Facebook Twitter

საქმე №ას-341-2025 17 მარტი, 2025 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.მ–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ო–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნ.მ–ნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება, გარიგების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმისწარმოების შეწყვეტა, საკასაციო საჩივრის განუხილევლად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სს ,,ო–ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლის გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ო–ის“ (მოსარჩელე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „ო–ის“ სარჩელი შპს ,,ა–ს’’ მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სს „ო–ის“ სარჩელი იმა ,,ა–ის №...., ა–ის №.....’’-ის დამფუძნებელი წევრების - შ.კ–ძის, ბ.უ–ის, გ.უ–ის, ე.ჯ–ძის, თ.უ–ის, დ.გ–ის, ზ.გ–ის, თ.ჯ–ას, ნ.ქ–ის, ა.ქ–ის, პ.ო–ძის და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,მ–ი ....’’-ის დამფუძნებელი წევრების - შ.კ–ძის, ნ.მ–ნის, ზ.დ–ის, ლ.ყ–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; იმა ,,ა–ის №..., ა–ის №...’’-ის დამფუძნებელ წევრებს - შ.კ–ძეს, ბ.უ–ს, გ.უ–ს, ე.ჯ–ძეს, თ.უ–ს, დ.გ–ს, ზ.გ–ს, თ.ჯ–ას, ნ.ქ–ს, ა.ქ–ს, პ.ო–ძეს და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,მ–ი ....’’-ის დამფუძნებელ წევრებს - შ.კ–ძეს, ნ.მ–ნს, ზ.დ–ს, ლ.ყ–ს მოსარჩელე სს „ო–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სამი საცხოვრებელი ბინის (საერთო ფართი 306 კვ.მ) გადაცემის ვალდებულება, მას შემდეგ, რაც ამხანაგობების საკუთრებაში არსებული ყველა საცხოვრებელი ფართი სრულად აშენდება და მოხდება ამხანაგობის მიერ ამ ფართების განშლა (განაწილება) კანონით დადგენილი წესით; დანარჩენ ნაწილში სს „ო–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; იმა ,,ა–ის №....., ა–ის №.....’’-ის დამფუძნებელ წევრებს - შ.კ–ძეს, ბ.უ–ს, გ.უ–ს, ე.ჯ–ძეს, თ.უ–ს, დ.გ–ს, ზ.გ–ს, თ.ჯ–ას, ნ.ქ–ს, ა.ქ–ს, პ.ო–ძეს და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,მ–ი .....’’-ის დამფუძნებელ წევრებს - შ.კ–ძეს, ნ.მ–ნს, ზ.დ–ს, ლ.ყ–ს მოსარჩელე სს „ო–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, პირველ ინსტანციასა და სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისათვის, ჯამში 6000 ლარის ოდენობით;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა ნ.მ–ნმა, რომელმაც მის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამავე ნაწილში სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

4. საქმეში წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, დგინდება, რომ სს „ო–ის“ წარმომადგენელმა გ.ბ–მა 20.02.2025წ. შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მოპასუხის (განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორი) - ნ.მ–ნის მიმართ მოთხოვნის ნაწილში უარს ამბობს სარჩელზე და მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, რაც მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ ნ.მ–ნი აღარ წარმოადგენს ერთობლივი ამხანაგობა „მ–ი ...“-ის წევრს (იხ., ტ.12. ს.ფ. 216).

5. გარდა ზემოაღნიშნული შუამდგომლობისა, საქმეში წარმოდგენილია ნ.მ–ნის წარმომადგენლის ჯ.ჭ–ძის შუამდგომლობაც, რომლითაც ამ უკანასკნელმა 21.02.2025წ. მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ უარს ამბობს მის მიერ წარდგენილ საკასაციო საჩივარზე, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ თავად მოსარჩელემ უარი თქვა მოთხოვნაზე ნ.მ–ნის მიმართ და პრეტენზია არ გააჩნია (ტ.12. ს.ფ. 218).

6. ნ.მ–ნის საკასაციო საჩივარი, საქმის მასალებთან და ზემოაღნიშნულ შუამდგომლობებთან ერთად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ორივე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი შუამდგომლობების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ წინამდებარე საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეზე განაწილდა 2025 წლის 11 მარტს. შესაბამისად, საქმე იმყოფება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების ეტაპზე სსსკ-ის 396-ე მუხლის მიხედვით.

10. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

11. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

12. სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც, მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

13. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და ადგენს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

15. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

16. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს „ო–მა“ უარი განაცხადა სარჩელზე ნ.მ–ნის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, რაც მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ ნ.მ–ნი აღარ წარმოადგენს ერთობლივი ამხანაგობა „მ–ი ...“-ის წევრს (იხ., ტ.12. ს.ფ. 216), საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ნ.მ–ნის ნაწილში სს „ო–ის“ სარჩელზე, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

17. ზემომითითებული იურიდიული შედეგის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია რომ კასატორ ნ.მ–ნს დაეკარგა იურიდიული ინტერესი გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, ვინაიდან მოცემულ დავაში, ის აღარ წარმოადგენს მოპასუხე მხარეს. ამასთან, როგორც დადგენილია კასატორის წარმომადგენელმა თავადაც წარმოადგინა განცხადება და უარი თქვა საკასაციო საჩივარზე, რითაც ისარგებლა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლებით (იხ., ტ.12. ს.ფ. 218). იმის გათვალისწინებით, რომ ნ.მ–ნის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების ეტაპზეა სსსკ-ის 396-ე მუხლის მიხედვით, იგი უნდა დარჩეს განუხილველად კასატორის მიერ, მასზე, უარის თქმის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 272-ე, 273-ე, 378-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ო–ის“ შუამდგომლობა ნ.მ–ნის მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე (საქმე # 330210021004693427) სს „ო–ის“ სარჩელის გამო, ნ.მ–ნის მიმართ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს ნ.მ–ნის ნაწილში;

3. ნ.მ–ნის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები გოჩა ჯეირანაშვილი

ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე