილით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. შემდეგ ახალი პატაკით მიმართა ფინანსური პოლიციის უფროსს, წელთა ნამსახურობით პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ; ფინანსური პოლიციის 2005 წლის 16 ნოემბრის ¹26-1/3151 წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეთხოვა ი. კ-ის გათავისუფლება არა პირადი განცხადების, არამედ _ წელთა ნასახურობის საფუძველზე, მაგრამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 22 ნოემრის ¹3-2286 ბრძანებით ი. კ-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 30 ნოემბრის ¹02-15-17-69/17760 წერილით ი. კ-ეს განემარტა, რომ არც “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი და არც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული “ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესი” არ განსაზღვრავდა ზღვრული ასაკისა და წელთა ნამსახურობის ოდენობას, რის გამოც მისი გათავისუფლება სამსახურიდან ზღვრული ასაკის გამო ვერ მოხდებოდა.

ი. კ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდს და მოითხოვა პენსიის დანიშვნა 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 31 ივლისის ¹მ-07/07-9473 წერილით ი. კ-ეს ეცნობა, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ი. კ-ე კომპენსაციის მიღების უფლება არ ჰქონდა, რადგან საამისოდ ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს ნამსახურები უნდა 20 კალენდარული წელი ძალოვან სტრუქტურებში, მათ შორის არანაკლებ 4 წელი ფინანსურ პოლიციაში. ამასთან, პენსიის დანიშვნა ვერ მოხდებოდა განმცხადებლის მიერ მითითებული “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზეც, ვინაიდან ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფა აღნიშნული კანონით არ რეგულირდებოდა. ფინანსური პოლიციიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო დათხოვნილ პირებს 2006 წლის 1 იანვრამდე პენსია ენიშნებოდათ “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლილს მე-7 პუნქტის შესაბამისად. მაგრამ ი. კ-ე არც ამ პენსიის მიღების უფლება ჰქონდა, რადგან იგი სამსახურიდან გათავისუფლებული იყო პირადი განცხადების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო, ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების საფუძველზე, აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მიუთითებს იმაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია სამართლის ნორმების დარღვევით; რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება და მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ი. კ-ის სარჩელზე უარის თქმის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად. ამ ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. კ-ე არ არის 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტი, ვინაიდან აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის თანახმად ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები. ამდენად, იმ საჯარო დაწესებულებათა (ორგანოთა) ჩამონათვალი, რომელთა სისტემაში დასაქმებული მოსამსახურეებს ენიჭებოდათ ამავე კანონით განსაზღვრული პენსიის მიღების უფლება, ამომწურავია. ფინანსური პოლიცია კი, “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც არ მოიაზრება მითითებული კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებათა (ორგანოთა) რიცხვში.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუშვა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის ი. კ-ის მიმართ ანალოგიით გამოყენება, რაც ეწინაამდეგება “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში გათვალისწინებულ სამართლის ნორმა-პრინციპს, რომლის თანახმადაც სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები (საგამონაკლისო ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოსა და ამავე კანონით გათვალისწინებულ პირებს შორის წარმოშობილი სპეციალური საპენსიო ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებს, რომელთა ანალოგიით გამოყენება სხვა, თუნდაც ამ კანონით განსაზღვრულ პირთა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საპენსიო ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ი. კ-ეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება სადავოდ არ გაუხდია და მას სარჩელი არ აღუძრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ “ფინანსური პოლიციის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის “ი” ქვეპუნქტის თანახმად პირადი განცხადების საფუძველზე მისი სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი ასევე არ წარმოადგენს “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 22 ნოემბრის ¹3-2286 ბრძანებით ი. კ-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე, მითითებული ნორმის თანახმად კი სახელმწიფო პენსიის (სახელმწიფო კომპენსაციის) მიღების უფლება წარმოეშობოდათ ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც გათავისუფლდებოდნენ სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის გამო. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ი. კ-ე დაბადებულია 1958 წლის 14 მარტს და სამუშაოდან დათხოვნის დროისთვის ე.ი. 2005 წლის 22 ნოემბერს იგი იყო 47 წლის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაკმაყოფილდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. არ დაკმაყოფილდეს ი. კ-ის სარჩელი მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიმართ წელთა ნამსახურობით პენსიის დანიშვნის თაობაზე უსაფუძვლობის გამო;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.